გამჭვირვალე ბავშვობის საფრთხეები

სხვისი რა გითხრათ და მე დიდი ენერგია მჭირდება, რომ მოვთოკო სურვილები და ჩემი შვილების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები საჯარო სივრცეში არ გამოვამზეურო. თავშეკავებაში იმის გაცნობიერება მეხმარება, რომ არის მომენტები, როცა გონებამ გულს უნდა აჯობოს, მით უმეტეს მაშინ, როცა იცი, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი არსებობს და ჩემს ემოციებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებამ, სარგებელზე მეტი ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვებს.

ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მეგობრებს არ გავუზიაროთ ჩვენი სიხარული ბავშვების წარმატებების შესახებ; დავმალოთ ჩვენი, როგორც მშობლის მიღწევები; მკაცრ ჩარჩოებში მოვექცეთ და არასოდეს არავის ვაჩვენოთ ჩვენი პატარების ფოტოები.

მაგრამ სულ მცირე არაეთიკურია, როცა ფოტო და ვიდეო კამერით ჩვენი საყვარელი პატარების ისეთ მომენტებს ვაფიქსირებთ, რომლის შესახებაც ბავშვმა არაფერი იცის, მერე კი არ მასალას საჯაროდ ვაქვეყნებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სახლში, ვთქვათ, ხალათში ნებივრობთ ან შვილის საყვარელ კერძს ამზადებთ და თქვენმა შვილმა გადაგიღოთ ფოტო, რომელსაც თქვენი ნებართვის გარეშე აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ან ხართ მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილს ხსნის, მერხებს შორის დადის, ამ დროს მოსწავლე გიღებთ და აქვეყნებს ფოტოს. ძალიან ცოტა ადამიანი მგონია ისეთი, ვისაც მის მიმართ ჩადენილი ეს საქციელი მოეწონება, რამდენად პოზიტიური წარწერაც უნდა ჰქონდეს ამ ფოტოს თუ ვიდეოს სოციალურ ქსელში.

იგივეს განიცდიან ბავშვებიც!

ადამიანს ყველა ასაკში აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვობაშიც. თუმცა არასრულწლოვანებს ზოგჯერ საკუთარი უფლებების დაცვა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ამაზე მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბავშვებთან შეხებაში მყოფმა სხვა ზრდასრულებმა უნდა იზრუნონ.

თუ მშობლებმა და მასწავლებლებმა არ იციან, რა არის ბავშვის პერსონალური მონაცემები, ცხადია, ისინი ვერ შეძლებენ უზრუნველყონ ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. მეტიც, შეიძლება სრულიად კეთილი მიზნებით, გაუცნობიერებლად თავად დაარღვიონ წესები.

სოციალურ ქსელში სასწავლო ჩართვების, ბავშვების ფოტოების და ვიდეოების გაზიარების მაგალითები ბოლო რამდენიმე დღეში მრავლად დაგროვდა. ვგულისხმობ მასწავლებლებისა და მშობლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ისედაც დაბნეული ბავშვები ჩანან, სახლებიდან და აგარაკებიდან რომ ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს; იმის მოლოდინში რომ მასწავლებელი „გამოიძახებს“, კომპიუტერებთან ხელაწეულები სხედან; ზოგიერთს სკოლის ფორმაც კი აცვია; ზოგიერთი კი საპირფარეშოში შესვლის და კალმის აღების ნებართვას შეწუხებული ელოდება მასწავლებლისგან, ისევე როგორც ამას საკლასო ოთახში გააკეთებდა.

არაეთიკურია, როცა სკოლა ან მასწავლებელი აქვეყნებს თავისი მოსწავლეების პერსონალურ მონაცემებს, ეს არ არის ცნობილი და შეთანხმებული ბავშვებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან. სულ მცირე, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა იწერება მის შესახებ იმ სივრცეში, სადაც შეიძლება ის თავად არც იყოს რეგისტრირებული. ასევე, აუცილებელია, ბავშვი თანახმა იყოს, რომ ესა თუ ის მასალა გასაჯაროვდეს. ეს დაეხმარება პატარა ადამიანს მართოს მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის აუდიტორიაც, ვისაც დაშვებას ვაძლევთ, ნახოს ეს სტატუსი. იქ, სადაც ბავშვის შესახებ ვსაუბრობთ, აუდიტორია უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. უმჯობესია, გამოვიყენოთ კლასის დახურული ჯგუფი და არა სკოლის ან პირადი გვერდი. სკოლისა და პედაგოგის შემთხვევაში, აუცილებელია, არსებობდეს მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების წერილობითი თანხმობა.

ვინც ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, უმჯობესია, გაითვალისწინოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში დატრიალებული ტრაგედიები, რომლებსაც ბავშვები ემსხვერპლნენ, სწორედ პერსონალური მონაცემების დარღვევას უკავშირდება.

რა არის ბავშვის პერსონალური მონაცემები?

პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატის მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევის მიხედვით, პირად ცხოვრებას მიეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?
  • ინფორმაცია ბავშვის სასკოლო განრიგის შესახებ. რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
  • ინფორმაცია ბავშვის ინტერესების შესახებ – რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით? უყვარს თუ არა შინაური ცხოველები?
  • ბავშვის აკადემიური მოსწრება – რომელ საგანში რა ნიშნები აქვს და რომელი საგნის სწავლა ეხალისება ან უჭირს.
  • ფოტო და ვიდეო მასალა ბავშვის გამოსახულებით. ასევე, პირად საქმეში არსებული ფოტო.
  • პერსონალური მონაცემებია, ასევე, ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, სპეციალური კვების სპეციალური რეჟიმი, ინფორმაცია ბავშვის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რელიგიური შეხედულებები და ბავშვის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია.

 

ბავშვის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიწოდებით ჩვენ გზას ვუხსნით  პოტენციურ დამნაშავეს, მეტი შეიტყოს სამიზნე სუბიექტის შესახებ. ალბათ, მხოლოდ ეს მიზეზი კმარა იმისთვის, რომ მინიმუმამდე შევზღუდოთ ბავშვების შესახებ ინფორმაციის და მათი გამოსახულებით ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება.

გაიხსენეთ, რამდენი ეპიზოდი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დღეს საჯარო იმიტომ არ არის, რომ თქვენს ბავშვობაში არც ინტერნეტი იყო და არც ფოტო-ვიდეო კამერებით აღჭურვილი ტელეფონი ეჭირათ ხელში ზრდასრულებს. დაფიქრდით, ყველა ეს ეპიზოდი, რომ დღეს სახალხოდ ცნობილი იყოს, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

გამჭვირვალე ბავშვობა თავის კვალს დაამჩნევს ჩვენი შვილების თაობას.

ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პოზიტიური მაგალითები და დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ მომავალზე, სადაც, ჩვენ მოხუცებმა და ჩვენმა ახალგაზრდა შვილებმა, ერთად უნდა ვიცხოვროთ.

 

 

კომენტარები

comments