სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სოფიკო ლობჟანიძე – კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, ხოლო ქმედება – პროფესიული ეთიკის კოდექსს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა. ერთ-ერთი არსებითი ასპექტი, რომელსაც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა თუ პროფესიული ეთიკის კოდექსში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კოლეგიალობაა. მასწავლებელს, თუ ის გულწრფელია და აქვს თვითშეფასების უნარი, თავის პროფესიულ კომპეტენციაზე მართებულ წარმოდგენას ისიც უნდა უქმნიდეს, რამდენად შეუძლია კოლეგებთან ურთიერთობა.

პედაგოგთა კოლეგიალობა – ეს არის მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც თავად მისი, ასევე მისი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფისა, საბოლოო ჯამში კი – სკოლის პრესტიჟისა და მისი შემდგომი განვითარებისა.

პედაგოგების ერთმანეთისადმი კოლეგიალური დამოკიდებულება პოზიტიური მაგალითია მათი აღსაზრდელებისა თუ მშობლებისთვის. ამასთან, ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს კოლექტივის საერთო სოციალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, კლიმატს.

პედაგოგიური კოლექტივის პოზიტიური სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი ძალზე მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულების ნორმალური ფუნქციობისთვის. თუ კლიმატი დადებითია, კოლექტივის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობით კმაყოფილნი არიან, აქვთ კარგი სამუშაო განწყობა, ახალგაზრდა პედაგოგებს უადვილდებათ კოლექტივში ადაპტაცია. თუ პედაგოგებს განვითარებული აქვთ კოლექტიური იდენტობა, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, ერთობლივი ქმედებისას წარმატებისა და წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობის გადანაწილების, კონფლიქტების პრევენციისა და მართვის უნარები, კოლექტივი ერთიანია, მიზნები და ამოცანები – გაცნობიერებული, ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა – აქტიური.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასწავლო პროცესის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებელს შეეძლოს ჯანსაღი კონსტრუქციული კრიტიკის (და არა ქილიკის ან ბრალდების) მოსმენა და მიღება-გათვალისწინება, ასევე – კოლეგის დელიკატური, კონსტრუქციული კრიტიკა. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს წარსული შეცდომების გაანალიზებას და მომავალში მათ თავიდან აცილებას.

სწორედ ამით არის ნაკარნახევი დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიის – კრიტიკული მეგობრების ინსტიტუტის – დანერგვა; სტრატეგიისა, რომელიც სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ითვალისწინებს. სწორედ დაკვირვებაა ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი პედაგოგიური პრაქტიკის შესასწავლად.

ურთიერთდაკვირვების მოდელში გამოყოფენ დაკვირვების ხუთ მეთოდს, რომლებიც, თავის მხრივ, სამ ეტაპად იყოფა:

. დაკვირვებისწინა შეხვედრა – მასწავლებელი, რომლის გაკვეთილსაც ესწრებიან, აცნობს კოლეგას გაკვეთილის გეგმას, უხსნის, რა სახის დახმარებას ელის მისგან, მერე კი კოლეგები ერთობლივად შეიმუშავებენ შეფასების რუბრიკას/კრიტერიუმებს;

. გაკვეთილზე დასწრება – დაკვირვება მთელ გაკვეთილზე ან მის ცალკეულ დეტალებზე და შედეგების დეტალური აღნუსხვა;

. გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა – დაკვირვების შედეგების ანალიზი, შეფასება და ამის საფუძველზე გაკვეთილის გეგმასა და მის წარმართვაში კორექტივების შეტანა.
1. აღწერითი დაკვირვება

აღწერითი დაკვირვების დროს დამსწრე მასწავლებელი აკვირდება ყველაფერს, რაც გაკვეთილზე ხდება, ცდილობს, ზოგად ვითარებაში გაერკვეს. ამ მეთოდის მთავარი მიზანია, როგორც გაკვეთილის ჩამტარებელი, ასევე დამკვირვებელი მასწავლებელი ყურადღებით მოეკიდონ ყოველივე იმას, რაც საკლასო ოთახში ხდება და ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა კუთხით დანახვა შეძლონ.
ამ ტიპის დაკვირვებას სუსტი მხარეებიც აქვს. იგი ხშირად დიფუზიურ ხასიათს ატარებს. შესაძლოა, დამკვირვებელ მასწავლებელს ყურადღება გაეფანტოს და მნიშვნელოვან დეტალებზე კონცენტრირება ვერ მოახერხოს. არსებობს საფრთხე, დამკვირვებლის შეფასება არაკონტროლირებადი გახდეს და მან ვერ დაინახოს ის, რაც არსებითია. აღწერითი დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, როგორც ჩამტარებელ, ასევე დამსწრე მასწავლებელს დაკვირვების ფოკუსის დადგენაში დაეხმაროს.
2. ფოკუსირებული დაკვირვება

ამ დროს დაკვირვება ფოკუსირებულია გაკვეთილის რომელიმე კონკრეტულ ასპექტზე ან მოვლენაზე. ამ ასპექტსა თუ მოვლენას უმთავრესად ის მასწავლებელი განსაზღვრავს, რომელიც კოლეგას დაკვირვებისთვის იწვევს. დაკვირვება შეიძლება ვაწარმოოთ ახალ სასწავლო სტრატეგიაზე, რომელსაც მასწავლებელი ნერგავს კლასში, პრობლემურ სიტუაციაზე, რომლის დამოუკიდებლად გადაჭრა მასწავლებელს უჭირს და კოლეგის დახმარება და რჩევა სჭირდება და სხვ.
3. გუნდური მუშაობა

გუნდური დაკვირვების პირველ ეტაპზე მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილს და თანხმდებიან, რას დააკვირდებიან გაკვეთილის მიმდინარეობისას. ზემოთ განხილული ორი მეთოდით დაკვირვება უმთავრესად იმ მასწავლებლის ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ესწრებიან და აკვირდებიან, ეს მეთოდი კი თანაბრად სასარგებლოა, ანუ სიმეტრიულია ორივე მასწავლებლისთვის. დაკვირვების ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთი საგნის ფარგლებში, ანუ მაშინ, როდესაც ორივე მასწავლებელი ასწავლის ერთსა და იმავე საგანს, ასევე ინტეგრირებული სწავლებისას.
გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება საუკეთესო გზაა თითოეული პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის და შედეგების გასაუმჯობესებლად. ამ დროს მათი პროფესიონალიზმის შერწყმითა და გამოცდილების გაზიარებით იბადება ახალი იდეები. ასე დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი ბევრად უფრო მოქნილი და დახვეწილი იქნება.
4. ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში)

ჩართული დაკვირვების დროს მასწავლებელი გარე დამკვირვებლად კი არ რჩება, არამედ სრულფასოვნად მონაწილეობს იმ სიტუაციებში, რომლებსაც შეისწავლის. მისი მიზანია გაარკვიოს, როგორ იგებს მოსწავლე ახსნილ მასალას და მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს, ინტერესდება თუ არა თემით. მაშასადამე, იგი გაკვეთილს მოსწავლის პერსპექტივიდან აფასებს.
5. თვითდაკვირვება

ეს მეთოდი მასწავლებელს ობიექტური თვითშეფასების უნარის დახვეწასა და სწავლების პროცესის სუსტი და ძლიერი მხარეების დანახვაში ეხმარება. თვითდაკვირვება ობიექტური რომ გახადოს, მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს თვითდაკვირვების სქემა, რომელსაც დაეყრდნობა თავის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისას. თვითდაკვირვება უფრო მიუკერძოებელი და სასარგებლოა, როდესაც გაკვეთილს თვითდაკვირვების სქემაზე დაყრდნობით პარალელულად დამსწრე მასწავლებელიც აფასებს. გაკვეთილის ბოლოს უნდა გაანალიზდეს, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ორივე მასწავლებლის შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კომპონენტებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვანაირად შეაფასებენ.
სასწავლო პროცესის დახვეწისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთი კოლეგიალური ურთიერთობები არის სკოლის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა, სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის საფუძველი, ძლიერი სკოლა კი საწინდარია განათლებული და ზნეობრივად სრულყოფილი თაობის აღზრდისა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ძლიერების საწინდარს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი