შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლების ურთიერთობა მშობლებთან

მასწავლებლის ერთი უმთავრესი პროფესიულ მოვალეობათაგანია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა.

ნებისმიერ თანამშრომლობას აქვს თავისი პირობები და ორივე მხარისათვის სავალდებულო “თამაშის წესები”, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება. მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის თანამშრომლობის ასეთ არსებით და აუცილებელ პირობას ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს.
ვერშემდგარმა თანამშრომლობამ შესაძლოა კონფლიქტიც კი გამოიწვიოს მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს შორის. კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორი, კერძოდ:
. კომპეტენციის დეფიციტი, რომელიც უმეტესწილად გამოიხატება მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ მასწავლებლისა და მშობლის წარმოდგენათა განსხვავებით და მათ მიერ ამ შესაძლებლობათა რეალიზაციის შეფასების არაერთგვაროვნებით. მოსწავლის ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა, მშობელს ამ სფეროში საგნის მასწავლებელთან შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს. მას ნაკლებად ესმის სპეციფიკური პედაგოგიური და მეთოდური საკითხები, თუნდაც მრავალკომპონენტიანი შეფასება. რა კომფორტული გარემოც არ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელმა, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა გაკვეთილზე მიმდინარეობს მეტ-ნაკლები ფსიქოლოგიური დაძაბვის ფონზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე. ამის გათვალისწინება მშობელს, რომელსაც ბავშვის ცოდნისა და უნარების შემოწმება სხვა ფსიქოლოგიურ ფონზე, განსხვავებულ სიტუაციასა და პირობებში უხდება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ეს განსხვავება კი გაუგებრობის და ზოგჯერ კონფლიქტის საფუძველსაც კი ქმნის. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს მშობლებთან, აუხსნას მათ შეფასების ახალი სისტემის არსი, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ დაეხმარონ შვილს შედეგების გაუმჯობესებაში. ამისკენ მოუწოდებს მასწავლებელს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიც: “ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ” (მუხლი 5. 2,3).
. საკუთარი შვილის ქცევათა სისტემის შესახებ არასრული ინფორმაციის ფლობა. ქცევათა სისტემა გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის ნორმების სხვადასხვა გამოვლინებისა და მათი მართვის უნარ-ჩვევების ერთობლიობას. მშობლის კომპეტენცია ამ სფეროში შესაძლოა მასწავლებლისაზე ნაკლები იყოს, რადგან შვილის სიტუაციურ ქცევათა სრული რეპერტუარი მისთვის უცნობია ან, პირიქით, მასწავლებლისთვის არის უცნობი ბავშვის ქცევა არასასკოლო`არაფორმალურ სიტუაციებში. სკოლა თავისი სიტუაციური მრავალფეროვნებით, სოციალიზაციის აქტიური პროცესით ხელს უწყობს ამ რეპერტუარის გაფართოებას და ეს, ფაქტობრივად, მასწავლებლის, უფრო კი კლასის დამრიგებლის თვალწინ ხდება.
მშობლები იცნობენ ბავშვის ცხოვრებას, ქცევის თავისებურებებს ოჯახში, პედაგოგი კი – სკოლის ფარგლებში. ასე რომ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ბავშვს სხვადახვაგვარად ახასიათებენ, არ არის გამორიცხული, ორივე მხარე გულწრფელი იყოს. ხშირად მშობლის წარმოდგენა, გნებავთ, სტერეოტიპი შვილის ყოფაქცევის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის მისი შვილის რომელიმე დისციპლინური დარღვევის შესახებ ინფორმაციასთან, ეს კი მშობელს აღიზიანებს და შესაძლოა მასწავლებელთან კონფლიქტიც გამოიწვიოს. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია, როდესაც მშობელი და მასწავლებელი დარწმუნებულნი არიან ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის სანდოობასა და კონფიდენციალურობაში. მოსწავლის შესახებ მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას პედაგოგს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიც ავალდებულებს: “მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით” (მუხლი 3, 5).
. უამრავი მოვალეობა, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს აკისრებენ. ხშირად მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთს აკისრებენ აურაცხელ მოვალეობას გარემოებებისა და შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად. ამის გამო მხარეები ვერ ასრულებენ ამ მოვალეობებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს უკმაყოფილებას, გაუგებრობას, წყენას. მასწავლებლის მშობლისადმი (და პირიქით) გადაჭარბებული მოთხოვნები შესაძლოა განაპირობოს იმან, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის განსაკუთრებულ სტატუსსა და მნიშვნელობას, აქვთ დიდი მოლოდინი და`ან ცდილობენ, აღზრდა-განათლების პასუხისმგებლობა და მოვალეობები მეორე მხარეს გადააბარონ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია იურიდიულ-ნორმატიული რესურსების არსებობა, კერძოდ, სკოლის შინაგანაწესისა, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული თითოეული მხარის უფლება-მოვალეობანი, სამეურვეო საბჭოს დებულებისა, მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსისა და სხვა, – რომელთა დაცვაც სასკოლო ურთიერთობებში ჩართულ თითოეულ მხარეს – მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის სხვა პერსონალს, მშობელს – მოეთხოვება.
. მშობლისა და მასწავლებლის ბავშვისადმი განსხვავებული დამოკიდებულება. სკოლა და ოჯახი არის სხვადასხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური ჯგუფი თავისი სპეციფიკური მრავალფეროვანი ფუნქციებითა და დამოკიდებულებებით. ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები იწყებენ ურთიერთზემოქმედებას ისე, რომ ინარჩუნებენ ბავშვისადმი მათი ჯგუფისთვის ჩვეულ და განმტკიცებულ დამოკიდებულებას. პედაგოგსა და მშობელს შორის წინააღმდეგობა ძლიერდება იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი ფორმალისტია და თავისი მოღვაწეობა უბრალო სამსახურად მიაჩნია, ამიტომ მოსწავლესთან მხოლოდ და მხოლოდ “საქმიან ურთიერთობას” ამყარებს. მშობლებსა და ახლობლებს კი ბავშვისადმი სულ სხვაგვარი, ემოციურად შეფერილი დამოკიდებულება აქვთ. მშობლებს უჭირთ მასწავლებლის მშრალ დამოკიდებულებასთან შეუგება, პედაგოგს კი მშობლების ეს პრეტენზიები და განცდები გადაჭარბებული და უსაფუძვლო ეჩვენება. თუ მასწავლებელი ვერ შეძლებს გაიგოს, მიიღოს და თავის პედაგოგიურ საქმიანობაში გაითვალისწინოს მშობლების მღელვარება შვილის ბედ-იღბლის გამო, შესაძლოა მხარეებს შორის უკმაყოფილებამ იჩინოს თავი. ზოგიერთ მასწავლებელს უჭირს, თავი მშობლის ადგილას წარმოიდგინოს და გააცნობიეროს, რას განიცდის ის. ამიტომ ბავშვის უკეთ გასაგებად, სწავლისა თუ პიროვნული ზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის შეთანხმებული მოქმდება, თანამშრომლობა.
მასწავლებელსა და მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომლებიც ხელს უშლის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს:
. მოსწავლეთა მშობლებთან კონტაქტების ძიება. მშობლებთან კონტაქტის დამყარების სურვილის უქონლობა უმეტესწილად განპირობებულია მასწავლებლის ზედმეტი თავდაჯერებით, საკუთარი პედაგოგიური შესაძლობლობების დიდი რწმენით და`ან გულგრილობით, პასუხისმგებლობის ნაკლებობით. ეს წინააღმდეგობა რომ დაიძლიოს, ერთი მხრივ, აუცილებელია, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლის შესახებ მოიპოვოს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელსაც პედაგოგიური საქმიანობისას გამოიყენებს. მეორე მხრივ, უნდა დაიძლიოს მხარეებს შორის წინააღმდეგობები ბავშვისადმი მოთხოვნებისა და დამოკიდებულების გამო. ამ წინააღმდეგობათა დაძლევა კი შესაძლებელია მშობელთან მუდმივი თანამშრომლობის გზით, რასაც პირდაპირ გვავალდებულებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი (მუხლი 5).
. პასუხისმგებლობა მშობლის წინაშე ბავშვის აღზრდისა და სწავლის შედეგებზე. მასწავლებელმა მუდმივად უნდა იქონიოს კონტაქტი მშობელთან და მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ, იმის შესახებ, რას მიაღწია მან, რას – ვერა და რატომ, ანდა რა შეიძლება იღონონ მასწავლებელმა და მშობელმა ურთიერთთანამშრომლობით მოსწავლის სუსტი მხარეების გასაძლიერებლად (ეთიკის კოდექსი, მუხლი 5,4).
. ბავშვის უნარების, ცოდნისა და ქცევის დაუსაბუთებლად უარყოფითი შეფასებით მშობლის განაწყენების თავიდან აცილება. მასწავლებლის ნებისმიერ დაუდევარ და მიკერძოებულ მსჯელობას ბავშვები მწვავედ განიცდიან და მათი განწყობა ხშირად გადაეცემა მშობლებს, რომლებიც, თავის მხრივ, მტკივნეულად რეაგირებენ ამ ფაქტზე. ხოლო თუ პედაგოგი ბავშვზე პატივისცემით ლაპარაკობს, ხედავს მის არა მარტო უარყოფით, არამედ დადებით მხარეებსაც, მაშინ ის მშობლის სახით მოკავშირეს იძენს.
უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი ბავშვის პრობლემებზე მშობელთან საუბრისას გამოიყენებს ე.წ. “სენდვიჩის” სტრატეგიას, რაც გულისხმობს შემდეგს: მასწავლებელი მშობელს ჯერ ბავშვის პოზიტიურ ქცევასა თუ მხარეებზე ესაუბრება, მერე პრობლემურზე გადადის, ხოლო საუბარს ისევ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით და გაუმჯობესების გზებზე მსჯელობით ასრულებს. იგი მშობელს ბავშვის ძლიერი მხარეების გათვალისწინება-გამოყენებით პრობლემის მოგვარების გზების ერთობლივად ძებნას სთავაზობს. უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი კი არ შეაფასებს, არამედ აღწერს ბავშვის ქცევას და დასკვნის გამოტანისა და ქცევის შეფასების საშუალებას მშობელს დაუტოვებს. ამგვარი მიდგომით მასწავლებელი პასუხისმგებლობას მშობელს უნაწილებს, რაც სტიმულს აძლევს ამ უკანასკნელს, ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში.
. მოსწავლეების თვალში მშობლების ავტორიტეტის ამაღლება, ბავშვებისთვის მშობლების პოზიტიური მახასიათებლების ჩვენება. პედაგოგს ზოგჯერ დიდი ძალისხმევა უწევს იმ გაუცხოების დასაძლევად, რომელიც შესაძლოა იყოს ბავშვსა და მის მშობლებს შორის. მასწავლებელი, რომელიც გავლენას მოახდენს მშობლის ავტორიტეტზე, საკუთარ ავტორიტეტსაც ამაღლებს არა მარტო მოსწავლის, არამედ მშობლის თვალშიც.
. მშობლებისადმი აუცილებელი მოთხოვნების ტაქტიანი წარდგენა. გამოცდილი პედაგოგები ყოველთვის მიუთითებენ მშობლებსა და ოჯახებთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება – მშობლებთან წარმატებული კომუნიკაციის განვითარებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ისეთი უნარები სჭირდება, როგორებიცაა ტაქტი, მოსაუბრის პატივისცემა, თავაზიანობა, სიკეთე, ენთუზიაზმი და სხვ.
მშობელთან შეხვედრის ეფექტურად წარმართვაში მასწავლებელს შემდეგი რჩევები დაეხმარება:
. მშობელს თბილად შეხვდით – გაუღიმეთ და ხელი ჩამოართვით; საუბარი მისი შვილის შესახებ პოზიტიური ინფორმაციით დაიწყეთ
. აგრძნობინეთ ასერტიულობა – მშობელთან საუბრისას ნუ მიუჯდებით თქვენს მაგიდას. სკამი მასთან ახლოს მიიდგით და აგრძნობინეთ, რომ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ. თუ მშობელი დგომას ამჯობინებს, თქვენც ფეხზე იდექით. თვალი თვალში გაუყარეთ – ნუ აფიქრებინებთ, რომ თქვენს დაშინებას შეძლებს.
. მოუსმინეთ ყურადღებით, მიეცით სიბრაზისა და იმედგაცრუების გამოხატვის საშუალება. ნუ შეაწყვეტინებთ ან შეეკამათებით, უბრალოდ მოუსმინეთ. გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია ემპათიისა და გაგების საჩვენებლად. სანამ უპასუხებთ და თქვენს პოზიციას გამოთქვამთ, დარწმუნდით, რომ პრობლემა მშობლის პოზიციიდან გაიაზრეთ.
. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა, ნურასოდეს წახვალთ კომპრომისზე თქვენს პროფესიულ წესიერებასთან. გაბრაზებული სიტყვების საპასუხოდ მშვიდი და გაწონასწორებული რეაქცია სიტუაციის განმუხტვას შეუწყობს ხელს.
. აწონ-დაწონეთ სიტყვები, თქვენს კომენტარებში მშობლებმა ცინიზმი არ უნდა იგრძნონ. ეცადეთ, საუბარმა თემას არ გადაუხვიოს და ის შეხვედრის საგანსა და მოსწავლის საჭიროებებზე იყოს კონცენტრირებული. მშობელს საშუალება მიეცით, ისე დაიხიოს უკან, რომ ამის გამო თავი “დამარცხებულად” არ იგრძნოს.
. ერთად იფიქრეთ პრობლემის მოგვარებაზე, ჰკითხეთ რჩევა, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, რომლებიც მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული.
. ყოველთვის პატივი ეცით მშობელს და მისგან საპასუხო პატივისცემა მოითხოვეთ. თუ მშობელი თქვენს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დაშინებას ეცდება, უთხარით, რომ არავის აძლევთ ასეთი საუბრის უფლებას და სიამოვნებით გააგრძელებთ საუბარს მას შემდეგ, რაც ის დამშვიდდება. თუ მშობელი უღირს საუბარს და თქვენს შეურაცხყოფას გააგრძელებს, გაჩმდით, ზურგი შეაქციეთ და უემოციოდ გაეცალეთ.
. შეხვედრისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ბოლომდე მისდიეთ. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მშობელთან შეხვედრისას მიღებული შეთანხმების განხორციელება. თუ შეხვედრისას საკითხი არ ამოიწურა, გააგრძელეთ მასზე მუშაობა. მოსწავლის, მისი პრობლემების მიმართ გულწრფელი ინტერესი, წუხილი და შემდგომი დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეთ.
მასწავლებლის მიმართ მშობლის კრიტიკული შენიშვნების ანალიზი
პედაგოგს უნდა შეეძლოს მშობლის მიერ მისი მისამართით გამოთქმული შენიშვნების მიღება, კრიტიკის მთქმელისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს ხშირად არ სიამოვნებს კრიტიკული შენიშვნების მოსმენა, მან ეს შენიშვნები უნდა პედაგოგიური მიზნებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენოს. მშობლების კრიტიკა უფრო კონკრეტული და საქმიანია, როდესაც მასწავლებელი თვითონ უწევს ორგანიზებას შენიშვნების გამოთქმას. იგი არწმუნებს მშობლებს, რომ სჭირდება მათი აზრის ცოდნა საკუთარი საქმიანობის შესახებ, აინტერესებს, სწორად ესმით თუ არა მისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, არის თუ არა, მათი თვალსაზრისით, ხარვეზები პედაგოგიურ პროცესში და, კერძოდ, რა. საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, თვითკიტიკული მასწავლებელი ყოველთვის აღმოაჩენს მშობლის შენიშვნებში მისთვის საინტერესო, სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის საჭირო რამეს. თუ მშობლებმა კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისგან თავი შეიკავეს, უკმაყოფილება შენარჩუნდება, გამძაფრდება და საბოლოო ჯამში გაუგებრობებამდე, უნდობლობამდე, კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შენიშვნების მოსმენით, ხარვეზებზე საუბრით. პედაგოგმა უნდა გაიგოს ისიც, მის რომელ აქტივობას და რა თვისებებს აფასებენ მშობლები პოზიტიურად.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვთან მიმართებით საერთო ინტერესები აქვთ, მათი ურთიერთობები არ უნდა გავიგოთ და განვიხილოთ როგორც სრული ურთიერთგაგება და უკონფლიქტო თანამშრომლობა. ამ ურთიერთობებში ხშირია წინააღმდეგობები და პრობლემური სიტუაციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პედაგოგმა შეძლოს შედეგზე ორიენტირებული პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, გაიხადოს მშობელი მოკავშირედ ბავშვის აღზრდასა და განათლებაში.
სტატიაში გამოყენებულია მასალა, რომელიც მომზადდა წიგნისთვის “მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო” (ავტორები: მ. ინასარიძე, ს. ლობჟანიძე, შ. მამუკიძე), მაგრამ არ შევიდა მასში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი