პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნინო ლაბარტყავა – ბავშვთა აგრესია და მისი მიზეზები

ყოველდღიურ მეტყველებაში სიტყვა აგრესიით აღვნიშნავთ ქცევათა ფართო სპექტრს, ცინიკური კომენტარებიდან დაწყებული, ძალადობით დამთავრებული, ფსიქოლოგები კი ამ ცნებაში ისეთ ქცევას მოაიზრებენ, რომელიც სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული (Baron & Richardson, 1994;Berkowitz, 1993).
ეს განმარტება მოიცავს სამ კომპონენტს:
. აგრესია ქცევის ფორმაა და არა ბრაზის ემოცია, რომელსაც ზოგჯერ აგრესიად განიხილავენ. ჩვენ შესაძლოა გავბრაზდეთ, მაგრამ არ მოვიქცეთ ემოციის შესაბამისად; აგრეთვე შესაძლოა სულაც არ ვბრაზობდეთ, მაგრამ სხვას მაინც მივაყენოთ ზიანი.
. აგრესიული ქცევა წინასწარ განზრახული და
მიზანმიმართულია. თუ ვინმეს ტკივილი წინასწარი განზრახვის გარეშე მივაყენეთ, ეს აგრესიად არ განიხილება. ჩვენ შესაძლოა გავეხუმროთ ადამიანს, მას კი, თუ იუმორის გრძნობას მოკლებულია, ეწყინოს, თუმცა ჩვენ სულაც არ გვქონია განზრახული მისთვის ტკივილის მიყენება.
. აგრესიული ქცევა სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული და განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას ისახავა მიზნად ან თავდაჯერებულობის გამოხატულებას წარმოადგენს.
აგრესიის სახეები
ფსიქოლოგები განასხვავებენ პირდაპირსა და ირიბ, ემოციურსა და ინსტრუმენტულ აგრესიას (Bjorkvist, Osterman & Lagerspetz, 1994; Walker, Richardson & Green, 2000).
ირიბი აგრესია არ გულისხმობს ადამიანისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებას. მისი გამოხატულება შეიძლება იყოს, მაგალითად, ჭორების გავრცელება.
პირდაპირი აგრესია შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად (შეურაცხყოფა, ჩხუბი ან მუქარა).
ემოციური აგრესია – ეს არის ნეგატიური ემოცია (ბრაზი), მიმართული კონკრეტული ადამიანისკენ. თუ გაბრაზებულმა ვინმეს დავუყვირეთ, ეს ემოციური აგრესიაა.
ინსტრუმენტული აგრესია – ეს სხვისთვის საზიანო ისეთი ქმედებაა, რომლის თვითმიზანი აგრესია არ არის. ასეთია, მაგალითად, სხვისი კრიტიკა საკუთარი სტატუსის ამაღლების მიზნით, ანდა აგრესიული ქცევა თავის დასაცავად.
გენდერული განსხვავებები
არსებობს მოსაზრება, რომ აგრესიისკენ ვაჟები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე გოგონები, მაგრამ კაი ბიორკვისტის (Bjorkvist et al., 1994, p. 28) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კუთხით სქესთა შორის არცთუ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. არსებობს სხვა კვლევათა შედეგებიც, რომელთა თანახმად, გოგონებს მეტი აგრესიულობა ახასიათებთ. ისინი უფრო მეტად ეჭვიანობენ და, საზოგადოდ, მეტად სჩვევიათ არაპირდაპირი აგრესია, მაგალითად, ჭორების გავრცელება, განკითხვა ან სოციალური ჯგუფიდან წევრების გარიყვა (“თუ ამას არ გააკეთებ, მე დაბადების დღეზე არ დაგპატიჟებ”) (Owens, Shute & Slee, 2000). გოგონები უფრო ემოციური აგრესიისკენ არიან მიდრეკილნი, ანუ მეტად აძლევენ გასაქანს საკუთარ ემოციებს, ვაჟები კი ძალაუფლების მოპოვებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება IV-V კლასებიდან.
გოგონებისა და ვაჟების აგრესიას სხვადასხვა მოტივი აქვს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია კითხვა, საზოგადოდ რატომ ხდება ადამიანი აგრესიული.
ერთნი შესაძლოა ზიანს აყენებდნენ სხვას საკუთარი იმიჯის დასაცავად ან საკუთარი უპირატესობისთვის ხაზის გასასმელად, მეორენი ამ გზით მუდმივი ფრუსტრაციისგან განიტვირთებიან.
რა განაპირობებს აგრესიას?
ზოგიერთ მეცნიერს (Lorenz, 1966) მიაჩნია, რომ აგრესია თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გამომუშავდა. მაგალითად, ცხოველი, რომელიც იცავს თავის ბუნაგს, მეტად გადარჩება, ვიდრე ის, რომელიც გარბის ან იმალება.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ მაკდუგალსა და დოლარდს (MცDაუგალლ, 1907; Dოლლარდ 1939). მათი აზრით, აგრესია არის ინსტინქტი, რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე წამოჭრილი დაბრკოლების დასაძლევად არის მიმართული. ამ თეორიის თანახმად, აგრესიული ქცევა ავტომატური პასუხია წინააღმდეგობაზე. თუ ჩვენ დავინახეთ ადამიანი, რომელიც აგრესიულად იქცევა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას მანამდე ფრუსტრაცია განუცდია და პირიქით – თუ ადამიანი ფრუსტრაციას განიცდის, ის ამის შემდეგ აგრესიულად მოიქცევა. ასე რომ, თუ, მაგალითად, საცობის გამო სკოლაში დააგვიანეთ, შესაძლოა მოგვიანებით აგრესია გამოხატოთ ვისამე მიმართ; ასევე, თუ თქვენი მოსწავლე აგრესიულად Bიქცევა, მაშ, დილით მას, თქვენსავით, რაღაც დაბრკოლება შეხვედრია.
მაგრამ აღნიშნული თეორია ვერ ხსნის ვერც ინსტრუმენტული აგრესიის მიზეზებს და ვერც იმ ფაქტს, რომ ფრუსტრაციის დროს ყველა ერთნაირად არ იქცევა.
ზოგადი გაღიზიანების თეორიის თანახმად (Berkowich), აგრესია წარმოიშობა ნებისმიერი ნეგატიური ემოციის, მაგალითად, ბრაზის შედეგად.
აღგზნების/გადატანის თეორიის თანახმად (Zillmann, 1984; 1994), ბრაზი თავისი ინტენსივობით მსგავსია სხვა ემოციებისა, მაგალითად, შიშის განცდის და სხვა ინტენსიურმა ემოციებმა შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული რეაქცია.

ჩატარდა მოზარდების გამოკვლევა იმის გასარკვევად, რა იწვევდა მათში ბრაზს. აღმოჩნდა, რომ ბრაზს ყველაზე ხშირად იწვევს ფრუსტრაცია ან სიტუაცია, რომელიც მათ აშფოთებთ.
მოზარდებს ყველაზე მეტად აბრაზებთ `არარეალიზებული გეგმები~ (`მშობლებმა მეგობართან არ გამიშვეს~) ან გარემოსთან დაკავშირებული ფრუსტრაცია (`კინოში წავედი, მაგრამ ბილეთი ვერ ავიღე~).
არსებობს ფაქტორები, რომლებიც იწვევს ბრაზს სასკოლო სიტუაციაში, კერძოდ:
. კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება სივრცის დარღვევას;
. ფიზიკური კონფლიქტი – გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ერთ ბავშვს მეორეზე მიაქვს ფიზიკური იერიში, როგორიცაა, მაგალითად, ხელის კვრა ან დარტყმა;
. ვერბალური კონფლიქტი, მაგალითად, ცუდი სიტყვის თქმა ან აბუჩად აგდება;
. უარყოფა, როდესაც ბავშვს უარყოფენ თანატოლები, მაგალითად, არ აძლევენ მათთან ერთად თამაშის საშუალებას;
. დათმობა – როდესაც ბავშვი მოქმედებს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, მაგალითად, ათხოვებს ნივთს, უთმობს ადგილს სხვისი მოთხოვნით.
მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვბრაზობთ, იმას არ ნიშნავს, რომ აგრესიულად მოვიქცევით. მნიშვნელოვანია, როგორ გამოვხატავთ ემოციას.
ბავშვები ბრაზს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ზოგი – ფიზიკური ძალადობით, ზოგი – მხოლოდ მიმიკით, ზოგი უფროსებს (მასწავლებელს, მშობელს) მიმართავს დასახმარებლად. ბავშვების უმეტესობა ბრაზის გამოხატვის ფორმებს უფროსებთან სოციალური ინტერაქციის ან ტელევიზორის ყურების შედეგად, მიბაძვის გზით დაისწავლის.
როგორ შეიძლება, ბავშვმა დაისწავლოს აგრესიული ქცევა?

ამ კითხვაზე პასუხს გვცემს ალბერტ ბანდურას, სოციალური დასწავლის თეორია.
ალბერტ ბანდურას თეორიის ბირთვს წარმოადგენს დებულება იმის შესახებ, რომ ქცევის ახალ ფორმებს შეიძლება დავეუფლოთ უშუალო გამოცდილების გარეშეც, სხვაზე დაკვირვებით. სწორედ დაკვირვებისა და მიბაძვის გზით ხდება მანერების, ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილის და ა.შ. დამკვიდრება, მოცემული კულტურისთვის მისაღები ქცევების დასწავლა.

ბანდურა განასხვავებს ვიკარულ (ჩანაცვლებულ) დასწავლას და სუფთა მიბაძვას. უკანასკნელ შემთხვევაში მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს. ასეთი რამ ახასიათებთ ცხოველებს, პატარა ბავშვებს და მას განვითარებისთვის თავისი დადებითი მნიშვნელობა აქვს.
ე.წ. ვიკარული დასწავლისთვის ის არის დამახასიათებელი, რომ სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს.

მოსწავლე შესაძლოა ხედავდეს, რომ სხვებს გარკვეული ქცევის გამო წაახალისებენ და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების ალბათობა. მაგალითად, თუ მოსწავლე პრეზენტაციაში ლამაზი ილუსტრაციების ჩართვისთვის შეაქეთ, შესაძლოა, მომდევნო ჯერზე სხვა მოსწავლეებმაც ილუსტრირებული პრეზენტაცია წარმოგიდგინოთ. მაგრამ, იმავდროულად, თუ რომელიმე მოსწავლეს, რომელიც არასასურველ ქცევას ახორციელებს, ძალაუნებურად მეტ ყურადღებას უთმობთ, გაიზრდება ალბათობა, თქვენი ყურადღების მისაპყრობად სხვებიც ასევე მოიქცნენ.

ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით სხვა ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედების ან ქცევის ათვისების პროცესს – მოდელირებას.
მოდელი შეიძლება იყოს როგორც რეალური ადამიანი (მეგობარი, მშობელი, და ან ძმა, მასწავლებელი და სხვა), ასევე ფილმის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირი. ეს სიმბოლური მოდელები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალური. მოსწავლისთვის ხშირად მისაბაძი სწორედ სიმბოლური მოდელი ხდება.
მოდელზე დაკვირვების გზით ბავშვი არაპირდაპირ ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიცაა შიში ან სიხარული. დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის პროცესს არაპირდაპირ განმტკიცებას უწოდებენ.

მოდელზე დაკვირვებით ადამიანებმა შეიძლება დაისწავლონ როგორც სასურველი, ისე, არასასურველი ქცევა.
ცნობილია ა. ბანდურას ექსპერიმენტების სერია. ამ ექსპერიმენტების დროს ბავშვები უყურებდნენ ფილმებს, რომლებშიც დემონსტრირებული იყო სხვადასხვა დონის აგრესია. მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, სადაც ერთი ბავშვი გამეტებით ურტყამდა თოჯინას (თოჯინა ბობო), მაგრამ სხვადასხვა დასასრულით. კერძოდ, ერთმა ჯგუფმა ნახა, რომ ბავშვი აგრესიისთვის დააჯილდოეს, მეორემ – რომ დასაჯეს, მესამემ კი საერთოდ ვერ ნახა შედეგი, ანუ ბავშვს არც სჯიდნენ და არც აჯილდოებდნენ.
ფილმის ნახვის შემდეგ ბავშვები გადაიყვანეს მეორე ოთახში, სადაც მათ ასეთივე თოჯინა დახვდათ.
ბავშვები, რომლებმაც ნახეს, რომ აგრესიისთვის (თოჯინის ცემისთვის) ბავშვი დაჯილდოვდა, თვითონაც აგრესიულად იქცეოდნენ – ცემდნენ თოჯინას. მან, ვინც ნახა, რომ თავდასხმისთვის ბავშვი დაისაჯა, ნაკლები აგრესია გამოამჟღავნა. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებმაც შედეგი ვერ ნახეს, როდესაც მათ ჯილდოს დაჰპირდნენ ფილმში ნანახი აგრესიის მიბაძვისთვის, ყველამ დაადასტურა, რომ მათ ისწავლეს აგრესიული ქცევა.
აგრესიული ქცევა მხოლოდ დაისწავლება თუ პიროვნული თავისებურებებითაც არის განპირობებული?
კვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულ ბავშვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ, კერძოდ, გამოირჩევიან ემოციურობით, გარემო მათდამი მტრულად განწყობილი ჰგონიათ, ხშირად მიაჩნიათ, რომ გარემოდან წამოსული სიგნალები მათ საწინააღმდეგოდაა მიმართული. ალბათ პრაქტიკაში ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოსწავლე თქვენს შენიშვნაზე ასე რეაგირებს: ”რას მერჩით, რა ყველა მე გადამეკიდეთ ამ სკოლაში!”.
აგრესია შესაძლოა ტემპერამენტითაც იყოს განპირობებული. მიიჩნევა, რომ ქოლერიკები მეტად არიან მიდრეკილნი აგრესიული ქცევისკენ.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ბავშვის არასასურველ ქცევაზე უფროსები ყვირილით ან მუქარით რეაგირებენ, პატარა უფროსებს მიბაძავს და ჩათვლის, რომ ყვირილი ან მუქარა არასასურველ სიტუაციაზე რეაგირების ერთადერთი გზაა, აგრესიული ქცევის ცვლილების სტრატეგიებს კი მომდევნო წერილში შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი