შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა თუ თავისუფალი არჩევანი

მოზარდები და წიგნები

 12 წლის თეკლას გულახდილი ინტერვიუ

 

არასდროს ვყოფილვარ იდეალური მოსწავლე, ალბათ საშუალოზე ოდნავ მეტი შესაძლებლობისა მეთქმოდა. რაიონში ვსწავლობდი, ბებია სკოლაში მუშაობდა და ისეც ხდებოდა, რომ მისი ხათრითაც დაუწერიათ ფრიადები. მეცადინეობაზე მეტად კითხვა მიყვარდა და ფიზიკის კანონების დაზეპირებაზე მეტად ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის სამყაროების ტრაგედიები მიზიდავდა.

წიგნები ჩემთვის არ ურჩევიათ, ამის დრო და თავი მაშინ არავის ჰქონდა. უბრალოდ, ჩემი ოჯახის დიდი ბიბლიოთეკა ჩემს ხელში იყო, უმთავრესად ქართული პროზის შედევრებით, უცხოური დეტექტივებითა და კლასიკოსების ნაწარმოებებით. ბევრი ის წიგნი გამოვტოვე, მიღებული მოსაზრების თანახმად, ამ თუ იმ ასაკში რომ უნდა წაიკითხოს მოზარდმა. ხშირად სულ სხვანაირი წიგნები მიტაცებდა – ბავშვებისთვის შეუფერებელი და უინტერესო. გამოვტოვე ჟიულ ვერნი და მაინ რიდი, ლინდგრენის მხოლოდ „პეპი გრძელწინდა“ აღმოვაჩინე ჩვენს ბიბლიოთეკაში, წავიკითხე, მაგრამ არ აღვფრთოვანებულვარ. რატომღაც იმერელი გლეხების გასაჭირი და უბედურება უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე შვედი ბავშვების გასაოცარი თავგადასავლები. ქაოსურად, კალაპოტის გარეშე ვკითხულობდი. ნინოშვილის, ყაზბეგის, კლდიაშვილის დამსახურებაა, საშინელი პროტესტი რომ გამიჩნდა ქალებისადმი დამოკიდებულების, მათი ჩაგვრის გამო. ამ ყველაფერს კი რაიონში მიღებული სტერეოტიპები დაერთო და მოკლედ, ცოტა მაკლდა, რომ მეფეთქა.

წიგნი მხოლოდ სიამოვნება არ ყოფილა ჩემთვის – ის აგურ-აგურ აშენებდა ჩემს პიროვნებას, შესაძლოა, ქვეცნობიერის ღრმა შრეებსაც, და მსოფლხედვას.

იმ დროს თავისი გმირები ჰყავდა, თავისი სულისკვეთება ჰქონდა. მოზარდებს ომი, უსამართლობა, მომავალი კეთილდღეობა გვაღელვებდა, გვწყუროდა თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები – იმიტომ, რომ ასეთი შეგრძნებების მომტანი მოწყობილობები, უშუქობის გამო, უფუნქციოდ ქცეულიყო. ამ შეგრძნებებსაც ვეძებდით წიგნებში და „მგლის ბილიკის“ მსგავსი ტექსტებით ვცდილობდით დანაკარგის ანაზღაურებას.

იმის თქმა მინდა, რომ ყველა დროს თავისი ინტერესები და სურვილები მოაქვს. კლასიკა კლასიკად რჩება, მაგრამ მის პარალელურად ჩნდება ისეთი ლიტერატურაც, რომელიც მოზარდებისთვის ახლობელი და აუცილებელი ხდება. შესაძლოა, დიდი ლიტერატურული ღირებულებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ადამიანს აძლევდეს შეგრძნებებს, პასუხებს, ემოციებს.

დღეს, შეგრძნებებით გადატვირთულ ეპოქაში, რთულია, ძალიან რთულია მოზარდის წიგნთან მიყვანა და ყურების ემოციის კითხვის ემოციით ჩანაცვლება. ეს ყველაფერი უფრო ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყო და განავითარო. რამდენს უკითხავს, რა წავაკითხოთ 12 ან 14 წლის ასაკშიო. სამწუხაროდ, მზა რეცეპტები არ არსებობს, არც სწორედ ამ ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები. წინ მთელი ცხოვრებაა და ოდესმე ამ წიგნებს თავად იპოვიან.

ჩემი შვილი 12 წლისაა. ჩვეულებრივი მოზარდია, უყურებს იუთუბს, აპროტესტებს უსამართლობას და საკუთარი თავით დიდად არ არის აღფრთოვანებული.

ვაღიარებ, რომ ხშირად არ კითხულობს „ამ ასაკში წასაკითხ“ წიგნებს. პროტესტი უჩნდება ბევრი რამის მიმართ, განსაკუთრებით ქართულ პროზას ებრძვის (არადა, მე მის ასაკში სწორედ ქართულმა პროზამ გადამარჩინა და მაქცია იმად, რაც ვარ). ვცდილობ, ჩემი შეხედულებები არ მოვახვიო თავს და მის მიმართულებებს მივყვე. შიგადაშიგ ვკითხულობთ „აუცილებლად წასაკითხ“ ტექსტებს და ერთადაც განვიხილავთ, თუმცა მისი ძირითადი საკითხავი ძალიან განსხვავებულია.

ვიფიქრე, თეკლას რამდენიმე პასუხი ზუსტად ისე ჩამეწერა, როგორც მითხრა. რა ვიცი, იქნებ სწორედ ასე ფიქრობენ მოზარდები, ან იქნებ ჩემი შვილი გამონაკლისია, თუმცა ეს პასუხები საინტერესო უნდა იყოს.

ვეკითხები: საერთოდ რატომ კითხულობ წიგნებს?

როდესაც ამ სამყაროთი ვიღლები, მინდა, რომ სხვა სამყაროში დავიკარგო.

დაუფიქრებლად მპასუხობს.

შემდეგ კითხვაზე გადავდივარ: როგორი წიგნები მოგწონს?

– ფენტეზი, თავგადასავალი, ისეთი წიგნები, რომლებშიც საიდუმლოა ამოსახსნელი. ფენტეზი – დრაკონებით. წიგნებს შეუძლია, დაგანახოს ისეთი სამყარო, რომელიც სულ სხვანაირი წარმოგედგინა და წიგნებმა სხვანაირად დაგანახა.

გრაფიკული კომიქსები მომწონს, ნამდვილი ამბებიც მომწონს, ოღონდ – სინამდვილის მეორე მხარეს რომ განახებს.

სხაპასხუპით არაკრაკებს.

ახლა რას კითხულობ და რას იტყვი ამ წიგნზე?

– სარა ბენვილის „უკანასკნელ ფოთოლცვენას“. წიგნი ჩვიდმეტი წლის ბიჭზეა, რომელსაც ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი აქვს. ბიჭი აღწერს იმ სამყაროს, რომელშიც თავს არაკომფორტულად გრძნობს. გარშემო მყოფები მას ჩვეულებრივ ადამიანად ვერ აღიქვამენ და ვერ იღებენ. ონლაინ მეგობრებს იძენს, რომლებსაც კი არ ეცოდებათ, არამედ მისი შინაგანი სამყარო აინტერესებთ.

რატომ მოგწონს ეს წიგნი?

– ისეთი ამბავია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს და საზოგადოებას უჭირს ამ პრობლემის დანახვა. ასეთ ადამიანებსაც აქვთ ოცნებები, სურვილები, უნდათ რაღაცები. ამ ბიჭის ოცნებაა, რომ გაიზარდოს, შვილები ეყოლოს და იმდენი ნაყინი აჭამოს, სანამ გული არ აერევათ. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.

რატომ არ მოგწონს ხოლმე ჩემი შერჩეული წიგნები?

– ბავშვებს არ უყვართ, როდესაც ეუბნებიან: „უნდა წაიკითხო“. მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ ისეთი წიგნები, რომლებშიც „დიდი სიღრმეებია“. მაგალითად, „ბიძია თომას ქოხი“. თუმცა რასიზმი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს პრობლემა უკეთ დავინახე, როცა წავიკითხე „ღვარძლი, რომელსაც თესავ“, ფილმიც ვნახე და ჩემთვის ეს პრობლემა ბევრად უფრო ნათელი გახდა. მე ისეთი წიგნები მომწონს, რომლებიც ჭკუას არ გასწავლის – ასეთი უნდა იყოო და იდეალური გმირი არ ჰყავს. მაგალითად, „თბილი სხეულები“, რომელიც უბრალოდ ზომბის და ადამიანის სიყვარულზეა. თუმცა აქაც განსხვავებულის მიღება და სიყვარულია.

ძალიან მომეწონა „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, ნატო დავითაშვილის. ისე კარგად იყო ეს სამყარო აღწერილი, რომ მკაფიოდ დავინახე დრაკონები, გემები, ზღვები, პერსონაჟები, კუნძულები და ასე შემდეგ. ისეთი უცნაური სამყარო იყო, რომელიც მე არასდროს არ მინახავს და მასში მოგზაურობა მომინდა.

ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი, რომელზე საუბარიც მოგინდება.

„პერსეპოლისი“ – მარჯან სატრაპი. განსხავებული ქვეყნის და ცხოვრების აღწერაა. მარჯანი ძალიან დაღლილია სექსიზმით, იმ ფაქტით, რომ კაცები უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ, ქალებს ნივთებივით მოექცნენ. განსხვავებული აზრის გამო ხალხს ხოცავენ და აწამებენ. ის ცდილობს, ეს ყველაფერი შეცვალოს. თუმცა არც ისე კარგად გამოსდის, მაგრამ მაინც ცდილობს. წიგნიც ერთ-ერთი მცდელობაა. მარჯანი იკარგება, საკუთარ თავს კარგავს, ევროპაში რომ მიდის, რადგან ხალხს ტერორისტად მიაჩნია – დასცინიან მისი ქვეყნის ცუდი რეპუტაციის გამო. ეს წიგნი გვაჩვენებს, როგორია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც გამუდმებით ბრძოლაში არიან. წიგნში აღწერილია, როგორ დაუხოცეს საყვარელი ადამიანები თვალწინ, როგორ დაინახა, რომ ჩამოინგრა კორპუსი ომის გამო და მეგობრის „ბრასლეტი“ როგორ აღმოაჩინა ნანგრევებში. ეს ხალხი ისეთ ადამიანებს აღმერთებდა, რომლებმაც თავი გაწირეს, დაიხოცნენ. ისინი სიკვდილს აღმერთებდნენ, სიკვდილი ძლიერებად მიაჩნდათ და, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ სიცოცხლე მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

რას ურჩევდი მშობლებს?

შვილებს აცადონ, რაც უნდათ, ის წაიკითხონ, არ დააძალონ. უნდა დააინტერესონ, გააცნონ სამყაროები, ტელეფონი არ გამოგლიჯონ ხელიდან, შეიძლება იქაც კითხულობდნენ რამეს. უნდა იმუშაონ, რომ შვილები წიგნთან მიიყვანონ, ოღონდ არა დაძალებით და „უნდათი“.

რას ურჩევდი მოზარდებს?

ისეთი წიგნები იკითხონ, რომლებშიც დაიკარგებიან, მოეწონებათ და ნაძალადევად არ წაიკითხავენ. თუნდაც დიდი სიბრძნე არ იდოს. წიგნების კითხვა ძალიან გამოადგებათ თვალების გახელაში, უფრო მრავალფეროვან და ლამაზ სამყაროებს დაინახავენ.

ოდესმე წიგნი რომ დაწერო, როგორი იქნება ის?

ისეთი, რომელშიც განსხვავებული წესებია, ან არ არის წესები, ამობრუნებულია სამყარო და არავის გაუჩნდება კითხვა: „რატომ?“ შენ ხომ გოგო ხარ, არ შეგეფერება, ან შენ ხომ ბიჭი ხარ, რატომ მოგწონს ვარდისფერი, რატომ თამაშობ თოჯინებით? ჩემი პერსონაჟი პრობლემებს შეებრძოლება მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად ან სულ მარტო. შეიძლება, მარტოობა უფრო კომფორტულიც იყოს, და მნიშვნელობა არ აქვს, ეს მისი პრობლემა იქნება თუ მსოფლიოსი, რადგან ერთი ადამიანის პრობლემაც უკვე სამყაროს პრობლემაა.

 

თეკლას პასუხებში ერთი სიტყვაც არ შემიცვლია. შესაძლოა, ეს ერთი მოზარდის ინდივიდუალური მოსაზრებები იყოს, შესაძლოა, ბევრის სათქმელს გამოხატავდეს. ასეა თუ ისე, კარგი იქნება, ჩვენ, დიდები, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ჩვენი წარსული გამოცდილებით არ განვსაზღვროთ ახალი თაობის ინტერსები, სულ, სულ ცოტათი ვენდოთ და არ შევუზღუდოთ ის თავისუფლება, რომელიც ასე გვაკლდა და რომელიც ჩვენზე მეტი ჩვენს მოზარდ შვილებს აქვთ. რაც მთავარია, მათ წიგნიერებაზე ზრუნვა ჩვილობიდანვე დავიწყოთ, ვუკითხოთ და კრიტიკის გარეშე მოვისმინოთ მათი პასუხები. დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და, ბოლოს და ბოლოს, ისეთები მივიღოთ ისინი, როგორებიც სინამდვილეში არიან – კორექტირებისა და უხეში ჩარევის გარეშე, ვაცადოთ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ. იქნებ სწორედ ეს გვჭირდება ამ სასტიკ და გაუცხოებულ სამყაროში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი