პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფილმები მასწავლებლებზე და მასწავლებლებისთვის

მასწავლებლებზე ბევრი ფილმი არსებობს და ზოგიერთი მათგანის შესახებ ამ პლატფორმაზეც გექნებათ წაკითხული, ზოგიერთი ნანახი და ზოგიერთი სანახავად მონიშნული.

 

“ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ბრატისლავას გარეუბნის სკოლაში ახალი მასწავლებელი ჩამოდის და კრებას იწვევს ერთი მოსწავლის საყურადღებო ქცევის გამო.”

 

“ფეხბურთის მწვრთნელი სამსახურს კარგავს და ახალ გუნდს აყალიბებს. უიმედო ადგილობრივი ხულიგნებისგან ყველაზე ძლევამოსილ ნაკრებს ქმნის – ამბავი მაკფარლანდში 90-იან წლებში მართლაც მოხდა და ფილმი ამ ამბავზეა გადაღებული.”

 

“ახალგაზრდა მასწავლებელი ცდილობს, თავის მოსწავლეებს ტოლერანტობა ასწავლოს.”

 

“8 წლის ბიჭი დაუსრულებლად ქმნის პრობლემებს, მანამ, სანამ არ შეხვდება მასწავლებელს, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია და შესანიშნავი, თუკი მათ ინდივიდუალურად მიუდგები და საკუთარ თავს აპოვნინებ.”

 

ეს იმ რამდენიმე ფილმის მოკლე აღწერაა, რომელსაც google მალევე გთავაზობს, თუკი მას მასწავლებლებზე გადაღებულ ფილმებზე ჰკითხავ. ასეთები ბევრია და მათი ნაწილი მართლაც შთამბეჭდავია. შთაგაგონებს, თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს, ახალ რამეებზე დაგაფიქრებს და ძველ ამბებს გაგახსენებს. თუმცა, ჩემს თანმდევ შეგრძნებას თუ მივყვებით, რომ ჩვენ ყველა ერთი ექსპერიმენტის, ფილმის ან თამაშის გმირები ვართ და ის, რაც ჩვენს თავს ხდება, მშვენიერი სიუჟეტია მხატვრული ნაწარმოებისთვის, მასწავლებლების მონაწილეობით ფილმების საძებრად google-თან მისვლა შეიძლება არც კი დაგვჭირდეს და მივხვდეთ, რომ ჩვენ თვითონაც ვიცით ისეთი ამბები მასწავლებლებზე, რომელიც თავისუფლად შეიძლება ფილმიც ყოფილიყო.

 

რამდენიმე ამბავს გავიხსენებ ბოლო რამდენიმე თვიდან, რომელიც თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ფილმის ან წიგნის სიუჟეტი და რომელიც ჩვენ, ჩვენს ახლოს მყოფ ადამიანებს გადახდათ თავს. ამ ამბების მთავარი გმირები მასწავლებლები და მოსწავლეები არიან.

 

ამბავი 1

 

ახალგაზრდა მასწავლებელი ხმას იმაღლებს მის თემში გამეფებული მავნე ტრადიციის, ქალის მოტაცების წინააღმდეგ. სოფელი მასწავლებელს უპირისპირდება, სოფელში გამოყავთ, საჯაროდ კიცხავენ, ამ პროცესს იღებენ და დოკუმენტურ მასალას იმის შესახებ, როგორ “მიაგეს საკადრისი” მას, ვინც მათთან დაპირისპირება მოინდომა, ვინც თქვა, რომ ისინი არასწორად იქცევიან, ვინც ეჭვქვეშ დააყენა კაცის უპირატესობა ქალთან შედარებით და თქვა, რომ ქალი საგანი არ არის, მას არ უნდა იტაცებდნენ, არ უნდა აიძულებდნენ ოჯახის შექმნას, და რომ ეს სიყვარული კი არა, ძალადობაა და ძალადობა ცუდია, ის ტრადიციის სახელით ვერ გამართლდება. სამაგალითო დასჯის მცდელობის მიზანი გაფრთხილება იყო ყველა დანარჩენისთვის, ვისაც შეიძლება ამის შესახებ ხმა ამოეღო, რომ მასაც იგივე მოუვიდოდა, მასაც დასჯიდნენ. მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ სიმართლე უფრო ძლიერია, თავგანწირვას კი, თუნდაც ეს გაუცნობიერებლად ხდებოდეს, გადამდები მაგალითი აქვს. ახალგაზრდა მასწავლებელს მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, იმავე თემშიც და სხვაგანაც. მის ამბავს დამატებით ხიბლს ის მატებს, რომ მამრობითი სქესისაა, ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, კარგად ფლობს სახელმწიფო ენას და თავისუფალ დროს ძველ წიგნებს აგროვებს და ყიდის, ბუკინისტია. ფილმი იქ მთავრდება, სადაც მას კოლეგები სხვა სკოლაში სთავაზობენ გადასვლას, მეტი დაცულობისთვის მისი შეურაცხმყოფელი თემისგან მოშორებას მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი თავის სივრცეში რჩება. ამბობს, რომ აქ არის მისი ადგილი.

 

ამბავი 2

 

ერთ სკოლაში, რომელიც კარგი რეპუტაციით და მაღალი სანდოობით სარგებლობდა, ერთ ღამეს წარწერები გაჩნდა. წარწერები სკოლის გარე კედლებზე, საკლასო ოთახებში, დაფებზე, ყველგან იყო გაკეთებული. მათი ნაწილი არანორმატიული ლექსიკა იყო, ნაწილი სასოწარკვეთილი ამოძახილები. წარწერებს ალაგ-ალაგ თან ახლდა ნახატები. ცხადი იყო,  ვიღაც რაღაცის თქმას ცდილობდა, ნიშანს ტოვებდა, ყურადღების მიქცევა სურდა. სკოლის მშვიდ ცხოვრებაში წარწერები ამოვარდნა იყო. გაჩნდა კითხვები: ვინ გააკეთა, რატომ, აქ როგორ მოხვდა, რა საფრთხეს შეიძლება ველოდოთ მისგან და სხვა. კითხვებზე პასუხი თვითონ რომ ვერ იპოვა სკოლის ადმინისტრაციამ, როგორც წესი და რიგია, პოლიციას მიმართა. პოლიციამ მალევე იპოვა მოზარდი, რომელიც ადრე ამ სკოლაში სწავლობდა და რომელსაც თხოვდა, ეღიარებინა, რომ წარწერები მან გააკეთა. პარალელურად მის ძველ მეგობრებს თხოვდნენ დაედასტურებინათ, რომ ნამდვილად ეს იყო ის, ვინც კამერებში ჩანდა და ვინც კედლები ააჭრელა. ერთმა გოგომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვერ მოინელა და თვითმკვლელობა სცადა. მას კი, ბიჭს დიდხანს და აგრესიულად კითხავდნენ ისე, როგორც ამ ასაკის ბავშვი არ შეიძლება დაიკითხოს: ღია სივრცეში, ღამის საათებში, მშობლის გარეშე, დაშინებით. პოლიციის შენობიდან გამოსული 9 სართულიანი სახლის სახურავზე ავიდა და თავი მოიკლა. სკოლამ, რომლის კედლებიც კიდევ რამდენიმე დღე იყო აჭრელებული, ამ ამბამდეც და მერეც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის მათი მოსწავლე არ ყოფილა. ფსიქოლოგები უწყვეტად იმეორებდნენ იმას, რომ როცა ბავშვი ასეთ ქმედებას ჩადის, მას არა დასჯა, არამედ შველა ჭირდება და რომ სკოლაში გადაპარვა, წარწერები და არანორმატიული ლექსიკა ხმამაღალი ყვირილია დახმარების მთხოვნელის, ბავშვები კი ვინც ამ სკოლაში სწავლობენ და ვისაც უყვართ ეს სივრცე ისმენდნენ ამბებს თანატოლზე, რომელიც მათი სიმშვიდის დარღვევისთვის წაიყვანეს პოლიციაში, სკოლაზე, რომელიც როგორც არ უნდა მოქცეულიყო, ალბათ ვერ მოახერხებდა, ყოფილიყო ყველასთვის სწორი და უფროსებზე, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ ბავშვთან. მით უმეტეს რთულ ბავშვთან. ამ ფილმის ბოლო კადრში სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ის მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერ წარმოიდგენდა, თორემ საერთოდ არ ამოიღებდა ამ ამბავზე ხმას. ბიჭი მკვდარია, ცხოვრება გრძელდება. არ ვიცით რა მოხდება სხვა მსგავს შემთხვევაში.

 

ამბავი 3

 

ერთ პატარა სოფელში მოზარდი გოგო საკუთარ სამზარეულოში გამთენიისას თავს იკლავს. მასწავლებელი ყვება, რომ ის კარგი და უპრობლემო ბავშვი იყო, ბეჯითად სწავლობდა, ყოველთვის ერთვებოდა სასკოლო ღონისძიებებშიც, იმ დღესაც, სკოლიდან სანამ სახლში წავიდოდა საახალწლო ღონისძიების რეპეტიცია ჰქონდათ, სადაც მისი როლი მნიშვნელოვანი იყო. რეპეტიციას ჩვეულებრივ დაესწრო. იმის წინა დღეს მუზეუმში იყვნენ სკოლიდან, გოგოც იქ იყო. აბა რატომ შეიძლება მოეკლა თავი, არაფერი ამას არ მოასწავებდა, რა მიზეზი უნდა ჰქონოდაო?

სუიციდს არასოდეს აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი – ეს გადაწყვეტილება ბევრი პრობლემების ერთობლიობით მიიღება და მის რისკ-ფაქტორს ამ პრობლემების შემადგენელი ნაწილების გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლობა ან მათდამი გულგრილობა ზრდის. ფილმი მოკლემეტრაჟიანია და მისი მთავარი გმირი არა ერთი მასწავლებელი ან თვითმკვლელი მოზარდი, არამედ საზოგადოებაა, რომელიც ვერ ამჩნევს პრობლემებს, რომელსაც ჰგონია, თუ ბავშვი სწავლობს და იცინის, მას არაფერი უჭირს. მოზარდობა რთული პერიოდია და ყველას არ შეუძლია მარტივად გაუმკლავდეს ამ სირთულეებს, რომელიც კიდევ უფრო დრამატულია, თუ მის წინაშე მარტო ხარ.

 

ეს ამბები დიდი ალბათობით თქვენს ყურამდეც მოაღწევდა. შეიძლება სხვა ამბებიც იცით, უფრო მრავალშრიანი და ფილმის სცენარისთვის გამოსადეგი. ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა სავსეა ასეთი ისტორიებით. ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, როგორც ფილმის ყურებისას არის ხოლმე, ამ ამბებში თქვენი თავი დაინახოთ, აღფრთოვანდეთ, შეშფოთდეთ, თავი მნიშვნელოვნად იგრძნოთ, ძველი ამბები გაიხსენოთ და ისეთ რამეებზე დაფიქრდეთ, რაზეც შესაძლოა ჯერ არ გიფიქრიათ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი