ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როცა მათემატიკის სწავლა რთულია

მესამე კლასელს ეშინია მათემატიკის და ელემენტარულ დავალებებსაც კი ვერ უმკლავდება. მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი ზარმაცობს, მაგრამ ასე როდია. ბავშვმა არ იცის, რატომ უძნელდება მარტივი მაგალითების ამოხსნა და არც ის იცის, როგორ მოიქცეს. ამ სიტუაციას,  შესაძლებელია, ასეთი ახსნა ჰქონდეს – დისკალკულია, შესწავლის უუნარობა, რომელიც მათემატიკის სწავლის, მისი გაგების სირთულეებში გამოიხატება.

დისკალკულია კარგად გამოკვლეული არ არის. მისით დაავადებული ადამიანები ხშირად  იძულებულნი არიან, დახმარების გარეშე ებრძოლონ საკუთარ თავს. უმეტესად დისკალკულია სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს. ბავშვი ვერაფრით ითვლის ათამდე, ფორმისა და ფერის მიხედვით საგნებს ვერ ახარისხებს. პირველ კლასში მას არ შეუძლია მარტივი მაგალითების ამოხსნა, თუმცა კი ყოველ საღამოს მშობლები თავგამეტებით ამეცადინებენ. მათემატიკაში ის აშკარად ჩამორჩება თანატოლებს – ისინი უკვე გამრავლება-გაყოფაზე არიან გადასული, ბავშვს კი მიმატება-გამოკლების ანი-ბანი არ ესმის…

დისკალკულიის მქონეებს არ აქვთ რიცხვების „შეგრძნება“. მათთვის ძნელი გასაგებია, რომ შვიდი შვიდია, მაგრამ სირთულე წარმოიქმნება არა მარტო რიცხვების აღქმაში, არამედ მეტ-ნაკლებობის გააზრებაშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მათემატიკურ ნიშნებში გამოიხატება. ხშირად დისკალკულიას თან ახლავს სივრცის აღქმისა და ორიენტირების  პრობლემები.

ეს უცნაური დაავადება მოსახლეობის 3-6% მოიცავს. ცნობილია, რომ დისკალკულიის ბოლომდე დამარცხება ვერ ხერხდება. მკვლევართა დაკვირვებით, ის თანაბრად გვხვდება მამაკაცებსა და ქალებში. ერთ-ერთი მოსაზრებით, ის შეიძლება თან სდევდეს ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებას, მაგალითად, მყიფე X- ქრომოსომის ან ტერნერის სინდრომს.

როგორ ვლინდება ის ბავშვებში? როგორც აღვნიშნეთ, დაავადება შეიძლება განვითარდეს გენეტიკური, ორგანული და ფსიქოგენური დარღვევების ფონზე. დიაგნოზის დასმის დროს ექიმები იკვლევენ მის ძირითად მიზეზს, რადგან ეს გავლენას ახდენს შემდგომი თერაპიული ტაქტიკის სწორ შერჩევაზე.

თუ მშობლები ან მასწავლებლები აიძულებენ ბავშვს მათემატიკის სწავლას, მკაცრად დასჯიან შეცდომების გამო, ბავშვს შიში შეიპყრობს, გახდება ჩაკეტილი და უარყოფითად განწყობილი არითმეტიკის მიმართ. გარდა ამისა, დაავადების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის ორგანულმა დაზიანებებმაც, რაც დაამახინჯებს ვიზუალურ აღქმას, შეამცირებს სივრცითი ურთიერთობების უნარს. დარღვევები იქმნება გართულებების ფონზე გესტაციის დროს, ინფექციური დაავადებების გადატანის, ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების მიღების, თავის ტრავმის შემდეგ.

ხშირად დისკალკულია ემთხვევა სხვა პრობლემებს, მაგალითად, დისლექსიას. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე ხშირად მის პირველ ნიშნებს მასწავლებლები, უფრო – დაწყებითი კლასების დამრიგებლები ამჩნევენ. ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბავშვი შეიძლება ზარმაცი კი არ იყოს, არამედ რაღაც სხვა პრობლემას უჩიოდეს.

დაწყებით კლასებში დისკალკულიის მქონე ბავშვები აგრძელებენ თითებზე თვლას და ეს მაშინ, როდესაც სხვები უკვე გონებაში ამატებენ და აკლებენ რიცხვებს. ასევე, შეიძლება პრობლემები იყოს მათემატიკური ნიშნების აღქმაში. ასეთი ბავშვები აქტიურად არიდებენ თავს ყველა თამაშს, რომელიც თვლას ან მათემატიკურ ოპერაციებს უკავშირდება.

ეს პრობლემები შენარჩუნებულია საშუალო სკოლაშიც. მოსწავლეები კარგად ვერ უმკლავდებიან ფორმულებს, რაც ფიზიკისა და ქიმიის სწავლაში უშლით ხელს. ვერ ერევიან იმ დავალებებს, სადაც სხვადასხვა რაოდენობის სხვადასხვა ინგრედიენტები უნდა დაკავშირდეს, ვერ იგებენ გრაფიკებსა და სქემებს.

ბავშვებს პრობლემები საკლასო ოთახის მიღმაც უჩნდებათ. მათ არ იციან, როგორ წარმართონ საკუთარი ბიუჯეტი, ხშირად იგვიანებენ, ვერ უმკლავდებიან დროის მართვას, ერთმანეთში ერევათ მარჯვენა და მარცხენა.

„აბსოლუტურად არ მაქვს წარმოდგენა დროზე. „დრო მიფრინავს“, „დრო იწელება“ – ეს ყველაფერი არ მესმის. ჩემთვის ძალიან რთულია იმის გააზრება, როგორ გადის დრო ისრიან და ციფრულ საათზე. სკოლაში დროის გაზომვა ფლეილისტებით ვისწავლე – სიმღერების რაოდენობით ვიგებდი, მაგვიანდებოდა თუ არა სკოლაში. მაღაზიებში კი დავიმახსოვრე, რომ ყვითელი ეტიკეტები ფასდაკლებაზე მიუთითებდნენ. ზოგჯერ თარიღები მამახსოვრდება, მაგრამ უსისტემოდ. წელიწადზე მეტხანს დამჭირდა, რომ ჩემი საკრედიტო ბარათის პინკოდის დამემახსოვრებინა, მაგრამ დედაჩემის დაბადების დღე ვერ დავიმახსოვრე და მისი ასაკი არასდროს ვიცი“, – ამბობს ამ დაავადების მქონე ლინ როტმანი  TEDxVennelystBlvd-ზე გამოსვლისას.

 

დისკალკულიის დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა სპეციალური ტესტების გაკეთება: ძალიან მარტივის და რთულის – მათ სპეციალისტები ატარებენ. თუმცა, დიაგნოზის დასადგენად მხოლოდ ტესტები საკმარისი არ არის. ასეთ ბავშვთან მუშაობაში ჩართულნი არიან ფსიქოლოგები, ლოგოპედები, ნეიროფსიქოლოგები, დეფექტოლოგები. ტესტების დროს სპეციალისტები ხშირად ითხოვენ ოჯახის ისტორიის აღწერას, ზოგადი კითხვარის შევსებას თქვენი შვილის ძლიერი და სისუსტი მხარეების შესახებ. მიზანშეწონილია, თუ სკოლის მოსწავლეზე ვსაუბრობთ, დიაგნოზის დასმის დროს, ბავშვის მასწავლებელიც გამოიკითხოს.

 

სწორი მიდგომით დისკალკულიის მქონე ბევრი ადამიანი ახერხებს მათემატიკასთან დამეგობრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი. ასეთ მოსწავლესთან პედაგოგს ინდივიდუალური გეგმის შედგენა დასჭირდება. ეს დაეხმარება წარმატების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეზე არ მოხდეს ზეწოლა, პასუხის გასაცემად  გაკვეთილზე მას მეტი დრო დაეთმოს. დიახ, ეს რთულია, განსაკუთრებით დიდი კლასის კონტროლისა და ტესტირების პირობებში.

ხშირად მასწავლებელს ამაში მათემატიკის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება ეხმარება.  ვთქვათ, ბავშვს შეუძლია დახატოს სურათი და ისე ახსნას. ტესტების ჩატარების დროს, ერთის გარდა, ყველა დავალება ქაღალდით გადაფაროს, რათა ეს წაეხმაროს კონცენტრირებაში.

ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვს მასწავლებელმა ნაკლები საშინაო დავალება უნდა მისცეს, დაავალოს ერთგვაროვანი მაგალითების ამოხსნა.

ბავშვს შეუძლია, დაიხმაროს კალკულატორი ან ტესტები ღია სახელმძღვანელოთი გაიაროს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ყურადღება მას მასალის იდეაზე გაუმახვილოს და არა მასალის დამახსოვრებაზე. სცადოს სხვადასხვა მეთოდები: რიცხვითი ხაზები, ფერების კოდირება, ინტერაქტიული თამაშები, მათემატიკური მანიპულაციები.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში მშობლის როლიც დიდია. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მათემატიკის სწავლების მულტისენსორულ მეთოდებს, რომელთა გამოყენება სახლის პირობებში შეიძლება. კარგია სამაგიდო თამაშებით სწავლებაც.

ასეთ ბავშვებს ფსიქოლოგთან ან ლოგოპედთან ერთად ენიშნება ფსიქოკორექციული ვარჯიშები, რომლებიც ააქტიურებენ ნერვულ კავშირებს. ზოგჯერ სამკურნალოდ ნოოტროპულ საშუალებებს გამოიყენებენ. სპეციალისტები ბავშვს სივრცეში ორიენტაციას ასწავლიან, ამყარებინებენ კავშირს გეომეტრიულ ფიგურებსა და მათ გამოსახულებას შორის; ეხმარებიან იმის გაცნობიერებაში, რა არის სიმაღლე, სიღრმე, სიგანე, სიგრძე.

დისკალკულიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ადრეული ასაკიდან მცირე მოტორული უნარების მუდმივი ვარჯიში. მშობლებმა უნდა აუხსნან პატარას, რა არის ფერი, ფორმა, ზომა, სხვადასხვა მათემატიკური სიმბოლო; მასთან ერთად უნდა ამოხსნან მარტივი მაგალითები.

საყურადღებოა, რომ მათემატიკური წიგნიერების პრობლემა სამომავლოდ ამცირებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი წიგნიერების  ნაკლებობა. მაგალითად, ბრიტანეთში ჩატარებულმა სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც არითმეტიკასთან დაკავშირებით სერიოზული სირთულეები ჰქონდათ, უფრო ნაკლებ სამუშაო ანაზღაურებას იღებდნენ, უფრო ხშირად ავადდებოდნენ და კანონებსაც მეტად არღვევდნენ.

 მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი