წითელი პანდა, ფლამინგო და ყარსაღი ხელოვნების გაკვეთილზე

ხელოვნების სწავლება ბავშვებისთვის სახალისო გამოცდილებად რომ იქცეს, თემის გასააზრებლად საჭირო ვიზუალური მასალის შერჩევას მათი ხედვიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ვცდილობ – რა მოეწონებათ, რაზე შეიძლება გაეცინოთ, რა იქნება ნაცნობი, ახალს რას გაიგებენ, რა მისწვდება მათ გულებს, რა დაამახსოვრდებათ, რა შთააგონებთ, როცა ხატვას შეუდგებიან.

პატარები ხშირად მიყვებიან თავიანთ შინაურ ცხოველებზე, როგორ მიუხარიათ სახლში, რას აჭმევენ, როგორ უვლიან. 11 წლის ლიზასთვის დაუვიწყარია ის დღე, როცა დედამ მოულოდნელად ლეკვი აჩუქა. საბას ორი თუთიყუში ჰყავს, ორივე ცელქი, ოღონდ ერთი საშინლად მახინჯი, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი. აჩი სამ კუს უვლის და ეზოშიც ხშირად ასეირნებს. ანა თავის კატას როცა ეფერება, ის ენას უყოფს. გიოს მსუქანი წითური კატის ამბებიც ვიცით, რომელიც მთელი უბნის შვილობილია, დადის კარდაკარ, ხან ვინ აჭმევს, ხან ვისთან გამოიძინებს. მეც ვუამბობ ჩემსას, ჩემი პატარა გოგო, როცა თავის ზაზუნას ესიყვარულება, ხმის ტემბრი ეცვლება, ხმა უწვრილდება, თითქოს ბოლომდე უნდა ამოიწუროს და მთელი გულით აგრძნობინოს, როგორ უყვარს ეს ერთი ციდა არსება.

ცხოველების სიყვარულსა და ზრუნვაში ამ ბავშვებს ვერავინ შეედრება. და როცა ხელოვნების გაკვეთილი მათ ძვირფას ოთხფეხა მეგობრებს ეთმობა, ნამდვილი დღესასწაული დგება. უხარიათ, მონდომებით გისმენენ, ხალისით მუშაობენ. ნატალი ცდილობს ყველა ნაკვთი და დეტალი მიამსგავსოს, ქეთევანს როგორც ახსოვს ისე ხატავს, გიო კი ცხოველის გამოსახულებას კუბებით აგებს და თავისი ნამუშევრით კმაყოფილი თავს გვაწონებს.

ანიმალისტურ ჟანრს პატარები (მეხუთე – მეექვსეკლასელები) სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვრების ნამუშევრებით უკვე იცნობენ. ცხოველები ხელოვნებაში ფიროსმანის ნახატების, დიურერის ზუსტი ჩანახატების თუ მერაბ აბრამიშვილის დეკორატიული სტილის განხილვისა და ინტერპრეტაციების შესრულებით აქვთ გააზრებული. ესმით და საინტერესოდ განიხილავენ, ვინ როგორ და რატომ ხატავდა ცხოველებს, რომელი უფრო მოსწონთ, რეალისტური, პირობითი, დეკორატიული თუ აბსტრაგირებული გამოსახულებები.

ერთ გაკვეთილზე კი ჩვენი ნახატების გმირებად დედამიწაზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები ვაქციეთ. ფიქრისთვის და დაკვირვებისთვის ხელთ გვქონდა საინტერესო სტატიებით, სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე – ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც მთლიანად ამ თემას ეხებოდა, თან მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალით. ჟურნალში წითელი პანდის, ყარსაღის და ვარდისფერი ფლამინგოების  ფოტოები რომ შემომხვდა, იმწამსვე ბავშვების სახეები წარმომიდგა თვალწინ, როგორ მოეწონებოდათ. ზუსტად ის იყო, რაც გვჭირდებოდა.

სანამ ცხოველების ფოტოებს ვაჩვენებდი, ჯერ ეკოსისტემები გავიხსენეთ. ცხოველები ხომ გარემოს კომპლექსურ ქსელში არსებობენ, რომელსაც ეკოსისტემა ჰქვია. ხელოვანებს კი ამ ეკოსისტემებზე დაკვირვება უყვართ, რომ საკუთარი ისტორიები შექმნან. ბუნებაზე დაკვირვების შედეგი –  მრავალფეროვანი ფერები, ფორმები, ფაქტურა მათ ნამუშევრებში ვლინდება. მაგრამ რა ისტორიებს გვიამბობენ მხატვრები თუ მოქანდაკეები ცხოველებზე და ამ ნამუშევრების ნახვისას ჩვენ რას ვგრძნობთ? შეუძლია ხელოვნებას ბუნებასთან ჩვენი ურთიერთობის გააზრებაში დაგვეხმაროს, დაგვაფიქროს, როგორ ვეპყრობით გარემოს, ცხოველებს, ფრინველებს, წყლის ბინადრებს?

დღეს მეცნიერები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების 28 000-ზე მეტ სახეობას და ქვესახეობას გვაცნობენ. საფრთხის დონეებიც განსხვავებულია, ზოგი საჭიროებს ზრუნვას, ზოგი კრიტიკულ საფრთხეშია, ზოგი გადაშენებული, ზოგიერთი სახეობის შესახებ კი არასრული მონაცემებია. ბავშვებმა ამ პრობლემის მიზეზებზე საკუთარი მოსაზრებები გამიზიარეს – ტყეების გაჩეხვა, ბრაკონიერები, კლიმატის ცვლილება და ა.შ. რომ თავიდათავი ამ უბედურებების ადამიანია, ბუნების მიმართ მისი დაუფიქრებელი და დაუნდობელი მოქმედებებით.

ჟურნალის თვალიერებისას ვთხოვე, ცხოველების იერსახესთან ერთად მათ სახელებსაც კარგად დაკვირვებოდნენ: წითელი პანდა, იავური მწვანე კაჭკაჭი, თევზი ნაპოლეონი, ნუბიური გარეთხა, ნაოჭიანი რქაცხვირა, ყარსაღი, ვერცხლისფერი ბრინჯის ზაზუნა, ნისლა ლეოპარდი, მარჩის ჩხრიალა გველი, ამერიკული მესაფლავე ხოჭო, სამხრეთამერიკული და კარიბის აუზის გიგანტური კუ და ა.შ. მოეწონათ და გახალისდნენ.

ცხოველების მომხიბვლელი ფოტოების ნახვამ და სახელების ამოკითხვამ, პრობლემის გააზრებისგან გაჩენილი სევდა ცოტა შეგვიმსუბუქა და მუშაობასაც შევუდექით.

ლიზამ და ნუცამ, სურათზე მათი საყვარელი ფლამინგო რომ დალანდეს, რაც იცოდნენ მონდომებით გვიამბეს: „ფლამინგო რომ იბადება თეთრია, ფერს კი მერე საკვებისგან იცვლის. ახალდაბადებულს რბილი, ხშირი ბუმბული და სწორი ნისკარტი აქვს. ნისკარტი თანდათან, ზრდასთან ერთად უხდება მოხრილი. მშობლები თავიანთ წიწილს ხმით სცნობენ. მისი საყვარელი საჭმელი ლოკოკინები და წყალმცენარეებია, თევზსაც მიირთმევს, ჩარგავს თავს წყალში და ასე თავდაყირა შეუძლია ჭამოს.“ საბამ წამოიძახა, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, საკვების მიღების შემდეგ ადამიანებიც რომ ფერს ვიცვლიდეთო.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ფლამინგოს გარეგნობა, ვარდისფერი ბუმბული, წვრილი ფეხები და მოხრილი კისერი. გოგონებმა ფლამინგოს ნახატებით გაფორმებული ბლოკნოტები და კალმებიც გვაჩვენეს და შეუდგნენ ხატვას. ნატალი კი ფლამინგოზე მეტად იავური კაჭკაჭის ფერებმა მოხიბლა. (სურ. 1)

უზარმაზარი თევზი ნაპოლეონის ფოტოების დანახვაზე ლუკა დაინტერესდა, ეს რამხელა ყოფილაო, შავ ზღვაში ეგ თევზი არ იქნება, ოკეანის თევზს გავსო. თევზებზე ბევრი რამ ვიციო, მე და მამა ხშირად ვთევზაობთ და მერე ენციკლოპედიაში ვეძებთ მათ სახელებს და სახეობებსო. აჩის ნაპოლეონ ბონაპარტი გაახსენდა, გიოს ნამცხვარი და ასე ხალისიანად ვაგრძელებთ მუშაობას.

უმეტესობას წითელი პანდას ხატვა მოუნდა, ისე საყვარლად გვიმზერდა ჟურნალის ფოტოდან. თურმე წითელ პანდას აკრობატსაც უწოდებენ, ოსტატურად დახტის და დაცოცავს ხეებზე. სიმაღლეზე როცა დაძვრება, წონასწორობას თავისი გრძელი კუდით ინარჩუნებს. დღისით სძინავს თავის ფუღუროში, ღამით ღვიძავს. წითელი პანდა საფრთხეში მყოფი ცხოველია. ტყეებს, სადაც მისი სახლია, ჩეხავენ, ბრაკონიერები მის ბეწვზე ნადირობენ. ვიკამ პირველად დახატა წითელი პანდა, ცხოველის ხასიათი ძალიან კარგად დაიჭირა.

მაშოს თეთრი ყარსაღი მოეწონა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში განწყობა არ ჰქონდა მუშაობის, შემომჩივლა, როგორ მომწონს და როგორ ვერ დავხატეო. მერე დაუსრულებელ ჩანახატს მინაწერი გაუკეთა: „როცა არ გამოგდის, არ უნდა ხატო“. მე კი დავამშვიდე, – კი არ გამოგდის, არამედ ზოგჯერ არ ხარ ხატვის ხასიათზე, სულ ეს არის. სამაგიეროდ ყურადღებით გვისმენდა და ჟურნალის თვალიერებამ გაიტაცა. ჩინური ვეფხვის ამბავიც წაგვიკითხა.

ანდრია კარგა ხანს უხმოდ აკვირდებოდა მეგობრების მუშაობას, ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო და ნუბიური გარეთხა დახატა, ერთი ხელის მოსმით, ლაღად და სახასიათოდ.

გომბეშოს და სხვა ქვეწარმავლების ფოტოების ნახვისას, გიოს გარდა, ყველამ თქვა, არ გვინდაო. მან კი დიდი მონდომებით ჩახატა მწვანე გველი.

ნიტას და ანას ყველაზე მეტად ლომები უყვართ და აბა სხვა რა უნდა ექნათ, ლომების პორტრეტები შექმნეს. (სურ. 2)

ასეთები არიან ხელოვანი ბავშვები. გაკვეთილზე რაც არ უნდა ერთი თემის ირგვლივ ვცდილობდე მათ კონცენტრირებას, ხატვის დროს ყველა მაინც თავის მუზას მიჰყვება. მეც სწორედ ეს მომწონს. ვისაც რომელი ცხოველი მოეწონა, ის აირჩია და როგორც შეძლო დახატა. იმ დღეს ცხოველების სიყვარულზე, ადამიანის პასუხისმგებლობაზე ბევრი ვისაუბრეთ და, რაც მთავარია, ძალიან კარგი ნახატებიც მოგვიგროვდა.

გამოყენებული რესურსი:

https://www.nationalgeographic.ge/

National Geographic საქართველო, ოქტომბერი, 2019

 

კომენტარები

comments