ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მუქარა „ვეფხისტყაოსანში“ – რატომ ჭაშნაგირი?

რატომ ჭაშნაგირი? უცნაური კითხვაა, თუ რატომ მაინცდამაინც ჭაშნაგირი და არა, მაგალითად, ამირეჯიბი ან ამილახვარი შეარჩია რუსთველმა ფატმანის საყვარლად. როგორც ვიცით, ჭაშნაგირი, ისევე როგორც ამირეჯიბი ან ამილახვარი, სამეფო კარზე თანამდებობა გახლდათ. მოგვიანებით ამირეჯიბიც და ამილახვარიც გვარს წარმოადგენდა, ჭაშნაგირმა კი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დღეს ის მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟის აღმნიშვნელი სახელია. არავინ იცის, რა ერქვა გულანშაროელ ჭაშნაგირს, ისევე როგორც არ ვიცით, თუ რა ერქვა მოლარეს როსტევანის კარზე ან რა ერქვა არაბეთის ამირსპასალარს, ანუ ავთანდილის მამას, ან რა ერქვათ ფრიდონის ბაზიერებს. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სპასპეტს ავთანდილი ჰქვია, ამირბარს – ტარიელი, მელიქს კი – სურხავი. პოემაში ვიცით რომელიღაც ვაზირის სახელი (მაგალითად, სოგრატი), რომელიღაც ვაზირის სახელი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი აღსანიშნია და მას პოემის რამდენიმე ათეული სტროფიც კი ეძღვნება, მაინც არაა საინტერესო ავტორისთვის (ვაზირი, რომელიც ქრთამს იღებს ავთანდილისგან, როდესაც როსტევანს გაუმხელს ავთანდილის განზრახვის შესახებ). დღეს, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნული თანამდებობები, ძნელია გავიაზროთ, რა ფუნქცია ჰქონდათ მათ კარზე და ვინ ვისზე უპირატესი იყო. რაც შეეხება ჭაშნაგირს, ამ სახელის ფუძე დღესაც შემორჩენილია ენაში, სიტყვაში „დაჭაშნიკება“, რაც დაგემოვნებას, ღვინისთვის გემოს გასინჯვას ნიშნავს. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ჭაშნაგირის ფუნქცია კარზე სასმელის გასინჯვა იყო. და ალბათ მის ფუნქციაში საჭმლის გასინჯვაც შედიოდა. დღეს ამ თანამდებობას დეგუსტატორი ჰქვია, თუმცა ძველი დროის ჭაშნაგირი და დღევანდელი ჭაშნაგირი იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ დღეს ჭაშნაგირი აფასებს გემოს, მეფის კარზე კი ჭაშნაგირი მეფეზე ადრე მოკვდებოდა, თუკი ვინმე მეფის მოწამვლას განიზრახავდა საჭმელში ან სასმელში საწამლავის ჩაყრით. შესაბამისად, ჭაშნაგირი სიკვდილში ენაცვლებოდა მეფეს და მისი სტატუსი დაფასებული იყო სამეფო კარზე. ჭაშნაგირს ხალხში „სოკოს კაცსაც“ ეძახიან.

ჩემი აზრით, რუსთველს ფატმანის საყვარლად ჭაშნაგირი ტყუილად არ შეურჩევია. სწორედ საყვარლის ჭაშნაგირობა ხდიდა ეპიზოდს კიდევ უფრო მძაფრს და მეტ ემოციას იწვევდა მკითხველში. ჩვენმა მოსწავლეებმა უკეთ რომ გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე, საჭიროა ყურადღება გავამახვილებინოთ პოემაში მუქარის ფორმებზე.

დანაშაულს სასჯელი მოჰყვება. დამნაშავე, ამ თუ იმ ფორმით, ისჯება. როცა დაზარალებული მორწმუნეა და ის სამართალს ამ ქვეყანაზე ვერ პოულობს, მას იმქვეყნიური სამართალი ასულდგმულებს. ცხადია, დაზარალებულის უფლებაა დამნაშავის შეწყნარებაც. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უდანაშაულოებს უსამართლოდ ექცევიან და მათ არასწორად სჯიან.  სასჯელს წინ ხან გაფრთხილება, ხანაც მუქარა უძღვის. ერთიც და მეორეც ორი სახისაა, ვერბალური და არავერბალური (თითის დაქნევა, მუშტის ჩვენება, იარაღზე ხელის წავლება). თუმცა არც ერთი და არც მეორე ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ მისი ბოლო დასჯა იქნება. ხშირად სასჯელის წინა გაფრთხილება ან მუქარა ემოციურ ფონზე კეთდება. არის შემთხვევები, როცა მათი წყალობით მომხდარა სამართლის პოვნაც. როცა მუქარის სისრულეში მომყვანი სერიოზულად იქადნება, დასასჯელს სხვა გზა არა აქვს: ან თავი უნდა დაიცვას და საპასუხო შეტევისთვის მოემზადოს, ან გამოსწორდეს და ამით მოახდინოს მომავალი დანაშაულის პრევენცია და სასჯელიც აირიდოს, ან თავს უშველოს და სასჯელს გაექცეს.

ჩემი დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანი“ ამ კუთხით საინტერესო შესასწავლია, რადგან პოემის პერსონაჟების მუქარა (ტექსტში ეს სიტყვაა ქადილი, ხოლო მისი ზმნური ფორმაა დაგექადა, გექადდა და სხვ.) არა ერთხელ ისმის ნაწარმოებიდან. იმუქრებიან (იქადებიან) მეფეები, იმუქრებიან სხვებიც. რაც უფრო მაღალი სტატუსის მატარებელია პერსონაჟი, მით უფრო სერიოზულად უნდა აღვიქვათ მისი მუქარა (ქადილი). თუმცა ფიზიკური ძალაც უკანასკნელ როლს არ თამაშობს მუქარის სერიოზულობის დადგენისას. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ხდება შესასწავლად „ვეფხისტყაოსანი“, როდესაც მუქარის სიტყვებს დავაკვირდებით და მას დღევანდელი მუქარის სიტყვებს შევადარებთ. როგორ იმუქრებიან პოემის პერსონაჟები? ამ წერილში ოთხი პერსონაჟის სიტყვიერ ქადილს განვიხილავ, რათა ნათელი მოეფინოს ჭაშნაგირის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ანუ იმ ფაქტს, რომ ავტორმა პოემაში ჭაშნაგირი გააზრებულად შემოიყვანა. ჩემი ინტერესის საგანია, რა სიტყვებით გამოხატავენ პოემის პერსონაჟები მუქარას. განხილვისას თანმიმდევრობა პოემაში განვითარებული მოვლენების მიხედვით დავიცავი.

  1. ფარსადანი და დავარი – როდესაც ფარსადანი სასიძოს მკვლელობის ამბავს შეიტყობს, მკითხველი აღმოაჩენს, რომ მას სცოდნია ქალიშვილისა და ტარიელის ტრფობის ამბავი. მან, როგორც მამამ, ვერ მოახდინა დანაშაულის პრევენცია და სჭირდება განტევების ვაცი, ადამიანი, რომელსაც გადააბრალებს თავისი გეგმის ჩაშლას. ასეთი განტევების ვაცი მისთვის დავარია, საკუთარი და, რომელსაც წლების წინ ნესტანის აღზრდა დააკისრა. ქაჯეთს გათხოვილი დავარი ქვრივია და მას სიბრძნე უნდა ესწავლებინა მეფის ასულისთვის. სავარაუდოდ, დავარმა თავისი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ მკვლელობის შემდეგ მას ამის დამტკიცება მეფისთვის გაუჭირდება, ამიტომ, როგორც კი გაიგებს, რომ მისმა ძმამ მისი სიკვდილი განიზრახა, ის გამოსავალს არ ეძებს შექმნილი სიტუაციიდან და თავს იკლავს. როგორ იმუქრება ფარსადანი? „აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!.. თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა“. ავტორი განმარტავს, რომ „მის მეფისა წესი იყო, თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: „თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან“. როცა დავარმა გულშემატკივრისგან გაიგო, რას უპირებდა ძმა, მან აგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან“. თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე დავარი ნესტანის დასჯას გადაწყვეტს, რადგან მისი უბედურების, სიცოცხლის გასაწყინარების მიზეზი იგია: „…დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსმენოდეს: „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს! როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე? …დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავარმა ნესტანი ცემა და მონებს გადასაკარგად მისცა, „დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“

როგორც ამ ეპიზოდიდან ჩანს, მეფის მუქარა რეალურია და დავარს ურჩევნია, თავად მოიკლას თავი, ვიდრე დაელოდოს, როგორი სასტიკი ფორმით აღასრულებს მეფე დანაპირებს. გასათვალისწინებელია, რომ დავარი ქართულ ლიტერატურაში არა მარტო პირველი თვითმკვლელი ქალია, არამედ პირველი თვითმკვლელი პერსონაჟია (ამის შესახებ იხილეთ ქეთევან ელაშვილის კვლევა).

  1. ფრიდონი – როდესაც ტარიელი ავთანდილს თავის თავგადასავალს უყვება, ის იხსენებს შავი ტაიჭის ამბავს, რომელიც მას ფრიდონმა აჩუქა იმის სანაცვლოდ, რომ ტარიელი მას დაეხმარა ბიძისძენის პარპაშის აღკვეთაში. მანამდე ფრიდონი ტარიელთან დაიქადნის: „ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!“ ეს იმას ნიშნავს, ფრიდონი იმუქრება, რომ თავის ბიძაშვილებს ყოველ ცისმარე დღეს გაუხდის სანანებლად. ხოლო ქადილისას ყვავ-ყორანთა ხსენება მსმენელის გონებაში ბრძოლის ველზე უპატრონოდ დაუმარხავად მიგდებული ლეშის სურათს ამოუტივტივებს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ ფრიდონის მუქარა სულაც არაა ხუმრობა და მან ნათესავებს სისხლიანი განაჩენი გამოუტანა.
  2. როსტევანი – როდესაც ავთანდილის განზრახვის შესახებ, დატოვოს არაბეთი და ტარიელის დასახმარებლად წავიდეს, ვაზირისგან შეიტყობს, როსტევანი საშინელ დღეში ჩავარდება: „გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა“. ის ვაზირს ემუქრება: „შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს! …თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!“ გასაშიშარი როსტევანი კედელს სკამს შემოსტყორცნის, სავარაუდოდ, ის განგებ ააცილებს ვაზირს ნასროლ საგანს, რადგან მისი ეს საქციელი მხოლოდ მუქარაა და არა ნაქადნის სისრულეში მოყვანა. მას ვაზირის უბრალოდ მოკვლა კი არა, მისთვის სამაგალითოდ თავის მოკვეთა უნდა. ეს ეპიზოდი კარგად ხსნის, თუ რატომ არ მოინდომა ავთანდილმა, თავად ეთქვა როსტევანისთვის სიმართლე. ასევე ეს ეპიზოდი ხსნის, თუ რატომ შესთავაზა ქრთამი ავთანდილმა ვაზირს – ვაზირი სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში, ის თანამდებობას დაკარგავს, მაგრამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუკი საკმარისი თანხა ექნება, შეძლებს შორს გადახვეწას. როსტევანი მეორე დღეს, როდესაც დამშვიდდება, მოიკითხავს ვაზირს და უკვე დაწყნარებულ გულზე გამოიკითხავს ამბავს. ავთანდილმა გაპარვა მოასწრო. მან იცის, რომ როსტევანს ადვილად შემოუბრუნებს გულს, როდესაც არგუმენტირებულად აუხსნის, რატომ უნდა წავიდეს ტარიელის დასახმარებლად (ამის შესახებ ვსაუბრობ წერილში „ვეფხისტყაოსანი: და ანტიკურობა“). როგორც ვხედავთ, მოყვანილ ეპიზოდში როსტევანის მუქარა საკმაოდ საშიშია; თუმცა ისიც აშკარაა, ფარსადანისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ როსტევანი გარეგნულადაც იცვლება მრისხანების ჟამს, დამშვიდებულზე მას მაინც ძალუძს ანალიზი და განზრახვის შეცვლა. ფარსადანს კი ალბათ ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს. ფარსადანის ამ თვისებაზე მანამდეც მიუთითებდა ტარიელი, როდესაც მას სათათბიროდ ეახლა ნესტანის ქორწინებასთან დაკავშირებით. ნესტანი საყვედურობს სატრფოს, რომ არ შეეწინააღმდეგა ფარსადანს, ტარიელი კი აღნიშნავს, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან საკითხი თათბირამდე გადაწყვეტილი იყო, ანუ ფარსადანის მიერ მოწვეული თათბირი ჩვეულებრივი ფარსი იყო. ნესტანი ადვილად თანხმდება ტარიელს, ალბათ იცის მამამისის ამ თვისების შესახებ.
  3. ჭაშნაგირი – როდესაც ავთანდილთან საწოლში ნებივრობისას ჭაშნაგირი თავს წაადგება საყვარლებს, ფატმანს ფერი ეცვლება: „ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა“… ჭაშნაგირი ემუქრება ფატმანს: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა, გამოთენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა! გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად. დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად! …ეს თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა… ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნებული; უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?.. დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა… თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.

როგორც ვხედავთ, ჭაშნაგირის მუქარა ძალიან განსხვავდება შინაარსით სხვა პერსონაჟების მუქარისგან. ესაა ყველაზე სასტიკი მუქარა, რაც ადამიანის ყურს შეიძლება ესმას. და, როგორც ფატმანის რეაქცია გვიჩვენებს, ჭაშნაგირი შემსრულებელიცაა. განა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეფესთან დაახლოებული პირია და ნებისმიერი სახის სასჯელის შეფარდება შეუძლია ფატმანისთვის. ჩემი აზრით, რუსთველმა სწორედ იმიტომ შეარჩია ამ პერსონაჟისთვის პროფესია ჭაშნაგირობა, რომ მკითხველს მძაფრად აღექვა მისი მუქარა. ჭაშნაგირი რომ არ ყოფილიყო ჭაშნაგირი და ის ამირეჯიბი ან სპასალარი ყოფილიყო, მისი მუქარა სიტყვებად დარჩებოდა. აი, იმიტომ რომ ჭაშნაგირის პროფესიაა კერძებისა და სასმელის გასინჯვა გემოების დადგენისა და მათში მომაკვდინებელი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით, ჭაშნაგირის მუქარა განსხვავებულ ელფერს იძენს და მისი სიტყვები სხვაგვარად დამაჯერებელი ხდება.

ასე რომ, რატომ ჭაშნაგირი? ამ კითხვის პასუხია, დიახ, ჭაშნაგირი! რუსთველმა მიზანმიმართულად აირჩია ამ პროფესიის ადამიანი ეპიზოდისთვის მეტი დამაჯერებლობისა და სისასტიკის მისანიჭებლად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი