ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ოცდამეერთე საუკუნის გაკვეთილების სერიიდან

მასწავლებელი, რომელიც არ უშინდება სიახლეებს, სიახლეებიდან გამოარჩევს ღირებულს,  შექმნის ისეთ სასარგებლო მედიაპროდუქტს,  რომელიც  ხელს შეუწყობს სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში, უკვე 21-ე საუკუნის კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელია.  მეც ვცდილობ, ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომელიც გამოწვევას  არ უშინდება. ვცდილობ შევქმნა ისეთი მედიაპროდუქტი, რომელიც   სწავლებას სახალისოს, ცოდნას კი გამოყენებადს  გახდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნათლად დავანახო საზოგადოებას, როგორ შეიძლება, ტრადიციული  გაკვეთილი ვაქციოთ  სახალისო სწავლების პროცესად, რომლის დროსაც მოსწავლეები მოახერხებენ ახალი ინფორმაციის მოძიებას (გამოვიყენოთ სახელმძღვანელო, ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი), ინფორმაციის დახარისხებას და ძირითადი გზავნილების გააზრებას, მოსაზრებების მტკიცებულებით გამყარებას,  პერსონაჟის როლის მორგებას და ისეთი მედიაპროდუქტის შექმნას,  რომელიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, ისე ისწავლონ ახალი მასალა, რომ  მხოლოდ ისტორიული მოვლენები კი არ  დაამახსოვრდეთ, არამედ არსებული ვარაუდების შესახებ მტკიცებულებები თავადაც მოიძიონ  და კლასელების დახმარებით შექმნილი მედიაპროდუქტიდანაც შეიტყონ; ეს კი სწორედ ის უანრებია, რომელიც  სასიცოცხლოდ აუცილებელია 21-ე საუკუნეში;

ნაბიჯი 1. გამოცდილების გაზიარება სოციალურ ქსელში

დღეს ერთ-ერთი საინფორმაციო სივრცე მასწავლებლებისთვის სოციალური ქსელია, ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებელმა მიიღოს საინტერესო ინფორმაცია, დაახარისხოს, მნიშვნელოვანი გამოარჩიოს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვენების გამოტანის მერე სიახლე შეიტანოს საგაკვეთილო სივრცეში.   მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკაში ახალი რომ არ არის გამოცდილების გაზიარება,   ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ ხდება ამ გამოცდილების მორგება ჩვენს საგაკვეთილო სივრცეში, დღეს ეს მთავარია. ამიტომ მე ხშირად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იმ მასალას, რომელიც „ერთი ხელის გაწვდენაზეა“. ალბათ ადვილად მიმიხვდით, Facebook -ზე რომ ვსაუბრობ; ეს არის ადგილი, სადაც ხშირად ერთმანეთს ვესაუბრებით სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები, ვეხმარებით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, ვიღებთ და გავცემთ ახალ ცოდნას და კარგად ვიცით, რომ ჩვენ არ „ვიგონებთ ახალ ველოსიპედს“, ჩვენ ვხედავთ, ვაფასებთ, როგორ მუშაობენ სხვები და საჭიროებისამებრ ვიყენებთ ჩვენს საგაკვეთილო პროცესშიც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაბიჯი 2. ინფორმაციის გამორჩევა

ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებისამებრ, ფეისბუქის მთავარ გვერდს ვათვალიერებდი. სოციალურ ქსელში გაზიარებული იყო უცხოელი კოლეგის საინტერესო მასალა. ინგლისურენოვანი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ,  შესაბამისი დასკვნის გამოტანა მოვახერხე და მივხვდი,  რომ ამ მასალას ჩემი საგაკვეთილო პროცესის დროს, კერძოდ კი ახალი მასალის ახსნისთვის გამოვიყენებდი; სხვადასხვა კუთხით  შევაფასე ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობები, ჩამოვწერე ძირითადი აქტივობები და მეორე დღისთვის საინტერესო გაკვეთილი დავგეგმე.  ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ დავინახე, როგორ შეიძლებოდა კიდევ ერთი,  თავგადასავლებით სავსე, საინტერესო გაკვეთილი ჩაწერილიყო ჩემი მოსწავლეების ცხოვრებაში.  აუცილებელი იყო მომეფიქრებინა,  როგორ მოვახერხებდი ყველა მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში ისე, რომ ინტერესი არ განელებოდათ არა მხოლოდ კლასში, არამედ სახლში მისვლის შემდეგაც. ასევე ვიცოდი, ისე უნდა მიმეწოდებინა ახალი აქტივობა, რომ  ყველა თანაბრად ყოფილიყო ჩართული. ფერად ფურცლებზე ჩამოვწერე ყველა იმ ისტორიული პერსაონაჟის სახელი, რომელიც თამარ მეფის პერიოდს უკავშირდებოდა, სულ 15-მდე გამომივიდა ასეთი პიროვნება. ვიფიქრე, რომ აჯობებდა წყვილებში ემუშავათ…

 

ნაბიჯი 3.

                            21-ე საუკუნის გაკვეთილი მე-9 კლასში

თამარ მეფის ეპოქა , ისტორიული პერსონაჟები და მოვლენები სოციალურ ქსელში ;

გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში, ერთ-ერთ მაგიდაზე ფერადი ფურცლები ისე დავალაგე, რომ წარწერა მოსწავლეებს არ დაენახათ; კლასში შესვლის დროს ერთ-ერთი მოსწავლის სიტყვები მომესმა: „თავგადასავლები გრძელდება, ნეტავ, ახლა რა მოიფიქრაო.“ ამ ფრაზამ კიდევ უფრო მეტად გამიღრმავა აზრი, რომ მოსწავლეს უნდა უხაროდეს გაკვეთილზე ყოფნა, შიშით არ უნდა ელოდეს საკუთარი გვარის ამოკითხვას ჟურნალში. მოსწავლეებმა მაგიდიდან  აიღეს ფურცლები და მაშინვე გამოთქვეს  აზრი:

-მას, ეს რომ ჯერ არ გვისწავლია?

-მას, ცოქალი რომ ორს შეგვხდა, რა უნდა ვქნათ?

ყველას შევახსენე, რომ არც ერთ აქტივობას კლასში არ ვიწყებთ ზუსტი და მკაფიო ახსნა-რეკომენდაციების გარეშე . როდესაც ადგილები  დაიკავეს,  ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსენი ჯერ გაკვეთილის მიზანი და შედეგ ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ.  პირველ რიგში, მოსწავლეებს შევახსენე აუცილებელი პირობა – ერთად გვეთამაშა,  ანუ ყველა ერთად უნდა გადავფრენილიყავით მე-12 საუკუნეში, მიგვეხედა-მოგვეხედა, ეპოქა გაგვეაზრებინა, გვეგრძნო, რომ იმ პერიოდის მოქალაქეები ვიყავით 21-ე საუკუნის  შესაძლებლობებით . ამისათვის კი ნაბიჯები ნელა და ყურადღებით უნდა გადაგვედგა, რადგან პირადი გვერდები უნდა შეგვექმნა Facebook-ში . ამ   შეთავაზებას  საოცარი ემოცია მოჰყვა. მივხვდი, რომ ძალიან კარგ მედიაპროდუქტს შევქმნიდით; უმჯობესია  მოგიყვეთ,  როგორ განვითარდა მოვლენები .

მაშ, ასე :

ნაბიჯი 1. ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ისტორიული პროცესების გაანალიზება. როგორც უკვე ვახსენე, ამისათვის ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ  ინფორმაციულ ტექნოლოგიას, რაზეც ხელი მიგვიწვდება საკლასო ოთახში და ასევე სახელმძღვანელოს. თუ ინტერნეტის საშუალება არ გვაქვს კლასში, შესაძლებელია, მასწავლებელმა წინასწარ მოიძიოს თემის შესაბამისი საინტერესო მასალები, ამობეჭდოს და შემდეგ მოსწავლეებს უწილადოს. ამ მხრივ,  ძალიან საინტერესოა წყვილში მუშაობა.  ეცნობიან ახალ მასალას, ერთმანეთს უზიარებენ მოძებნილ ინფორმაციაზე მოსაზრებებს, არჩევენ მნიშვნელოვან მოვლენებს. შემდეგ იწყებენ საკუთარი პერსონაჟის მახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლას, პირადი პროფილის სურათის დახატვას და რაც მთავარია, ჩემი მოსწავლეებიც არასოდეს უშინდებიან სიახლეებს, დამოუკიდებლად აზროვნებენ, სვამენ რთულ კითხვებს და ჩვენ ერთად ვეძებთ პასუხებს, პასუხებისგან კი შეიქმნა ისეთი ფეისგვერდები, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოსწავლემ არა მხოლოდ გაიაზრა ისტორიული პროცესები და შეისწავლა პიროვნება,  არამედ შეძლო,  ისე დაეხატა მისი პირადი გვერდი, რომ მთავარი გზავნილები სხვებისთვის ყოფილიყო  სახალისოც, პროდუქტიულიც და საინტერესოც.

ნაბიჯი 2. წარდგენა . ეს ის პროცესია, რომელსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. სამუშაო პროცესის დროს ჩემს მოსწავლეებს ვაკვირდებოდი, თვალს ვადევნებდი მათ ჩართულობას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას,  როცა ვუსმენდი, როგორ მსჯელობენ, ხვდებოდი , რომ მათ ეს სამუშაო ძალიან მოსწონთ, თეთრი ქაღალდები ნელ-ნელა გადაიქცა ფეისბუქის გვერდებად, გათვალისწინებული იყო ყველა ის დეტალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევიტყოთ პიროვნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია, გავიგოთ, რა ახარებთ და რას აქცევენ ყურადღებას, ყველაზე სახალისო კი ის კომენტარები ჩანდა, რომელიც განსაკუთრებული გაფორმებით გამოირჩეოდა. ასეთი სამუშაო პროცესების გადაღება ჩვენი გაკვეთილების მეგზურია.  ამჯერად წარდგენის ვიდეო-მასალას გთავაზობთ და თავადვე შეძლებთ შეაფასოთ,  რამდენად საინტერესოდ წარიმართა ჩვენი გაკვეთილი

ზარის დარეკვას კვლავ მოსწავლეების ფრაზა მოჰყვა:

-მას , ჩვენ უკვე იმაზე მეტი ვიცით , ვიდრე სახელმძღვანელოშია …

დიახ, ნამდვილად ასე იყო, ერთმანეთის მოსმენის შემდეგ თამარის ეპოქაზე , სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეებზე, ისნის კარვის მოთხოვნებზე, მისი მოგვარების გზებზე ინფორმაციას გავეცანით. მოვისმინეთ, როგორ „დაჩეკინდა“ აბუბაქრი შამქორს და როგორ გააქციეს ქართველებმა, გავიცანით შოთა რუსთაველი, რომელმაც თავისი გვერდით გვამცნო, რომ დაასრულა  „ვეფხისტყაოსანი“… კლასმა ჩაინიშნა ახალი დავალება და დავთქვით

შეხვედრა საღამოს, რეალურ სოციალურ ქსელში  ირეალური პერსონალური გვერდებით.

ნაბიჯი 3 .  ისტორიული პირები სოციალურ ქსელში ჩნდებიან .

-ნინო,  ბასილ ეზოსმოძღვარი დამეგობრებას მთხოვს, შენი მოსწავლეა?

-ნინო, გიორგი რუსი მეჩხუბება, ვერ გავიგე, რა დავუშავე !

– ვინაა ეს, არა თამარ მეფესო, რომ წერს?

ასეთი აურზაური დაატრიალეს საღამოს ჩემმა მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში. რაც ყველაზე მთავარია, ყველა იღიმოდა და აზიარებდა  ჩემების კომენტარებს. მეტიც, მალევე გამოჩნდა გამოცდილების ახალი მაგალითები, გამომეხმაურნენ ის მასწავლებლებიც, რომლებსაც  უკვე გამოყენებული ჰქონდათ მსგავსი აქტივობა .. მაგრამ… ყველაზე კმაყოფილები მაინც ჩემი მოსწავლეები იყვნენ.  ამიტომაც არ დავაყოვნე დიდი ხანი და სულ რაღაც ორ კვირაში  უკვე „დატვიტვინება“ შევთავაზე ტვიტერზე..

ეს უკვე ახალი  “თამაშის” ისტორიაა…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი