ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნინო გორდეზიანი – მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი

მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება სწავლების ეფექტური სტრატეგიებია. სტატიაში განვიხილავთ სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებს და მის შემადგენელ ნაწილებს, გავეცნობით კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებს, მათზე დაფუძნებულ სწავლებისა და სწავლის ეფექტურსტრატეგიებს და მათი გამოყენების გზებს სასწავლო პროცესში.

 


სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია

ინტერაქტიური სწავლება არის თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ეყრდნობა მასწავლებლისა და მოსწავლის ახალი როლების ძიებასა და ჰუმანიზმის პრინციპებს. ის მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტირებული ავტორიტარული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. ინტერაქტიურ სწავლებას პედაგოგიკაში სწავლებისა და ცოდნის შეფასების ახალი სტრატეგიები შემოაქვს. იცვლება სწავლების მიზანი. იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მოსწავლე ინტერაქტიური სწავლების სუბიექტი, მისი აქტიური მონაწილეა. სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის არსებული ცოდნა, პირადი გამოცდილება.

სწავლების პროცესისადმი ეს ახალი მიდგომა ეყრდნობა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ვასწავლოთ ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება – შენება.

კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო გეგმებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინა ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული.

მაშასადამე, კონსტრუქტივისტული სწავლებისას მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ამაღლებს მათ მოტივაციას. კონსტრუქტივისტული სწავლებისას მასწავლებელი არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობი.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:


·

სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების დახმარებით წყვეტს პრობლემას;


·

სწავლა გულისხმობს მნიშვნელოვანის წვდომას. მასწავლებლის მიზანია, სასწავლო აქტივობები ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები და აღმოჩენები კარგად გაიაზრონ.


·

სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა ისეთი თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება, როგორიცაა, ჯგუფური მუშაობები, დისკუსიები…


·

სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე ნასწავლთან.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები:


·

ახალი იდეებისდაკავშირება არსებულ ცოდნასთან;


·

მოდელირება– მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს, მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლად არის საჭირო;


·

”ხარაჩოს” მეთოდი– მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა დამოუკიდებლად შესრულებაც გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხით ეხმარება მოსწავლეებს (შესაბამისი ინსტრუქციის მიწოდებით, თვალსაჩინოების გამოყენებით, მაგალითების მოყვანით, ლიტერატურის მითითებით და ა.შ.), დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ, მოსწავლეები თავად ართმევენ თავს დავალებას.


·

არტიკულაცია– საკუთარი შეხედულებების ვერბალურად გამოხატვა და მათი დაცვა, რაც ეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში და, ზოგადად, კომუნიკაციური უნარების განვითარებაში;


·

რეფლექსია– მოსწავლეები აანალიზებენ სწავლის პროცესს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია”, ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება;


·

თანამშრომლობა– კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;


·

არჩევანი – მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის საშუალება, რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესისადმი მათი ინტერესისა და ამ პროცესში ჩართულობის გაზრდას;


·

მოქნილობა– კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი, საჭიროებისამებრ, მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას;


·

ადაპტაციის უნარი– მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან, მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან;


·

მრავალმხრივი რეალობა – მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს საკითხის ირგვლივ არსებულ ალტერნატიულ მოსაზრებებს. ეს მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.

კონსტრუქტივისტული გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული (კეთებით სწავლება) და სოციალური (თანამშრომლობითი) მიდგომებით.

დიდაქტიკური მეთოდის გამოყენებისდროს მოსწავლეებს ინფორმაცია დიალოგის ფორმით მიეწოდებათ.


ü

ამ დროს მასწავლებელი მოსწავლეს აცნობს გაკვეთილის სასწავლო მიზნებს; ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის. ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი ერთად მონაწილეობენ ახალი ცოდნის აგებაში;


ü

ხორციელდება პროგრესის მონიტორინგი;


ü

მასწავლებელს და მოსწავლეებს მოჰყავთ მაგალითები;


ü

ხდება ახალი მასალის დემონსტრაცია და ლეგიტიმაცია.

დიდაქტიკური სწავლების დროს მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს: რა? სად? რატომ?

სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. იგი მოსწავლეებს ინფორმაციას კი არ აძლევს, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს პრობლემასთან დაკავშირებით, თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიებით, დებატებით, პრობლემური შეკითხვების დასმით.

კეთებით სწავლების დროს მოსწავლეებს ზუსტი ინფორმაცია მიწოდებათ ექსპერიმენტისათვის ან სიმულაციისათვის. კეთებით სწავლების მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისათვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება.

კეთებით სწავლის დროს:


ü

მასწავლებელი მოსწავლეს პრაქტიკულ საქმიანობაში რთავს და მას გამოცდილებით სწავლის საშუალებას აძლევს;


ü

მასწავლებელი ისეთ დავალებას აძლევს მოსწავლეს, რომლის პრაქტიკული შესრულებისთვისაც საჭიროა ახლად ახსნილი ცნებების გამოყენება.

თანამშრომლობითი (სოციალური) სწავლება მოსწავლეების თანამშრომლობას გულისხმობს. ეს მეთოდი შეიძლება იყოს ორი სახის:


ü

ჯგუფისთვის მიცემული ამოცანა ჯგუფის შიგნით ქვეამოცანებად იყოფა. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი ამოცანა და ფუნქცია. საერთო შედეგი დამოკიდებულია თითოეული მონაწილის შედეგზე.


ü

მოსწავლეები ერთსა და იმავე ამოცანაზე ერთნაირად ფიქრობენ, მათ ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ.

კონსტრუქტივისტული მიდგომისას მოსწავლე მასწავლებელთან ერთად არის სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე, რაც მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს და შესაბამისად, აუმჯობესებს სწავლა-სწავლების პროცესს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი