ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების მნიშვნელობა სკოლაში

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ `ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული”, `არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”, `არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება”, `ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება”, `ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ”, დაუშვებელია `სასჯელი კანონის გარეშე”, `ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე”, `ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება”, `ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას”, ყველას აქვს უფლება `აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა”, `გამოხატვის თავისუფლებისა”, `მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა”… ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში; ეს ხელს უწყობს სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას საზოგადოებებს შორის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მნიშვნელობის გააზრებას, – აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2005 წლის 2 მარტის (NA/RES/59/113B) რეზოლუციით დამტკიცებულ პროგრამაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების შესახებ.
საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წარმატებით დანერგვის მნიშვნელოვანი წინააპირობა არის სწავლება მათ შესახებ. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების შესახებ ნორმები გათვალისწინებულია მრავალ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 26), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 13), ბავშვთა უფლებების კონვენცია (მუხლი 29), ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (მუხლი 10), საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (მუხლი 7).
სწავლების ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი ყურადღების გაძლიერება, პიროვნების სრული განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის ღირსების მიმართ დამოკიდებულების გაცნობიერება, ურთიერთგაგების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, ერთა შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების, აგრეთვე მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას ითვალისწინებს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ პროგრამაში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა იწყება მე-5 კლასიდან. მოსწავლე ეცნობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ძირითად პრინციპებს. დაწყებითი საფეხურის დასრულებისას მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობისადმი პატივისცემის გრძნობა.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე აცნობიერებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფოს წინაშე. ამ ეტაპზე მან უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემა. მოსწავლემ უნდა გაიაზროს თავისუფლება როგორც უფლება და იმავდროულად პასუხისმგებლობა; ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის), საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მნიშვნელობა. მან უნდა შეძლოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად, უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის განახორციელოს კონკრეტული ქმედება.
საშუალო საფეხურზე მოსწავლეს უნდა განუვითარდეს საჭირო კომპეტენციები სოციალური, მორალური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. სამოქალაქო განათლების სავალდებულო და არჩევითი საგნები მას უნდა დაეხმაროს პიროვნული განვითარების, იდენტობის ახალი ასპექტების შემეცნებაში. საშუალო საფეხურზე მოსწავლემ უნდა გაიაზროს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
თუმცა, გაეროს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, მხოლოდ სწავლების შინაარსი არ არის საკმარისი დაგეგმილი შედეგის მისაღწევად. აუცილებელია სათანადო სასწავლო გარემოს არსებობა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სწავლება და სწავლა უნდა წარიმართოს ისეთ სასწავლო გარემოში, რომელიც თავად ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. სკოლის მართვა უნდა ხორციელდებოდეს საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოებას, სკოლის ფარგლებში და მის გარეთ, გათავისებული ჰქონდეს ეს ღირებულებები და პრინციპები. სკოლისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ტოლერანტული გარემო. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შორის თანაბარი შესაძლებლობების არსებობას, მათი ღირსების დაცვას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია იზრუნოს ამ ღირებულებების დამკვიდრებაზე.
გაეროს რეზოლუციით დამტკიცებული პროგრამის თანახმად, სკოლაში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყურადღების ცენტრშია იმ შემთხვევაში, თუ:
1. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დანერგვის პოლიტიკა არის ერთმნიშვნელოვანი და ნათელი, რაც, ძირითადად, გულისხმობს შემდეგს:
. არსებობს დოკუმენტი მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
. დამტკიცებულია ქცევის კოდექსი, რომელიც კრძალავს ძალადობას, მოსწავლის ფიზიკურ დასჯას, დადგენილია კონფლიქტისა და ძალადობის აღმოფხვრის პროცედურები;
. სკოლაში ხორციელდება დისკრიმინაციისაგან დაცვის ღონისძიებები.
. დისკრიმინაციისგან დაცულია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი;
. სკოლა აღნიშნავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა განსაკუთრებულ წარმატებებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლის სფეროში.
2. მასწავლებლები მთავარ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სასწავლო პროცესის წარმართვაში. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა:
. ჩაერთონ პროფესიული განვითარების სათანადო პროგრამებში;
. მიიღონ ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების სფეროში ახალი და ინოვაციური პრაქტიკის განვითარების შესახებ;
. სწავლებაში დანერგონ ინოვაციური პრაქტიკა და ამ მიზნით ჰქონდეთ კომუნიკაცია სფეროში მოქმედ სპეციალისტებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
3. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ:
მოსაზრების თავისუფლად გამოთქმის, პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, განურჩევლად მათი ასაკისა, ასევე – ინიციატივების, აქტივობების დაგეგმვისა და მოწყობის, ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობა.
4. სკოლას, ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებას შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობა, რაც გულისხმობს:
. მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების შესახებ;
. მშობლების ჩართვას პროექტებსა და ინიციატივებში, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას უკავშირდება;
. მშობელთა მონაწილეობას სკოლის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
. მოსწავლეთა არასასკოლო პროექტების განხორციელებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით;
. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დანერგვის (მოსწავლეთა მობილობის) ხელშეწყობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი