პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის ტრადიციული და ინოვაციური როლები

სასკოლო განათლების სისტემის განვითარების მთავარი, სტრატეგიული მიმართულება მოსწავლესა და შედეგებზე ორიენტირებული განათლებაა. სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლის შემეცნებითი მოქმედება, უნარების პროგრესი და ცოდნის მარაგის ზრდა დგას. განათლების ასეთი სისტემა უკავშირდება ჰუმანისტურ მიმართულებას ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში.
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომისას მასწავლებელი ითავსებს როლებს, რომელთა ნაწილი, პირობითად, ტრადიციულია, ხოლო ნაწილი _ ინოვაციური. ტრადიციულადაა მიჩნეული, მაგალითად, შემდეგი როლები:
. მასწავლებელი არის პრეზენტატორი. მასალის ეფექტური პრეზენტაცია და ახსნა უზრუნველყოფს მის სწორად გაგებას და, შესაბამისად, ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მასალის ეფექტურად ათვისებას;
. მასწავლებელი არის შუამავალი სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოსა და მოსწავლეს შორის;
. მასწავლებელი არის მისაბაძი მოდელი, ყველაზე კომპეტენტური პირი საკლასო ოთახში, ცოდნის ერთ-ერთი უტყუარი წყარო;

. მასწავლებელი არის სასწავლო პროცესის ორგანიზატორი, იგი უზრუნველყოფს მოსწავლეების დროის რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას;
. მასწავლებელი არის მოსწავლეთათვის მიზნის დამსახველი და მოტივატორი ამ მიზნის მიღწევისას, ის საინტერესოს ხდის საკუთარ პრეზენტაციასა და მოსწავლეთა ვარჯიშს;
. მასწავლებელი არის მოსწავლეთა მიღწევებისა და პროგრესის აღმომჩენი და დამმოწმებელი _ სამართლიანი და რეალისტური შეფასება კარგი მოტივია სწავლისთვის, ის მოსწავლეს წინსვლისა და წარმატების განცდას უჩენს.
მასობრივი პედაგოგიური პრაქტიკის თვალსაზრისით (და არა მხოლოდ ცალკეული ნოვატორი მასწავლებლების შემთხვევაში) ინოვაციურად ითვლება, მაგალითად, მასწავლებლის ე.წ. ფასილიტატორული როლები:
. მასწავლებელი ქმნის თანამშრომლობით ატმოსფეროს სასწავლო პროცესში და ამით ხელს უწყობს მოსწავლეებს მათი პოტენციალის რეალიზებაში;
. მასწავლებელი წაახალისებს მოსწავლეთა თავისუფალ და დამოუკიდებელ აზროვნებას, რითაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ნაყოფიერების ზრდას;
. მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს და ეყრდნობა მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს, რითაც ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და, ამასთანავე, ამრავალფეროვნებს მათ გამოცდილებას;
. მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლის შინაგანი დისციპლინის ჩამოყალიბებაზე და აღკვეთს მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას. ამით იგი ხელს უწყობს პოზიტიურ ცვლილებებს მოსწავლეებში და განამტკიცებს მიღწეულ შედეგებს.
მასწავლებლის ტრადიციული და ფასილიტატორული როლების შეთავსება უდავოდ პროგრესული და მისაღებია. პრობლემები წამოიჭრება მაშინ, როდესაც ამ როლების პრაქტიკაში რეალიზაციის საკითხი დგება. კერძოდ, საკითხი ასე ისმის: თავსებადია თუ არა ამჟამად საქართველოში არსებული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური და მასწავლებლის მუშაობაზე ზეგავლენის მქონე სხვა რეალობები მასწავლებლისთვის დაკისრებულ მოვალეობებთან? რა უშლის ხელს განათლების მოქმედ სისტემაში მასწავლებლის ინოვაციური როლის დანერგვას? რა პირობებშია შესაძლებელი საქართველოში მოქმედი 60 000 მასწავლებლის მიერ ტრადიციული როლების სახეცვლილება ჰუმანისტური პრინციპების შესაბამისად და ფასილიტატორული როლების დანერგვა ყოველდღიურ პრაქტიკაში?
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება და სოციალური სტატუსი მისი კვალიფიკაციის შესაბამისად უნდა გაიზარდოს, მაგრამ ნუთუ დასმული ამოცანის გადასაჭრელად საკმარისი იქნება საზოგადოების მხრივ მასწავლებლისადმი დამოკიდებულების შეცვლა და მისი უზრუნველყოფა მატერიალური თუ სოციალური კეთილდღეობით? უფრო სისტემური ცვლილებები ხომ არ არის გასატარებელი, მათ შორის _ უშუალოდ სასკოლო განათლებაშიც, იმისათვის, რომ მასწავლებლებს შეექმნათ ადეკვატური პირობები თავიანთი როლების შესასრულებლად? როგორი პედაგოგიური ტექნოლოგიებითა და სასწავლო პროცესის როგორი ორგანიზაციით არის შესაძლებელი სასურველი პრინციპებისა და მიდგომების განხორციელება? როგორი საუნივერსიტეტო განათლება უნდა მიიღოს მასწავლებელმა, რომ მზად იყოს, ზიდოს ინოვაციური ფუნქციების დამატებითი ტვირთი? რა სახის სასწავლო რესურსებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მასწავლებელი და რა მასალები უნდა შექმნას მან იმისათვის, რომ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგოს მოსწავლესა და შედეგებზე ორიენტირებული განათლება?

საკითხი მრავალმხრივ და ღრმა ანალიზს მოითხოვს, ჩვენ კი ამჯერად მხოლოდ იმას დავჯერდებით, რომ წარმოვაჩინოთ ზოგიერთი შეუსაბამობა და წინააღმდეგობა, რომლებსაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდება რეფორმის მხარდამჭერი მასწავლებელი _ ის, ვისაც გულწრფელად სურს, მაღალ დონეზე შესრულოს პროფესიული მოვალეობა, სული და გული ჩააქსოვოს საქმეში, განიცადოს შემოქმედითი სიამოვნება და მიიღოს კმაყოფილება მიღწეული შედეგებით.

ხშირად ნოვატორი მასწავლებლების ან მათი ტრენერების მიერ შედგენილ გაკვეთილის გეგმაში წარმოჩენილია პედაგოგის ფასილიტატორული მუშაობის ელემენტები: ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დავალებათა წინასწარ მომზადება, მოსწავლეთა მუშაობაში ჩარევა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ გაწერილი ზუსტი ინსტრუქციები მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის, შეჯიბრების, მსჯელობისა და კამათის წახალისება, გამომწვევი და შემოქმედებითი დავალებები, შეფასების კრიტერიუმების წინასწარ შეთანხმება მოსწავლეებთან.
ამასთანავე, გეგმის მიხედვით, შექმნილია წინაპირობები მოსწავლეთა მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის: მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ერთმანეთს პრობლემების მოგვარებაში, მონაწილეობენ საერთო დავალების შესრულებაში, ინაწილებენ საქმეს.
თუმცა მასწავლებლის მიერ წინაპირობების შექმნა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ეს გეგმაშია წარმოდგენილი. ამ გეგმის რეალიზაციას მასწავლებლის ფასილიტატორული უნარი და საკმაო ძალისხმევა სჭირდება. სხვა საკითხია, რამდენად არის შეთანხმებული ჩვენი საზოგადოება ისეთი ძირითადი ღირებულებების თაობაზე, როგორებიცაა მოყვასზე ზრუნვა, წესრიგი, სხვისი აზრის პატივისცემა, თვითორგანიზება, პასუხისმგებლობა, მიუკერძოებლობა და რამდენად იზიარებს ყოფა-ცხოვრებაში, მათ შორის _ სასკოლო ცხოვრებაშიც, ამ ღირებულებებს. როგორ უნდა მოაქციოს მხოლოდ მასწავლებელმა ეს პროცესი სასურველ კალაპოტში? რამდენი გაკვეთილი შეიძლება მოამზადოს და ჩაატაროს მან დღეში და კვირაში ისე, რომ გაუძლოს ფიზიკურ და ინტელექტუალურ დატვირთვას და გამოავლინოს შემოქმედებითობა ნებისმიერ საგაკვეთილო ვითარებაში?

შევაჯამოთ არგუმენტები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის ფაქტორები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მასწავლებლის ინოვაციური როლების ეფექტურ განხორციელებას:
. მოტივაციის ნაკლებობა;
. ხისტი საკლასო-საგაკვეთილო სისტემა;
. პედაგოგიური ტექნოლოგიების დაუმუშავებლობა;
. არაადეკვატური საუნივერსიტეტო განათლება;
. არასაკმარისი პროფესიული განვითარება;
. არაადეკვატური სასწავლო რესურსები;
. ინტენსიური საათობრივი დატვირთვა;
. განსხვავებული შესაძლებლობებისა და მიღწევების მქონე მოსწავლეთა კონტინგენტით დაკომპლექტებული კლასები;
. მეტისმეტად მრავალრიცხოვანი კლასები დიდ ქალაქებში;
. გადატვირთული სასწავლო პროგრამები;
. ღირებულებითი კრიზისი საზოგადოებაში და მისი წევრების სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (განსაკუთრებით _ სოციალური თანამშრომლობის უნარ-ჩვევების) განუვითარებლობა.

ეს გრძელი და დამაფიქრებელი ჩამონათვალი, ბუნებრივია, არ არის ამომწურავი. მაგალითად, მასწავლებელი არ იქნება დაინტერესებული ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებით და თუნდაც ძალიან მოინდომოს, მოსწავლეები მაინც არ აჰყვებიან, თუ საგამოცდო ტესტები ფაქტობრივ ცოდნაზე იქნება ორიენტირებული და მოსწავლეებისგან სასწავლო მასალის დაზუთხვას მოითხოვს.

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი სავსებით საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ ინოვაციური მიდგომების მასობრივ დანერგვაში გარღვევა მხოლოდ სისტემური ცვლილებების პირობებში შეიძლება მოხდეს. მხოლოდ მასწავლებლების ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ საშური საქმეა ტრადიციული და ინოვაციური საქმიანობის თეორიისა და პრაქტიკის უფრო დეტალური შესწავლა, რათა განისაზღვროს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა დღესვეა შესაძლებელი და რომლებიც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა შრომის ეფექტიანობის ზრდას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი