შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თამარ კაციტაძე – 3D პროგრამა საგნების ასათვისებლად

დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში წუხან, რომ ახალი თაობა გაურბის წიგნს და კომპიუტერზე მეტისმეტად არის დამოკიდებული. ეს პრობლემა, თავისთავად ცხადია, მომავალი თაობის განათლებაზეც აისახება, ამიტომ მსოფლიოს განათლების სისტემის მესვეურები ცდილობენ, იპოვონ სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც მოსწავლეს მეცადინეობას გაუადვილებს, დააინტერესებს და სასურველი შედეგის მიღებას შეუწყობს ხელს.

 

სწორედ ამან უბიძგა კომპიუტერული პროგრამების მასწავლებელს, რეჟისორს, ანიმატორს, ასოცირებულ პროფესორ კობა ცხაკაიას, სწავლების ახალ, თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამის მეთოდზე ემუშავა. ასე შეიქმნა პროექტი „3D პროგრამა საგნის ათვისებისთვის”.

მიუხედავად იმისა, რომ 3D პროგრამების ათვისება საკმაოდ ძნელია, კობა ცხაკაიამ შეიმუშავა საინტერესო და იოლად ასათვისებელი ვერსია – iClone. ავტორის მტკიცებით, ამ პროგრამის ათვისების შემდეგ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლებათ თემატური მასალის ვიზუალიზაცია, ანიმაციის სახით აწყობა, გახმოვანება და ამგვარად სასწავლო-შემეცნებითი ფილმის შექმნა. iClone პროგრამა შეიძლება გამოიყენონ ისტორიას, მშობლიური ენის, ქართული ენის (არაქართული სკოლებისთვისაც), გეოგრაფიის, უცხო ენისა და სხვა ჰუმანიტარული დისციპლინების სწავლებისას.

როგორია „3D პროგრამა საგნების ათვისებისთვის” პროექტის სპეციფიკა?

3D პროგრამის ანალოგი, iClone, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადვილი ასათვისებელია და მისი მეშვეობით სასურველ შედეგს უფრო სწრაფად ვიღებთ, ვიდრე სხვა 3D პროგრამებში მუშაობისას. ამ პროგრამაში შესაძლებელია: პერსონაჟების შექმნა და დამუშავება, მათი გახმოვანება და ანიმირება – მოძრაობის, მეტყველების სინქრონიზება, ასევე – სივრცისა (ლანდშაფტები, შენობები, მცენარეები, ცა) და დამატებითი აქსესუარების (ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, სხვა რეკვიზიტები) შექმნა, სინათლის რეგულირება და სხვა.

კობა ცხაკაიას განმარტებით, iClone-ში თემატურად შექმნილი ფილმები მოსწავლეს დასწავლილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში დაეხმარება, რადგან, ვთქვათ, პერსონაჟის გახმოვანებისას, ვიზუალისა და ტექსტის ზუსტად მორგებისას, მას შესაძლოა ტექსტის რამდენჯერმე მოსმენა მოუწიოს. ამასთან, ფილმის შესაქმნელად მოსწავლეს დასჭირდება დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რაც ცოდნის დაგროვების კიდევ ერთი საშუალებაა. მოსწავლეს (ან მოსწავლეთა ჯგუფს) შეეძლება iClone-პროგრამაში შექმნილი ფილმის დემონსტრირება, რაც მას ორგანიზატორულ ნიჭთან ერთად პრეზენტაციის უნარსაც განუვითარებს და ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება მისთვის.

„შედეგად კი მივიღებთ პიროვნებას, რომელსაც მყარ ცოდნასთან ერთად მისი პრაქტიკული რეალიზების, ვიზუალიზების გამოცდილებაც ექნება”, – ამბობს პროექტის ავტორი.

კობა ცხაკაიას განმარტებით, გარდა იმისა, რომ პროგრამა ადვილი ასათვისებელია და მისი მეშვეობით საკმაოდ სწრაფად ვიღებთ სასურველ შედეგს, ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ კომპიუტერულ რესურსს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია მისი სწავლება სასკოლო კომპიუტერულ ბაზაზე.

კობა ცხაკაიამ  პროექტში პროგრამის შესასწავლად საჭირო დროც გაითვალისწინა. მისი გამოთვლით, პროგრამის სწავლება შეიძლება ორი მიმართულებით მოხდეს: თავად მოსწავლეების მეცადინეობით და პედაგოგების მომზადებით, რისთვისაც საკმარისია კვირაში რამდენიმესაათიანი მუშაობა. 2-3 თვეში კი ისინი უკვე შეძლებენ საკუთარი ძალებით შექმნილი ფილმების დემონსტრირებას. თუმცა პროექტის ავტორი იქვე დასძენს, რომ iClone-ის კარგად ასათვისებლად საჭიროა სწავლების ერთწლიანი კურსი.

როგორც კობა ცხაკაია გვიხსნის, მისი სწავლების სისტემა ემყარება აბრაჰამ მასლოუს, კონდიუისადადიმიტრი უზნაძის სამეცნიერო გამოცდილებას: ვსწავლობთ,ვქმნით, ვთამაშობთ, ვაკეთებთ და ვითვისებთ.

„ეს მიმართულება ხელს უწყობს მასალის უფრო ადვილად ათვისებას და მიღებული ცოდნის დამახსოვრებას”, – ამბობს კობა ცხაკაია და იქვე პროექტის წარმატების ფორმულასაც ასახელებს: მსმენელი + კომპიუტერული პროგრამების ცოდნა + შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება + სასკოლო-საგანმანათლებლო დისციპლინების გამოყენება + ცოდნის კომპიუტერული რეალიზება + პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება = პიროვნებას, რომელიც ცოდნის გამყარებასთან ერთად მისი პრაქტიკულად რეალიზების საშუალებასა და გამოცდილებასაც იღებს.

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები:
https://www.youtube.com/watch?v=nA8zipo0soA&feature=relmfu
https://www.youtube.com/watch?v=1CRbRV_hhs4&feature=relmfu 
https://www.youtube.com/watch?v=GPGJYV-NmjQ&feature=relmfu 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი