პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლა თავშესაფარი არ უნდა იყოს, არც მასწავლებლისთვის და არც მოსწავლისთვის

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიორგი ლიპარიშვილის პირველი გაკვეთილი ასეთი იყო: ეგონა, ჯგუფში ყველა მოსწავლე ტომ სოიერად და პეპი გრძელიწინდა ქცეულიყვნენ, თავდაყირა იდგნენ და გაკვეთილის ამოყირავებასაც აპირებდნენ. ახალბედა მასწავლებლის პირველი დღის გამოცდილება მაინც რთული აღმოჩნდა: გაკვეთილის შემდეგ ეზოში გავიდა, ღრმად ამოისუნთქა და დარეკა… თუმცა, ამის მერე თავადაც შეიცვალა და გაკვეთილებიც შეცვალა, ბევრი რამ თავადაც ისწავლა და მოსწავლეებსაც ასწავლა. ამასობაში, ორი წელიც გავიდა… ახლა გაკვეთილების შემდეგ უფრო ლაღად მოაქროლებს თავის სკუტერს და ახალ გაკვეთილებს გეგმავს თავისი მოსწავლეებისთვის.

თქვენ შესახებ მოგვიყევით. რატომ დაინტერესდით მასწავლებლობით?  

 

განათლებით ტელერადიოჟურნალისტი ვარ, რამდენიმე ტელევიზიაგამოვლილი, 10-ზე მეტ გადაცემაში ვმუშაობდი. ილიას უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, ვმუშაობდი და ვმუშაობ პიარში, სოციალურ მედიაში, მარკეტინგში, მუშადაც მიმუშავია. ჩემს ასაკზე მეტი პროფესია გამომივლია და ამიტომ, ყველა საქმეს პატივს ვცემ, მაგრამ მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობა აღმოჩნდა ჩემთვის. თან ასე მგონია, სკოლაში რომ ხარ, სულ ახალგაზრდა ხარ, სულ სწავლობ და მუდმივად განვითარების რეჟიმში ხარ.

მასწავლებლობაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

მასწავლებლობაზე პირველად სტუდენტობის დროს შემომეფიქრა. „კინოს სახლში“ ქართულ ფილმს ვუყურებდი, ლევან აბაშიძე სოფლის სკოლის მასწავლებელი იყო, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სკოლაში ხან შეშას ჩეხდა, ხან სოფლის სხვა ამბებში ერთვებოდა, ბავშვებს ეთამაშებოდა… დარბაზი გადაჭედილი იყო. ფეხზე ვიდექი და ისე ვუყურებდი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა ჩემზე.

 

როგორი იყო პირველი შეხვედრა სკოლაში ბავშვებთან და როგორ ჩაიარა პირველმა გაკვეთილმა?

 

პირველ გაკვეთილს ახლა მხიარულად ვიხსენებ, მაგრამ თავის დროზე ეს იყო შოკი. მეგონა, კლასში ყველა ტომ სოიერი და პეპი გრძელი წინდა იყო, განსაკუთრებული ნიჭის, უნარის, თავისუფლების, ძალის თავდაყირა ბავშვები. გაკვეთილის ბოლოს კლასიდან გამოვედი, მერე სკოლის გარეთ გავედი, ღრმად ჩავისუნთქე… მერე ცოტა აზრზე მოვედი, ძალა ვიპოვე, კიდევ ვცადე, მერე კიდევ და ახლა ეს კლასი ჩემი სადამრიგებლო კლასია.  ძალიან მხიარული, დამოუკიდებელი და ძალიან ყოჩაღი გოგო-ბიჭები არიან.

 

თქვენს ფეისბუქზე ხშირად აზიარებთ საგაკვეთილო პროცესის პოზიტიური გამოცდილების ამსახველ ფოტოებს. მოგვიყევით, როგორ გადაიქცა მოსაწყენი გაკვეთილები, საინტერესო და სათავგადასავლო პროექტებად?

მოსაწყენ გაკვეთილს ბავშვი არ გაპატიებს. პირიქით, სულ ფორმაში გამყოფებს, სულ მოლოდინი აქვს რაღაც ახალის, აინტერესებთ რას გავაკეთებთ დღეს, ამ კვირაში და ა. შ. კეთებით და პირადი გამოცდილების საფუძველზე ბევრ რამეს სწავლობენ და ერთადაც ვსწავლობთ, რადგან ამ პროცესში ბევრი რამ არის საინტერესო: თამაში,  ცდა,  აღმოჩენები, თავდაჯერება, საკუთარი თავისა და შესაძლებლობის რწმენა და ბევრი სიხარული. მაგალითად, ერთხელ ერთმა მოსწავლემ, ანამ ნაჭრისგან ჩანთა გააკეთა და შესაკრავად ლეგოები გამოიყენა. ჩვენ მასწავლებლებმა სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ცოდნა, რომელსაც ვაძლევთ, ცხოვრებაში უნდა გამოიყენონ და ახალ გამოცდილებად გარდაქმნან.

 

როგორ გეგმავთ ასეთ გაკვეთილებს და რა არის თქვენი მთავარი საგანმანათლებლო მიზანი?

 

ჩემი გაკვეთილების სამზადისი ბაბუაჩემის სახელოსნოს მახსენებს – ბევრ სხვადასხვა ყუთში ჩაწიკწიკებული ნივთები თაროზე წიგნებივით ჰქონდა შემოწყობილი, სამუშაო იარაღები ნახატებივით ეკიდა, მინის ჭერიც მოხატა, თიხისგან ლარნაკებს ამზადებდა, პროფესიით ელექტროინჟინერი ძველ ნივთებს ძველი ნივთების კოლექციონერივით აგროვებდა. მაგ. გაფუჭებული მაცივარი მწვანედ შეღება და კარადად გადააკეთა. მეც შემგროვებელი ვარ, მერე ბავშვებთან ერთად ვშლი, ან ბავშვებს ვაშლევინებ სხვადასხვა ტექნიკას. „გამომგონებლობანა” დავარქვი ამ პროცესს, გადაგდებას გადარჩენილ ნივთს ერთმანეთთან აკავშირებს ბავშვი და ახალ ნივთს, სათამაშოს აკეთებს. ზოგჯერ, კონკრეტული საქმე აქვთ, მაგალითად, მაგნიტური წიგნები ან მინიატურული ბლოკნოტების გაკეთებას ცდილობენ, რომლებსაც ჯერ მე ვსწავლობ, მასალას ვიმარაგებ და მერე ერთად ვაკეთებთ. ლეგოს რომ ინსტრუქცია მოჰყვება და უნდა მიჰყვე ამ ინსტრუქციას ასეა, ზოგჯერ ინსტრუქციის გარეშე ვიწყებთ მოქმედებას. მაგ. ნაგვის ჩასაგდები კალათა დავამაგრეთ, კალათბურთის ფარის ფორმის პატარა კალათა ურნის თავზე, რომ ნაგვის ურნაში ჩაგდებას თამაშით, დამიზნებით, მიზნით მივეჩვიოთ, გავიხსენოთ და გავითავისოთ.

ჩვენ გამოცდილებათა გაზიარების საუკუნეში ვცხოვრობთ და ამ გამოცდილებების გაზიარებით ვამზადებ მეც გაკვეთილებს, ზოგი მეგობართან მინახავს, ზოგი ინტერნეტსივრცეში, ფილმებში, წიგნებში (იდეების კორიანტელში), ბავშვებში, საკუთარ თავშიც, ქუჩაშიც და სახლშიც ვპოულობ…

მთავარი საგანმანათლებლო მიზანი კი ფიქრის აშლაა, იმაზე დაფიქრება, როგორ გავაკეთოთ, როგორ გავბედოთ ცდა, როგორ არ შევწყვიტოთ მცდელობები და როგორ ვაქციოთ ცოდნა საქმედ.

ხომ არ გაიხსენებდით ისეთ მასწავლებელს, რომელმაც თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა

მე ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელმა რუსუდან ჟღენტმა ერთხელ აღმოაჩინა, რომ შემდეგი გაკვეთილიც ვიცოდი ხოლმე, ამიტომ გამათამამა და მე მახსნევინებდა გაკვეთილს. იმ დროს მეც მასწავლებელი მეგონა თავი. უნივერსიტეტში ლექტორმა ბუბა კუდავამ, როდესაც წერითი გამოცდა ჩავაბარე, სხვების ნაწერის გასწორებაში ჩართვა შემომთავაზა. ერთმა სტუდენტმა ნუციმ წერა მასწავლა, რამეს უნდა წერდეთო; ერთმა მოსწავლემ ლუკამ ფეხბურთი მასწავლა, შემაქო არაამქვეყნიურად ურტყამთო და იმის მერე სულ ვთამაშობ; მეზობელმა ლიანა დეიდამ კითხვის სიყვარული მასწავლა, როცა ჩემს ქალაქში არცერთი წიგნის მაღაზია არ იყო, მან  თავისი სახლის ბიბლიოთეკით გამაოცა; ჩემმა შვილმა თევდორემ, მამობა, შვილ-მამობა მასწავლა… ბევრი სახელი და გვარია ჩემი მასწავლებელი.

როგორია ის ერთი დღე, როდესაც კმაყოფილი ხართ თქვენი თავით, თქვენი საქმიანობით?

იმ დღეს მხრებში გაშლილი მოვაქროლებ სკოლიდან ჩემს თვითმავალს, სკუტერს, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე, მხოლოდ ჩემი მუხლის ენერგიით, ბორბლებისა და საჭის მოძრაობით დამაქროლებს. ჩემს თვითმავალს სკოლაში მეზობლებიც გაუჩნდა, ბავშვებიც დადიან სკუტერებით, ჩემი შვილიც. წარმატებული და ბედნიერი სკოლის დღეების ამბებს შვილს ვუზიარებ გზაში, მას ვუყვები ჩემს მცდელობებზე, წარმატებებზე, შეცდომებსა და სხვადასხვა შემთხვევებზე და ისევ ახალ სამზადისს ვიწყებ.

როგორი უნდა იყოს სკოლა მოსწავლისთვის?

სკოლა თავშესაფარი არაა, არც მასწავლებლებისთვის, არც ბავშვებისთვის და არც მშობლებისთვის. სკოლა ცოდნის, გართობის, თამაშის, ურთიერთობების, ცოდნის გაზიარებისა და ღირსების ზრდის ადგილია. თუ მოსწავლე ასე იყალიბებს ცოდნას, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი სწორად მოქმედებს და ეს შედეგი  მასწავლებლისთვისაც  ძალიან დიდი ჯილდოა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი