პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების ასპექტები თანამედროვე სასკოლო განათლებაში

ზოგადი დებულებების თანახმად, დემოკრატია გამოვლინდება:

1) ცხოვრების ფორმაში;
2) საზოგადოების ფორმაში;
3) მართვის ფორმაში.სწავლებისას დემოკრატია სამივე ამ ასპექტში ვლინდება. რამდენიმე ხნის წინ დემოკრატიულ ასპექტად მხოლოდ მართვის ფორმა მიიჩნეოდა, თანამედროვე წარმოდგენით კი დემოკრატია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მართვა.

დემოკრატიული ცნობიერების ვიწრო ჭრილში განსახილველად საჭიროა ისტორულ-პოლიტიკური გარემოს გათვალისწინება. ამერიკისა და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა დემოკრატიული ცნობიერების განვითარების უდავოდ გრძელი გზა განვლეს. საპირისპირო ვითარებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა), სადაც დემოკრატიის როგორც მართვის ფორმის ისტორია მხოლოდ ორ ათეულ წელიწადს მოიცავს.
გზა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე გადამწყვეტია ნებისმიერი ერისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განათლების სისტემა ძირფესვიანად შეიცვალა. ორიენტირად უმთავრესად დასავლური გამოცდილება იქნა გამოყენებული. დასავლეთ ევროპის დემოკრატიულ ფასეულობებში მთავარი ადგილი პირად (ინდივიდუალურ) პასუხისმგებლობას ეკავა, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირში უპირატესად კოლექტიური პასუხისმგებლობა მიიჩნეოდა.
მოზარდის პიროვნულ ჩამოყალიბებაში ოჯახთან ერთად უდიდეს როლს ასრულებს სკოლაც. განათლების სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ სკოლა უყალიბებს და უვითარებს მოზარდს ლიბერალურ ღირებულებებს.
სკოლა დაწესებულებაა, რომელსაც საკუთარი სტრუქტურა და წესები აქვს. ეს არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო და პიროვნების ჩამოყალიბების პროცესები სინქრონულად იმართება, ერთი სიტყვით, სკოლა არის სოციალური ინსტიტუტი, სადაც პიროვნება ყალიბდება.
თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში განსაზღვრულია ღირებულებანი, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ, კერძოდ, სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს. თავისუფლება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მეგობრობა, ღირსება, ტოლერანტობა, ჰუმანურობა – ეს ზნეობრივი ნორმები სწორხაზოვნად გასდევს ნებისმიერი დემოკრატიული საგანმანათლებლო სისტემის ქმედებას. აქვე ნიშანდობლივია საქართველოს მაგალითი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნულ გეგმაში ხაზგასმულია ლიბერალურ ღირებულებათა როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში: სკოლამ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი პირად მაგალითზე აჩვენებდეს მოსწავლეს, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა.
მაშასადამე, კანონი ზოგადი განათლების შესახებ და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები პირდაპირ ავალდებულებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოში გაწევრებულმა ქვეყანამ, აღიარა საერთოევროპული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. განათლების სისტემა მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
ღირებულებების სწავლება მანამდე არ იქნება ეფექტური, სანამ ის გარკვეულ ადგილს არ დაიკავებს სასკოლო განათლებაში. სკოლა წარმოადგენს დემოკრატი მოქალაქის მოსამზადებელ ადგილს, რომელსაც ოთხი ძირითადი ფუნქცია აკისრია:
1. მისცეს მოსწავლეს ყველა ის უფლება, რაც კანონით არის გათვალისწინებული;
2. ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სწავლებას;
3. თანაბარი უფლებებით ჩართოს თითოეული მოსწავლე სასწავლო პროცესებში;
4. წაახალისოს მოსწავლეები სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის და ასწავლოს მათ მოქალაქეობრივი უფლებები.
დემოკრატ მოქალაქეებად მოსწავლეთა აღზრდა ნებისმიერი სასკოლო პროცესის გლობალური მიზანია. ადამიანური ფასეულობანი, რომლებსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე ეუფლებიან ბავშვები, მათ ასაკთან ერთად ვითარდება. დაწყებით კლასებში მასწავლებელი ფოკუსირებას ახდენს ინდივიდუალიზმზე; მისი მიზანია, ბავშვებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარი გაუღვივოს. ამ შემთხვევაში დემოკრატია როგორც ცხოვრების ფორმა საშუალებას აძლევს მოზარდებს, პირდაპირი კავშირი დაამყარონ სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ გამოცდილებასთან.
სასკოლო განათლების საბაზო საფეხურზე აქცენტი კეთდება დემოკრატიაზე როგორც საზოგადოების ფორმაზე; სოციუმზე, რომლის მიზანია ხელსაყრელი სოციალური განათლების მიღება (კომუნიკაციის განვითარება, სხვათა მიმართ პატივისცემა, პასუხისმგებლობა, ურთიერთთანამშრომლობა).
მოზარდთა ცნობიერების ფორმირების პროცესი თანდათანობით და მოქნილად უნდა იქნეს შეტანილი სასწავლო გეგმაში. ვინაიდან სწავლება კონსერვატიული, სავალდებულო ქმედებაა, მასწავლებელმა სინქრონულად, სრულიად ძალდაუტანებლად უნდა ჩართოს ფასეულობათა სწავლება არსებულ პროგრამაში, რათა მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი დასმული საკითხის ირგვლივ.
ღირებულებები ისწავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. თუ ჩვენ სასწავლო პროცესს მხოლოდ ტერმინებისა და განმარტებების დასწავლით წარვმართავთ, მივიღებთ პირდაპირ სწავლებას, რომელიც უეფექტოა, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთი სახით შესწავლილი ზნეობრივი ნორმები მოზარდის პიროვნებას ვერ განავითარებს. ადამიანურ კრიტერიუმთა შეფასების სტანდარტები, რომლებსაც მოსწავლე გაკვეთილზე წიგნიდან პირდაპირი მნიშვნელობით აითვისებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გადმოიტანება, ვინაიდან ეს პროცესი წმინდა მექანიკურ დატვირთვას შეიძენს. დემოკრატიული ღირებულებების პრაქტიკაში გადატანა და დანერგვა მეტად საპასუხისმგებლო მომენტია. მასწავლებელმა სწავლების პროცესში აუცილებლად უნდა ჩართოს სოციალურ უნარ-ჩვევათა სისტემა. მოსწავლეები ფასეულობებს ითვისებენ ძირითადად სოციალური მეცნიერებების, ხელოვნების, ისტორიისა და ლიტერატურის სწავლის შედეგად.
`ღირებულებების ათვისება” ხორციელდება სწავლების სხვადასხვა მეთოდით, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს ცოდნის დაუფლებასთან. აქ მნიშვნელოვანია, რა გზით მივიტანთ ამ მზა „პროდუქტს” მოსწავლემდე და რა სტრატეგიებს ჩავრთავთ სასწავლო პროცესში. როგორც უკანასკნელმა პედაგოგიურმა კვლევებმა ცხადყო, დემოკრატიული ცნობიერების განვითარებას, მის ფორმირება-ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს სასწავლო მიზნის, კურიკულუმის, დიდაქტიკური მეთოდებისა და სწავლების სტრატეგიების მართებული განსაზღვრა. თანამშრომლობა, სასწავლო პროცესებში ჩართულობა და ინტერაქციული მუშაობა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას და უყალიბებს მათ ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე ყურადსაღებია ნებისმიერი მოსწავლის ხედვის გაზიარება მასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობითი პროცესებით.

არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც, დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს მოზარდის დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ სტრატეგიების თანახმად:

1. მოსწავლეთა ცნობიერების განვითარება და ფორმირება უნდა მოხდეს პირადი ღირსების, პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ძალდაუტანებლად, სასწავლო პროცესების თანხლებით;
2. სწავლება წარიმართოს ერთობლივი და თანამშრომლობითი, ჯგუფური სწავლების საფუძველზე;
3. სკოლებში სასწავლო პროცესები განხორციელდეს იმ სასწავლო დოკუმენტებით, რომლებიც დემოკრატიული განათლების პრინციპებს ემყარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი