ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დისტანციურ საკლასო ოთახში განხორციელებული ერთი აქტივობის შესახებ

21-ე საუკუნე ინფორმაციულად დატვირთული საუკუნეა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა მსოფლიო დაიპყრო. ტექნოლოგიების განვითარებამ სკოლები და უნივერსიტეტები ელექტრონული სწავლების აუცილებლობამდე მიიყვანა. საჭირო გახდა ტრადიციული საკლასო ოთახის გამრავალფეროვნება, ტექნოლოგიებით აღჭურვა. ეროვნული სასწავლო გეგმაც მოითხოვდა მედიაწიგნიერი ადამიანის აღზრდას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მხოლოდ კორონავირუსმა გამოგვაფხიზლა და დაგვანახა აუცილებლობა ელექტრონული სწავლებისა. სანამ დისტანციური სწავლების აუცილებლობა დადგებოდა, მანამდე კლასში რომ მულტიმედია ტექსტები გამოგვეყენებინა, დღეს ეს საქმეს ბევრად გაგვიმარტივებდა.

თანამედროვე საკლასო ოთახი თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს უნდა მოერგოს და მისცეს შესაძლებლობა, შეიძინოს ის უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია 21-ე საუკუნის საზოგადოებისთვის. ამისთვის სხვადასხვა მეთოდები და მიდგომები არსებობს.

მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის წარდგენა, სასწავლო პროცესის ერთ-ერთ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობას წარმოადგენს. ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეს, განივითაროს:

      1. ინფორმაციის მოძიებისა და გაფილტვრის უნარი;

  1. საკუთარი ნამუშევრისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  2. მეტყველების უნარი;
  3. შემოქმედებითი აზროვნება;
  4. საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციის უნარი;
  5. აუდიტორიის წინაშე წარდგომის უნარი.

როცა მოსწავლეებს დავალებული აქვთ რომელიმე თემაზე პრეზენტაციის გაკეთება, ცდილობენ,  რომ აუდიტორიისთვის საინტერესო ნამუშევარი გამოუვიდეთ, მუშაობენ კითხვაზე, რომ თავიანთი პრეზენტაცია მსმენელისთვის არ იყოს მომაბეზრებელი მოსასმენი, ეჩვევიან გამომეტყველებით კითხვასაც.

კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც პრეზენტაციების მოწყობაში დავინახე, არის ის, რომ მშობელიც ერთვება ამ პროცესში. ეხმარება ბავშვს ინფორმაციის მოძიებასა თუ ნამუშევრის გაფორმებაში. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მშობლისა და შვილის დაახლოებას.

დღეს კი, როცა მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინ დგას, პასუხისმგებლობა დიდია თითოეულ ჩვენგანზე. მომწონს გამონათქვამი – ,,თუ ბედავ ასწავლო, შენც უნდა ისწავლო“ და ღირსეულად გაუმკლავდე თანამედროვე გამოწვევებს.

ამიტომ აქტიურად ჩავერთე დისტანციურ სწავლებაში და გადავწყვიტე გამომეყენებინა პრეზენტაციის მეთოდი. ვფიქრობ, დისტანციური სწავლაც იმასვე მოითხოვს, რასაც საკლასო ოთახში განხორციელებული აქტივობები. სწავლის პროცესი უნდა იყოს მარტივი, სახალისო და ე.ს.გ.-ის მიზნებზე მორგებული. ამიტომ გადავწყვიტე ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს გაეკეთებინათ პრეზენტაცია თემაზე „გავუფრთხილდეთ ტყეს’’ .

გაკვეთილის მიზნად დავისახე მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების გაცნობა და ბუნებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილი მულტიმედია ტექსტები. მულტიმედიური ტექსტები კი საშუალებას იძლევა ერთდროულად გამოიყენო ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებები. ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში ხელს უწყობს შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყო ხელი. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ წიგნიერი მოსწავლეები. წიგნიერებას, მედიაწიგნიერებასთან და ციფრულ წიგნიერებასთან ერთად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლ კომპეტენციად მოიხსენებენ და ეს ყველაფერი ერთად უკავშირდება მულტიმედიურ სწავლებას. თანამედროვე ახალგაზრდა წიგნიერად არ ითვლება მხოლოდ მის მიერ წაკითხული წიგნების ოდენობით. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება. ამ უნარის ჩამოყალიბებაში კი მოსწავლეს მასწავლებლის დახმარება სჭირდება.

სანამ პრეზენტაციის ეტაპამდე მივიდოდით, დისტანციურად ავხსენი ერთ-ერთი საგაკვეთილო პროგრამა „ტყე და მისი ბინადრები“. ამ საგაკვეთილო საათზე ჩვენ საუბარი

გვქონდა ტყის მნიშვნელობაზე ადამიანთა ცხოვრებაში, ვისაუბრეთ სხვადასხვა სახეობის ხეებისა და მათი სამკურნალო და სასარგებლო თვისებების შესახებ. მხოლოდ

სიტყვიერად არ მისაუბრია, ჩემ მიერ შექმნილი პრეზენტაცია ვუჩვენე ეკრანზე.

 

ახალი ცოდნა დაუკავშირეს ბუნებასა და ქართულში შეძენილ ცოდნას. ქართულში საგაკვეთილო საათის ფარგლებში საუბარი გვქონდა თემაზე ,,დედამიწა ჩვენი საერთო სახლი“. (ვისაუბრეთ, რომ დედამიწა დაავადებულია ადამიანთა გაუფრთხილებლობით, რომ მას შველა და გაფრთხილება სჭირდებ; ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს დანაგვიანებული გარემო პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთლობას. ასევე ამ საგაკვეთილო საათის ფარგლებში კლასში ერთობლივად ვუყურეთ „გამარჯობა დედამიწას“

 

 

და „დედამიწა დაიღალას

სახლში უყურეს ,,ბოცო და გვანცას“

 

ბუნებაში განვიხილეთ ,,მარადმწვანე ხეები“’. წინარე ცოდნამ მათ შესაძლებლობა მისცა, გაეკეთებინათ პრეზენტაცია „გავუფრთხილდეთ ტყეს“.

საჭირო იყო არსებული ცოდნა გაემდიდრებინათ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების დახმარებით. მათ ინფორმაციის მიღების წყაროდ აირჩიეს გუგლის საძიებო სისტემა.

მოძიებული ინფორმაციები გააფორმეს შესაბამისი ილუსტრაციით და გადმომიგზავნეს პირად შეტყობინებაში. თავიანთ პრეზენტაციებში ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, ჰქმნის წყაროს, არის სხვადასხვა ცხოველის თავშესაფარი და სიცოცხლის წყარო. ბუნებრივი კატასტროფების მიზეზად ტყის გაუფრთხილებლობას ასახელებდნენ. მსმენელ აუდიტორიას კი ასე მოუწოდებდნენ: გავუფრთხილდეთ ბუნებას!“,  ,,არ მოჭრათ ხეები!“, ,,არ დაანაგვიანოთ ტყე!“, ,,ტყე დედამიწის მწვანე ფილტვებია!“. ნამუშევრები მესენჯერის საშუალებით შევამოწმე და უკუკავშირიც განმავითარებელი შეფასების სახით მიიღეს.

შეუძლებელია მასწავლებელმა მიზანს მიაღწიოს, თუ მას მშობელი არ დაუჭერს მხარს. მათი ჩართულობა გამოვლინდა როგორც კი დისტანციური სწავლების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. მალევე გაიაზრეს აუცილებლობა. სწორედ მშობელთა მხარდაჭერის შედეგი იყო ის, რომ 16 მარტს ჩვენ უკვე Zoom-ის პლატფორმით დავიწყეთ სასწავლო პროცესი.  დროულად დაწყებულმა და განახლებულმა სასწავლო გარემომ ბავშვებიც მალევე მობილიზებული გახადა და შეაჩვია ონლაინგაკვეთილებს. ისწავლეს ის წესები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია დისტანციური გაკვეთილის ჩატარების დროს. მაგ: მიკროფონის გათიშვა და ჩართვა. აქედან გამომდინარე სამუშაო პროცესს შეჩვეულმა ბავშვებმა და ამ პროცესში ჩართულმა მშობლებმაც ერთიანი მონდომებითა და პასუხისმგებლობით საუკეთესოდ გაართვეს თავი საპრეზენტაციო დავალების შესრულებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შევკრიბე თითოეული მათგანის ნაშრომი, ავაწყვე პრეზენტაცია, დავადე მუსიკა „ტყე შეუნახე შვილებსა“ და გავაკეთე ვიდეორგოლი. დავდე ფეისბუქის ჯგუფში (ჩვენ 16 მარტიდან zoom-ის პლატფორმით ვსწავლობთ, ახლა თიმსზე გადავდივართ) და თიმსშიც (უკვე ყველა დარეგისტრირდა, ვემზადებით 1 აპრილიდან თიმსზე გადასასვლელად.)  მივეცი დავალება, რომ ენახათ პრეზენტაცია და წაეკითხათ მეგობრის ნამუშევარი.

შემდეგი საგაკვეთილო ჩართვისთვის კი მოვამზადე შეკითხვები:

რა არის ტყე?

რა ზიანს აყენებს მას ადამიანი გაუფრთხილებლობით?

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?

რა სარგებლობა მოაქვს მას ადამიანისთვის?

როგორ უნდა გავუფრთხილდეთ?

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ბუნება არ დაზიანდეს?

ამ შეკითხვებზე მიღებული პასუხებით, ასევე მათ მიერ გაკეთებული პრეზენტაციების გაცნობით დავრწმუნდი, რომ ბავშვებს შეექმნათ ბუნების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.

დისტანციურად მოწყობილ პრეზენტაციებს კიდევ ერთი დადებითი მხარე მოვუძებნე: თუ კლასში მხოლოდ მოსწავლეები ხედავდნენ თავიანთ ნამუშევარს და შემდეგ ცდილობდნენ უკეთესი ნამუშევრისთვის მიებაძათ, ახლა მშობლებიც უფრო მეტი მონდომებით ჩაერთნენ ამ პროცესში და ერთობლივად ცდილობენ კარგი პრეზენტაციის მოწოდებას. სანამ პრეზენტაციებს ჯგუფში გავაზიარებდი, ყველა მშობლის თანხმობა მივიღე.

ჩემთვის, როგორც დამწყები პედაგოგისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს პროცესი. ვფიქრობ, ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვეცნობი, რომ უფრო უკეთესი გაკვეთილები შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, ონლაინსივრცეში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი