პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პაოლო იაშვილის „ევროპას“ მულტიმედიური წაკითხვის მცდელობა

ლექსი „ევროპა“ პაოლო იაშვილმა 1922 წელს დაწერა, 1921 წლის 25 თებერვლიდან ერთი წლის შემდეგ. ასი წელი გვაშორებს ლექსში აღწერილ მოვლენებს. დროის სამი ეპოქალური დანაყოფი ახლებური წაკითხვისკენ გვიბიძგებს.

თანამედროვე მკითხველს ტექსტის მულტიმედიური წაკითხვის შესაძლებლობა აქვს, რაც გულისხმობს მედიათა შორის მინიშნებებზე დაკვირვებას, სიტყვის ვიზუალურ გაცოცხლებასა და სემანტიკურ გააზრებას.

პაოლო იაშვილის „ევროპა“ ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომლის წაკითხვამ, ესთეტიკურ გავლენასთან ერთად, კვლევა-ძიებისკენ მიბიძგა. ერთმანეთში აირია სახე-სიმბოლოები, გეოგრაფიული ადგილები, ისტორიული პირები და თარიღები, ხელოვნების ნიმუშები, არქეოლოგიური ძეგლები, ლიტერატურული მიმდინარეობები, ლექსის მახასიათებლები, საფრანგეთის ჰიმნი, პოეტის ბიოგრაფიული დეტალები – ამ ყოველივეს შესახებ საგულდაგულო მოკვლევამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დააგროვა, თითქოს ძაფის აბურდულ გორგლად იქცა, რომლის წვერსაც პოვნა უნდა და ნასკვების ფრთხილი გამოხსნით სათქმელმა განსაზღვრული ფორმა უნდა მიიღოს.

სტატია მიზნად ისახავს ლექსის მულტიმედიურ გაცოცხლებას, თითოეული სიმბოლოს გაშინაარსებას, ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც, თავის მხრივ, ახალი ინფორმაციის მოპოვება-დახარისხებასა და მკითხველის მიერ მათ ახლებურ წაკითხვას გულისხმობს.

ლექსი „ევროპა“ საუკეთესო ტექსტია ისტორიული რეალობის გასააზრებლად და შემეცნებითი სამყაროს გასამდიდრებლად. მოსწავლეებისთვის ლექსის გასაცნობად ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვაა საჭირო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ხელოვნების, მუსიკის მასწავლებლები.

ამასთანავე, დავიმოწმოთ 2019 წელს ამოქმედებული ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო საფეხურის სტანდარტის მთავარი ცნებები – ტექსტის კონტექსტი და მიმართებები ტექსტებს შორის (ინტერტექსტუალობა), რაც სტატიის მიზანს უფრო მეტად დაგვაახლოებს.

ტექსტის გაგება-გაანალიზებისას კი ამგვარ განმარტებას ვკითხულობთ: სასწავლო გეგმაში ტერმინი „ტექსტი“ გამოიყენება ფართო მნიშვნელობით და გულისხმობს როგორც ბეჭდურ, ისე აუდიოვიზუალურ/მულტიმედიურ, აუდიო- და ვიდეოფორმატის ტექსტებს.

გაკვეთილის მიზნები საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტის V და VI საფეხურებსაც ეხმიანება:

ქართ.საბ.5. ტექსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ., ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროსა თუ სივრცეში გადანაცვლებით);

 

ქართ.საბ.6. ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ტექსტების შედარება და მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე;

 

ასე რომ, სტატიაში ასახული კვლევა-ძიება უკავშირდება ეროვნული სასწავლო სტანდარტის მოთხოვნებს. ტექსტის მულტიმედიური წაკითხვა მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლებას სახალისოს ხდის – ქრება დრო, მცირდება მანძილი, აფასებ და ერთმანეთს ადარებ მოვლენებს, პირად ცხოვრებას, თანამედროვე გარემოს, ეცნობი ადამიანებსა და მათ სამყაროს.

სტატიის სათაურის სიღრმისეული გააზრებისთვის განვმარტოთ მედიათა მნიშვნელობა. მედიები (ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, მნიშვნელობის მატარებელი სისტემები – გამოსახულება, ბგერა, ენა, ასევე, ინფორმაციის მატარებელი ან გამტარი…) ერთმანეთზე ზემოქმედებს და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა. მათი შინაარსის ინტეპრეტირებისას გასათვალისწინებელია ისტორიული კონტექსტი. მედიები ერთმანეთზე მიანიშნებს, რადგან აქვს საერთო თვისებები – ქმნის ესთეტიკურ ილუზიას, აქვს ამბის გადმოცემის უნარი (ლევან ცაგარელი).

 

შინაარსი

ამ ლექსს სიუჟეტური შინაარსი აქვს. „ევროპა“ ვერლიბრია და ალაგ-ალაგ გაბნეული რითმა, სტრიქონთა რიტმული წყობა და აგებულება ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს. თავდაპირველად სათაურთან ერთად ამ ყოველივეს გამო მიმიზიდა. შემდეგ დაწერის დროსა (1922) და ლექსში ასახულ დროზე (1915) დავფიქრდი. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი წელია გასული 1921 წლის 25 თებერვლიდან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ პოეტი ლექსის დასასრულს ლეგიონის ორდენის წევრის, ქუთაისში რევოლუციის გადამტანი ბუჭუტა აბაშიძის ხსენებით საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გამოხატავს.

ლექსის სათაური „ევროპა“ ალუზიური გზავნილია, რომელიც გვახსენებს სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობას ევროპაში“. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საბას ჩანაწერების პირველი ნაწილი, მართალია, დაკარგულია, მაგრამ, ლიტერატურათმცოდნეთა ვარაუდით, ტექსტში ასახულ მოვლენებზე დაყრდნობით თხრობა სწორედ პარიზში ყოფნის აღწერით იწყება.

ლექსის დასაწყისი – „1915, იანვარში / პორტმა, რომელსაც გლაზგო ჰქვია, / დიდ ნიაღვარში / მე გამისტუმრა ევროპიდან ინგლისის გემზე „კაბადოკია“ – პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს გვახსენებს. საფრანგეთი ინგლისსა და რუსეთთან ერთად გერმანია-ავსტრიის წინააღმდეგ ომში ჩაება. ქალაქები -პარიზი, რეიმსი, მარნა – სამხედრო ოპერაციების ასპარეზად იქცა. ომით გამოწვეული „ევროპული ქაოსი“ ახალგაზრდა პოეტს სამშობლოში დაბრუნებას აიძულებს.

ლექსის მიხედვით, გეოგრაფიული სივრცე პარიზიდან შოტლანდიაში გადაინაცვლებს, სადაც პოეტს კვლავ საომარი ვითარება ხვდება – ლამანშის სრუტეში ატლანტიკის გემებია ჩალაგებული.

პარიზში კი სენაში გერმანელ ტყვეებს ყრიან, ტროკადეროს ცლიან, ლუვრიდან ლაურა-დე-დიანტის იტაცებენ, „გახდა პარიზი უსიცოცხლო და უსიმღერო“, ბავშვებს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ჯვრებითა და ყვავილებით გზავნიან. ლექსის ლირიკული გმირი შეძრულია ომით, სამშობლოში მორბის, ევროპას ქაოსში ტოვებს და გული სწყდება პერ ლაშეზზე დაკრძალულ ბუჭუტა აბაშიძეზე.

სისხლი, არეულობა, დაბნეულობა, უსამართლობა, შურისძიება, ნგრევა, სისხლი, ცრემლი, თოვლი, ანთებული გემები, ტანკების ქშენა, სასაფლაო, თაობათა გადაშენება, ქაოსი – ლექსში ასახული სახე-სიმბოლოები, რომლებიც პოეტმა ევროპაში განიცადა და უკან მოიტოვა, სამშობლოში 1921 წლის 25 თებერვალს ისევ გაცხადდა.

 

ლექსის რუკა

ერთ სტატიაში მოკლედ რომ წარმომედგინა ლექსში ასახული მოვლენები, ლექსის რუკას შევქმნიდი. ლექსის რუკა ტექსტს და ნახატს მოიცავს, თუმცა უფრო მეტი სემიოტიკური ნიშნებით არის აკინძული. პირობითი ნიშნებით აღსანიშნთა ჩამონათვალი ამგვარია:

მდინარეები: სენა, რეინი, მარნა

ქალაქები: პარიზი, ვერდენი, ლუქსემბურგი, რეიმსი, გლაზგო, ქუთაისი

„გამოვექეცი ევროპის ქაოსს, სისხლს, დანგრეულ რეიმსის ტაძარს…“

 

ქვეყნები: შოტლანდია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

გეოგრაფიული ადგილები: ლამანშის სრუტე, ატლანტიკის ოკეანე, პერ-ლაშეზის სასაფლაო

ხელოვნების ძეგლები: ლუვრი, ტროკადეროს სასახლე, რეიმსის ტაძარი

ნახატი: ტიციანის „ლაურა-დე-დიანტი“

„ვიგონებ დღეებს, როცა ვერდენს მოადგა შანთი, როცა დასცალეს ტროკადერო და ლუვრს მოსტაცეს ლაურა-დე-დიანტი…“

 

ლირიკული პერსონაჟები: პაოლო იაშვილი, ბავშვები, მათხოვრები, გერმანელი ტყვეები და ბუჭუტა აბაშიძე

დრო გაცოცხლდებოდა 1915-დან 1922 წლამდე.

საუბრის დასაწყისში მარსელიეზას ჩავრთავდი. სულ ბოლოს Google-ის საძიებო ველში „ლილლას“ ფრანგულ შესატყვისს „Des Lillas“ ჩავწერდი და ვაჩვენებდი პარიზის ერთ-ერთ უძველეს კაფეს, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში მხატვრების, მწერლების, მომღერლების, მსახიობების თავშეყრის ადგილი ყოფილა. აქ დადიოდნენ ემილ ზოლა, შარლ ბოდლერი, ტეოფილ გოტიე, ონორე დე ბალზაკი, ერნესტ ჰემინგუეი, ამადეო მოდილიანი, პაბლო პიკასო, ოსკარ უაილდი, პოლ ვერლენი, ანდრე ჟიდი (რომელიც საქართველოსაც სტუმრობდა და მეგზურობას სწორედ პაოლო უწევდა), ეზრა პაუნდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, სემიუელ ბეკეტი, ჟან პოლ სარტრი. ამ კაფეში გაუტარებია საღამო ჯეიმს ჯოისს სილვია ბიჩთან ერთად, რომელიც გამომცემლობა „Shakespear & Co.“-ს რედაქტორი იყო და „ულისეს“ გამოცემაზეც აქ შეთანხმებულან.

„ღამის ქალები, პოეტები მოშორდნენ „დარკურს“ და კაფე „ლილლას…“

 

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შესახებ ფოტომასალა მოვიძიე. ამ ლექსის ირგვლივ მრავალფეროვანი გაკვეთილის აგება შეიძლება. მოძიებულ მასალას სლაიდშოუდ ავკინძავდი და გაკვეთილს კადრების ჩვენებით დავიწყებდი. წარმოვიდგენ, მე რა დამაინტერესებდა ყველაზე მეტად და იმის მიხედვით ვმოქმედებ. თავდაპირველად, ალბათ, გაუკვირდებათ, ერთი ლექსი ამდენ ინფორმაციას რომ იტევს, მერე – სიტყვის ვიზუალური გაცოცხლება აღძრავს ცნობისმოყვარეობას.

ისტორიის მასწავლებელი დაიწყებდა პირველი მსოფლიო ომის შესახებ თხრობას და ლექსის დაწერის თარიღსა და ლექსში ასახულ მოვლენებს შორის გაავლებდა პარალელს; შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი გააცნობდა ბავშვებს ლექსში ნახსენებ ქვეყნებს, ქალაქებს, მდინარეებს; ხელოვნების მასწავლებელი ტროკადეროსა და რეიმსის ტაძარზე, პერ-ლაშეზის სასაფლაოსა და იქ დაკრძალულ ცნობილ ადამიანებზე ისაუბრებდა; მუსიკის მასწავლებელი საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის – „მარსელიეზას“ შექმნის ისტორიას მოჰყვებოდა, მოვუსმენდით ჰიმნის ვოკალურ და ინსტრუმენტულ ვერსიებს; ქართულის მასწავლებელი ლირიკის ჟანრის – ჰიმნის შესახებ მოკლე მიმოხილვით გადავიდოდა ვერლიბრის მახასიათებლებზე, ლექსის ლირიკული პერსონაჟის პარიზში წასვლის მიზეზების, იქ ყოფნისა და მისი უკან დაბრუნების შესახებ ისაუბრებდა, მხატვრულ ხერხებს, სახე-სიმბოლოებს, აკა მორჩილაძის „მორიდებულ ზურმუხტსა“ და პოსტმოდერნოზმს მსუყე ლუკმად მოიტოვებდა.

დამეთანხმებით, ზღვა ინფორმაციაა. თუ მიზნად დავისახავთ მხოლოდ ინტერესის აღძვრას, ერთი დღის ყველა გაკვეთილი შეგვიძლია დავგეგმოთ და კიბის პრინციპით მივყვეთ – ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა, ქართული; თუ გვინდა, ცოდნა მყარი იყოს, შეგვიძლია, ერთ კვირაზე გავწეროთ თავისი საშინაო დავალებებით და კომპლექსური დავალების შესრულებით დავასრულოთ.

ეპოქალური მოვლენების სურათ-ხატებად გაცოცხლება დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს. პოეტის ლირიკული სამყარო თვითჩაღრმავებასთან ერთად მისი ბიოგრაფიული დეტალების მოძიებისკენ გვიბიძგებს.

 

პაოლოს პარიზი

აქ უნდა ვახსენოთ ბიოგრაფიული დეტალი პოეტის ცხოვრებიდან, კერძოდ, 1913 წელს 20 წლის პაოლო საფრანგეთში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც გაეცნო ფრანგ მხატვრებს, პოეტებს, შეისწავლა ენა და თარგმნიდა კიდეც.

ბიოგრაფიულ ნარკვევებში ვერსად მივაკვლიე, რომელ ინსტიტუტში სწავლობდა პაოლო. თვითმიზნად დავისახე, ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიკვლიო და პარიზის მოსანახულებელ ადგილთა ნუსხაში შევიტანო.

„პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შევხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტული ბოჰემის და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე… პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭმუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიიონის ლექსები, სადაც ყველა თანამედროვე მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტის ეს წინაპარი გონებამახვილურად დასცინის ჯალათებს და მათ მიერ ამართულ სახრჩობელებს. პაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევნის აუზში მობანავე ბეღურების ცქერა, რაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბრყვილო, მაგრამ მიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის“, – იგონებს გერონტი ქიქოძე (პაოლო იაშვილი, 1956 წელი). მადლიერების განცდა მეუფლება ამ მცირე ჩანახატის აღმოჩენისას, რადგან კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს პაოლოს პიროვნება, ვიგებთ მისი სანაცნობო წრისა და იმ ადგილების შესახებ, სადაც სიარული უყვარდა. პარიზის ლიტერატურულ მარშრუტს ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტსა და კაფე „ლილლთან“ ერთად ესტრაპადის ქუჩა და ლუქსემბურგის ბაღიც შეემატა.

 

ვინ იყო ბუჭუტა აბაშიძე?

„პარიზში დამრჩა ერთი საფლავი,

ლეგიონის ორდენის წევრი,

აღმოსავლეთში განთქმული გმირი,

და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის,

მკვდარი მარნასთან,

პერლაშეზზე განსვენებული

ბუჭუტა აბაშიძე“.

სტატიაზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, მაშინვე დავწყე ბუჭუტა აბაშიძის შესახებ ინფორმაციის მოძიება, თუმცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხოლოდ 1914 წლის გაზეთ „სახალხო ფურცელში“ გამოქვეყნებულ ფოტოს მივაგენი, რომლის წარწერა გვამცნობს ბუჭუტა (ალექსანდრე) აბაშიძის საფრანგეთში გარდაცვალებას.

კვლევა-ძიებისას მკითხველის ბლოგიდან შევიტყვე, რომ აკა მორჩილაძის რომანის „მორიდებული ზურმუხტის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ბუჭუტა აბაშიძეა. საახალწლო სამზადისის პარალელურად აღმოვჩნდი პოსტმოდერნულ ტექსტში, სადაც 1911 წელია. საქართველოს იმპერატორი ჰყავს, რომელიც დირიჟაბლით მოძრაობს. იმპერატორის ბრძანებით ფოთს თბილისი ჰქვია, თბილისს – ფოთი. იმერეთში აჯანყება მზადდება, რომელსაც თავადი, გაქნილი და გაიძვერა მარგალიტე აბაშიძე მეთაურობს. სწორედ ამ უკანსკნელის ხლართებით საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოჰყავთ ბუჭუტა აბაშიძე და მეთაურად ნიშნავენ. ბუჭუტას საქართველო „ვეფხისტყაოსანი“ ჰგონია და ამ თვალსაწიერით ზომავს რეალობას, რომელიც დიდი სიცრუეა. წიგნის გმირ ბუჭუტა აბაშიძეს იმერეთის ტყეში კლავენ. მასთან ერთად კვდება გლახუნა ბაქრაძეც. რომანი გაძეძგილია ალუზიებით ქართული თუ უცხოური ლიტერატურიდან. ავტორი თამაშობს ყველაფრით – წარსულით, სინამდვილით, ლიტერატურით, პერსონაჟებით და დიდი ინტელექტია საჭირო, რომ ამ თამაშში მთავარი გზავნილები ამოიკითხო. სასიამოვნოა იმის განცდაც, რომ, მიუხედავად ამდენი ალუზიისა, მკითხველს საკუთარი სათქმელი გიგროვდება. ყველაზე მეტად თხრობის სტილი, მწერლის ენა და პერსონაჟთა ხასიათები გხიბლავს. გულუბრყვილო, კეთილი, მამაცი ბუჭუტა აბაშიძე გამბედაობითა და სამხედრო მიღწევებით ჰგავს პაოლო იაშვილის ლექსის ლირიკულ გმირს, თუმცა მისი ბიოგრაფიის შესახებ ახალს ვერაფერს ვიგებთ.

კითხვა კი ბევრი ჩნდება: რა ურთიერთობა ჰქონდა პაოლო იაშვილს ბუჭუტა აბაშიძესთან? შეიძლება თუ არა პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ბუჭუტას საფლავის მიგნება? რა კავშირი ჰქონდა მას 1905 წლის რევოლუციასთან? რატომ იყო განთქმული აღმოსავლეთში? რა დამსახურებისთვის გახდა ლეგიონის ორდენის წევრი? აქვე იმასაც ვფიქრობ, რომ ინტეგრირებულ გაკვეთილზე ისტორიის მასწავლებელს ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ დაარსებული ორდენის შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოუწევს.

ერთ-ერთ კითხვას პასუხი გასცა ღია ბარათმა, რომელიც 1914 წლის 10 იანვარს პაოლო იაშვილს პარიზიდან დავით მესხისთვის გამოუგზავნია. ბარათს ინტერნეტში (niamorebi.ge) მივაკვლიე, მისი ორიგინალი კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

 

Давиду Месхи, газ. „Ери“, Кутаисъ, Caucase

დათიკოს, გრიგოლს, ბესარიონს, გუცას, გიორგის

სალამი ყავახანა „Paskal“იდან.

ყველას ერთობით!

. იაშვილი. . ალშიბაია, . გერ. ქიქოძე. . ბერელაშვილი. . კედია, ნუცა შიუკაშვილი. . ივანიშვილი, . ., ტარას ბაღაშვილი, . ხიზანაშვილი, . პავლიაშვილი, ბუჭუტა აბაშიძე, ქოჩიაშვილი, . მეტრეველი

 

 

როგორც ვხედავთ, კაფე „პასკალში“ პაოლო იაშვილთან, გერონტი ქიქოძესა და სხვებთან ერთად ბუჭუტა აბაშიძეც ყოფილა, რაც მათ ნაცნობობას ადასტურებს.

მდინარე მარნას ხსენება კიდევ ერთ ტექსტს გვახსენებს, კერძოდ, მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილს“ (1928 წ.), რომლის მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი მდინარე მარნასთან გაშენებულ ქალაქ ნოჟანში გაიცნობენ ერთმანეთს. ორივე ტექსტი დაახლოებით ერთი და იმავე დროს არის დაწერილი და ინტერტექსტუალური პარალელების გავლება საინტერესო აღმოჩენებამდე მიგვიყვანს.

 

ზმნები პირველი პირის ნიშნებით

ზმნებზე დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ის ფორმები იქცევს, რომლებშიც ლექსის ლირიკული გმირის პირადი დამოკიდებულებები ჩანს: გამისტუმრა, ვიგონებ, გამოვექეცი, ვნახე, გავიღიმე, დამრჩა – გრამატიკის სწავლებისას შეგვიძლია პირველი პირის ნიშნებით გამოხატული განწყობის სემანტიკურ მნიშვნელობაზე დავფიქრდეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართულის გაკვეთილი ბოლოსთვის მოვიტოვეთ. სლაიდშოუს ჩვენებისა და ლექსში ასახული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მხოლოდ ეს ზმნები ჩამოვწეროთ დაფაზე და მოსწავლეებს ვთხოვოთ, გამოიცნონ, რა შეიძლებოდა გადახდენოდა თავს პოეტს.

ასი წლის შემდეგ მაოცებს ჩვენი პოეტების, მწერლების, მხატვრების ცოდნა სამყაროს შესახებ და მათი თვითგამოხატვის ფორმები. საკვირველია, როგორ ახერხებდნენ უინტერნეტო ეპოქაში ამდენი ინფორმაციის დაუფლებას, ნაცნობობის გაბმას. კვლევა-ძიების შედეგად ერთ მნიშვნელოვან რამეზე მეფიქრება – ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეში ჩვენ, თანამედროვე საზოგადოება, შევძლებთ კი პაოლო იაშვილის მსგავსი მოაზროვნის აღზრდას? კითხვამ პათეტიკურად რომ არ გაიჟღეროს, სამოქმედო გეგმასავით მივაბათ ქმედება, კერძოდ, ინტერმედიულად გაცოცხლებული ტექსტები მოზარდებს ნამდვილად მისცემს მყარ ცოდნას და დამოუკიდებელი მაძიებლობის სურვილსაც გაუღვივებს.

 

„როცა დასცალეს ტროკადერო…“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გივი ბოჯგუა, ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება. თბილისი, 2015
  2. ლევან ცაგარელი, ინტერმედიალობა და მედიათაშორისი კვლევები
  3. საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა
  4. აკა მორჩილაძე, მორიდებული ზურმუხტი. თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013
  5. https://niamorebi.ge/%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი