წინაპირობა     

წარმოიდგინეთ ბედნიერი შემთხვევა, როდესაც ტელევიზორს რთავთ და საინფორმაციო გადაცემა იწყება იმით, რომ PIZA-ს და PIRLS-ის მსოფლიო კვლევებით საქართველომ წიგნიერების უმაღლესი დონე აჩვენა და, როგორც იქნა, ფინეთს, კანადას და შვედეთს გაუსწრო, ეს კი შედეგია იმისა, რომ ქვეყანა მთელი გულით და სულით ცდილობს, გააძლიეროს განათლება და ეკონომიკა.

ჩემი რეალობა ისაა, რომ უკვე მეორე წელია, რაც სახლში ტელევიზორი გაგვიფუჭდა და ნეგატიური ამბებისგან თავდაცვის მიზნით არც კი მოგვიწადინებია მისი შეკეთება, მით უფრო – ახლის შეძენა, რადგან ძალიან მომრავლდა ტელემედიით გადაცემების საწყისშივე აქცენტები მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციაზე, დანაშაულზე, კრიმინალზე და ეს ძალიან უსიამოვნოა. ჩვენს სკოლებსა და საზოგადოებაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ქცევის არც ისე სახარბიელო შედეგი გვაქვს სახეზე და აქცენტებიც მხოლოდ შედეგზე დაისმის. წინაპირობა ყველგან უგულებელყოფილია! არადა, წინაპირობა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ის რომ არა, არც ნეგატიური ქცევა იარსებებდა და არც უარესი შედეგი.

სპეციალურ ლიტერატურაში წინაპირობა განიმარტება როგორც ნებისმიერი მოვლენა, გარემოება, რომელიც წინ უსწრებს ქცევას. ეს მოვლენები შეიძლება პრობლემური ქცევის უშუალო განმაპირობებელი/ტრიგერი იყოს ან უბრალოდ, კორელირებდეს მასთან, უკავშირდებოდეს მას.

შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ქცევა შეიცვალოს, აუცილებლად უნდა ამოვიცნოთ წინაპირობა და განვსაზღვროთ იგი.

ქცევის წინაპირობა შეიძლება იყოს:

  • გარემო;
  • სხვა ადამიანის ქცევა;
  • დღის კონკრეტული მონაკვეთი;
  • რაიმე აქტივობა.

არსებობს კითხვები, რომელთა დასმაც დაგვეხმარება ქცევის წინაპირობის განსაზღვრის პროცესში. ესენია:

  • როდის აღმოცენდება ქცევა?
  • სად აღმოცენდება ქცევა?
  • ვინ იმყოფება იქ ქცევის აღმოცენების დროს?
  • რა მოვლენა უსწრებდა წინ ქცევის აღმოცენებას?
  • რა მოხდა ქცევის აღმოცენებამდე?
  • რას ამბობენ ადამიანები კონკრეტული ქცევის აღმოცენებამდე?
  • რას აკეთებენ ადამიანები უშუალოდ ქცევის აღმოცენებამდე?
  • როგორია ქცევის სამიზნე გარემო?
  • რაგვარი ქცევა უძღოდა წინ რთულ ქცევას?
  • როდის, სად, ვისთან და რა გარემოშია აღნიშნული არასასურველი ქცევის აღმოცენების ყველაზე ნაკლები ალბათობა?

 

დღეს ჩვენს საზოგადოებას საოცრად არასტაბილურ და მოწყვლად გარემოში უხდება ცხოვრება. გახშირდა დარღვევები და სინდრომები, რომლებსაც თან ახლავს ქცევითი აშლილობებიც. უკვე ქუჩაშიც საკმაოდ ხშირად ვაწყდები სასკოლო ასაკის ბავშვის ტანტრუმს. ბავშვს თან ახლავს მხოლოდ ბებია, მხოლოდ მამა ან დედა და ბებია ერთად და მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ზოგი მათგანი გაღიზიანებულ ბავშვს ერთი კარგად წაუთაქებს ხოლმე, მაგრამ მის ადგილიდან დაძვრასაც ვერ ახერხებს. გასაუბრებისას კი ირკვევა, რომ ბავშვი ფსიქოლოგის მომსახურების სერვისით არ სარგებლობს და არც სახსრები აქვს ოჯახს საამისოდ.

ამგვარ ქცევას შეიძლება არაერთი წინაპირობა ჰქონდეს. რამდენიმე მათგანის გავლენას მწვავე დიაბეტური ფორმაც ამძაფრებს, ასევე – სენსორული შიმშილი, უდედობა (როცა დედა საზღვარგარეთაა), უმამობა (მამა საზღვარგარეთაა), აგრესია უფროსებისგან, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ბავშვისადმი, სიღარიბე, დაბალი სოციალური სტატუსი და სხვ.

 

ქცევა ინდივიდის აქტი ან ქმედებაა, რომლის დეტალური, ინტერპრეტირების აღწერა მნიშვნელოვანია. მას წინ უძღვის ან არაცვლადი წინაპირობა, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი მოვლენები: წვიმა, ჭექა-ქუხილი, – ან უმეტესად ცვლადი წინაპირობა. ქცევის წინაპირობის ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს, როგორ შეიძლება შევცვალოთ წინაპირობა უკეთესობისკენ.

თუ შევქმნით უკეთეს წინაპირობას, რთული ქცევაც უკეთესი ქცევით და შედეგებით შეიცვლება.

თუ ვერ შევცლით მთელ სამყაროს, ცალკეულ პიროვნებას, იმის შეცვლა მაინც ნამდვილად შეიძლება, რომ შევცვალოთ მათი ქცევა – ამისთვის ხომ წინაპირობის შეცვლაც საკმარისია.

 

 

 

კომენტარები

comments