პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კვირის გეგმით მუშაობა

კვირის გეგმის ისტორიული ფესვები

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დამლევს დასავლეთის სკოლებში დაიწყო კვირის გეგმით მუშაობის მეთოდის დანერგვა, ხოლო მის მასობრივ გამოყენებას მოგვიანებით, მე-20 საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს, რომ კვირის გეგმა საუკეთესო მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლის შესაძლებლობას აძლევს და ისეთი მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება, როგორებიცაა დაგეგმვა, მონიტორინგი/ანალიზი, შეფასება/თვითშეფასება.
კვირის გეგმის ისტორიული ფესვები რეფორმპედაგოგიურ მიმართულებას უკავშირდება. სელესტინ ფრეინემ განავითარა კონცეფცია „სამუშაო გეგმა” – იგი კლასის საბჭოში ყოველი კვირის ბოლოს განიხილავდა მომავალი კვირის თემებსა და დავალებებს. კლასის საბჭოს მიერ დადგენილი კვირის სამუშაო პროგრამის მიხედვით დგებოდა კოლექტიური გეგმა – კლასის სამუშაო გეგმა, ამ უკანასკნელზე დაყრდნობით კი ყოველი მოსწავლე კვირის დასაწყისში წარმოადგენდა კვირის ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ან დამოუკიდებლად, ან მასწავლებლის დახმარებით ადგენდა.
ამერიკელმა სოფლის მასწავლებელმა ჰელენ პარკჰურსტმა, მას შემდეგ, რაც მარია მონტესორის დაემოწაფა, წამოიწყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა მათი ინდივიდუალური ნიჭისა და შესაძლებლობების, მიდრეკილებებისა და რიტმის გათვალისწინებით. იგი მასალით ამარაგებდა მათ და აძლევდა მითითებებს, როგორ გამოეყენებინათ ის. ამ მასალისა და მითითებების გათვალისწინებით თითოეულ მოსწავლეს უნდა შეედგინა ინდივიდუალური ერთკვირიანი სასწავლო გეგმა, რომელსაც მასწავლებელს წარუდგენდა. ეს იყო ერთგვარი კონტრაქტი (Daltoplan), რომელიც იდებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და რომლის შესრულებაზეც მოსწავლე აგებდა პასუხს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი