ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

   „თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…“

ჩემი სამი წლის ძმისშვილი სესილი მთელი ზამთარი თავგამოდებით მღერის: „ფიფქებო, ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო“, მაგრამ წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ეს ფიფქები – ტკბილეული, ფუშფუშა კაბები, თოჯინები თუ ყვავილები. სესილის, რომელიც თბილისში იზრდება, ჯერ თოვლი არ უნახავს.

არადა, სადაც ზამთარია, იქ თოვლის მოლოდინიც ხოა და, ვისაც თბილისში დიდი და ფუმფულა თოვლი ახსოვს, მისთვის განსაკუთრებით დამთრგუნველი ამბავია ეს ქრონიკული უთოვლობა. იფიქრებთ, ამ თემაზე ხომ ისედაც აჭრელებულია სოცმედიაც და ჩვენი ყოველდღურობაც, რა სალაპარაკო ახლა ესააო, მაგრამ, თუ არ დაიზარებთ და ამ წერილს ცოტა ქვემოთ კიდევ ჩაჰყვებით, ჩემს მთავარ სათქმელსაც მიადგებით.

თოვლისა და თბილისის ურთიერთსიყვარულის, მერე ამ სიყვარულში გაჩენილი კონფლიქტის და თბილისის ქუჩებიდან, ხეებიდან და სახურავებიდან ფეხამოკვეთილი თოვლის ამბავი ისეთივე გრძელია, როგორც თავად თბილისი ან ეს მონატრებული, მშვენიერი და სადედოფლო ძღვენივით სპეტაკი თოვლი. ამ გრძელ ამბავს სად აღარ წააწყდებით – ფოტოებში, ვიდეო-არქივებში, უფროსი თაობის ზეპირ გადმოცემებში (მაგალითად, დედაჩემი ირწმუნება, რომ თავის ბავშვობაში ისეთი დიდთოვლობაც ახსოვს, როცა ვარაზისხევის აღმართიდან დაშვებული ბავშვები პირდაპირ ცირკის კარიბჭესთან მიაგელვებდნენ ხოლმე ლაგამამოდებულ ციგებს, ისე იყო გადასწორებული ცა და დედამიწა). მეც მახსოვს უხვთოვლიანი ზამთრები, ამ თოვლში აჟრიამულებული ქალაქი და ლამპიონების თაფლისფერ შუქზე ირიბად დაშვებული ფიფქების ფარდა, რაღაც აუხსნელი სიმშვიდის და ჯადოსნური ჟრუანტელის მომგვრელი…

მაგრამ, ალბათ ყველაზე უკეთესად, თბილისური თოვლის ამბები მაინც ლიტერატურამ შემოინახა. კარგმა წიგნებმა, სადაც მწერლებმა თბილისური თოვლი ისე აღწერეს, არავის რომ არ დაავიწყდება. თან ეს თოვლი მხოლოდ ფონი კი არაა, არამედ, პირველ რიგში, განწყობა და გარემო, რომელიც პერსონაჟებს არსებითი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, უმსუბუქებს ან პირიქით, უმძაფრებს ამ პროცესს.

ვისაც გურამ რჩეულიშვილის დიდი შემოქმედება კარგად ახსოვს, ალბათ პირველი მასაც ეს მწერალი მოაგონდება. რჩეულიშვილის შემოქმედება მთლიანობის საზრისითაა გამსჭვალული, შესაბამისად, მისთვის ყველაფერი თანაბარი ვნებით აღიქმება – თოვლიც და გაზაფხულიც, ქალაქიც და მთაც, ყველაფერს მწერლის ღონიერი ხელი ატყვია, ისეთი მხატვრული ოსტატობითაა გადამუშავებული ნიუანსურ დეტალშიც და მთლიან ატმოსფეროშიც.

„მთელი ღამე თოვდა. დილით ჩემს ქუჩაზე სრიალით დავეშვი… ცა იწმინდებოდა. აქა-იქ მოყინულ წყალზე ფეხს განგებ ვაცურებდი. დიდ ქუჩაზე თოვლს უკვე მოესწრო ატალახება. მეეზოვეები ქვაფენილებიდან მანქანის ბორბლებს შუა ყრიდნენ გამდნარ გუნდებს. მე ლაპლაპა ყინულზე ვცადე გაცურება, მაგრამ ჩამიტყდა და ფეხი დავისველე. ბევრი ველოდე ტროლეიბუსს.

შემცივდა. როგორც იყო, მივედი რადიოკომიტეტში. ჩემი როლი სხვისთვის მიეცათ, სამაგიეროდ მეორეხარისხოვანი პარტიის შესრულება შემომთავაზეს.

გული დამწყდა. გამოვედი გარეთ. ღრუბელი ისევ შეკრულიყო და თოვას იწყებდა. ცოტა ხნის შემდეგ წამოთოვა კიდეც; ჯერ წვრილი ფიფქებით, მერე ბარდნა დაიწყო. დათბა. მე ისევ კარგ ხასიათზე დავდექი“.

ეს ფრაგმენტი გურამ რჩეულიშვილის ნოველიდანაა. ნოველას  „კოლა და ვანო“ ჰქვია და 1956 წლის ოქტომბერშია დაწერილი. კიდევ უამრავი ასეთი ფრაგმენტის მოხმობა შეგვიძლია მისი შემოქმედებიდან, სადაც ხან უხვი და გაუკვალავი თოვლის შარიშურს, ხან მზეში აჭრილი ნათოვლარის ჭყაპაჭყუპსაც მოისმენთ, ხელშესახებადაც იგრძნობთ, როგორ თოვდა თბილისში, როგორ უცვლიდა ფერს და იერს ეს თოვლი ქალაქს, მერე როგორ გადაინაცვლა მან ლიტერატურაში და სამუდამოდ, აუღებლად დარჩა იქ, როგორც თბილისური ზამთრის წარუშლელი ხსოვნა.

თუ ვინმეს თოვლზე უწერია, ალბათ ყველაზე უფრო მგზნებარედ და ხვავრიელად – პოეტ ბათუ დანელიას. ამ ვითარების გათვალისწინებით, მას თოვლის პოეტიც კი შეიძლება ვუწოდოთ და თოვლში მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა კი არა, ბევრად უფრო მიღმიერი, უთვალსაწიერო სისპეტაკის წყურვილი და ვნება ვიგულისხმოთ. მის ერთ ლექსს სულაც „თოვლომანია“ ჰქვია და კარგად გამოხატავს პოეტის თოვლის მიმართ აღმამფრენ ახირებას. ჭაშნიკად კი, ბათუ დანელიას ლექსს „მთაწმინდის წერილი მეტეხს“ გთავაზობთ:

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითესათათეს _
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
ვისთვისაც ვარამი ადათობს,
უთხარი, ფიქრები გადადოს
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!“.

 

მახსენდება ბექა ქურხულის  მოთხრობა „ქალაქი თოვლში“, რომელიც პირდაპირ თოვლიანი პეიზაჟით იწყება და მკითხველსაც ასეთ გარემოში ეპატიჟება:

„დიდი თოვლი მოვიდა. გადაბურული იყო მთელი უბანი. აი, ისე, რომ გგონია, რომ აღარასოდეს გაზაფხულდება და ასფალტზე დაყინული თოვლიც აღარასოდეს გალღვება. უბერავდა ქარი, ატრიალებდა ნამქერს.

იმ დღეს ქარი არ იყო და თითქოს მზეც გამოეპარა შავ, ჩაკუნაპეტებულ ღრუბლებს. თეთრი თოვლიდან უცნაურად ანათებდა ლურჯი ყინული. დათოვლილი, ტოტგადაღუნული, მარტოხელა შავი ხე ტროტუარიდან თითქოს უადგილოდ ამოზრდილიყო. ეს ხე ბავშვების საყვარელი სათამაშო ადგილი იყო და მთელი უბანი იმ უცნაურად გადაბრეცილ ტოტზე გაიზარდა“.

 

ამ მოთხრობაში თოვლიც ისეთივე მთავარი პერსონაჟია, როგორც დანარჩენი, რეალური გმირები – ომგამოვლილი ქალაქის ბინადარი, გადარეული, ლამაზი და დარდებისმმალავი გოგოები და ბიჭები. ეს თოვლი ერთი გაბმული მოტივია, ე.წ. 90-იანების ქართულ პროზაში, ყველა სხვა თოვლისგან გამოარჩევთ, რადგან მასზე დროის უტყუარი ანაბეჭდია დადუღებული – ავტომატის ჯერით დაცხრილული ცის მტვერით, სისხლით და გამხმარი ცრემლითაა დასვრილი…

 

მართალია, თბილისის ნაცვლად ქუთაისზე hყვება, მაგრამ როცა ისეთ ტექსტებს ვიხსენებ, თოვლიანი ქალაქი სადაცაა აღწერილი, შეუძლებელია რეზო გაბრიაძის მოთხრობის გარეშე ჩავათავო ეს ფიქრი. „ექიმი და ავადმყოფი“ – ასე ჰქვია ამ გენიალურ მოთხრობას და იქ რომ თოვლია აღწერილი, სულ მგონია, რომ ერთხელაც გადმოლახავს მოთხრობის ფურცლებს და მკითხველს ხელისგულზე გადმოიბნევა. ისეთი უხვი, გემრიელი და ნამდვილზე კიდევ უფრო მეტია თოვლი, რომელმაც შობისთვის უნდა მოამზადოს ადამიანთა გულები – ჯერ ტკივილების, ეჭვების და წარსულის ნამქერით ამოავსოს, ამოჩურთოს, მერე ამ გაუკვალავზე ანგელოზის ნაფეხურები გვირისტივით გადაატაროს და ამ ნაკერს გააყოლოს ადამიანი, შობის ღამეს ქრისტესავით ხელახლა დაბადებული, განწმენდილი და გალამაზებული…

„მთვარის ნათება თოვლის სითეთრისაგან გასამებული იყო. ქარიც ჩაწყნარდა, აგერ-აგერ ანაწილებდა თოვლს ღობეებში, ისე, ტყვილა, თავისთვის.

ქუჩები გასუფთავდა, აღარ ჩანდნენ ჩამპალი კიბეები, დაგრეხილი აივნები, ორმოები, წუმპეები, დაღრეცილი ბორდიურები, ჟეშტები, ფანერკები, სვარკა. ყველაფერი გალამაზდა და განაზდა. ძველებურ შობის ატრიტკას დაემსგავსა ქუთაისი“.

კიდევ უამრავი ტექსტის მოხმობა შეიძლება, ალბათ თქვენც რამდენი მოთხრობა თუ ნოველა გაგახსენდათ, სადაც ქალაქური თოვლია აღწერილი. ყველა მათგანი იმ ხსოვნის საცავში მიათვალეთ, რომელზეც ამინდები არ მოქმედებს, პირიქით – თავად ქმნის ამინდებს და გაგანია ზაფხულშიც, ან ყველაზე უთოვლო ზამთარშიც შეუძლია ხელისგულებზე ფიფქების დნობა განგაცდევინოთ, მუხლამდე თოვლი გაგაკვალინოთ ან ცისკენ აგაშვერინოთ თვალები, ბალიშისხელა ფანტელების ჩასახუჭად…

ეს შეუძლია ლიტერატურას. უფრო მეტიც, მას შეუძლია, ნამდვილი თოვლი მოიყვანოს, გამოიწვიოს ზეციდან. თუკი ხშირ-ხშირად გაიმეორებთ ასეთ სტრიქონებს, შელოცვასავით სიტყვებს, ასეთებს, როგორის გალაკტიონის ამ ლექსშია:

„…თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,

იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,

ნუ ჩამიქრები… და იქაც შიგნით, სულში,

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი