ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეფერატი, როგორც შემაჯამებელი სამუშაო

რეფერატის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს, პირველი კურსზე სწავლის პერიოდში გავიგე. ძველი ქართული სამართლის ლექტორმა გვთხოვა, მოგვემზადებინა ნაშრომი გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდების“ შესახებ. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რა იყო რეფერატი. სკოლაში სწავლის პერიოდში მსგავსი ნაშრომის მომზადება არ შემოუთავაზებიათ.

ლექტორისთვის შეკითხვის დასმა შემრცხვა. სახლში დაბრუნებულმა, უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში დავიწყე სიტყვის განმარტების ძებნა. მაშინ კომპიუტერი და ინტერნეტი ჯერ კიდევ ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.

ერთი წელი გავიდა, რაც ინტერნეტგაზეთ www.mastsavlebeli.ge-ისთვის სტატიების წერა დავიწყე. ვგრძნობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან გავიზარდე.

თვეში ორი სტატიის მომზადება მარტივ საქმედ მივიჩნიე. წერას შევუდექი, თემები დავალაგე და პასუხისმგებლობა გავიაზრე. ვწერ მკითხველისთვის, რომლესაც რაღაც მცირე მაინც უნდა ჩარჩეს გონებაში. მიიღოს, გააცნობიეროს, გამოიყენოს და საკუთარი პროდუქტი შექმნას ჩემ მიერ მიწოდებული თემითა თუ ხედვებით. მუდმივად ვფიქრობ საინტერესო აქტივობებზე, მიდგომებზე, მეთოდებზე სწავლა-სწავლებაში არსებულ გამოწვევებზე და ა.შ. რაც მთავარია, ვგრძნობ, საჭიროა, მეტი ვიკვლიო, მეტი ვეძებო და თვითონაც ვიცვლები.

წერის პროცესში უფრო კრიტიკულად ვაფასებ საკუთარ საქმიანობას. ეს საშუალებას მაძლევს აღმოვაჩინო ხარვეზები, კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებს შევთავაზო უკვე გამოცდილი აქტივობები. ვიღებ საინტერესო უკუკავშირს.

ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო რეფერატის, როგორც შემაჯამებელი სამუშაოს ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. ვცდილობ, მოსწავლეებს ხშირად შევთავაზო განსხვავებული და მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაო. რეფერატი მნიშვნელოვანი ნამუშევარია,  რომელიც მოსწავლეს ეხმარება სხვადასხვა უნარის განვითარებაში.

მოსწავლეებს უვითარდებათ შემდეგი უნარები:

  • კვლევა-ძიება – უწევთ ინტერნეტში კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის მოძიება;
  • ინფორმაციის დახარისხება – მოძიებულ ინფორმაციას ახარისხებენ, გამოყოფენ მნიშვნელოვანს;
  • მედიაწიგნიერება/წყაროზე მუშაობა – განასხვავებენ სანდო და ნაკლებად სანდო ინფორმაციას, უთითებენ წყაროს;
  • არგუმენტირებული მსჯელობა – აყალიბებენ საკუთარ აზრს კონკრეტული საკითხის ირგვლივ;
  • კრიტიკული აზროვნება – აფასებენ კრიტიკულად, სვამენ კითხვებს;
  • შეჯამება/დასკვნების გაკეთება – დაბოლოს აჯამებენ საკითხს, აკეთებენ დასკვნას.

 

საგანი: გეოგრაფია, VIII კლასი

თემა: მიგრაცია და თანამდევი პრობლემები საქართველოში

გეო.VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია  მიგრაციის პროცესის თავისებურებების დახასიათება.

  • ეცნობა სტატისტიკურ მასალას და მსჯელობს ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მიზეზების შედეგად გარე- და შიდამიგრაციული პროცესების ცვლილებებზე.
  • დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას;
  • განასხვავებს მიგრაციის ტიპებს (გარე, შიდა, ქანქარისებრი და სხვა) მიმართულებისა და დროის მიხედვით;
  • ასახელებს მიგრაციის ტიპებს, რომლებსაც უკვე იცნობს. მსჯელობს ადამიანის მიგრაციის შესაძლო მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები;
  • ვარაუდობს მიგრაციის შესაძლო შედეგებზე ინდივიდისა (რომელიც ჩართულია ამ პროცესში) და ქვეყნებისათვის (საიდანაც და საითაც მიმართულია კონკრეტული მიგრაცია).

 

  • როგორ ვაქციოთ რეფერატი შემაჯამებელ სამუშაოდ?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს კარგად განუმარტოთ, რა არის რეფერატი, როგორ იწერება, რას ითხოვთ კონკრეტულად მათგან და რაზე გაამახვილონ ყურადღება რეფერატზე მუშაობის პროცესში.

უცხო სიტყვათა ლექსიკონში რეფერატი განმარტებულია, როგორც მეცნიერული ნაშრომის მოკლე წერილობითი ან ზეპირი გადმოცემა.

 

დაფაზე ჩამოვწეროთ, რა თანმიმდევრობით ვაგებთ ნაშრომს.

  • თავფურცელი;
  • შესავალი;
  • ტექსტის ძირითადი ნაწილი;
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა/წყაროები.

 

ერთად შევიმუშაოთ ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.

 

კრიტერიუმი ქულა
დაცულია სტილი (აქვს თავფურცელი, შესავალი და ა.შ.) და გამოყოფილია ქვესათაურები 0-2
გამოყენებული აქვს მრავალფეროვანი წყარო (სტატიები ინტერნეტში, ვიდეო რგოლები, დიაგრამები, ცხოვრებისეული გამოცდილება) 0-2
მსჯელობს შიდა და გარე მიგრაციულ პრობლემებზე, ასახელებს მიზეზებს 0-2
ასაბუთებს პოზიციას და აფიქსირებს საკუთარ აზრს 0-3
მითითებული აქვს გამოყენებული წყაროები 0-1

გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი ნაწერებიდან.

„ჩემი აზრით, მთის დაცლა გარდაუვალია ჩვენს დროში, რადგან მთა ვერ შეძლებს განავითაროს ადამიანი, იმიტომ, რომ იქ თანამედროვე ყოფისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის“.

„შიდა მიგრაციის უარყოფითი მხარეებია – მთის დაცლა, მოსახლეობის შემცირება სოფლებში. 2002 წლის შემდეგ მოსახლეობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა“.

„სოფლებში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. ერთ-ორ თავ ყველს გამოვიტანთ ხოლმე, რომ პურის ფული მაინც გვქონდესო… წლები გადის, მაგრამ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა მაინც ვერ გააკეთეს… ჩემი აზრით, სწორედ აქ იმალება სოფლის დაცლის მიზეზები!“.

სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შექმნან პროდუქტი და თვალნათლივ შეძლონ მისი დანახვა.

რეფერატი შემოქმედებითი პროცესის შედეგია, სადაც ხედავ, რომ ქმნი ახალს, რაც მოტივაციას და რწმენას გაძლევს მომავალი გაბედული გადაწყვეტილებებისთვის.

შემოქმედებითობა და სკოლაში მიღებული გამოცდილება ცხოვრებისეულ რესურსად იქცევა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი