პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლა და ღირებულებათა სისტემა

სოკრატემ, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობმა სტუდენტმა, განათლების სისტემის მოდელის შექმნის მცდელობისას, უმაღლესი თამასა დააწესა და მასწავლებლებს მოგვიწოდა, რომ ვიფიქროთ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ბრძენმოფიქრალობა, რაც თავისთავში სიბრძნის, როგორც მოცემულობის უბრალოდ მიღებას კი არა, შეფასებას გულისხმობს.

პლატონის  ღრმა და საინტერესო მოსაზრება გამომდინარეობდა შემდეგი იდეიდან: ადამიანს უნდა ასწავლო ყოველდღიური ცხოვრების იმგვარად გააზრება, რომ მან, სიამოვნების, პატივისა და კეთილდღეობის, მიზნებისა თუ შურისძიების დაგეგმვისას, ყოველთვის იფიქროს მათ ავ-კარგიანობაზე და გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლად გააკეთოს არჩევანი უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების სასარგებლოდ.

სწორედ ეს, ფასეულობების ეგრეთ წოდებული ვირტუალური შკალა, როგორც გეზი უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს, რომ არც თვითონ აცდეს მთავარს და არც მისი მოწაფეები.

მაგრამ რა არის ეს მთავარი და ერთნაირად უნდა მივუდგეთ თუ არა ყველა მოსწავლეს, ესაა კითხვა, რომელიც პედაგოგიკის მკვლევარი მოაზროვნეები ამდენი საუკუნეა უსვამენ თავსაც და საზოგადოებასაც.

პლატონი სტუდენტებს კატეგორიებად ახარისხებდა და მიაჩნდა, რომ განათლება და განათლების მიცემის ხერხი სტუდენტის ინტერესებიდან გამომდინარე ინდივიდუალური უნდა იყოს, ეს მოსაზრება, საფუძვლიანად, ჯონ დუიმ, პლატონის დიდმა თაყვანისმცემელმა, მაგრამ ამავე დროს კრიტიკოსმაც, უარყო და თქვა, რომ განათლების დახარისხება იერარქიულ კატეგორიებად, მიუღებელი და არაფრისმომცემია.

დუი და მოგვიანებით უკვე სხვა პატივსაცემი ადამიანები,  განათლების სისტემის შიგნით ღირებულებების განსაზღვრების აუცილებლობას, როგორც ცოდნის ქვაკუთხედს ისეთი სერიოზულობით უდგებოდნენ.

რა არის განათლების სისტემის მიზანი? კონკრეტული ცოდნის მიცემა თუ კონკრეტული ღირებულებების გააზრება და ცოდნის მხოლოდ ამის ფონზე გადაცემა?

როგორ უნდა შეფასდეს საგანმანათლებლო რესურსი, სისტემა და დაწესებულება? ეს უნდა გააკეთოს საზოგადოებამ თუ სხვა სისტემამ, რომელსაც მერე კიდევ სხვა სისტემა შეაფასებს და ასე დაუსრულებლად?

რა უნდა დავუსახოთ მიზნად საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა სტუდენტებში შემოქმედებითი აზროვნება გააღვივოს? თუ პირიქით – უნდა გახადოს ისინი კარგი შემსრულებლები?

უნდა წახალისდეს თუ არა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა, უნდა ვასწავლოთ თუ არა სტუდენტებს თვითშეფასებისა და საკუთარი რესურსის სწორად გამოყენების ტექნიკა?

უნდა განვუვითაროთ თუ არა ბავშვებს საღი განსჯის უნარი? რომელი ასაკიდან?

რა უნდა შთავაგონოთ მოზარდებს, „თავისუფალი“ ცხოვრების წესი და მეტი ავტონომიურობა, თუ მორჩილება და ავტორიტეტის მიმართ ტრადიციული და დამკვიდრებული მიდგომები?

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვებს რელიგიური განათლება, თუ აღვზარდოთ ისინი ყოველგვარი რელიგიური კუთვნილებისგან სრულიად დაცლილი?

ბაღი, სკოლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა ასწავლიდეს თუ არა მოსწავლეს ბედნიერებისკენ სვლის გზებს, პიროვნული პრობლემების დაძლევის მეთოდოლოგიას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უახლოესი გამოწვევებიდან გამომდინარე, მაგალითად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გარჩევას ნამდვილი ამბებისგან?

ამ შეკითხვებს დიდი ხანია სვამენ გამორჩეული მოაზროვნეები, რომელზე ერთგვაროვანი პასუხები არ არის და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული სოციუმი ან კონკრეტული ადამიანი თავისებურად წყვეტს.

ყველა შემოთავაზებული და დასახული მიზანი ფრთხილ და სათუთ განხილვას მოითხოვს და აუცილებლად ექვემდებარება უმკაცრეს კრიტიკას, რათა სისტემურად დანერგვამდე, მაქსიმალურად დაწურული და იდეალური გახდეს.

 

უმთავრესი ამოცანა, რასაც თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებები ისახავენ მიზნად, არა მოკლევადიანი განვითარების გეგმაა, არამედ ეგრეთ წოდებული „ტოტალური განათლების“ პრინციპია, როდესაც კონკრეტული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემა ან პრესტიჟული უმაღლესი დაწესებულებები განათლებას გრძელვადიან პრიზმაში უყურებენ და ცდილობენ ფსონი მომავლის პროფესიებზე გააკეთონ.

მსგავსი კონცეფციის შექმნა მხოლოდ მყარად ჩამოყალიბებული ფილოსოფიის მქონე სასწავლებლებს შეუძლიათ და ამ მიმართულებაზე, როგორც წესი, პლანეტის უდიდესი მოქმედი მოაზროვნეები ფიქრობენ.

ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში, სადაც სისტემის დანერგვამდე ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ჩვენ შვილებზე, კონცეფციის შექმნა ბევრ სირთულესთანაა კავშირში, რადგან სახელმწიფო, იყენებს რა საკუთარ ძალაუფლებას, ირიბად ან პირდაპირ ძალადობს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე,  თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ინსტიტუტების შემთხვევაში, ფულის გადამხდელი, მშობელი იღებს ძალასაც და უფლებამოსილებასაც სკოლის კონცეფციაში ჩაერიოს, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში შეაფერხოს კიდეც ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების პროცესი.

როგორც წესი, მშობლები კრიტიკულად და ეჭვით უდგებიან ისეთ სასწავლო გეგმას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არაა დამტკიცებული. სკოლებს ხელ-ფეხი აქვთ შებოჭილი და საერთო, ეროვნულ სასწავლო გეგმას ბრმად და ხშირად ფორმალურად მიყვებიან.

რომელი საგნების სწავლაა ღირებული და ფასეული, რომელი საგნების არსწავლა „არ დააქცევს ქვეყანას?“ უნდა ხდებოდეს თუ არა მოსწავლეებისა და სტუდენტების ინდივიდუალურ განვითარებაზე აქცენტირება, თუ განათლება უნდა იყოს იაფი და ძალიან ზოგადი პროდუქტი? არის თუ არა მორალურად გაუმართლებელი ცუდი მოსწრების სტუდენტებისა და მოსწავლეების სწავლის პროცესისგან ჩამოშორება და ნიჭიერი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე, მაგრამ ფინანსურად სუსტი ბავშვებისთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემა? დამოკიდებულია თუ არა განათლების მიცემა და მიღება ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ, კულტურულ თავისებურებებზე? არის თუ არა თანამედროვე განათლების სისტემა მორგებული მამაკაცზე და ხომ არ ილახება გოგონების უფლებები სწავლის არსებული მოდელების პირობებში? – მსგავს კითხვებს ფემინისტური ორგანიზაციები აქტიურად სვამენ მსოფლიოს წინაშე.

კაცობრიობა, როგორც ყოველთვის თავისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მაღალტექნოლოგიური განვითარების პირობებში დღის წესრიგში, ისეთი ეთიკური მოცემულობები დგება, რაზეც კაცობრიობას აქამდე არასოდეს უფიქრია – ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები, რობოეთიკა, უდიდესი კორპორაციების მიერ შექმნილი ონლაინგაყიდვების პლატფორმების, როგორც მოზარდებზე და არამარტო მოზარდებზე ირიბად ზემოქმედების ინსტრუმენტი, ევთანაზიული ტურიზმი და სხვა.

ცივილიზაცია ისეთი სისწრაფით ვითარდება, ვფიქრობ, მხოლოდ ძლიერი, მყარი და ღირსეული ფასეულობების მქონე ერები მოახერხებენ თვითგადარჩენას.

და ჩვენც, სწორედ იქ და იმ წუთას უნდა აღმოვჩნდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი