ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გაკვეთილის დაგეგმვა

თემისა და, ამის კვალობაზე, თითოეული გაკვეთილის სწორად დაგეგმვა სასწავლო მიზნის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია – მიზნების განსაზღვრა აქტივობებისა და შეფასების სწორი ფორმების შერჩევაშიც გვეხმარება.

გაკვეთილების ძირითადი პარამეტრების დაგეგმვის შემდეგ მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს საგაკვეთილო მიზანი და კონკრეტული თემა, შეირჩეს კლასში მუშაობის შესაფერისი ფორმა.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს, სამფაზიანი გაკვეთილის რომელ ეტაპზე იქნება გამოყენებული შერჩეული აქტივობები და გაითვალოს სავარაუდო დრო

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს ეგრეთ წოდებული ძირითადი კითხვები – მათზე პასუხები გვიჩვენებს, რამდენად გაიაზრა, გაიგო მოსწავლემ თემა. კითხვები და პასუხები გაკვეთილის შედეგიანობის განსაზღვრის ეფექტური ინდიკატორებია.

საშინაო დავალება საგაკვეთილო პროცესის ლოგიკურ გაგარძელებას და განვითარებას წარმოადგენს. იმავდროულად, ის ქმნის მოტივაციას მომდევნო გაკვეთილისთვის.

წარმოგიდგენთ გაკვეთილის ერთ-ერთ სცენარს, რომელიც გათვლილია მე-7 კლასისთვის და უპასუხებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, კერძოდ:
ბუნ.VII.7 – მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

. წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზას თავის მიერ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით, ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს, აკეთებს პრეზენტაციას;
. ასახელებს ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;

. მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებად დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი – მცენარეთა სამეფო, შესაბამისად, შიშველ- ან ფარულთესლოვანი);

. ბუნებაში ამოიცნობს ორგანიზმებს საველე სარკვევების/სათანადო ლიტერატურის დახმარებით;
. მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს ცოცხალი სამყაროს სამეფოებს, ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და წარმოადგენს მას სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი).
გაკვეთილის მიზანი:
. სოკოთა სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გარკვევა;
. ქუდიანი სოკოების კვებისა და აგებულების თავისებურებათა შესწავლა;
. სოკოების მნიშვნელობის გააზრება ბუნებასა და ადამიანის საქმიანობაში;
. ანალიზის, სისტემატიზაციისა და შეჯამების უნარების განვითარება.
გაკვეთილზე გამოყენებულია ელექტრონული პრეზენტაცია.
მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად გაკვეთილს ვიწყებთ საუბრით: ბუნება უამრავ გამოცანას გვთავაზობს. ერთ-ერთ ასეთ გამოცანას დღეს გავეცნობით, ამიტომ გთავაზობთ შემდეგ დავალებას:
. წაიკითხეთ სიტყვები, იპოვეთ მათ შორის ზედმეტი და მოიფიქრეთ, რატომ არის ისინი ზედმეტი.
წყალი – ნაძვი
ხე – მელა
კოდალა – არყისძირა
კალია – ბაყაყი
იასამანი – ხვლიკი
ზამბახი – ქვიშა
– ზედმეტია ”წყალი” და ”ქვიშა”, იმიტომ რომ არაცოცხალი ბუნების აღმნიშვნელია.
. როგორ სხეულებს აღნიშნავს დანარჩენი სიტყვები?
– ცოცხალს.
. დაასახელეთ ცოცხალის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
– ცოცხალის ნიშნებია: სუნთქვა, კვება, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა, სიკვდილი. ყველა ცოცხალს აქვს უჯრედული აგებულება.
. დააჯგუფეთ დარჩენილი სიტყვები.
– მცენარეები, ცხოველები, სოკოები.
მცენარეები და ცხოველები ჩვენ უკვე შევისწავლეთ. ესე იგი დღეს ვისაუბრებთ სოკოებზე. ეს იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა.
ეს აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ ფორმას – მიზნის ერთობლივად დასახვას.
აქტივობა: ახალი მასალის შესწავლა
სოკოები ცოცხალი ორგანიზმების თავისებური ჯგუფია. დღესდღეობით ცნობილია მათი 100 ათასზე მეტი სახეობა (სლაიდი). ზოგიერთი მათგანის არსებობას მხოლოდ მათი ქმედების შედეგად ვიგებთ.
მრავალუჯრედიან სოკოებს შორის განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს ქუდიანი სოკოები.
მეცნიერები დიდხანს მსჯელობდნენ, რა იყო სოკო – მცენარე თუ ცხოველი. საბოლოოდ ისინი ცალკე სამეფოდ გამოყვეს.
როგორ ფიქრობთ, რა ნიშნების საფუძველზე გამოყვეს სოკოები ცალკე სამეფოდ?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ მცენარეებისა და ცხოველების დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან მცენარეები:

  

გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან ცხოველები.

აქტივობა: ინფორმაციის გააზრება და დახარისხება
დავალება: მოსწავლეებს ვურიგებთ ბარათებს საინფორმაციო ტექსტით (შესაძლებელია სახელმძღვანელოც) და ვთხოვთ, ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერონ სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:
 
მცენარეები სოკოები ცხოველები
შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამთ კითხვას: იპოვეთ მსგავსება მცენარეებსა და ცხოველებთან? რომელთან უფრო მეტი მსგავსებაა? როგორ ფიქრობთ, რატომ?

მოსაზრებათა გამოთქმის შემდეგ ვუსვამთ ახალ კითხვებს: გინახავთ ვინმეს სოკოები ტყეში? თუ დააკვირდებით, უფრო ხშირად სად გვხვდება ისინი? როგორ ფიქრობთ, რატომ?

სოკოები ხშირად გვხვდება ხეების ძირას, თანაც გარკვეული სახეობები – გარკვეული ხეების ძირას (მაგ. არყა – არყის ძირას).

რას ეფუძნება ხისა და სოკოს ასეთი „კეთილმეზობლური ურთიერთობა”?
სოკოს ჰიფები გარს ერტყმის ხის ფესვებს. სოკო ხიდან იღებს ორგანულ ნივთიერებას, რომლის წარმოქმნა (სინთეზი) თვითონ არ შეუძლია ქლოროფილის უქონლობის გამო, თავად კი მცენარეს წყალსა და მინერალურ მარილებს აწვდის. მაშ, რა ეწოდება მოცემულ თანაცხოვრებას?

დავალება: ჩამოთვლილი ტერმინებიდან აირჩიეთ ის, რომელიც ამ ურთიერთობას გამოხატავს.

ციტოპლაზმა: “ციტოს” – ჭურჭელი, “პლაზმა” -წარმონაქმნი
ქლოროფილი: “ქლოროს” – მწვანე, “ფილონ” – ფოთოლი
ფოტოსინთეზი: “ფოტონ” – სინათლე, “სინთეზი” – შექმნა
სიმბიოზი: ლათ. simbiosis – ერთად ცხოვრება, თანაცხოვრება

შემაჯამებელი შეკითხვა: რა ძირითადი ნიშან-თვისებები ახასიათებს სოკოებს?

სოკოს მნიშვნელოვანი ნაწილია ნაყოფსხეული, ობობას ქსელის მაგვარი ძაფების გროვა კი მიწაშია ჩამალული. ნაყოფსხეული ფეხისა და ქუდისგან შედგება. სოკოს აქვს უჯრედული აგებულება. მის უჯრედებში არ გვხვდება ქლოროფილი. უჯრედის გარსი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ქიტინს, ხოლო სამარაგო ნივთიერებად – გლიკოგენს. სოკოები უმოძრაოა და შეუზღუდავად იზრდება.

როგორც ზემოთ ითქვა, ეს არის გაკვეთილის ერთ-ერთი სავარაუდო მონახაზი, რომელშიც დაგეგმილი აქტივობები აკმაყოფილებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების შემდეგ კრიტერიუმებს:
1. გაუჩნდეს მოსწავლეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
2. განუვითარდეს ბუნებისმეტყველისთვის საჭირო ელემენტარული კვლევაძიებითი და მისი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები;
3. გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი