შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლის პროცესი – გზა ცოდნის მიღებიდან შემოქმედებით აზროვნებამდე

მანანა ბოჭორიშვილი

შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლეს ესა თუ ის უნარი მხოლოდ მაშინ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული, როდესაც მისი გამოყენება ავტომატურად, ზედმეტი ფიქრის გარეშე შეუძლია.

უნარი არის ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესა­ძლებლობა, პოტენციალი. უნარი მხოლოდ შესაძლებლობის სახითაა მოცემული, მისი შემდგომი განვითარება კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების საშუალება (შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა).

უნარ-ჩვევა იგივე უნ­არია, რომელიც, ძირითადად, ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი გულისხმობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას.

უნარ-ჩვევების განვითარება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, მოსწავლემ სამი ფაზა გაიაროს.

უნარ-ჩვევის ათვისების ფაზებია:

I. წვდომა;

II. ათვისება-გავარჯიშება;

III. ავტომატიზაცია.

წვდომის ფაზა

წვდომის ფაზაში ხდება შესასწავლი ოპერაციის გაგება და მისი განხორ­ცილების მექანიზმის გაცნობიერება. ამ პროცესის დროს ყურადღება და ძა­ლისხმევა წარიმართება ახალი ოპერაციის წვდომისკენ, შეცნობისა და გაგება-გარკვევისკენ. 

ათვისება-გავარჯიშება

ათვისება-გავარჯიშების ფაზაში ხდება პირველ ეტაპზე გაგებული ოპერ­აციის გამოყენება. გავარჯიშება ხორციელ­დება განსაზღვრული მოცემულობის ფარგლებში. ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია ოპერაციის ათვისებისკენ. 

ავტომატიზაციის ანუ დაუფლების ფაზა

ავტომატიზაციის ფაზაში ოპერაცია/მოქმედება სრულდება სწრაფად, თავისუფლად, დაუძაბავად. მოსწავლე აღარ ფიქრობს წესებსა და კანონებზე. მისი ძალისხმევა მიმართულია უნარ-ჩვევის შესაბამისად გამოყენებისკენ.

მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განსავითარებლად უნდა გავით­ვალისწინოთ როგორც უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების ფაზები, ასევე აზ­როვნების დონეების აქტივაციის ხერხები. განვითარების ფაზების გათ­ვალისწინება უზრუნველყოფს გარკვეული ჩვევების შემუშავებას და მოითხოვს ხანგრძლივ, მიზანმიმართულ მუშაობას, რომელიც მხოლოდ ერთ გაკვეთილზე ვერ განხორციელდება.

 

სავარჯიშოების შედგენისას უნდა გვახსოვდეს: აღქმა-გაგების უნარის განვითარება ვერ უზრუნველყოფს შექმნა-წარმოების უნარის განვითა­რებას. აუცილებელია, სწავლებისას, აღქმასა და გაგებაზე ორიენ­ტირებულ სავარჯიშოებთან ერთად, მოსწავლეებს შევთავაზოთ შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებული სავარჯიშოებიც.

 

როგორ უზრუნველვყოთ თანამიმდევრული და წარმატებული სვლა აღ­ქმა-გაგებიდან შექმნამდე? 

ამისთვის აუცილებელია:

. ზუსტად განვსაზღვროთ, რა პროდუქტის მიღება გვინდა მესამე (ავტომატიზაციის) ფაზაში;

. განვსაზღვროთ, რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს მოსწავლისგან ამ პროდუქტის შექმნა. ამისთვის დავშალოთ კომპლექსური ხასიათის მიზანი მარტივ შემადგენელ ნაწილებად/ქვემიზნებად;

. მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, განვსაზღვროთ სასწავ­ლო მიზნები და შევადგინოთ შესაბამისი აქტივობები;

. ზუსტად განვსაზღვროთ, რა ცოდნა და უნარ-ჩვევა შეიძინეს მოსწავლეებმა I და II საფეხურებზე, რათა მათ შეძე­ნილი უნარ-ჩვევები სინთეზურად გამოიყენონ III ფაზაში.

ცხადია, რომ პირველ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება აღქმითი ხა­სიათის სავარჯიშოებს (ამოიცანი, დააჯგუფე, იპოვე, დააკავშირე, შეადარე, გადაახარისხე და სხვა), მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებელია, სასწავლო პროცესში გამოვიყენოთ შექმნა-წარმოებისკენ მიმართული სავარჯი­შოები (შეცვალე, გადააკეთე, შეადგინე, დაასრულე, ამოხსენი, აწარმოე და სხვა).

მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განსავითარებლად უნდა გავით­ვალისწინოთ როგორც უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების ფაზები, ასევე აზ­როვნების დონეების აქტივაცია (ბლუმი). ქვემოთ მოყვანილი მაგალითები შეესაბამება უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების II ფაზას და მესამე (გამოყენების) საფეხურს:

. გეოგრაფია – აფრიკის პოლიტიკურ რუკაზე ჰორიზონტის მხარეების გამოყენებით ეგვიპტის მოსაზღვრე ქვეყნების დასახელება (აღქმაზე ორიენტირებული სავარჯიშო); აფრიკის პოლიტიკური, კონტურული რუკის დასრულება-შედგენა ინსტრუქციის გამოყენებით (შექმნა-წარმოებისაკენ მიმართული სავარჯი­შო);

. ქიმია _ რომელიმე რთული ნივთიერების მოლეკულის მოდელის აღწერა; წერილობითი, ზეპირი თუ ვიზუალური ინსტრუქციის მიხედვით სხვა ნივთიერების მოლეკულის მოდელის შექმნა.

გთავაზობთ ორ სავარჯიშოს. ორივე იწვევს აზ­როვნების მესამე დონის აქტივაციას; მათგან ერთი აღქმაზეა ორიენტირებული, მეორე _ შექმნა-წარმოებაზე.

თემა – ჰორიზონტის მხარეები

სამიზნე უნარ-ჩვევა – ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენება რუკაზე მუშაობისას 

სავარჯიშო #1

ჰორიზონტის მთავარი და შუალედური მხარეების გამოყენებით დაასახელეთ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები, ანუ დაასახელეთ, რომელი მხრიდან ესაზღვრება საქართველოს თითოეული მოსაზღვრე ქვეყანა.

ეს აღქმითი ხასიათის სავარჯიშოა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს რუკაზე მუშაობისას ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენებაში. 

სავარჯიშო#2


დაასრულე საქართველოს ისტორიული მხარეების კონტურული რუკა. შემოსაზღვრულ, ცარიელ ადგილებში ჩაწერე შესაბამისი ისტორიული მხარე შემდეგი ინსტრუქციების გამოყენებით:

1. ქართლის აღმოსავლეთით მდებარეობს კახეთი;

2. ქართლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი;

3. რაჭა-ლეჩხუმის სამხრეთით მდებარეობს იმერეთი;

4. იმერეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს გურია;

5. გურიის სამხრეთით მდებარეობს აჭარა;

6. იმერეთის დასავლეთით მდებარეობს სამეგრელო;

7. სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს აფხაზეთი;

8. აფხაზეთის აღმოსავლეთით მდებარეობს სვანეთი;

9. აჭარის აღმოსავლეთით მდებარეობს მესხეთ-ჯავახეთი.

ეს შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებული სავარჯიშოა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენებით შეასრულოს სამუშაო. პრაქტიკულად, მოსწავლემ უნდა შექმნას/დაასრულოს საქართველოს რეგიონული რუკა.

მოსწავლის მოტივაციის გასაღრმავებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს აღქმითი ხასიათის სავარჯიშოებიდან შექმნა-წარმოებისკენ მიმართულ სავარჯიშოებზე გადასვლას. შექმნაზე ორიენტირებული აქტივობები სტიმულის მატარებელია. საზოგადოდ კი, ასეთი მიდგომა მოსწავლეებში ზრდის კომპეტენტურობის შეგრძნებას, რაც მათი მოტივაციის საფუძველი ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი