შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აღმზრდელ-პედაგოგის ექვსი როლი

ბევრი ადამიანი თვლის, რომ განათლების სექტორში მუშაობა რიგითი პროფესიაა, თუმცა ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს ბევრად დიდი მისია აქვთ შესასრულებელი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 3 წლის ასაკში ბავშვების ტვინის თითქმის 85% უკვე ფორმირებულია. ადრეული საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრობა კი ბავშვებისთვის არის შესაძლებლობა, უკვე არსებულ ფუნდამენტს დააშენონ ის უნარები, რომლებიც მომავალ წლებში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ამ მნიშვნელოვანი მისიის განმახორციელებელ ძირითად ბირთვს კი აღმზრდელ-პედაგოგები წარმოადგენენ.

საქართველოს სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევაში (2018) ვკითხულობთ, რომ აღმზრდელ-პედაგოგების უმრავლესობას აქვს სურვილი, გაიაროს კურსები პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, თუმცა საჯარო ბაღებს თავისი კადრებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების საფასურის ასანაზღაურებლად ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ, და ვინაიდან აღმზრდელებისა და პედაგოგების ხელფასი მეტად დაბალია, ისინი ვერ ახერხებენ ამგვარ კურსებზე დასწრებას. ამასთან, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სტანდარტები, რომელთა შორის არის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტიც; დოკუმენტი განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგების/სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე და 2024 წლის პირველი სექტემბრიდან დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგების განათლებასა და პროფესიულ მახასიათებლებს.

 

მანამ, სანამ სახელმწიფო სტანდარტების მისაღწევად ფორმირდება რეალურ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ნება და საჭირო რესურსების გადანაწილების ბიუროკრატიას დავძლევთ, საქართველოში მოქმედი აღმზრდელ-პედაგოგები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყოველდღიურად ფასდაუდებელ ინვესტიციას დებენ. თუ შევადარებთ საქმის მოცულობასა (დიდ ქალაქებში საშუალოდ 30-მდე აღსაზრდელი ჯგუფში) და ანაზღაურებას (ყოვეთვიურად საშუალოდ 336 ლარი), დავრწმუნდებით, რომ განვითარებაზე ორიენტირებული აღმზრდელ-პედაგოგების ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარული არის სფეროში დარჩენის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
და მაინც, რა ხდება საბავშვო ბაღში მას შემდეგ, რაც ბავშვს  დატოვებთ?

 

აღმზრდელ-პედაგოგებს აქვთ ამოცანა, მხარი დაუჭირონ აღსაზრდელების ქცევით, კოგნიტურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას. ბავშვები სწავლობენ თამაშით, პრობლემების გადაწყვეტითა და ექსპერიმენტებით. აღმზრდელ-პედაგოგებს შევადარებდი ფუტკრებს, რომლებიც ფიჭას საჭირო მასალებით ავსებენ იმისთვის, რომ საბოლოოდ ყველასთვის სასარგებლო შედეგი მიიღონ. და ამ ექვსკუთხედეში ფუსფუსისას, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ვლინდება აღმზრდელ-პედაგოგის შემდეგი როლები:

 

  1. ისინი აშენებენ ძლიერ ურთიერთობებს და ახალისებენ პოზიტიურ ფასეულობებს

სწავლა შეიძლება ეფექტური იყოს აღმზრდელობით, ხელშემწყობ და ემოციურად უსაფრთხო გარემოში. ამის მისაღწევად, აღმზრდელ-პედაგოგები ცდილობენ, შექმნან პოზიტიური და სანდო ურთიერთობები იმ ბავშვებს შორის, რომლებზეც ზრუნავენ. ამის მიღწევა შესაძლებელია ინტერაქციითა და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვით. პედაგოგები, აგრეთვე, ცდილობენ, დაადგინონ და დააკმაყოფილონ თითოეული ბავშვის საჭიროებები და ინტერესები, ყოველდღიურად შეაფასონ გამოცდილებები და მიზნის მისაღწევად ოჯახებთან და საზოგადოებასთან რეგულარული კომუნიკაცია დაამყარონ. გიფიქრიათ, ოთხი წლის ბავშვს როგორ ავუხსნათ, რა არის ერთიანობა, პატივისცემა და მოლაპარაკება? აღმზრდელები ინდივიდუალური შემთხვევებისა და ხანდახან ბავშვების შეცდომების გამოყენებით ცდილობენ პოზიტიური ღირებულებებისკენ უბიძგონ აღსაზრდელებს. ისინი ასევე აღიარებენ, ახალისებენ და აფასებენ მათ მიერ გამოხატულ პოზიტიურ დამოკიდებულებებს.

 

 

  1. აღმზრდელები ქმნიან მიზნობრივ სივრცეებს

საკლასო ოთახში მნიშვნელოვანი საგნებია, რომლებიც აძლიერებენ სასწავლო კონცეფციებს, ხელს უწყობენ შემოქმედებითობისა და სოციალურ უნარების განვითარებას. აღმზრდელები ქმნიან სასწავლო კუთხეებს (აღმოჩენების კუთხე, თამაშის ზონა, ზღაპრების კუთხე, კულინარიული კუთხე და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობენ თამაშს და შეესაბამებიან ბავშვების თანამედროვე ინტერესებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. აღმზრდელები ასევე აკვირდებიან ბავშვების მიერ ამა თუ იმ თამაშში გამოვლენილ უნარებს. ასეთი დაკვირვება კი მათ აფიქრებს აქტივობებისა და უნარების გაფართოების ახალ გზებზე.

 

  1. ისინი დარაჯობენ აღსაზრდელების უსაფრთხოებას და მათი საუკეთესო მეგობრები არიან

ყოველდღიური თავისუფალი დრო გარეთ თამაშისთვის (თუ ასეთი სივრცე ხელმისაწვდომია) არ არის ის პერიოდი, როდესაც აღმზრდელებს აქვთ უფლება ცოტა დაისვენონ. ეს პროცესი მათ ახალ როლში აყენებს, რაც გულისხმობს ბავშვების უსაფრთხოებაზე თვალის დევნებას. ამ დროს ისინი ზრუნავენ აღსაზრდელების განვითარების ხელშეწყობაზე და ეხმარებიან, აღმოაჩინონ სათამაშო მოედანზე არსებული რესურსების გამოყენების შემოქმედებითი შესაძლებლობები, აღმზრდელები სვამენ კითხვებს, ქმნიან გამოწვევებს, სთავაზობენ მითითებებსა და წინადადებებს თამაშის პროცესის საინტერესოდ გასაგრძელებლად.

 

  1. ითვალისწინებენ ბავშვების საჭიროებებს

იფიქრეთ დაღლილ და მშიერ ბავშვზე, რომელსაც აცვია დასვრილი ტანსაცმელი. როგორ ფიქრობთ, ის მზად იქნება სწავლისთვის? ბავშვის ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა თანაბარი მნიშვნელობისაა, როდესაც ამას სკოლამდელ დაწესებულებაში მათთვის ცოდნისა და უნარების გაზიარებას ვადარებთ. აღმზრდელები ყურადღებას აქცევენ ბავშვების გამოკვებას, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ისინი იყენებენ მეთოდებს, რათა ბავშვებს დაეხმარონ მოდუნებაში, რომ მშვიდად განახორციელონ ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც შეიძლება სტრესული იყოს მათთვის.

 

  1. აღმზრდელები მეზღაპრეებიც არიან

გარდა იმისა, რომ ზღაპრების კითხვის დროს აღსაზრდელებს მოტივაციას უქმნიან, რომ თავადაც წაიკითხონ მომავალში, ისინი ხმის ტემბრითა და პერსონაჟებზე მიბაძვით აცოცხლებენ ისტორიებს. ამ დროს ბავშვები ხვდებიან ზღაპრული სამყაროს სხვადასხვა პერსონაჟებს და ზღაპრების მომდევნო ეპიზოდის გაგრძელებამდე, მსჯელობენ უკვე წაკითხული ისტორიების შესახებ.

 

  1. ცვლილებების მენეჯერი

სკოლამდელ განათლებაში ტრანზიცია გულისხმობს პროცესს, როდესაც ბავშვები ერთი აქტივობიდან მეორეზე გადადიან. ასეთ დროს, მათ შესაძლოა გამოიჩინონ რთული ქცევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იცნობენ ახალ აქტივობას, არ იციან წესები, გრძნობენ გაურკვევლობას ან არ სურთ დაასრულონ ისეთი თამაში, რომელიც მოსწონთ. ამ დროს აღმზრდელები ქმნიან და იგონებენ გასართობ ხრიკებს, რომ ეს ცვლილებები ბავშვებისთვის შეუმჩნეველი იყოს. ინტერაქტიული სიმღერები და როლური თამაშები, რომლებიც ეხება საკლასო წესებს კარგი დამხმარეა ამისთვის. ასევე, კარგი რესურსია საკლასო წესების ვიზუალური მინიშნებები. აღსანიშნავია ისიც, რომ საკლასო წესებზე სასწავლო სემესტრის დაწყებისას მთელი ჯგუფი ერთად თანხმდება.
ალბათ მსოფლიოში არ არსებობს აღმზრდელი, რომელიც ყველა საჭირო ვალდებულებას იდეალურად შეასრულებს. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგრამ არსებობენ აღმზრდელები, რომლებიც არასდროს წყვეტენ სწავლას და განვითარებას, რათა უკეთ მოემსახურონ ბავშვებს და მათ ოჯახებს. თუ არსებულ რესურსებს უფრო ახლოდან დავაკვირდებით, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ შეგვიძლია სააღმზრდელო პროცესში ბევრი როლი  წარმატებით მოვირგოთ და უფრო შემოქმედებითი გავხადოთ აღსაზრდელებთან ერთად გატარებული დრო.

 

 

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

 

სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი