შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მდუმარე ექსპერიმენტი- აცნობიერებენ თუ არა ჩვენი მოსწავლეები გაკვეთილის მნიშვნელობას?

აცნობიერებენ თუ არა ჩვენი მოსწავლეები გაკვეთილის მნიშვნელობას?

 

45-წუთიანი დროის მონაკვეთი ჩვენთვის გეგმის შესასრულებელი, ცოდნის, სასარგებლო, საინტერესო, საჭირო, მნიშვნელოვანი ცნობის გადასაცემი, სწავლა-სწავლების შემადგენელი სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესასრულებელი პერიოდია.

 

რას აკეთებენ, რით არიან დაკავებული, რას ისურვებდნენ და რას გააკეთებდნენ მოზარდები, მათი ნება რომ იყოს?

იღებენ თუ არა უშუალო მონაწილეობას თავიანთი დღის წესრიგის დაგეგმვაში?

კიდევ იმაზეც დავფიქრებულვარ, შეუძლიათ თუ არა მათ სწორად გადაანაწილონ დრო, განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები, შეადგინონ გეგმა და მიჰყვნენ მას.

 

ამ საკითხებზე ფიქრის დროს ერთი იდეა დამებადა. არ ვიცი, უკვე არსებობს თუ არა ეს ექსპერიმენტი, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ ან თუ არსებობს, რა ჰქვია და ვის აქვს ეს გამოცდილება. ჩემს შემთხვევაში სპონტანურად გაჩენილი იდეა მეორე დღის გაკვეთილის გეგმად იქცა (აქვე დავძენ, რომ სკოლაში, რომელშიც ვასწავლი, სწავლა „ეპოქალურია“, ანუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტარდება „მთავარი გაკვეთილი“, რომელიც გრძელდება საათსა და 45 წუთს. ამჯერად მეათეკლასელებს „ვეფხისტყაოსნის“ ეპოქა აქვთ. ერთი საათისა და 45 წუთის გარდა, მათთან „ჩვეულებრივი“ გაკვეთილიც მაქვს (45 წუთიანი) და სწორედ ეს გაკვეთილი გამოვიყენე „რიგგარეშე“ და არაფორმალური აქტივობისთვის).

იდეა

ამ ექსპერიმენტს „30 წუთიანი მდუმარე ექსპერიმენტი“ დავარქვი და დიდი სიფრთხილით და მღელვარებით შევიტანე მეათე კლასში.

შედეგი კი იმაზე საინტერესო მივიღე, ვიდრე ველოდი ან ვიდრე შემეძლო წარმომედგინა.

 

ექსპერიმენტის აღწერა

 

არანაირი წინაპირობა, არავითარი ინვენტარი, არავითარი წინასწარი მომზადება…

გაკვეთილის დაწყებისთანავე დაფაზე დავწერე „ექსპერიმენტი – მდუმარე ნახევარი საათი“

და

მარტივი წესები:

  1. გაქვთ ნახევარი საათი. დაგეგმეთ ისე, როგორც გენებოთ, გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ, მთავარია – გააკეთოთ რაიმე სასარგებლო და შემეცნებითი!
  2. დაიცავით ორი პირობა: გააკეთეთ საქმე მდუმარედ და ნახევარი საათის შემდეგ აღწერეთ – რაში დახარჯეთ თქვენი ცხოვრების ეს 30 წუთი.

 

დაფაზე დაწერილმა პირველივე წინადადებამ ფაქტობრივად მთელი კლასის ყურადღება მიიპყრო. წესების წაკითხვისთანავე უთქმელად, ზედმიწევნით დაიწყეს იმის კეთება, რაც დაევალათ. სიტყვიერად დავაზუსტე, საკლასო სივრცის დატოვებაც შეგიძლიათ და მაგალითად, ბიბლიოთეკაში გადაბარგება-მეთქი. მხოლოდ ორი მოსწავლე გავიდა კლასიდან. ერთ-ერთი მოგვიანებით შემოვიდა, კალამი გაიტანა და კვლავ თავის საქმეს დაუბრუნდა.

ნახევარი საათის განმავლობაში ვაკვირდებოდი საქმიან, მოწესრიგებულ, თავისი საქმიანობით მეტისმეტად გატაცებულ მოსწავლეებს. ერთი ხატავდა, ხუთი წერდა, სამი – საშინაო დავალების რვეულებში რაღაცას იწერდა, ერთი – უცხო ენის სახელმძღვანელოს ამუშავებდა, რამდენიმე – ქართულის დავალებას ასრულებდა, სამი მოსწავლე „არაფრის კეთების ნეტარ ხიბლში“ ჩავარდა. სრულიად ლეგიტიმურად მიეცათ უფლება, მოეწყინათ გაკვეთილზე და არაფერიც არ ეკეთებინათ. მოწყენა ზოგჯერ როგორი სასარგებლო რამაა…

ოციოდე წუთის შემდეგ ამ სამიდან ერთი აგათა კრისტის დეტექტივს კითხულობდა, ერთი „ვეფხისტყაოსანს“ და ერთიც კვლავ საფიქრალს მისცემოდა.

მოსწავლეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

არავინ გადასულა ყირაზე, არცერთს არ გამოუყენებია ბოროტად ნდობა, არავინ გასულა (ნებართვის მიუხედავად) გარეთ „გასანიავებლად“.

მოზარდები ისხდნენ და იმას აკეთებდნენ, რაც იმ მომენტში საინტერესოდ და საჭიროდ მიაჩნდათ.

ექსპერიმენტი შედგა და იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

ყველა სიტყვასა და შეფასებაზე მეტად სათქმელს მათი ბარათები ამბობს. ბარათები, რომლებიც ნახევარი საათის შემდეგ ჩამაბარეს.

„ეს 30 წუთი ჩემთვის საკმაოდ დამხმარე და პროდუქტიული გამოდგა. ამ დროს მე დავფიქრდი, რა უნდა გამეკეთებინა. როგორც ცნობილია, ადამიანი იცვლება გარემოებებიდან გამომდინარე და გამიჩნდა უდიდესი სურვილი, რომ სკოლის სოციუმში ვიყო ისეთი, როგორიც ვარ სინამდვილეში. ეს არ დამიწერია იმიტომ, რომ ნაწერი მოგწონებოდათ. არამედ ეს ჭეშმარიტი აზრია“.

გიორგი

„ვიმეცადინე ინგლისური. შემდეგ კი გავაგრძელე ფიქრი. ამ თემაზე დაახლოებით ოთხი თვეა ვფიქრობ. საბოლოო პასუხი მაინც ვერ მოვიფიქრე, მაგრამ მივხვდი, რომ რაც მინდა, მე თვითონ უნდა შევძლო. მშობლებისგან და ოჯახისგან დამოუკიდებლად“.

მაშო

„როგორც კი მივხვდი, რა დაწერეთ, მაშინვე ვიფიქრე, რომ წიგნის კითხვას დავიწყებდი. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, რადგან სახლში იშვითად ვახერხებ წიგნის კითხვას და ძირითადად ტრანსპორტში ვკითხულობ – მეტროში, ავტობუსში, გაჩერებაზეც, სკოლაშიც, გაკვეთილებზეც, თუ თემა არ მაინტერესებს, რასაც იმ გაკვეთილზე გავდივართ. უღრმესი მადლობა ამ გაკვეთილისთვის და ჰო, კმაყოფილი ვარ, ჩემი ცხოვრების ნახევარი საათი წიგნის კითხვაში გავატარე და 10 წუთი ჩემი ემოციების ამ ფერად ფურცელზე გადმოტანაში“.

სოფო

 

„ეს ნახევარი საათი ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო, რადგან შევძელი მათემატიკის და ქართულის საშინაო დავალების შესრულება. კარგია აზრიანად და ნაყოფიერად ნახევარი საათის გამოყენება“.

მარი

„წავიკითხე „ნადირობა ცხვარზე“, ზუსტად 30 გვერდი და გავიგე, რას ნიშნავს სიტყვა პწკარედი“.

სანდრო

„ჩემი 30 წუთი თითქმის დუმილში გავფლანგე და ამასთან ჩემს თავს მომავალში წერილი მივწერე. გავფლანგე-მეთქი ზედმეტი მომივიდა. მივხვდი, რა მნიშვნელოვან დროს ვკარგავ ხოლმე და შედეგად არაფერს არ ვიღებ. იმ წერილში, რომელიც მომავალ საკუთარ თავს გავუგზავნე, თავს ვამხნევებდი. დაბადების დღეც მივულოცე. ჩამოვწერე მოლოდინები და სურვილები“.

სალომე

„ამ 30 წუთში ნახატი გავაფერადე. მეთქი, ბოლომდე დავასრულებ, მაგრამ მომწყინდა. სულ ვხატავ, ვხატავ…ჰოდა გადავწყვიტე, წამეკითხა წიგნი, რომელიც მეგობარმა მირჩია. ამ წიგნმა ძალიან ჩამითრია. მეგონა, სერიალს ვუყურებდი. ვერ გავჩერდი. მოკლედ, ძალიან კარგი იყო“.

ვერიკო

„ეს ექსპერიმენტი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ვნახოთ – რაში გამოიყენებს ადამიანი იმ უცბად გამოჩენილ თავისუფალ დროს, რომელიც დაგეგმილი არ იყო. ჩემდა სამწუხაროდ ისეთი პროდუქტიული არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან არ მქონდა თან წიგნი ან სხვა დასამთავრებელი საქმე. თუმცა მოვასწარი ერთი ნახატის დამთავრება. იმ სტილში დავხატე, როგორშიც ადრე არ მიცდია“.

ნინო

„საინტერესო იყო. როგორც დავაკვირდი, ყველა ჩუმად იყო. თავიდან დავაპირე გასვლა, მაგრამ მერე კითხვა ვარჩიე. ვიჯექი და ვკითხულობდი. სიჩუმე იყო“.

ნინო

„მე დავწერე ერთი თემა, რომელზეც ამ ბოლო დროს ვმუშაობ. ვირჩევ ხოლმე თემებს და მერე ვამუშავებ. ვწერ. ეს ექსპერიმენტი მომეწონა“.

გიორგი

„პირველი ხუთი წუთის განმავლობაში დაძაბული ვიყავი. ვგრძნობდი, რაღაც უჩვეულო იყო. შემაშინა მდუმარებამ. შემდეგი 25 წუთი კი ვცდილობდი წამეკითხა წიგნი. ვერ ვიტყვი, რომ დიდი ინტერესით ვკითხულობდი ამიტომ ხშირ-ხშირად ვათვალიერებდი კლასსა და მოსწავლეებს“.,

ნინა

„ეს დრო გამოვიყენე ორი რამისთვის:1.გაცდენილი გაკვეთილის მასალა აღვადგინე; 2. გავიხსენე ჩემი საყვარელი ციტატები სიმღერებიდან, წიგნებიდან, ფილმებიდან და ბრჭყვიალა ფლომასტერით დავწერე პატარა ფურცლებზე. ვერთობი ასეთი რამეებით და კარგ განწყობაზე მაყენებს. ნუ განმსჯით! ზოგადად, მიყვარს სიჩუმე და სიჩუმის უხერხულობა და მისტიკა. არასდროს ვიტყვი უარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე სიჩუმეში. ამაზე მეტად საინტერესო ისაა, სხვებთან ერთად რომ ხარ მარტო და სიჩუმეს იყოფთ. საინტერესო იყო და მადლობა“.

კესო

„ეს ნახევარი საათი გამოვიყენე გერმანულის თემაზე სამუშაოდ. დრომ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მოვასწარი ნაწერის შემოწმება, გადაკეთება და ბოლომდე მიყვანა. კარგი იქნებოდა უფრო მეტი დრო მქონოდა. გადათეთრებასაც მოვასწრებდი.

სასიამოვნო იყო კლასში მუშაობა. მომეწონა, ჩვენთვის დრო რომ გამოყავით, რადგან ეს საქმე აქ გავაკეთე და ამიტომ სახლში დამატებით ნახევარი საათი დავისვენებ“.

კატო

„ჩემი ცხოვრების ეს ნახევარი საათი დავხარჯე გერმანულის დავალებაში. ეს ჩემთვის სასარგებლო იყო, რადგან მალე გერმანულის გამოცდა გვაქვს. გარდა ამისა, სახლში რომ მივიდოდი, დავალების გაკეთება, სავარაუდოდ, დამავიწყდებოდა ან დამეზარებოდა. ახლა კი მეტი თავისუფალი დრო მექნება. მადლობა!

კარგი იქნება, ამას თუ კიდევ გავიმეორებთ“.

გვანცა

„ნახევარი საათიდან ნაწილი ბიოლოგიის რვეულის შევსებას მოვანდომე. მერე წერის წყურვილმა დამიწყო ღრღნა. თავისუფალი წერის სურვილმა. მაშინ უნდა წერო, როცა გრძნობ, რომ ემოციები მოგიზღვავდა, გულის სიღრმეებში ჩამწყვდეული ემოციები… ჰოდა, მეც გადავწყვიტე ამათი სასეირნოდ გამოშვება. ავიღე ჩემი იაკი კაბეს ჰაიკუების კრებული (საიდუმლო სანტას დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის), ამოვირჩიე საყვარელი ჰაიკუ, გადავწერე რვეულში და შემდეგ ის დავწერე, რაც ვიგრძენი.

ეს ჰაიკუა:

წვიმის შემდეგ, შემოდგომის მოჟამულ ცაზე ღრუბელთ მსვლელობას ჩრდილოეთისკენ ჩემზე მეტად სევდიანად შეჰყურებდნენ ჩემი ეზოს ლეღვის ფოთლები (იაკი კაბე – ირაკლი კაკაბაძე).

ცარიელ ოთახში სიჩუმის სიმყუდროვეს მხოლოდ წვიმის ხმა არღვევს. წვიმის, რომელსაც მაღლა ცაში ნაცრისფერ ღრუბლებთან ჯდომა მოსწყინებოდა“.

ნინი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი