პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სახლი – საუკეთესო სკოლა

საშინაო განათლება (homeschooling) თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთი მოდური ტენდენციაა, მოდას კი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნები მისდევენ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საშინაო განათლება ყველაზე პოპულარულია დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, ფინეთში, ესტონეთში, დანიასა და ნორვეგიაში.

ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ალტერნატიულ განათლებას ირჩევენ, გასამმაგდა. ცხადია, ამ ოჯახებს კრიტიკის ქარცეცხლი არ ასცდენიათ, თუმცა არის დადებითი შეფასებებიც. უფრო სწორად, დადებითი შეფასება უფრო მეტია – გამოკვლევების უმრავლესობა საშინაო განათლების პოზიტიურ შედეგებზე მეტყველებს.
იბადება ბუნებრივი კითხვა: რამ გამოიწვია ამ ტენდენციის ზრდა, თანაც ისეთ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემა სხვებზე მეტად დახვეწილია? შეიძლება, ალტერნატიული გზების შეთავაზება და ხელშეწყობა განვითარების ერთ-ერთ კომპონენტადაც აღვიქვათ, თუმცა გამოკვლევათა შედეგები მიუთითებენ შემდეგ ფაქტორებზეც: სკოლებში არსებულ უარყოფით სოციალურ გარემოზე, ძალადობის გახშირებაზე, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციაზე, მოსწავლეთა სიმრავლეზე, განათლების დაბალ ხარისხზე, ზედმეტად მკაცრ ან, პირიქით, ზედმეტად ლმობიერ დამოკიდებულებაზე. ერთი შეხედვით უსისტემო, თავისუფალი და ამბიციური საშინაო განათლება კი სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს. დადებით ჭრილში განიხილავს განათლების ალტერნატიულ მეთოდს “გარდიანის” (The Guardian) ჟურნალისტი ჯესიკა შეფერდი სტატიაში ” No School Like Home” სტატიის ავტორი ბრიტანეთში მცხოვრებ იმ ახალგაზრდებს გაესაუბრა, რომლებსაც, თანატოლების უმეტესობისგან განხვავებით, სკოლაში არ უვლიათ. ერთ-ერთი მათგანი, იან ფიშერი, სკოლის საატესტატო გამოცდების შედეგებს ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შენობაში მას ერთი დღეც კი არ გაუტარებია, იანი დარწმუნებულია, რომ გამოცდებში კარგ შეფასებას მიიღებს: “სახლში სწავლა სასწავლო გეგმის შეზღუდვების გარეშე გაცილებით უფრო შედეგიანია. შემიძლია ვისწავლო ის, რაც მაინტერესებს და მაშინ, როცა მსურს”. იანის დედამ, ჯილმა, თავისი უფროსი ქალიშვილი ელიზაბეტი სკოლიდან ხუთი წლის ასაკში გამოიყვანა. დედის აზრით, სასწავლო დღე, რომელიც სამის ნახევარზე მთავრდებოდა, შეუფერებელი იყო მისი გოგონასათვის – ბავშვი დროის ეფექტურად განაწილებას ვერ ისწავლიდა. ჯილმა მიატოვა სამსახური (ის პროფესიით არქეოლოგია) და გადაწყვიტა, მთელი დრო შვილების განთლებისთვის დაეთმო. ჯილის მეუღლე, პიტერი, უნივერსიტეტის პროფესორია, ამიტომ მისი ხელფასი ოჯახისთვის სავსებით საკმარისი იყო. ჯილი უმეტეს დროს შვილებთან ერთად ატარებდა, ბევრს უკითხავდა, დაჰყავდა მუზეუმებში, ასევე – ისეთ ადგილებშიც, სადაც ბავშვები თანატოლებთან ერთად ითამაშებდნენ. “არავითარი გრაფიკი ან გაკვეთილების ცხრილი არ გვქონია”, – ამბობს ჯილი.
ელიზაბეტმა ცოტა ხნის წინ უმაღლესი დაამთავრა და ხელოვნების დარგში მიიღო ხარისხი, იანის მეორე და კატერინა კი გარემოს დაცვის მიმართულებით სწავლობს და ახლახან მესამე კურსზე გადავიდა. სკოლის საატესტატო გამოცდებში ორივე დამ უმაღლესი ქულები დაიმსახურა.
“გარდიანის” ჟურნალისტი კიდევ ერთ სამშვილიან ოჯახს გაესაუბრა. ცოლ-ქმარმა ბავშვები იშვილა და, შესაბამისად, საკმაოდ კარგ დახმარებას იღებენ, რათა სამსახურის ძებნა არ დასჭირდეთ. მათ გადაწყვიტეს, მთელი დრო ბავშვების საშინაო განათლებისთვის დაეთმოთ. დედას, ფიონას, მიაჩნია, რომ “სასკოლო სისტემაში ბავშვები რობოტებს ემსგავსებიან”. ფიონას გადაწყვეტილება, ბავშვებისთვის სახლში მიეცა განათლება, მისი ოჯახის წევრებმა (რამდენიმე მაგანი სკოლის მასწავლებელია) საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეს, თუმცა ახლა ფიონას ორი უფროსი შვილი წარმატებული სტუდენტია, უმცროსი კი მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. “ბავშვებისთვის დღეები ისე გადიოდა, როგორც არდადეგების დროს, – ჰყვება ფიონა, – ხან ეზოში იყვნენ, ხან სახლში, ხან ცხოვლების მოვლაში ატარებდნენ დროს, ხან კი კომპიუტერთან…”
არსებული მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში 50 000-მდე ბავშვი იღებს საშინაო განათლებას, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სრულყოფილი აღრიცხვის შემთხვევაში ეს რიცხვი გაიზრდება.
კვლევების თანახმად, საშინაო განათლების მეთოდები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთნი იმდენად ცდილობენ, მიბაძონ სკოლის სისტემას, რომ სახლში ზარსაც კი რეკავენ. მეორენი ამჯობინებენ, ბავშვებს სრული თავისუფლება მისცენ. საშინაო განათლების მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ ასეთი ოჯახები, უბრალოდ, მოდას აჰყოლიან და შვილებს ხელს უშლიან როგორც სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, ასევე განათლებაშიც. 2008 წელს ლონდონის უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტმა (Institute of Education, University of London) გამოსცა წიგნი “როგორ სწავლობენ ბავშვები სახლში” (How Children Learn at Home). წიგნის ავტორები, ალან ტომასი და ჰარიეტ პატისონი, ერთმნიშვნელოვან პოზიციას არ გამოხატავენ, თუმცა ასკვნიან, რომ საშინაო განათლება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს გვაძლევს. “შეუზღუდავი საგანმანათლებლო გარემო კარგ საფუძველს ქმნის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად. ხშირად განათლების სახლში მიღება საოცრად ეფექტურია”, – ამბობენ ისინი. ტომასმა და პატისონმა 26 ოჯახი გამოიკვლეს, სულ 700 ბავშვი. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე წლით გამოვიდა სკოლიდან, ზოგიერთს კი სკოლაში საერთოდ არ უვლია. გამოკითხული ოჯახების უმეტესობა ბრიტანელია, დანარჩენები კი ირლანდიელები, ავსტრალიელები და კანადელები. ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ბავშვები ძირითადად შემდეგი გზებით იღებენ განათლებას: “არაფრის კეთებით, დაკვირვებით, საუბრებით, პირადი გამოკვლევებითა და სწავლის თვითმართვით”. მეცნიერები ასკვნიან, რომ არაფორმალური განათლების “ქაოსური ბუნება” კარგ საფუძველს უქმნის მეცნიერული, მწერლობისა და მუსიკალური ნიჭის ადრეულ გამოვლენას. “საშინაო განათლების შედეგს ერთი შეხედვით თითქოს ვერც ვამჩნევთ, პროცესიც ბუნდოვანია, აქა-იქ ვხდებით შეცდომებსაც, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის თანკვეთას, წამოწყებულ და შემდეგ მიტოვებულ ინტერესებს, რომლებსაც ზოგჯერ ისევ უბრუნდებიან ზოგჯერ კი სრულიად ივიწყებენ… და მაინც, მიუხედავად ასეთი ქაოსური სასწავლო გეგმისა, ბავშვები ახერხებენ, მიღებული ინფორმაცია თანამიმდევრულ ცოდნად გარდაქმნან”. ტომასი და პატისონი აღიარებენ, რომ შინ მიღებული განათლება შესაძლოა, ერთი მხრივ, უზუსტობებს შეიცავდეს, მეორე მხრივ კი მშობლების მიერ თავს მოხვეულ სუბიექტურ წარმოდგენებს. “ინფორმაციის ხარისხი, ცხადია, ეჭვს ბადებს, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ შედეგად თავგზააბნეულ ბავშვებს ვიღებთ”, – გვარწმუნებენ ისინი, – “ეს შეიძლება ასეთი განათლების ერთგვარ უპირატესობადაც კი ჩაითვალოს. სკოლებში ბავშვებს კოხტად “დაფასოებულ” ცოდნას ვაწვდით, აქ კი მათ უწევთ, გონებრივად მეტად გაისარჯონ, რათა მიღებული ინფორმაცია თავად დაახარისხონ, ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინონ, თავად გაართვან თავი წინააღმდეგობებს. ამ ბავშვების მიერ მიღებული ცოდნა ცოცხალი და დინამიკურია, რასაც ვერ ვიტყოდით საქაღალდეებში თანამიმდევრულად ჩაწყობილ სასწავლო მასალებზე”.
წიგნში წარმოდგენილ ინტერვიუებში ასეთ ფრაზასაც ვკითხულობთ: “სწავლა ყოველდღიური აურზაურის ფონზე მიმდინარეობს”. ერთ-ერთი დედა დაწვრილებით ჰყვება სასწავლო პროცესის შესახებ: “ბავშვებს მასალებითა და წყაროებით ვამარაგებ, განვიხილავ იმას, რასაც კითხულობენ და რასაც მე ვკითხულობ, მათთან ერთად ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს, ვესაუბრები საინტერესო თემებზე, ყურადღებით ვუსმენ და ვპასუხობ შეკითხვებს”. მშობელთა ნაწილი შესაძლოა უსაფუძვლოდ თავდაჯერებულიც მოგვეჩვენოს. საეჭვოა, რომელიმე მასწავლებელმა დადებითად შეაფასოს შემდეგი აღიარება: “ჩემი შვილი თორმეტ წლამდე “ვარსკვლავთა ომებს” (Star Wars) უყურებდა და ბატუტზე ხტუნაობდა, მეტი არაფერი უკეთებია. ისიც კი არ იცოდა, როდის ჰქონდა დაბადების დღე”, – თუმცა ტომასი და პატისონი აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როდესაც ჰყვებიან, თუ როგორ ისწავლა ერთმა გოგონამ მათემატიკა: “საყიდლებზე სიარულმა და სამზარეულოში დახმარებამ თავისთავად წარმოშვა მათემატიკის სწავლის საჭიროება, მისთვის ანგარიში კონკრეტულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, ხშირად უწევდა ზეპირად რამის გამოთვლა… საქმე ის არის, რომ მათემატიკა იმ დონეზე, რა დონეზეც ის დაწყებით კლასებში ისწავლება, შეიძლება უფრო ადვილად ვასწავლოთ ბავშვებს, თუ მას ყოველდღიურ საქმიანობას დავუკავშირებთ. სკოლაში კი მათემატიკა განყენებულია და მოწყვეტილია ყოველდღიურ რეალობას”.
დასასრულ, წიგნის ავტორები დამაფიქრებელ შეკითხვებს სვამენ: თუ მშობელი ნამდვილად მოწოდებულია იმისთვის, რომ აღზარდოს საკუთარი შვილი, რატომ არ უნდა გააგრძელოს მან ეს საქმიანობა სასკოლო ასაკშიც? რატომ მიიჩნევა, რომ განსაზღვრული ასაკის შემდეგ არაფორმალური განათლება ფორმალურად უნდა გადაიქცეს? იმ რადიკალურ ცვლილებას, რომელსაც ბავშვის ცხოვრებაში სკოლაში შესვლა იწვევს, ხომ არავითარი საგანმანათლებლო თუ ფსიქოლოგიური საფუძველი არ გააჩნია?!
ავტორები თავიანთ ნაშრომში იმ კრიტიკოსთა მოსაზრებასაც აბათილებენ, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, რომ სასკოლო განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები ვერ შეძლებენ უმაღლესში სწავლასა და ადაპტაციას. პირიქით, კვლევების თანახმად, ასეთი ბავშვები სათანადო უნარებს ავლენენ საიმისოდ, რომ ცვლილება უმტკივნეულოდ გაიარონ და აკადემიურ სისტემას მოერგონ.
საშინაო განათლების ასეთ პოზიტიურ ჭრილში დანახვას, რა თქმა უნდა, არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროფესორი ალან სმიტერსი, ბუკინგემის უნივერსიტეტის განათლებისა და დასაქმების კვლევითი ცენტრის (Centre for Education and Employment Research at the University of Buckingham) დირექტორი, საშინაო განათლების მომხრეებს მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს: “არაფორმალური განათლება ოფიციალური სასწავლო გეგმის დამატებად უნდა განიხილებოდეს და არა მის ალტერნატივად. ცხოვრება სავსეა რთული და ამოუცნობი გარემოებებით, სასწავლო გეგმა კი საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა გზით შევიცნოთ სამყარო: ისტორიით, მეცნიერებით, ხელოვნებით, მათემატიკით… მნიშვნელოვანია, ყველა ახალგაზრდას მივცეთ საშუალება, გაეცნოს სასკოლო საგნებს, მერე კი დაე თავად გადაწყვიტონ, რომელი საგანი აინტერესებთ მეტად და რომელი – ნაკლებად. ცხადია, სასწავლო პროცესი ყოველთვის სასიამოვნო არ არის, ზოგჯერ შესაძლოა მტკივნეულიც იყოს და მოსაბეზრებელიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის სოციალური გარემო, რომელსაც სკოლის მოსწავლეებს ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ მშობლებს არჩევანის თავისუფლება აქვთ, თუმცა ჩემი რჩევა იქნებოდა, შვილები სკოლაში ეტარებინათ”.
დღეს ჩვენ ქვეყანაში მშობლებს არჩევანის თავისუფლება არ აქვთ. კანონის თანახმად, საქართველოში საშიანო განათლება დაუშვებელია. თუმცა არიან მშობლები, რომლებიც კანონგარეშეც ეწევიან ამ საქმიანობას. მთავარი ალბათ მაინც არჩევანის თავისუფლებაა და ისიც, როგორ სოციალურ გარემოს ვთავაზობთ ბავშვებს სკოლაში. ყველაზე თბილი და მყუდრო გარემო კი, უდავოდ, ყველას შინ გვეგულება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი