პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები (ნაწილი I)

მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სტატიაში მოგიყვებით ჩემს პრაქტიკულ კვლევაზე, რომელიც კითხვითი უნარების გაუმჯობესების გზებს გთავაზობთ.

დასაწყისში მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო პრაქტიკულ კვლევასთან დაკავშირებით, რათა ერთგვარი წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასწავლებლისთვის საკუთარი პრაქტიკული კვლევის ჩატარება. პრაქტიკული კვლევის დროს, როგორც თეორია და პრაქტიკა, ასევე კვლევა და მოქმედება კავშირშია ერთმანეთთან.  მასწავლებლის საკუთარი პრაქტიკის კვლევა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პრობლემების აღმოფხვრას, მეორეს მხრივ კი, ეხმარება მასწავლებელს ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში. პრაქტიკული კვლევის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც გვინდა არსებული მდგომარეობის შეცვლა.

ჩემი კვლევის მიზანი გაჩნდა მაშინ, როდესაც დავასრულეთ ანბანის შესწავლა და გადავედით კითხვაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეინიშნებოდა, რომ კლასში კითხვის პრობლემა იდგა. მოსწავლეების უმრავლესობა ვერ კითხულობდა გამართულად, არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი, ასევე მათთვის სირთულეს წარმოადგენდა წაკითხულის გააზრება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს კითხვის ეფექტური მეთოდებითა და სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით  გაეუმჯობესებინათ  კითხვის ტექნიკა, მოეხდინათ გაგება-გააზრება, გაეუმჯობესებინათ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები და გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო:

  1. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ( პირველი კლასი);
  2. ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლები;
  3. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.

 

კვლევის განმავლობაში ვცდილობდი პასუხი გამეცა შემდეგ კითხვებზე:

  • რა ფაქტორები ახდენს გავლენას კითხვის ეფექტურობაზე?
  • როგორია კითხვის სტრატეგიების გამოყენება ჩემს სამიზნე კლასში?
  • როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კითხვითი მეთოდების გამოყენების პრაქტიკა?
  • რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ კითხვითი მეთოდის კიდევ უფრო გასაზრდელად?

კვლევის დასაწყისში გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას, მათ შორის ჩემთვის ბევრი საინტერესო სტატია აღმოჩნდა mastsavlebeli.ge-ის პორტალზე, რომელიც დამეხმარა მუშაობის პროცესში.

მონაცემთა შეგროვება გადავწყვიტე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდის  გამოყენებით. ვთვლი, რომ ორივე მეთოდის გამოყენება კვლევას უფრო სანდოს ხდის.

 

კვლევის განხორციელება და ანალიზი

კვლევის პირველ ეტაპზე მოვახდინე  ჩემს სადამრიგებლო კლასში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება. შედეგად უკეთ შევისწავლე არსებული პრობლემები. შევარჩიე ფოკუსჯგუფის წევრები, რომელთანაც ვაწარმოე სიღრმისეული ინტერვიუ. ეს მეთოდი გამოვიყენე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან, რამაც პრობლემის მიზეზები უფრო გამოკვეთა.

კლასში ჩავატარე გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც დავადგინე მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი, ინტერესები და კლასში არსებული ზოგადი ფონი. ამან საშუალება მომცა, ეფექტურად  შემემუშავებინა ინტერვენციები.

ანონიმური გამოკითხვა ჩავატარე მშობლებთან, შედგენილი კითხვარის გამოყენებით, რის საშუალებითაც დავადგინე, რამდენად უწყობენ ხელს შვილებს კითხვაში, კითხვის რომელ მეთოდებს იყენებენ,  ხედავენ თუ არა ამ საკითხში პრობლემას.

სიღრმისეული ინტერვიუ ვაწარმოე  მასწავლებლებთან, რათა დამედგინა მათ კლასში პრობლემები, რომლის გადაჭრის გზებსაც შემდეგში შევთავაზებდი.

მას შემდეგ რაც გავეცანი ლიტერატურას და შევაგროვე მონაცემები, შევიმუშავე ინტერვენციები, რომელიც ითვალისწინებდა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარებას. გაკვეთილები ჩავატარე შემდეგი სტრატეგიების მიხედვით:

  • დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა, რომლის მიზანიც იყო ტექსტის მახასიათებლებისა და ფონეტიკური ცოდნა, ტექსტის შინაარსის გაგება/გააზრება, გაბმული კითხვა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ეს ინტერვენცია ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასაც ემსახურება.

მოსწავლეებისათვის შევქმენი დიდი წიგნი, რომელიც გავაფორმე ილუსტრაციებით. მოსწავლეებში ამან ერთგვარი მოტივაციის ამაღლებაც გამოიწვია, რადგან ძალიან მოეწონათ მათთვის უცხო ზომის წიგნი. ამ ინტერვენციის განხორციელების დროს ბავშვები კითხულობდნენ ჩემთან ერთად, მეწყვილესთან ერთად და ასევე ინდივიდუალურად.  მქონდა გამოჭრილი ჩარჩო, რომელშიც ერთ რომელიმე სიტყვას ვათავსებდი, მოსწავლეებს უნდა ამოეკითხათ, დაესახელებინათ სიტყვა და განემარტათ. ამ ინტერვენციამ ხელი შეუწყო სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავებასა და განვითარებას. მოსწავლეებს განუვითარდათ საკუთარი ნააზრევისა და განცდილის  სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.

2) ორიენტირებული კითხვა ეს მეთოდი ხელს უწყობს ტექსტის გაგებას, მოსწავლეებს უვითარებს  კრიტიკულ აზროვნებას, აგრეთვე ვარაუდების გამოთქმასა და არგუმენტირებულ მსჯელობას, სიღრმისეულად ხდება ტექსტის დამუშავება.

მოსწავლეებისათვის შევარჩიე მცირე ზომის, მარტივი ტექსტი. ის მონაკვეთებად მქონდა დაყოფილი. დაფაზე გაკრული მქონდა ფორმატი, სადაც ვარაუდების სქემა მქონდა დახაზული. მოსწავლეებს წავუკითხე ტექსტი და შევავსე ვარაუდების სქემა, მას შემდეგ, რაც მათ აზრი გამოხატეს. ბოლოს კი შევსებული სქემა შევაჯამეთ.

ორიენტირებული  კითხვის შედეგად მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას ყველა დონის მოსწავლემ გაიაზროს ტექსტი, შეუნარჩუნოს ყურადღება და დარჩეს დაინტერესებულ მკითხველად.

3) მნიშვნელოვანი სიტყვები – ამ მეთოდის დროს მოსწავლეები არამხოლოდ ახალ სიტყვებზე მუშაობენ, არამედ იძენენ სხვადასხვა კონტექსტში ამ სიტყვების გამოყენების უნარ-ჩვევებს. აგრეთვე, განარჩევენ ტექსტში მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციას.

მოსწავლეებისათვის შევარჩიე აღწერილობითი ტიპის ტექსტი, სადაც მათთვის უცხო რამდენიმე სიტყვა იყო მოცემული. ყველა მოსწავლისათვის დავამზადე ტექსტი და დავურიგე წებოვანი ბარათები. სანამ უშუალოდ ტექსტზე მუშაობას დავიწყებდით, გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებს გავუღვიძე ინტერესი. მივეცი შემდეგი ტიპის დავალება, მათ უნდა ამოეწერათ წებოვან ბარათებზე ტექსტიდან მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც შინაარსის გააზრებას შეუწყობდა ხელს. შემდეგ უნდა გაეკრათ დაფაზე, სადაც გამოიკვეთებოდა ყველაზე რეიტინგული სიტყვა. იმისათვის, რომ ამ სიტყვების უკეთ გააზრება მომეხდინა, მოსწავლეებს შერჩეულ სიტყვებზე მივეცი სხვადასხვა დავალებები. ისინი დავყავი ჯგუფებად. ერთ ჯგუფს მოცემული სიტყვების სინონიმები და ანტონიმები უნდა დაეწერა. მეორეს ტექსტიდან ამოეწერა წინადადება, სადაც ეს სიტყვა იყო გამოყენებული. მესამე ჯგუფს კი უნდა მოეყვანა კონკრეტული მაგალითი, როგორ გამოიყენებდა ამ სიტყვას სხვა კონტექსტში.

4) მკითხველთა თეატრი გამართულ კითხვასა და გაგებას უწყობს ხელს. ამ მეთოდის გამოყენების დროს კვირის დასაწყისში მოსწავლეებისათვის შევარჩიე მოთხრობა, რომელიც დატვირთული იყო დიალოგებით.  მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და მივეცი შესაბამისი ტექსტი.  მათ მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დრო ტექსტის დასამახსოვრებლად. ასევე ვესაუბრე თეატრის მნიშვნელობაზე, გავაცანი ტერმინები და მეტი სიცხადისთვის წავიყვანე თეატრში, დავესწარით სპექტაკლს ,,ტყის ამბები“. ყოველივე ამის შემდეგ კლასში მოვაწყვეთ წარმოდგენა, რომელიც მოსწავლეებისა და ჩემი ჩართულობით იყო გაფორმებული.  ყველა მოსწავლე შესაბამისი როლის ტექსტს ამბობდა, ცდილობდნენ გამომეტყველებითა და შესაბამისი ინტონაციით წარმოეთქვათ. წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებს გავუკეთე განმავითარებელი კომენტარები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი