პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბრუნერის მეთოდი განათლებაში

„მიეცით მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება; დაეხმარეთ მათ ცნებებისა და პრინციპების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში – ამით ისინი მოახდენენ ცოდნის ორგანიზებას; ჩართეთ საკლასო დისკუსიებში; მიეცით ისეთი დავალებები, რომლებიც რეალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული; დაეხმარეთ თეორიების აგებაში: წააქეზეთ, იკითხონ „რატომ?”და „როგორ?” სთხოვეთ, წინასწარ გამოთქვან ვარაუდი, რა მოხდება საკლასო ექსპერიმენტის დროს. გამოიყენეთ ანალოგიები, რათა მოსწავლეებს ახალი ცნებების, იდეებისა და მოვლენების უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებაში დაეხმაროთ. მიეცით ფიზიკური და სიმბოლური მოდელები ან მაგალითები. მასალის ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე. სთხოვეთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი ძველ გამოცდილებას დაუკავშირონ”, – ამ რჩევებს მასწავლებლებს კონსტრუქტივისტები აძლევენ.

კონსტრუქტივისტები არიან ვიგოტსკი, პიაჟე და ბრუნერი. პირველი ორი მეცნიერის მოღვაწეობაზე მასტსავლებელი.გე უკვე წერდა. ამჟამად ვისაუბრებთ ამერიკელი ფსიქოლოგის ჯერომ ბრუნერის შესახებ, რომელიც კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ბრუნერმა საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას.

სწავლებისადმი ბრუნერის მიდგომა კონსტრუქტივისტულია. მისი თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებსა და კონცეფციებს.
მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, იღებს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისთვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩასწვდეს „ინფორმაციის იქით” არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.

სწავლება ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე – მასწავლებელიც და მოსწავლეც – აქტიურად არიან ჩართულნი დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე მოსწავლისთვის ადვილად მისაწვდომი გახადოს. კურიკულუმი შედგენილი უნდა იყოს სპირალური პრინციპით – ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.

როგორც ვებსაიტ „ახალ განათლებაზეა” აღნიშნული, ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს: სწავლებისადმი წინასწარ განწყობას; სწავლების ისე აგებას, რომ ახალი ინფორმაცია მოსწავლისთვის ადვილი გასაგები იყოს; არსებულ მასალაში თანამიმდევრობის პრინციპის დაცვას; წახალისება-დასჯის მეთოდების სწორ გამოყენებას.

ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია: სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ასათვისებლადაც მოსწავლე მზადაა; სწავლების სტრუქტურა ადვილი გასაგები უნდა იყოს მოსწავლისთვის (სპირალური ორგანიზება); სწავლება ხელს უნდა უწყობდეს „ექსტროპოლაციას”, ანუ ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ „ნაპრალებს” (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).

ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: პრაქტიკულს – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია, პრაქტიკული ქმედებები); ხატოვანს – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია ობიექტის თვალსაჩინო ხატით და არამხოლოდ ობიექტით მანიპულირება; სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ბავშვი უკეთ ითვისებს ჩვევებსა და ცოდნას, როდესაც იგი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენსა თუ ცნებას.

გარემოს შეცნობისას ადამიანი გამოყოფს საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ამ აბსტრაქციების საფუძველზე იგი შეიმუშავებს წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას აძლევს. ამ პროცესში ადამიანი აღმოაჩენს და თავადაც ქმნის ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს, „ცნების” ნაცვლად, შემოაქვს ტერმინი „კატეგორია”, რომელსაც იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით, კატეგორია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.

მეცნიერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება.

აქედან გამომდინარე, ბრუნერი მიიჩნევს, რომ ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა კი იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. ამიტომ, იმისთვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა – საკუთარი გონებრივი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვანი იდეებისა და დამოკიდებულებების შესახებ.

ბრუნერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, კოდირების სისტემა მოსწავლემ თავად შექმნას, ვიდრე ის დასრულებული სახით მიიღოს მასწავლებლისგან. მოსწავლე თავად ქმნის რეალობის, არსის საკუთარ ვერსიას, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს საამისოდ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებათა აღმოჩენას გაუადვილებს.

აღმოჩენებით სწავლა დასწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალას დაუსრულებელი სახით მიაწვდიან და მის ორგანიზებას სთხოვენ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მოძებნონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც ამ მასალის ელემენტებს შორისაა. ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა.
აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა, მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა მოსწავლეებს, მათ მითითებები აღარ მისცეს. მნიშვნელოვანია, რომ მითითებები იყოს ზომიერი, გაიცემოდეს გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ანდა მოსწავლე არ შეეჯახოს დაუძლეველ პრობლემას.

აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ იგი აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება – მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ ის არის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები.

ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს. ესენია:

. ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;

. მაგალითების შერჩევა, შესატყვისი დაკვირვებების წარმოება;

. ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;

. ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტის ან რაიმე სხვა დაკვირვების შემუშავება და ჩატარება;

. ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან „მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.

ბრუნერი მიიჩნევს, რომ ეფექტიანი სწავლებისთვის ყველაზე ადეკვატურია ე. წ. „სპირალური კურიკულუმი” – სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილს, წინათ მიღებულ გამოცდილებას ეფუძნებოდეს.

ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:
. განწყობა – მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ზედაპირული, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ჩაღრმავებული, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ამ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულათა ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.

. სწავლისადმი მზაობა – მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დააფრთხობს მისი სირთულე, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას, წინათ ათვისებულ ცოდნას დაეფუძნება.

. სწავლების მრავალფეროვნება – ეს ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით დასწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას სრულიად განსხვავებულ პირობებში იღებს, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ, ბრუნერი გვირჩევს, ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ სირთულისა და აბსტრაჰირების განსხვავებული ხარისხით, იმისდა მიხედვით, როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა.

„სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.

. კონკრეტული შინაარსების ფლობა – ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, რომელიც საამისოდ კარგადაა მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ერთმანეთთან ვერ დააკავშირებს და ვერც განაზოგადებს ინფორმაციის ელემენტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი