პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ლორენს კოლბერგის რჩევები ბავშვის აღზრდის თაობაზე

ამერიკელი ფსიქოლოგი და ექსპერტი ლორენს კოლბერგი კოგნიტივიზმის თეორიის, მათ შორის – მორალის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის თეორიის თანახმად, ბავშვის გონებრივი განვითარება დამოკიდებულია არა მხოლოდ ცოდნასა და მის ირგვლივ არსებულ სამყაროზე, არამედ მის ემოციურ განვითარებაზეც, რომელიც სქესის იდენტობის შემეცნებით პროცესებთან არის დაკავშირებული.

კოლბერგი იზიარებდა შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს მოსაზრებას, რომლის თანახმად, ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით კი არ ვითარდება, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც.

ლორენს კოლბერგის თეორიის მიხედვით, ბავშვის ქცევის განმსაზღვრელია მისი შეხედულებები და მორალური პრინციპები. ამის კვალობაზე, ფსიქოლოგი ადამიანის მორალური განვითარების სამ დონეს გამოყოფს. მისი აზრით, ამ დონეებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანამიმდევრობით გაივლის. რომელიმე მათგანის გამოტოვება, რომელიმეზე გადახტომა შეუძლებელია.

პირველია პრეკონვენციური დონე. პატარა ბავშვები უმთავრესად ამ დონეზე იმყოფებიან, თუმცა უფროსკლასელებისა და ზრდასრული ადამიანების ნაწილიც ამ დონეს აკმაყოფილებს.
პრეკონვენციურ დონეს ახასიათებს:

. საქციელის განსაზღვრა შედეგის მიხედვით – დამასაჩუქრებენ თუ დამსჯიან; არასწორი საქციელი თუ შენიშნეს, ცუდია, თუ ვერა – კარგი;

. საქციელის განსაზღვრა სარგებლობის მოტანის კუთხით – შენ თუ დამეხმარები, მეც დაგეხმარები; სწორია საქციელი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს შენთვის.

მეორეა კონვენციური დონე. დაწყებითი კლასების ძალიან ცოტა, საშუალო კლასების ზოგიერთი და უფროსი კლასების მრავალი მოსწავლე კონვენციური მორალით ხელმძღვანელობს.

კონვენციურ დონეს ახასიათებს: 

. ქცევა, რომელიც სხვას მოეწონება, ესიამოვნება, საქციელით მოწონების დამსახურება – სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა მოგექცნენ;

. კანონისა და წესის მორჩილება – სხვაგვარად საზოგადოებაში წესრიგი ვერ დამყარდება. ამ დონეზე ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების ცვლილებას წესების ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.

მესამე, პოსტკონვენციური დონე მოსწავლეებში ძალიან იშვიათია. მორალური განვითარების ამ საფეხურს ადამიანი 25–30 წლის ასაკში აღწევს.

პოსტკონვენციურ დონეს ახასიათებს:

. ხელმძღვანელობა საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით; ფიქრი, რომ წესები აუცილებელია, მაგრამ თუ ისინი საზოგადოების ინტერესებს არ პასუხობს, საჭიროა მათი შეცვლა; უნივერსალური ეთიკის პრინციპები – შესაძლოა, ადამიანი არ დაემორჩილოს კანონს, რომელიც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ლორენს კოლბერგის რჩევები მოსწავლის მორალური განვითარების ხელშესაწყობად ასეთია:

1. აუხსენით მოსწავლეს და დაუსაბუთეთ, რატომაა ზოგიერთი საქციელი მიუღებელი.

2. მოსწავლეს აუცილებლად უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა არაზნეობრივ და ანტისოციალურ საქციელზე, თუმცა მნიშვნელოვანია სასჯელთან ერთად ინდუქციის გამოყენებაც.

3. დაანახვეთ, როგორ შეწუხდა სხვა ადამიანი მისი საქციელით.

4. დაანახვეთ სხვა ადამიანის (მაგალითად, იმისა, ვისაც დასცინის) თვალთახედვა და მოტივი.

5. დაეხმარეთ მოსწავლეებს, სიტუაციებს სხვადასხვა ადამიანის თვალით შეხედონ. წაახალისეთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ.

6. მიეცით მოსწავლეს მორალური განვითარების ბევრი მაგალითი.

7. ჩართეთ საკლასო დისკუსიებში მორალური საკითხები და დილემები. წაახალისეთ ბავშვები, ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულებანი.

8. ძალიან მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში შეიქმნას უსაფრთხო და სანდო გარემო, რათა მოსწავლეებმა გაკიცხვისა და შერცხვენის შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი აზრი.

9. დაეხმარეთ მოსწავლებს დილემის ყველა ასპექტის დანახვაში.

10. აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომლებიც საზოგადოების სამსახურს მოითხოვს. ეს ხელს შეუწყობს მათი სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

მოამზადა თამარ კაციტაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი