პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ინფანტილური ბავშვები

მეშვიდეკლასელი ბიჭის დედამ შეწუხებულმა შემომჩივლა, რომ მის შვილს განვითარებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა – „ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოდის, უპირატესობას მასზე უმცროს ბავშვებთან ურთიერთობას ანიჭებს, უნებისყოფო და უყურადღებოა, სულ თამაშისკენ გაურბის თვალი და პატარა ბავშვის სათამაშოებით თამაშობს. მართალია, სწავლაში სერიოზული პრობლემები არა აქვს, მაგრამ, სწავლას მაინც თამაში ურჩევნია. დამოუკიდებლად ვერანაირ პრობლემას ვერ წყვეტს, მე შემომჩერებია, რომ დავეხმარო სირთულეების გადალახვაში. მგონი, უჩემოდ საერთოდ დაიღუპება“. მოზარდთან შეხვედრის, მისი შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების და უნარ-ჩვევების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალია, მას ინტელექტუალურ განვითარებაში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარებაში ნამდვილად შეინიშნებოდა ერთგვარი შეფერხება. ასეთ ბავშვებს ფსიქოლოგიაში ინფანტილურ ბავშვებს უწოდებენ.

ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა არის ინფანტილიზმი, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ასეთი ტიპის ბავშებთან განვითარებაში არსებული სირთულეების მინიმუმამდე შესამცირებლად.

ტერმინი „ინფანტილიზმი“ ფსიქოლოგიაში გამოიყენება პიროვნების, უპირატესად მისი ემოციურ-ნებელობითი თვისებების მოუმწიფებლობის აღსანიშნავად. ინფანტილური ბავშვის ქცევა არ შეესაბამება მის მიმართ წაყენებულ ასაკობრივ მოთხოვნებს და ვლინდება ბავშვური თვისებების შენარჩუნებაში. ფსიქიკურ ინფანტილიზმს კავშირი არა აქვს გონებრივი განვითარების შეფერხებასთან. ინფანტილური ბავშვები ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებით არაფრით განსხვავდებიან თანატოლებისაგან – მეტყველებას ჩვეულებრივ ვადებში ეუფლებიან, სვამენ შეკითხვებს, ნორმალურად კითხულობენ, ითვლიან, ხატავენ, ფსიქიკურად საკმაოდ აქტიურებიც არიან.

ინფანტილური ბავშვის ძირითადი მახასიათებლები: 

  • ეგოცენტრიზმი – თვისება, რომლის წყალობითაც ადამიანი ხედავს, ესმის და გრძნობს მხოლოდ საკუთარ თავს, მას არ შეუძლია გაიგოს და იგრძნოს სხვა ადამიანის მდგომარეობა. პატარა ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, რადგანაც მისთვის მთავარი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ეგოცენტრული ადამიანისთვის დამახასიათებელია აბსოლუტური დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში. ურთიერთობის პროცესში პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში არასოდეს აღიარებს, რომ არ ესმის ადამიანების, პირიქით – ყოველთვის თვლის, რომ სხვებს არ ესმით მისი;
  • დამოუკიდებლად მოქმედების, პრობლემებისა და სირთულეებისათვის თავის გართმევის უუნარობა – არა აქვს უნარი მოემსახუროს საკუთარ თავს, სირთულეებისა და პრობლემების დასაძლევად სხვებს, უპირველეს ყოვლისა დედას მიმართავს დასახმარებლად;
  • ორიენტაცია თამაშზე – ინფანტილური ბავშვი სხვა სახის საქმიანობასთან შედარებით, თამაშს ანიჭებს უპირატესობას. სასკოლო ასაკშიც მისი ინტერესები ძირითადად თამაშთან და სათამაშოებთან არის დაკავშირებული. მას შეუძლია ითამაშოს და იმხიარულოს დაუსრულებლად და ოჯახის წევრებსაც მოუწოდებს, რომ ითამაშონ და იმხიარულონ მასთან ერთად. საკლასო ოთახშიც ნებისმიერ სასკოლო სიტუაციას თამაშად აქცევს და სკოლამდელივით იქცევა, ნებისმიერი სასწავლო ნივთი შეიძლება სათამაშოდ გამოიყენოს. ინფანტილური ბავშვი ძალიან ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ არა თავისი ასაკის შესაფერისად;
  • საკუთარი ქცევის სიტუაციის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარების უუნარობა – მას არ შეუძლია სწორად შეაფასოს სიტუაცია, შეცვალოს საკუთარი ქცევა არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განჭვრიტოს მოვლენების განვითარება, შესაძლო საფრთხეები და საშიშროებები;
  • საკუთარი სურვილების და ემოციების შეკავების უუნარობა;
  • ბავშვური უშუალობა, გულუბრყვილობა – მისი ქცევა არ შეესაბამება მისსავე ასაკს. ხშირად ის მოქმედებს წინდაუხედავად, ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ვინმემ აწყენინოს;
  • უდარდელობა, უზრუნველობა, დაუდევრობა, მოვალეობის გრძნობის განუვითარებლობა;
  • სირთულეების გადასალახად ნებისყოფის დაძაბვის უუნარობა;
  • მომატებული მიმბაძველობა და შთაგონებადობა;
  • შემეცნებითი აქტივობის დეფიციტი სწავლის პროცესში, სასკოლო ინტერესების არქონა;
  • მოსწავლის „როლის“ ჩამოუყალიბებლობა;
  • იმ საქმიანობისთვის თავის არიდების სურვილი, რომელიც მოითხოვს აქტიურ ყურადღებას და ინტელექტუალურ დაძაბვას;
  • მისწრაფება იყოს უმცროსი ასაკის ბავშვების საზოგადოებაში, ან ისეთი ასაკის ბავშვების წრეში, რომლებიც მას მფარველობას გაუწევენ და მასზე იზრუნებენ;
  • ინფანტილური ბავშვი გაურბის იმის კეთებას, რაც მას არ სურს, თუ პრობლემებს ხედავს, თავს არიდებს, რადგანაც ფიქრობს, რომ გაუჭირდება მათი დაძლევა. მას არ სურს გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
  • ინფანტილურ ბავშვთან სოციალური კონტაქტები თავდაპირველად არ არის დარღვეული. პირიქით, ასეთი ბავშვი მიისწრაფვის გარშემომყოფებთან ურთიერთობისაკენ, უყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა. სოციალური ადაპტაციის უნარი მას იმის შედეგად უქვეითდება, რომ არ შეუძლია საკუთარი ქცევის და ემოციების კონტროლი, თანდათან უძნელდება იმათთან თანაარსებობა, ვინც წინ უსწრებს განვითარებაში. ამას მივყავართ კიდეც სოციალური კონტაქტების დარღვევასთან;
  • ინფანტილიზმი დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების შეფერხებასთან და გონებრივ განვითარებას ის არ ეხება, მაგრამ, თუ მაინც დაფიქსირდა ჩამორჩენა ინტელექტუალურ განვითარებაშიც, ეს უკვე მეორად მოვლენად ითვლება, აღმოცენდება სოციალური დეზადაპტაციის შედეგად და გამოვლენას იწყებს სასკოლო სწავლების პროცესში.

ინფანტილიზმის გამომწვევი მიზეზები:   

  • ჰიპერმზრუნველობა – როდესაც ბავშვთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მშობლები იღებენ, იცავენ მას ნებისმიერი სახის სირთულეებისაგან, აკმაყოფილებენ მის ნებისმიერ მოთხოვნას და კაპრიზს, ბავშვი ვერ სწავლობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას. ამასთან, გარშემომყოფი ადამიანებისაგან ის ითხოვს ისეთივე ყურადღებას და ზრუნვას, როგორსაც ოჯახში მიეჩვია, ითხოვს ყველა მისი სურვილის დაკმაყოფილებას, მისი ქცევა ხდება ეგოცენტრული, რაც მის სოციალურ ადაპტაციას გარემოსთან სერიოზულად ართულებს და ბავშვის ინფანტილურობის მიზეზი ხდება;
  • მშობლების უყურადღებობა და გულგრილობა ბავშვის მიმართ – მშობლების არასაკმარის ყურადღება შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს ინფანტილურობის განვითარების. ბავშვი, რომელიც თავის ნებაზეა მიშვებული, ცდილობს საკუთარ მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი შეავსოს ფილმების, სერიალების ყურებით, კომპიუტერული თამაშებით, სოციალურ ქსელებში ვირტუალური ურთიერთობით. რეალური სამყარო მისთვის გამოგონილით, წარმოსახულით იცვლება. ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს რეალურ სამყაროში, ვერ ახერხებს ადეკვატური ურთიერთობის დამყარებას ადამიანებთან, ის არ არის მორგებული მის გარემომცველ რეალურ სამყაროსთან. ყველაფერი ეს კი ინფანტილურობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება;
  • ავტორიტარული აღზრდა და დამოუკიდებლად მოქმედების აკრძალვა – თუ მშობლები შესაძლებლობას არ აძლევენ პატარას, გამოავლინოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მის ნაცვლად ამას უფროსები აკეთებენ, მომავალში ბავშვი აღმოჩნდება ყველაფერში სხვაზე დამოკიდებული. მას გაუჭირდება იყოს დამოუკიდებელი, მიიღოს გადაწყვეტილებები, თავად მოაგვაროს თავისი პრობლემები, რაც ბუნებრივია ინფანტილურს გახდის მას.

რეკომენდაციები ინფანტილური ბავშვების მშობლებისთვის:

  • მოვიწონოთ და წავახალისოთ ბავშვის მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ, საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისაკენ. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება მოსინჯოს საკუთარი ძალები;
  • მოვერიდოთ უყურადღებობას და გულგრილობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ აღზრდის პროცესში დიდი ზიანის მომტანია განსვლა ოჯახისა და სკოლის, ასევე ოჯახის სხვადასხვა წევრის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შორის. ამიტომ, ვიმოქმედოთ შეთანხმებულად;
  • ხელი შევუწყოთ ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობას. ვასწავლოთ მას თანამშრომლობა სხვა ბავშვებთან, წყენის დავიწყება, კონფლიქტების მოგვარება. ავუხსნათ მის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგები;
  • ვასწავლოთ ბავშვს, გადალახოს სირთულეები. დავეხმაროთ და გამოვხატოთ სიხარული მისი გამარჯვებებით და წარმატებებით. გვახსოვდეს, რომ წარმატება ადამიანს უღვიძებს საკუთარი ძალების რწმენას, უხსნის დაძაბულობას და უქმნის ემოციური კომფორტის განცდას;
  • მოვერიდოთ ჰიპერმზრუნველობას. დავაკისროთ ბავშვს გარკვეული ვალდებულებები, მივცეთ დავალებები, საქმე, რომელზეც პასუხისმგებელი თავად იქნება. ამასთან, მოვერიდოთ მის გაკიცხვას და მასთან ჩხუბს ნაკლებად ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს გამო, მას სჭირდება დრო, რომ ისწავლოს და დაეუფლოს ამა თუ იმ საქმეს. სწავლის პროცესში კი შეცდომები ბუნებრივია;
  • გვახსოვდეს, რომ მუდმივად კომფორტულ გარემოში ყოფნა აფერხებს განვითარებას. ბავშვისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს, ყველა მას ემსახურება, უინტერესო ხდება ცხოვრება. ასეთ დროს მშობლები ხშირად ტეხავენ განგაშს – “ჩემს შვილს არაფერი უნდა, არაფერი აინტერესებს“. მას უბრალოდ ყველაფერი მობეზრდა. თუ ბავშვი მუდმივად კომფორტულ გარემოში იმყოფება, არ სჭირდება სირთულეების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ფიქრი, დიდი ალბათობით ის ინფანტილურ ადამიანად ჩამოყალიბდება, რაც მას მომავალში წარმატებების მიღწევასა და თვითრეალიზებაში სერიოზულად შეუშლის ხელს;
  • ბავშვში ინფანტილიზმის დასაძლევად კარგი საშუალებაა “კომფორტის ზონიდან“ მისი გამოყვანა. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს რაიმე აშინებს, მაგ. უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ან აუდიტორიის წინ გამოსვლა, შევეცადოთ შევქმნათ მისთვის ისეთი სიტუაციები, სადაც ის შეძლებდა გადაელახა ეს შიში;
  • მივცეთ ბავშვს უფლება გააკეთოს ის, რაც მისი ასაკისთვის სრულიად შესაძლებელია, თუნდაც ისე კარგად არ გამოუვიდეს, რომ ჩვენ მოგვეწონოს. აკრძალვები შეიძლება მომავალში ჩვენ დავივიწყოთ, ბავშვმაც დაივიწყოს, მაგრამ მის ქვეცნობიერს არ დაავიწყდება და ის უარს იტყვის ბევრი რამის გაკეთებაზე იმის შიშით, რომ არ გამოუვა და მარცხს განიცდის. წავახალისოთ დამოუკიდებლობა ნებისმიერ ასაკში. შეიძლება დილით სახლიდან 10-15 წუთით გვიან მოგვიწიოს გასვლა, თუ 4 წლის პატარა თავად შეეცდება ზონრების შეკვრას, მაგრამ შედეგით ნამდვილად არ დავრჩებით უკმაყოფილო, რადგანაც თვითმომსახურების და დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევები ბავშვს დროულად ჩამოუყალიბდება. წავახალისოთ და შევაქოთ პატარა, გამოავლინოს ინიციატივა და დამოუკიდებლობა. ამასთან, ნუ ვეჩხუბებით და ვუსაყვედურებთ, თუ მისი მოქმედებები დახვეწილი და ჩვენთვის მოსაწონი არ იქნება. გვახსოვდეს, რომ უნარ-ჩვევების გამომუშავებას დრო და გამოცდილება სჭირდება.

ინფანტილიზმი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და პრაქტიკულად თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია ინფანტილურ ადამიანს. მაგრამ, რამდენადაც ეს მოვლენა, თავისი არსით, არ წარმოადგენს სოციალურად სახიფათოს, მას,  როგორც წესი, არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ეს კი საკმაოდ დიდი შეცდომაა, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ინფანტილური ქცევა არ არის სოციალურად სახიფათო, ის მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და თვითრეალიზებაში. ამასთან, მისი ახლობლებისთვისაც საკმაოდ სერიოზული დისკომფორტის  და პრობლემების შემქმნელი ხდება. ამდენად, კარგი იქნება, თუ ბავშვის სწორი აღზრდის გზით, მის თავიდან აცილებაზე, ჩამოყალიბების შემთხვევაში კი დროულად დაძლევაზე ვიფიქრებთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი