ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„წლების განმავლობაში სკოლა მივიწყებული იყო, მასზე არავინ საუბრობდა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივით და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

2019 წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი გახდა.

15 წელია ერთი და იმავე სკოლის დირექტორია. ამ წლების განმავლობაში სკოლაში ბევრი რამ შეიცვალა როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილში, ისე სწავლების ხარისხის კუთხით. შეკითხვას – რამ მიახვედრა ახალბედა და საგანმანათლებლო სფეროში გამოუცდელი დირექტორი, რომ სკოლაში მისი მისვლით გარემო უკეთესობისკენ იცვლებოდა – ღიმილით და მარტივად უპასუხა: „ბავშვები უფრო ბედნიერები იყვნენ, უხაროდათ სკოლაში სიარული. ამას ვხედავდი და ვგრძნობდი ყოველდღე“.

თეონა ყაჭეიშვილი 198-ე საჯარო სკოლის დირექტორია. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ და მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს  საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შესძინოს.

თეონა ყაჭეიშვილთან საუბარი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მისი საქმიანობის პირველი წლების გახსენებით დავიწყეთ – რატომ გადაწყვიტა 2006 წელს ახალგაზრდა და გამოუცდელმა ადამიანმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლის დირექტორობა?

„მთავარი მოტივაცია ჩემი შვილი იყო. მყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე გოგონა, რომელიც ამ სკოლის მოსწავლე იყო. მე ახლა 15 წლის წინანდელ ამბავს ვყვები, როცა ინკლუზიური განათლების ცნებაც კი არ არსებობდა საქართველოში. მაშინ ყველა კარი დაკეტილი იყო. ამ პრობლემებს მე თვითონ შევეჯახე, როცა ბავშვი მივიყვანე სკოლაში. აღმოვაჩინე, რომ განათლება ჩემი შვილისთვის საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი. აქტიური მშობელი ვიყავი, არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვსაქმიანობდი. ჩემს შვილს, მაგალითად, ჰქონდა მუსიკალური უნარები, მაგრამ სკოლაში ეს საგანი, რომელიც ცხრილში ჰქონდა, საერთოდ არ უტარდებოდა. ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე საუბარი მაშინ საერთოდ ზედმეტი იყო“, – ამბობს თეონა ყაჭეიშვილი და აღწერს შემართებას, რომელმაც უბიძგა რევოლუციის შემდეგ 2006 წელს საქართველოში დირექტორთა შესარჩევ პირველ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.

კონკურსში საუკეთესო შედეგების მქონე დირექტორთა 10%-ში მოხვდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავად შეეძლო იმ სკოლის შერჩევა, სადაც დირექტორობა სურდა.

თეონა ყაჭეიშვილმა 198-ე საჯარო სკოლა აირჩია. ამბობს, რომ პირველი თვეები და წლები ძალიან რთული იყო. სკოლის კოლექტივს მასთან თანამშრომლობის შიში ჰქონდა, რიგიდულები იყვნენ ცვლილებების მიმართ.

ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში შეძენილმა მენეჯერულმა უნარებმა გაუადვილა სკოლაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და ცვლილებების განხორციელება.

„ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მაგალითად, სკოლაში იყო ასეთი გამოცდილება: ცალ- ცალკე იმართებოდა იმბეცილებისა და დებილი ბავშვების სხდომები, და ა.შ. კულტურა, ღირებულებები და კლიმატი იყო აბსოლუტურად შესაცვლელი. ეს სკოლა იყო პოსტსაბჭოთა სკოლის გადმონაშთი“, –  ამბობს თეონა ყაჭეიშვილი.

საიდან დაიწყო ცვლილებები და როდის მიხვდა, რომ დიდი წინააღმდეგობების ფონზე მისული დირექტორი და თავად მშობელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას შეძლებდა.

 

„რომ მოვდიოდი სკოლაში, ვხედავდი, რომ ბავშვებს უხაროდათ სკოლაში მოსვლა. მშობლებს აღარ ჰქონდათ კომპლექსი, რომ პრობლემებზე ელაპარაკათ. სკოლაში ახალგაზრდების შემოდინებამ  შეცვალა ყველაფერი“, – ამბობს თეონა ყაჭეიშვილი და სასკოლო კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე განაგრძობს საუბარს.

მისი თქმით, 2006 წელს 198-ე საჯარო სკოლა ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ მიგდებულ შენობაში იყო განთავსებული. არ ჰქონდა გათბობა, სკამებიც კი არ იყო საკმარისი. ხელფასებიც უკიდურესად დაბალი იყო.

საუბრისას გაიხსენა ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები. კერძოდ, ნორვეგიის  მთავრობის მხარდაჭერით გადამზადდნენ სკოლის თანამშრომლები, გაიარეს მოდულები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებაზე და მათთან მუშაობის სპეციფიკაზე.

2006 წელს სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტი 80 ბავშვისგან შედგებოდა, თუმცა, თეონა ყაჭეიშვილის თქმით, სკოლაში 20 ბავშვი დადიოდა, ახლა კი მოსწავლეთა რაოდენობა 200-ს აღწევს. „სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა დიდია და ადგილიც არ გვაქვს“, –  ამბობს თეონა.

საქართველოში ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცვლილებები და დღეს არსებული გამოწვევები ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო. ამბობს, რომ 2006 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ პრობლემები კვლავ ბევრია და მნიშვნელოვანია, სახელმწიფო იყოს თანმიმდევრული ამ საკითხების გადაწყვეტის ნაწილში.

ამბობს, რომ პრობლემა საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხია და არის შემთხვევები, როდესაც მათთან საჯარო სკოლიდან ტრავმირებული მოსწავლე გადაჰყავთ.

საჯარო სკოლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 198-ე საჯარო სკოლა რესურსსკოლაა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილებები იყრის თავს და ეს გამოცდილება და ცოდნა სხვა სკოლებისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, შეცვალონ და გააუმჯობესონ თავიანთ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი, მიიღონ გამოცდილი სპეციალისტების რჩევები და მხარდაჭერა.

სად და როგორ ხორციელდება სხვა სკოლებისთვის გამოცდილების გაზიარება?

„ეს სკოლა უნდა არსებობდეს, როგორც რესურსი სხვა სკოლებისთვის, იმიტომ, რომ ის გამოცდილება და ვიწრო პროფილი, რაც აქვს – თეორიული და პრაქტიკული, კარგი იქნება, სხვა სკოლებმაც გაიზიარონ.

ერთ-ერთი საპილოტე პროექტი, რომელიც დაინერგა, რეგიონული ტურია – სპეცმასწავლებლები ორი კვირა იღებენ მასტერკლასებს. ეს შეიძლება, იყოს უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვება“, – ამბობს თეონა ყაჭეიშვილი.

 

მშობელთა მხარდაჭერის საქმეში სკოლის როლზე საუბრისას ამბობს, რომ სკოლა სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ცდილობს, მშობელს ხელი შეუწყოს და ხელსაყრელი გარემო შეუქმნას დასაქმებისთვის, რადგან რეალიზებული და დასაქმებული მშობელი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბავშვისთვის სახლში კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სკოლაში მოსწავლეები 8 საათზე ავტობუსს მოჰყავს და ოჯახში საღამოს ბრუნდებიან. ღამეს მოსწავლე სახლში ატარებს, მაგრამ დროის ძირითადი ნაწილი სკოლაშია და მშობელს შესაძლებლობა აქვს, იმუშაოს.

სკოლის მხრიდან მშობელთა მხარდაჭერისთვის გაღებული ძალისხმევის პარალელურად მოსწავლეთა ცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაიარონ მომზადება და ისწავლონ, როგორ შეუწყონ შვილებს ხელი რესოციალიზაციისა და საზოგადოების ინტეგრაციის პროცესში.

საუბრისას ამბობს, რომ სკოლასთან მიმართებით მშობელთა დამოკიდებულება მნიშვნელოვანად არის შეცვლილი – აღარ ერიდებიან ბავშვების საჯარო ღონისძიებებზე გაყვანას. სტიგმა, რომელიც სკოლის გარშემო იყო, ნელ-ნელა სუსტდება, თუმცა ჯერ ისევ არსებობს.

„თუ ადრე იყო დებილების სკოლა, ახლა ასე აღარ ეძახიან, თუმცა მარტო ჩვენი სკოლის დამსახურება არაა, საზოგადოება გაიზარდა“, – ამბობს თეონა ყაჭეიშვილი.

ჩვენი საუბრის თემა სწავლების პროცესში მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო იყო. ამბობს, რომ სკოლაში გარემო თბილია, ბავშვი გახსნილია. ხდება სტიმულირება ძლიერი მხარის და მისი დაბალანსებით ხდება სუსტი მხარეების განვითარებაც. გაკვეთილი არაა ჩარჩოში მოქცეული და სკოლა მნიშვნელოვან რესურსსა და ძალისხმევას მიმართავს მოსწავლეებში შრომითი უნარის განვითარებისთვის.

სამი მოსწავლე სკოლის მხარდაჭერით დასაქმდა, რითაც სკოლა ამაყობს, თუმცა წუხს, რომ საქართველოში სოციალური საწარმოების რაოდენობა მწირია, რაც მათი სკოლის მოსწავლეებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ართულებს.

„იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის შემთხვევა, როცა სკოლაში მოსვლისას მაგიდა და სკამი ვერ შეაფასა, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა, რომ კომაროვში ჩააბარა. იქ ამოხსნა რთული ამოცანები, მარტივი ვერ ან არ ამოხსნა. ეს არ ვიცით. როცა მიდგომა სწორია და დაკვირვებაც სწორად ხდება, შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და ფუნქციური გახდეს, მეტია“, – ამბობს თეონა ყაჭეიშვილი.

ადამიანური რესურსი და სხვადასხვა დამხმარე საშუალებისთვის არასაკმარისი თანხა – ეს სკოლის წინაშე არსებული პრობლემების არასრული ჩამონათვალია. ამბობს, რომ სკოლას სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა იმისათვის, რომ შეძლოს ოკუპაციური და ქცევის თერაპევტების დაქირავება. ასევე, საუბრობს თვალსაჩინო მასალასა და სხვა ინვენტარზე, რომელთა შესაძენადაც პროგრამული თანხიდან ფინანსები არ რჩება. კონკრეტულად კი, სკოლას სჭირდება სენსორული სათამაშოები, ადაპტირებული ინვენტარი. რაც შეეხება შენობას – ევროპის მუნიციპალური ფონდის მხარდაჭერით, სულ მალე სკოლას 250 ბავშვზე გათვლილი ახალი უნივერსალური დიზაინის სკოლა ექნება.

სამომავლო გეგმებზე საუბარს სათამაშოების ბიბლიოთეკის შექმნის იდეით აგრძელებს. ამბობს, რომ ჰყავთ მძიმე სოციალური ფონის მქონე ოჯახები, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა თვალსაჩინოების ყიდვას ვერ ახერხებენ. სკოლის სურვილია, შეიქმნას ბიბლიოთეკა, სადაც განსავითარებელი მასალები იქნება თავმოყრილი და ოჯახებს შეეძლებათ მათი სახლში წაღება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ კონკურსი გაიმართა.

2019 წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი გახდა, შეკითხვაზე, რას ნიშნავს ეს მისთვის, გვიპასუხა:

„ძალიან დიდი მოტივაციაა, სამმაგად სასიამოვნო. მეგონა, გაიმარჯვებდა ვინმე რეგიონიდან და აუცილებლად მამაკაცი. წლების განმავლობაში ეს სკოლა იყო გარეუბანში. მასზე არავინ საუბრობდა. დაინახეს ჩვენი მუშაობა და დაგვაფასეს. უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი