ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა შეიძლება ვისწავლოთ ფინეთის წარმატებული სასკოლო რეფორმიდან

ლინდა დარლინგ-ჰემონდი

წინამდებარე სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ იმის შესახებ, როგორ შექმნა ფინეთმა საკმაოდ ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა თითქმის ნულოვანი წერტილიდან.
1970-იან წლებამდე ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა წარმატებულად არ მიიჩნეოდა. სამაგიეროდ, აშშ მსოფლიოს ეჭვმიუტანელი ლიდერი იყო ამ კუთხით. მაგრამ ფინეთმა მოახერხა და პროდუქტიული სწავლებითი (teaching) და სწავლითი (learning) სისტემა შექმნა.
ამ ტენდენციის გამო მრავალი ქვეყანა დაინტერესდა ფინეთით, იმ იმედით, რომ განათლების რეფორმის სწორ გასაღებს იპოვიდა. ერთი ანალიტიკოსი წერს: „ფინეთში ჩასული ვიზიტორები აღმოაჩენენ სკოლების ელეგანტურ შენობებს, რომლებიც სავსეა წყნარი ბავშვებითა და კარგი განათლების მქონე მასწავლებლებით. ასევე თვალში საცემია ფართო ავტონომია, რომელიც სკოლებს აქვთ, ცენტრალური საგანმანათლებლო ადმინისტრაციის უმნიშვნელო ჩარევა სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სისტემატური მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პროფესიონალური დახმარების გაწევა განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოსწავლეებისთვის” (Sahlbert, 2009, p. 7).
ფინეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ მისი ეს მიღწევა საგანმანათლებლო სფეროში დაბანდებული უხვი ინვესტიციის შედეგია – მასწავლებლობის ყველა მსურველი იღებს საკმაოდ მაღალი ხარისხის სამწლიან პოსტსაბაკალავრო მომზადებას სახელმწიფოს ხარჯზე. მოსამზადებელ კურსზე ისინი სწავლობენ კურიკულუმების შედგენას ნებისმიერი დონის, ნებისმიერი უნარების მქონე მოსწავლეთა ჯგუფებისთვის. ამ სისტემის ერთ-ერთი უკანასკნელი ანალიზი შეჯამებისას გამოყოფს რამდენიმე მთავარ პრინციპს:
. რესურსების მიმართვა უფრო მეტად მათკენ, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდება;
. მაღალი სტანდარტი და ხელშეწყობა განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოსწავლეებისთვის;
. კვალიფიციური მასწავლებლები;
. განათლების შეფასების კრიტერიუმები;
. დეცენტრალიზაციისა და ცენტრალიზაციის ბალანსი (Laukkanen, 2008, p. 319).
სალბერგი მიუთითებს იმ რეფორმებზე, რომლებიც გატარდა ანგლოსაქსურ ქვეყნებში და რომლებიც ფინეთს არ გადაუღია, მათ შორის – კურიკულუმების სტანდარტიზაციაზე. ფინეთში კურიკულუმები კითხვასა და მათემატიკაში უმთავრეს უნარ-ჩვევებამდე დავიწროვდა. გარდა ამისა, დაიწყეს ინოვაციური სწავლებითი სტრატეგიების გამოყენება. სწავლის თანასწორ შესაძლებლობას მრავალნაირად უჭერენ მხარს.
ფინური სკოლები საკმაოდ პატარაა, თითოეულ მათგანში მაქსიმუმ 300 მოსწავლე სწავლობს. კლასში 20-ზე მეტი მოწაფე არ ირიცხება. სკოლის შენობები კარგად არის აღჭურვილი. საგანმანათლებლო და პიროვნული თვალსაზრისით მოსწავლეებზე ზრუნვა მთავარ პრინციპს წარმოადგენს. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ყოველდღიური კვებით, სამედიცინო მომსახურებით, ტრანსპორტირებითა და სასწავლო მასალებით, რომლებიც მათთვის სრულიად უფასოა.
მასწავლებლების განათლების დონის ამაღლება და მომზადების ხარისხის გაუმჯობესება ფინეთში 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ქვეყანაში მიღებულ იქნა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში დააბანდებდნენ თანხებს, შესაძლებელი გახდებოდა სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მიცემა სწავლებასთან დაკავშირებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას.
1990-იანი წლების შუაში ქვეყანაში უკვე აღარ არსებობდა კურიკულუმების მენეჯმენტის მკაცრად რეგულირებადი სისტემა. თუ ძველი კურიკულუმების გაიდლაინები შვიდასზე მეტ გვერდს მოიცავდა, დღეს ამ ნაციონალური დოკუმენტის მოცულობა ათ გვერდს არ აღემატება, რომლებზეც მხოლოდ უმთავრესი პრინციპებია გადმოცემული. 1990-იანი წლების კურიკულუმებთან დაკავშირებული რეფორმა კი უფრო მეტად ფოკუსირდა მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და ინოვაციურობაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა კრეატიული აზროვნებისა და საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარის განვითარებას.
ფინეთის სკოლებისთვის არ არსებობს გარედან დაწესებული სტანდარტული ტესტები მოსწავლეებისა თუ, საზოგადოდ, სკოლების შესაფასებლად. მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასებას, როგორც წესი, აქვს ნარატიული სახე, მასში ასახულია მოსწავლის ზოგადი პროგრესი და კონკრეტული სფეროები, რომლებშიც მან წარმატებას მიაღწია.
ეროვნული კურიკულუმის გაიდლაინი მასწავლებლებს რეკომენდაციას აძლევს, გამოიყენონ შეფასების უმთავრესი კრიტერიუმები როგორც თითოეული საგნის, ისე მოსწავლეთა სწავლის პროგრესთან დაკავშირებული ყოველწლიური საბოლოო შეფასებისთვის. სკოლის მასწავლებლები ამ გაიდლაინებს უფრო დეტალური კურიკულუმების შესადგენად იყენებენ, ამიტომ, ბუნებრივია, თითოეული სკოლა თავად ადგენს სწავლების მოსალოდნელ შედეგებს. ფინეთის განათლების ნაციონალური საბჭოს თანახმად, მოსწავლეთა შეფასების მთავარი მიზანია მათი ხელშეწყობა დამოუკიდებელი აზროვნებისა და თვითშეფასების განვითარებაში.
ფინური სკოლის საკლასო ოთახში იშვიათად ნახავთ მოსწავლეთა წინაშე მდგარ მასწავლებელს, რომელიც 50 წუთის განმავლობაში ასწავლის. ნაცვლად ამისა, მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გეგმავენ შესაბამის საგანში შესასრულებელ სამუშაოს, რომელსაც შემდეგ დამოუკიდებლად ართმევენ თავს. ტიპურ საკლასო ოთახში მოსწავლეები პატარ-პატარა ჯგუფებად მუშაობენ, აგროვებენ ინფორმაციას, შეკითხვებს უსვამენ მასწავლებელს და სახავენ გეგმებს. მოსწავლეები ამუშავებენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პროექტებს. ზოგჯერ სტატიასაც ამზადებენ სკოლის საბავშვო ჟურნალისთვის. ასე რომ, დამოუკიდებლობის კულტივაცია და აქტიური სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განივითაროს მეტაკოგნიტური თვისებები, რომლებიც მას საკუთარი სასწავლო პროცესის უფრო პროდუქტიულად წარმართვაში ეხმარება.
როგორც ითქვა, ფინეთში მასწავლებლების განათლება-გადამზადებაში მასშტაბური ინვესტიციების დაბანდება 1970-იანი წლებიდან დაიწყო, 1990-იან წლებში კი ქვეყანაში გადაიხედა მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები და მეტი ყურადღება მიექცა სწავლების დროს ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორებიცაა პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება კვლევით სამაგისტრო პროგრამაში. ამრიგად, ფინეთის განათლების სისტემაში მასწავლებლებისთვის კვლევითი უნარების განვითარება ცენტრალურ იდეად იქცა.
მასწავლებლობის კანდიდატებს საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით არჩევენ. მასწავლებლობის მსურველთაგან, რომლებსაც ბაკალავრიატი აქვთ დამთავრებული, მხოლოდ 15 პროცენტი იღებს გადამზადების უფლებას და გაივლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამწლიან კურსს. გარდა იმისა, რომ მათთვის სწავლა უფასოა, ისინი სტიპენდიასაც იღებენ. აშშ-სგან განსხვავებით (სადაც მასწავლებლობის მსურველები ან ვალს იღებენ მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად, სადაც ანაზღაურება არცთუ ისე მაღალია, ან უმნიშვნელო ტრენინგს გადიან), ფინეთმა უშურველად ჩადო ინვესტიცია თანაბრად კვალიფიციური მასწავლებლების მომზადებაში, რისთვისაც საუკეთესო კანდიდატებს გულმოდგინედ არჩევს და, იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელთა ტრენინგპროგრამებზე დიდი კონკურსია, ამ სფეროში რაიმე სახის დანაკლისი დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
მასწავლებლების მომზადება გულისხმობს სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებულ ვრცელ საკურსო ნაშრომს, რომელშიც უპირატესობა ენიჭება კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას და ერთწლიან სტაჟირებას უნივერსიტეტების სკოლებში, სადაც ინერგება და „გამოიცდება” ინოვაციური სასწავლო პროგრამები. მასწავლებლები კვლევით მეთოდებში იწვრთნებიან, რათა „ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო სისტემის ორიენტირებას კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე” (Buchberger and Buchberger, p. 10).
ამ „საპილოტო” სკოლებში მასწავლებლობის კანდიდატები მუშაობენ მცირე ჯგუფებში, რომელთა უპირველესი ამოცანაა პრობლემის გადაჭრა, რაც ფინურ სკოლებში სწავლების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ეს ჯგუფები დაკავებულნი არიან კონკრეტული სასწავლო პროგრამების შემუშავებით, პრაქტიკაში გამოცდითა და შეფასებით. სწორედ ამ პროცესში, რომელიც გადამზადების კურსის მთავარი ნაწილია, სწავლობენ მომავალი მასწავლებლები, რა და როგორ აკეთონ საკუთარ სკოლაში, საკუთარ მოსწავლეებთან. ამასთან, მოსწავლეებისგან მოელიან იმავე უნარ-ჩვევების ათვისებას და კვლევაზე დაფუძნებული სამუშაოს შესრულებას შესაბამის დისციპლინაში.
ამრიგად, ფინური სკოლის მასწავლებლობის კანდიდატი ყველაზე მეტ დროს ეფექტური კურიკულუმისა და შეფასების სისტემის შექმნის შესწავლას უთმობს. მასწავლებლის ტრენინგი, პირველ რიგში, გულისხმობს სასწავლო პროცესში ყოველგვარი ტიპის (მათ შორის – განსაკუთრებული საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან ურთიერთობის ტექნიკის ათვისებას. ამგვარი მიდგომა ითვალისწინებს მულტიკულტურულობის შენარჩუნებასა და ყოველგვარი ექსკლუზივიზმის გამორიცხვას. ეგალიტარი ფინელების აზრით, თუ მასწავლებელს კარგად ეცოდინება, როგორ მოეპყროს თანაბრად ყოველგვარი ტიპის მოსწავლეს, მაშინ არც ერთ მათგანს არ ექნება სხვაზე უარესი მოსწრება.
ფინეთში მასწავლებლების უმრავლესობას აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც საკუთარ სპეციალობაში, ისე განათლების მენეჯმენტში. მათ კარგად აქვთ ათვისებული კვლევითი მეთოდები და, საზოგადოდ, პედაგოგიური პრაქტიკა. ამის კვალობაზე, ისინი იოლად ახერხებენ ოპტიმალური ინსტრუქციების შექმნას, რომლებიც სწავლების პროცესში ძალზე ეფექტურად მუშაობს.
ფინეთის სკოლებში დრო მასწავლებლების თანამშრომლობისთვისაც არის გამოყოფილი. კვირაში ერთ დღეს ისინი ერთობლივად ამუშავებენ სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. გარდა ამისა, მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ფინეთის საგანმანათლებლო რეფორმაზე პასუხისმგებელ პირთა განცხადებით, „მასწავლებლის პროფესიის ამგვარი მხარდაჭერითა და ორგანიზებით საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. პროფესიონალ მასწავლებლებს აქვთ ინოვაციის უფლებაც, რადგან ისინი გამუდმებით უნდა ცდილობდნენ ახალი გზების მოძიებას სწავლების გასაუმჯობესებლად. მასწავლებელი არ უნდა იყოს მექანიკური იარაღი, რომლის ფუნქცია მხოლოდ „ზემოთ” შედგენილი პროგრამების სკოლაში დანერგვაა. ამრიგად, მასწავლებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან სწორედ მათი ძალისხმევით ფუნქციობს და ვითარდება საგანმანათლებლო სისტემა” (Laukkanen, 2008).
რაც მთავარია, რეფორმის ამ პრინციპებს ფინეთი სისტემატურად ახორციელებდა, განსხვავებით აშშ-სგან, სადაც ჯერ ამა თუ იმ ინოვაციის დანერგვაში ხარჯავდნენ ენერგიას, რამდენიმე წლის შემდეგ კი ცვლიდნენ მათ.
მაშინ, როდესაც ამ პატარა ერმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი რეფორმა განახორციელა, სახელმწიფო ან პროვინციულ დონეებზე მსგავსი სტრატეგიები შეიმუშავეს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაშიც, ასევე – ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, კერძოდ, ჰონკონგსა და მაკაოში, სადაც ასევე დადებითი შედეგები მიიღეს.
ინგლისურიდან თარგმნა
დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი