პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მოულოდნელი არდადეგები და ,,საშლელები”

გაზაფხულის მოსვლა სასიცოცხლო ძალებს მიბრუნებს. ზამთრის უღიმღამო და ნაცრისფერი დღეების შემდეგ მარტის მზე ენერგიით მავსებს, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს გაკვეთილებზე, თითქოს ხალისი მემატება. თითქოს არა, მართლა მემატება, იდეებიც მოფრინავენ და მოფრინავენ.

 

ამ გაზაფხულმა მოულოდნელი არდადეგები მოგვიტანა. უსაფრთხოების მიზნით მთელ ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი. რადგან მასწავლებელი ვარ და ჩემი შვილები კი – მოსწავლეები, სახლში გამოვიკეტეთ, თავს ვარიდებთ ხალხმრავალ ადგილებში გასვლას. ის განწყობა კი, ზემოთ რომ ვწერდი, აღარ მოვიდა. მეტიც, რაღაცნაირად დავითრგუნე. იყო სახელდაურქმეველი შიშიც პირველ დღეებში. მაგრამ მალევე ჩემს თავს შემოვუძახე! სხვა თუ არაფერი, გაზაფხულის ენერგია და ხალისი იმისთვის მჭირდებოდა, რომ არც ჩემი შვილები და არც მოსწავლეები არ მოდუნებულიყვნენ. განწყობას ხომ გადამდები ძალა აქვს.

 

მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის (პირველკლასელი შვილის მეცადინეობის ამბებს სხვა სტატიაში გაგიზიარებთ). ყოველთვის ფაქიზად ვეკიდები არდადეგების დავალებებს, რადგან თავისუფალი დრო, თამაშის დრო ყველაზე ძვირფასია ბავშვისთვის. მაგრამ სხვა აღმოჩნდა მოულოდნელი არდადეგები, რომლისთვისაც მზად არავინ არ იყო. ჩემი და მოსწავლეების ურთიერთობის საშუალება, ცხადია, დისტანციურია. კიდევ კარგი, მსგავსი გამოცდილება გვქონდა, თუმცა იმაზეც მეფიქრებოდა, რა ხდება იმ მოსწავლეებისა და მასწავლებლების თავს, რომელთაც არ აქვთ არც რესურსები და არც გამოცდილება დისტანციური სწავლა-სწავლებისა?

 

  1. პირველ დავალებად მოსწავლეებს ფილმის – ,,რონ კლარკის ისტორიის” – ნახვა და შემდეგ შთაბეჭდილების დაწერა შევთავაზე. იმისთვის, რომ უფრო ყურადღებით დაკვირვებოდნენ დეტალებს, დავალების დასაწერად მითითებებიც გავუგზავნე:
  • როდის და რომელ ქვეყანაშია გადაღებული ფილმი?
  • მოკლედ გადმოეცი ფილმის სიუჟეტი;
  • რომელი ეპიზოდი/მომენტი აღმოჩნდა შენთვის ყველაზე ემოციური?
  • რომელი პერსონაჟის ქცევა მოგეწონა განსაკუთრებით და რატომ?
  • რომელი პერსონაჟის ქცევა აღმოჩნდა შენთვის ყველაზე მიუღებელი და რატომ?
  • რა პრობლემა შეამჩნიე ფილმში? რას მიიჩნევ ამ პრობლემის მოგვარების გზად?
  • ვის ურჩევდი ამ ფილმის ნახვას?
  • რაზე დაგაფიქრა ამ ფილმმა?

უკვე მივიღე დავალებები და უკუკავშირი მარწმუნებს, რომ ფილმის ნახვაც, მისი გააზრება, შემდეგ კი შეხედულებების წერილობით გადმოცემა შედეგიანი აღმოჩნდა.

  1. ჩემი მოსწავლეებისათვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ წიგნები იკითხონ. ბუნებრივია, განსხვავებულია მათი დამოკიდებულება, ზოგი ამას სიამოვნებით აკეთებს, ნაწილი ისე ეკიდება, როგორც შესასრულებელ დავალებას. არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველა დიდი სიამოვნებით კითხულობს, ეს ბუნებრივიცაა, მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. მაგრამ წლების განმავლობაში წიგნებთან ურთიერთობამ, ძალიან ხშირად თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობამ, კლასში შექმნილმა წიგნიერმა გარემომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა ჩვეულებრივ ამბად აქცია მათთვის. უკვე გაზრდილ მოსწავლეებს რომ ვაკვირდები, ამგვარმა გამოცდილებამ ბევრი მკითხველად ჩამოაყალიბა.

ცხადია, დავიწყე ფიქრი, რა წიგნი შემეთავაზებინა მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის. ვეძებდი ისეთ საკითხავს, რომ გვერდზე არ გადაედოთ და, როგორც იტყვიან, ,,ერთი ამოსუნთქვით” წაეკითხათ. ჩემს მეგობარ მასწავლებელსაც ვკითხე რჩევა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, არჩევანი თამარ გეგეშიძის ,,საშლელებზე” შევაჩერე.

რატომ?

  • იმიტომ, რომ მთავარი პერსონაჟები ჩემი მოსწავლეების თანატოლები – 13-14 წლის ბავშვები არიან;

 

  • იმიტომ, რომ წიგნი გვიამბობს სასკოლო ცხოვრებაზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების, მეგობრების, ოჯახის წევრების ურთიერთობაზე;

 

  • იმიტომ, რომ ვინც არ უნდა წაიკითხოს, საკუთარი თავის პოვნას შეძლებს წიგნში.

 

  • იმიტომ, რომ პასუხი ანოტაციაში წერია და მეც ვეთანხმები: ,,რა სურთ მოზარდებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა უნდათ სინამდვილეში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან – უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემომყოფებმა მოუსმინონ, თანაუგრძნონ, ხანდახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ეს წიგნიც სწორედ ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ მეგობრები, მშობლები და შვილები, მასწავლებლები და მოსწავლეები ცოტა უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს”.

 

  • კიდევ იმიტომ, რომ ვიდრე არდადეგებზე წასაკითხ წიგნს წარვადგენდი, მწერალს მივწერე და ვთხოვე, ვკითხე, შეძლებდა თუ არა მკითხველებთან შეხვედრას. მისი თანხმობა სიხარულით შევატყობინე მოსწავლეებს. ჩვენმა სამკითხველო პრაქტიკამ არაერთხელ დამარწმუნა, რომ ავტორთან შეხვედრის მოლოდინი საოცრად უმაღლებს კითხვის მოტივაციას ბავშვებს.

 

  • კიდევ ბევრი იმიტომ არსებობს…

,,საშლელების” კითხვა, გარდა ბავშვებისა, შევთავაზე ჩემი მოსწავლეების მშობლებს, ასევე, კითხვაში ,,გამოვიწვიე” კოლეგები. ეს ადრეც გვიცდია და არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. შეთავაზების დღესვე წიგნის წაკითხვის სურვილი გამოთქვეს დამრიგებლებმა, ინგლისურის, მათემატიკის, ისტორიის, ბიოლოგიის, ხელოვნების მასწავლებლებმა. დარწმუნებული ვარ, მსურველების რაოდენობა გაიზრდება. 2 დღის შემდეგ რამდენიმე მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უკვე წაკითხულიც ჰქონდათ.

,,საშლელები” საინტერესო და, ამასთანავე, საჭირო რესურსია კომპლექსური დავალებების მოსაფიქრებლად, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩასატარებლად, სხვადასხვა კომპეტენციის განსავითარებლად. გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას:

  1. ,,საშლელებში” მხატვრული ლიტერატურის კითხვის თემა აქტუალურია, იგი ახალი წიგნებით დაინტერესების ერთგვარი საშუალებაცაა. ავტორი ახსენებს სხვადასხვა წიგნს:
  • ,,გრძელფეხება მამილო”;
  • მარტოობის ასი წელიწადი”;
  • ,,მაწანწალა რასმუსი”;
  • ,,ნუ მოკლავ ჯაფარას”;
  • ,,თამაში ჭვავის ყანაში”;
  • ,,ჯეინ ეარი”
  • ,,ტუვა გრიმერდალიდან”;
  • ,,საიდუმლო ბაღი”.

 

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ, კითხვის პროცესში ამოიწერონ წიგნის ყველა სათაური, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ; შემდეგ მოიძიონ მცირე ინფორმაცია ამ წიგნებზე, ვინ არის ავტორი, სად დაიწერა, გაეცნონ ანოტაციებს და, საბოლოოდ, დაასახელონ, რომლის წაკითხვას ისურვებდნენ. შეგვიძლია არჩევნებიც მოვაწყოთ და ხმათა უმრავლესობით შევარჩიოთ კლასის საკითხავი.

 

  1. ,,საშლელების” ერთ-ერთი მთავარი თემა მოზარდის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაა. ყოველდღიურობის ფერხულში ჩაბმულ მშობლებს ხშირად გვავიწყდება მთავარი – ემოციური კავშირი შვილებთან. ეს წიგნი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ საკუთარ შეცდომებს გვაპოვნინებს, არამედ იმაშიც დაგვარწმუნებს, რომ შეცდომა ყველას მოსდის და გამოსავალიც ყოველთვის არსებობს, მთავარია, ვაღიაროთ, რომ შეგვეშალა და მერე დავიწყოთ გამოსავლის ძიება.

შეგვიძლია, ეს სამი ამონარიდი (ამონარიდებს საჭიროებისა და გემოვნების გათვალისწინებით შევარჩევთ) დაფაზე დავწეროთ და მოსწავლეებს პრობლემების გაანალიზება, კომენტარების დაწერა ვთხოვოთ:

 

,,კოსტამაც არაფერი იცის დედაზე, მე კი მამაზე. მამამ არ იცის, სინამდვილეში როგორი ვარ მე და მგონი, მამამ არც ის იცის, რა ხდება დედას ცხოვრებაში სახლის მიღმა. ხშირად მიფიქრია, ვიღაც ხომ უნდა იყოს, ვინც ყველას გვიცნობს? მგონი, ასეთი მარტო ღმერთია”.

 

,,რა ძნელია, მუდმივად უსმინო ჩხუბს, ყვირილსა და ტირილს იმიტომ, რომ შენი მშობლები ერთმანეთს შორდებიან, შენ კი უბრალოდ დაგივიწყეს. მათთვის მხოლოდ მათი პრობლემები არსებობს, შენ კი ხელს უშლი!”

 

,,მშობლებს ხანდახან წამოუვლით ხოლმე და ერთბაშად მოუნდებათ ყველაფრის გაგება, რაც გამოტოვეს. არადა, თუ ერთხელ ჩამორჩი, მერე ეს არც ისე მარტივი საქმეა”.

 

ალბათ, ხვდებით, ეს ამონარიდები რამდენი პატარა ადამიანის სათქმელს იტევს. დიდი ადამიანების საფიქრალსაც. ამაზე წერა, მით უმეტეს – ხმის ამოღება ძალიან უჭირთ ბავშვებს. მაგრამ მასწავლებლის მოვალეობა სწორედ ეს მგონია, მოუსმინოს მათ, წაიკითხოს მათი ნაწერები და გაუჩინოს იმედი, რომ პრობლემა მოგვარდება, მერე კი ასწავლოს, როგორ გააკეთონ ეს.

 

  1. სიუჟეტის მიხედვით, მერვე კლასის მოსწავლეებს მასწავლებელი გაკვეთილზე ქართულ ფილმს აჩვენებს. აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ცხოვრებაში ნანახი პირველი ქართული ფილმია. ალბათ, მიხვდებით, რომ ეს პასაჟი ტექსტში შემთხვევით არ გაჩენილა. თანამედროვე ბავშვების ნაწილი არ იცნობს ქართულ კინემატოგრაფიას.

წიგნის წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია იმავე ფილმის ჩვენება დავგეგმოთ, რომელსაც პერსონაჟები უყურებენ, თუ ჩვენი მოსწავლეებისათვის ის კინო ნაცნობი იქნება, ერთი გაკვეთილი ქართულ ფილმებს მივუძღვნათ. შეგვიძლია, მოსწავლეებს საყვარელი ქართული ფილმის შესახებ პრეზენტაციის მომზადება ვთხოვოთ, ჩვენც მოვამზადოთ. ვინ იცის, იქნებ ამ გზით ისინი კიდევ უფრო დავაინტერესოთ.

 

  1. აღსანიშნავია, რომ მწერალს უყურადღებოდ არ რჩება ოკუპაციის თემა:

,,ბათას დედა სოხუმელია, იმ ქალაქიდანაა, რომელიც წლების წინ ჩვენს ქვეყანას წაართვეს და არ უბრუნებენ. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ამბების ბევრი არაფერი გამეგება, მარტო ის ვიცი, ბებია რასაც ჰყვებოდა: რომ ერთ დღესაც ჩვენი მიწა წაგვართვეს და იქ მცხოვრები ადამიანები გამოყარეს”.

თითქოს, ყველამ ყველაფერი იცის აფხაზეთზე, ოკუპანტზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება – ბევრი არაფერი. კარგი იქნებოდა, მოსწავლეებისთვის ასეთი დავალება მიგვეცა – ინტერვიუ აეღოთ ოჯახის წევრებისაგან საქართველოს ოკუპაციაზე, დაედგინათ, თუ ჰყავთ სანაცნობოში დევნილი, მისი ისტორია მოესმინათ და ასე შემდეგ, მერე კი კლასში ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. აფხაზეთზე ფოტომასალის მოძიებას თუ ვთხოვთ, ესეც სხვაგვარად დაამახსოვრებს მოსწავლეებს ჩვენს დაკარგულ/წართმეულ მიწას.

 

  1. წიგნში შეგხვდებათ ისეთი ფრაგმენტები, რომელთა გააზრება და განხილვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა როგორც ეკოლოგიური წიგნიერების, ისე სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებას, მაგალითად:
  • სიმწვანის ნაკლებობა თბილისში;
  • ბათუმში აშენებული უზარმაზარი კორპუსები და ხიბლდაკარგული ქალაქი;
  • სკოლების მოუწესრიგებელი საპირფარეშოები;
  • ქალაქის ავტობუსებით გადაადგილების პრობლემა;
  • ექსკურსიების შედეგად (და არამარტო) დანაგვიანებული გარემო;
  • მიტოვებული სოფლები;
  • თანატოლთა ჩაგვრა, ოჯახური ძალადობა.

ეს პრობლემები ისე ფაქიზად და სადად არის გაჟღერებული პერსონაჟთა ფიქრებსა და მეტყველებაში, რომ შეუძლებელია, არ აგეკვიატოს. ამ საკითხებზე ბავშვების დაფიქრება კი სასიცოცხლო მნიშვნელობის მგონია, რათა საზოგადოების ცნობიერება გაჯანსაღდეს. ნებისმიერი ეპიზოდი შეგვიძლია ვაქციოთ დისკუსიის თემად, მერე კი მოსწავლეებს ვთხოვოთ, შეადარონ წაკითხული რეალურ ცხოვრებას, იპოვონ მსგავსება და განსხვავება. ასე ტრანსფერის უნარსაც გამოვუმუშავებთ და იმასაც მივახვედრებთ, როგორ გაითვალისწინონ წაკითხული თავიანთ ყოველდღიურობაში.

 

  1. განსაკუთრებულად რამაც გამახარა, ინკლუზიური განათლების ცნების გაჟღერება იყო და იმის ჩვენება, რამდენად საჭიროა არაფორმალური განათლება. რამდენიმე წელია, ლიტერატურულ კლუბს ვხელმძღვანელობ და ყოველი დღე მარწმუნებს, რა კარგი იდეა იყო წლების წინ მისი დაარსება.

,,საშლელებში” ერთი ლიტერატურული კლუბის ისტორიას გაეცნობით, რომლის საუკეთესო შეფასება 13 წლის პერსონაჟის სიტყვებია: ,,რაც კლუბში დავიწყე სიარული, მგონი, უფრო თავდაჯერებული გავხდი”. ცხადია, XXI საუკუნის ბავშვებს მხოლოდ ფორმალური საგანმანათლებლო სივრცე აღარ იზიდავთ, ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ წიგნის გმირებს კლუბი ძალიან შეუყვარდათ, კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეს შორის კი ასეთი დიალოგი გაიმართა:

,, – თურმე, კლუბი მშვენივრად მუშაობს. უამრავი ბავშვი ჩაეწერა ახალ ჯგუფში.

  • იმიტომ, რომ იქ სხვანაირი დავალებებია, – ვთქვი მე.
  • სხვანაირი?
  • ჰო, დავალებები კი არაა, უფრო გასართობია, კითხვა, წერა, პრეზენტაციების მომზადება. ამიტომაც მოგვწონს.
  • იმიტომ ჰქვია კლუბი და არა გაკვეთილი, – თეა მასს ხმა შეეცვალა, – მაპატიე, მაგრამ მე პირადად გაკვეთილზე ნამდვილად ვერ გაგართობთ, უნდა გასწავლოთ.
  • ჰო, მაგრამ იქაც ვსწავლობთ…”

ეს დიალოგი როცა წავიკითხე, მეგონა, რომ ჩემზე დაწერეს. წლების წინ ჩემთვისაც უთქვამთ ეს და თანაც არაერთხელ. სამწუხაროდ, ჩემი ბევრი კოლეგა დღემდე მიიჩნევს, რომ საკლუბო მუშაობა, თამაშით სწავლება, ინოვაციური მეთოდების გამოყენება გაკვეთილებზე ,,გართობაა”, სინამდვილეში კი ბავშვს თუ სიამოვნებს, მაშინ ყველაზე კარგად სწავლობს.

შეგვიძლია, მარტივი ექსპერიმენტი წამოვიწყოთ, ჩავატაროთ გამოკითხვა და დავადგინოთ, რა ტიპის დავალებები მოსწონთ ჩვენს მოსწავლეებს, რისი წერა სიამოვნებთ, მერე კი გავითვალისწინოთ მათი სურვილები და შედეგი გარდაუვალია – სწავლა-სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება.

 

იდეების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე ინტეგრირებული დავალებებიც  მოვიფიქრეთ. ინგლისურის გაკვეთილზე მოსწავლეებს ერთ-ერთი თავის თარგმნას შევთავაზებთ – ვფიქრობთ, ეს იყოს ტექსტი ბათუმზე, ან თავად შევარჩევინებთ,  ხელოვნების გაკვეთილზე კი ილუსტრაციების შექმნას ვთხოვთ.

წიგნში კიდევ ბევრ რამეს ამოიკითხავთ, გაიგებთ, როგორია მასწავლებელი დედის შვილობა, რატომ იკეთებს 13 წლის მოზარდი მშობლისგან მალულად აკრძალულ ქამარს და როგორ ყალიბდება მისი გემოვნება, შეიტყობთ, რატომ დაარქვა ავტორმა ტექსტს ,,საშლელები”.

არ მითქვამს, რომ მწერალი, ამავდროულად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი კარგად იცნობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის როგორც ძლიერ, ისე სუსტ მხარეებს. ეს ეტყობა წიგნს. არაა მარტივი, წერო ამ ყველაფერზე, მაგრამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი არის სწორედ მათი მოგვარების გზა. ამიტომაც მისასალმებელია ეს გამბედაობა. კიდევ ის, რაც ძალიან მომწონს ,,საშლელებში”, არის ავტორის თვითირონია.

მალე მოულოდნელი არდადეგები დასრულდება. მახარებს იმაზე ფიქრი, რამდენი იდეა გაჩნდება ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, რაღაცებს შევცვლით მშობლებიც, შვილებიც და მასწავლებლებიც, შევცვლით უკეთესობისკენ. ჩატარდება საინტერესო გაკვეთილები, გაიმართება დისკუსიები…

იქამდე კი… გაზაფხულის განწყობა დამიბრუნდა. ,,საშლელებმა” დამიბრუნა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი