როგორ გავართოთ ბავშვები იძულებითი არდადეგების დროს

და აი, კორონა ვირუსის გამო სკოლები და ბაღები დაიკეტა, გვირჩიეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მუზეუმებს, საბავშვო ცენტრებს მოვერიდოთ და მოვარიდოთ ჩვენი ბავშვები, რა უნდა ვქნათ? როგორ გავატაროთ ეს დრო საინტერესოდ ისე, რომ გაჯეტებს არ გადავაბაროთ ჩვენი შვილების თავისუფალი დრო?

რამდენიმე განმავითარებელ, საინტერესო თამაშს გასწავლით, ოღონდ მთავარი წესი არ დაგავიწყდეთ, თქვენც თამაშის მონაწილე უნდა გახდეთ!

  1. სანელებლების თამაში:

( ალერგიის შემთხვევაში, ამ თამაშს არ გირჩევდით)

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემს შვილთან ერთად სადილს ვაკეთებდი, სანელებლების თარო გამოვაღე და თავში გენიალურმა იდეამ გამიელვა, რა არის სანელებელი? – ტექსტურის, ფერის, გემოსა და სურნელის ერთიანობა, რისთვის შეიძლება გამოვიყენო? რა თქმა უნდა, ზედსართავი სახელის სასწავლებლად, ჰოდა, თამაშიც მოვიფიქრეთ. ( ეს ერთგვარი მეტყველების თერაპიაცაა ტიპური თუ არატიპური განვითარების ბავშვებისთვის).

გადმოვიღე სანელებლები ( მთლად, ცხარე წიწაკას თუ სცდით)

ჩვენ გვქონდა კოჭა, ყვითელი ყვავილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი, მიხაკი, ვანილის ჩხირები,შაშკვლავი, თავშავა, ქინძი, ტარხუნა, კამა და მგონი კიდევ რაღაც, რაც არ მახსოვს.

ჯერ ყველა სანელებელი შევისწავლეთ, ცოტა ვიკიპედიაც დავიხმარეთ, სად მოდის, როგორ გამოიყენება, რისთვისაა სასარგებლო, მერე ხელითაც მოვსინჯეთ, ვისაუბრეთ მათი სურნელით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე. გიომ თქვა, რომ კოჭა ცოტა სასაცილო სანელებელია, პიტნა – დედამისს ჰგავს, ხოლო ყვითელი ყვავილი მზესავითაა.

ბოლოს, თვალები ავიკარით და ერთმანეთს სანელებლების გამოცნობაში შვეჯიბრეთ.

 

  1. ლეგო, ლეგო და ლეგო

ასაწყობი სათამაშოები რომ საუკეთესო გამოსავალია, ეს ვიცით, ლეგო რომ შესანიშნავი განმავითარებელი და გასართობი საშუალება, ესეც, მაგრამ სულ პატარა დეტალის ჩამატებით შეგიძლიათ კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ ეს თამაში.

მაგალითად, თქვენ შეეჯიბრეთ აწყობაში, ან უბრალოდ, თმაზე გვირგვინი დაიმაგრეთ და უთხარით, რომ სწორედ თქვენთვის ააშენოს სასახლე ან, წინასწარ დახაზეთ, დააპროექტეთ და ისე ააშენეთ ნებისმიერი ნაგებობა.

  1. ფერადი ქვები, მინერალები და კიდევ სხვა რამეები

ქვების შეღებვა და მოხატვა ალბათ ბევრჯერ გიცდიათ, მაგრამ თამაშის წესები ჩემმა შვილმა შემომთავაზა და ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, გაგიზიაროთ.

მას მერე, რაც ეზოში სხვადასხვა ფორმის კენჭები მოვაგროვეთ, გავრეცხეთ და გავაშრეთ, მე ქვების მოხატვა შევთავაზე, გიომ კი წამოიძახა- მოდი, მინერალები გავაკეთოთ. ჰოდა, ქვები მინერალების ფერების მიხედვით შევღებეთ, ცოტა ბუნებაშიც ვიმეცადინეთ და კარგად გავერთეთ.

  1. სახლის კინოთეატრი

კინოში სიარული აგვეკრძალა, მაგრამ რა ვქნათ, რომ ძალიან გვენატრება 3D სათვალეების მორგება და ბატიბუტის ჩახრამუნება? ჰოდა, შევარჩიეთ ფილმი, დავხატეთ, გამოვჭერით და „გავყიდეთ“ ბილეთები, გამოვჭერით სათვალეები, მოვხალეთ ბატიბუტი და სიამოვნებით  ჩავუსხედით საყვარელ ანიმაციას.

  1. პიკნიკი სახლში

სუფთა ჰაერზე გასვლა ჯერ არავის აუკრძალავს, მაგრამ თუ წვიმიანი დღეა ან რაიმე მიზეზით გარეთ ვერ გადიხართ, შეგიძლიათ პიკნიკი შინაც მოაწყოთ.

ამით უჭმელ ბავშვებსაც წაახალისებთ.

მოიფიქრეთ, სად მიდიხართ? რადგან  მთავარი ტრანსპორტი წარმოსახვაა, დანიშნულების პუნქტის ძიებაში ნუ შეიზღუდებით, წადით ყველგან, სადაც თქვენი თვალსაწიერი გასწვდება, ოღონდ პიკნიკის კალათა აუცილებლად ჩაილაგეთ. მოიფიქრეთ, რას წაიღებდით, გამოაცხვეთ ნამცხვრები,  თერმოსში ჩაასხით კომპოტი, ხილის სალათაც არ დაგავიწყდეთ, ხელსახოცები, პატარა სუფრა მოლზე გადასაფარებლად, ჰოდა, გაუდექით გზას. მერე რა, რომ მოლის ნაცვლად თქვენი სასტუმრო ოთახის ხალიჩა უნდა გამოიყენოთ? სამაგიდო თამაშებიც მოიმარაგეთ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ!

  1. სახალისო მებაღეობა

ტისტუ ხომ იცით? მწვანეთითება საოცარი ბიჭი, ჰოდა, წიგნის წაკითხვასთან ერთად მებაღეობაც შეგიძლიათ სცადოთ, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი კარანტინი ადრიან გაზაფხულს, მებაღისთვის საუკეთესო დროს დაემთხვა.

ეზო არ გაქვთ? არც ტერასა? მაშინ რამდენიმე ქოთნის ფანჯრის რაფაზე ჩამომწკრივებას რაღა უდგას წინ? ბავშვებთან ერთად შეარჩიეთ, რა გინდათ დათესოთ, ბოსტნეული თუ ყვავილები, აარჩიეთ თესლი, მოამზადეთ მიწიანი ქოთნები და დათესეთ, მერე ყოველდღიურად  დააკვირდებით, როგორ ნელ-ნელა იწვერება ნორჩი ყლორტები.

 

 

კომენტარები

comments