შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჯალათი და მსხვერპლი –  ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“

1995 წელს გერმანიაში გამოქვეყნდა რომანი „წამკითხველი“, რომელმაც მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია და მსოფლიო ბესტსელერად იქცა. რომანის ავტორი გახლდათ ცნობილი გერმანელი მწერალი ბერნჰარდ შლინკი. იგი ეკუთვნის იმ თაობას, რომელმაც თავის თავზე აიღო მამათა, II მსოფლიო ომის მონაწილეთა, ფაშისტური რეჟიმის შემოქმედთა დანაშაულების შეფასება და წინაპართა ცოდვების ერთგვარ გამოსყიდვასაც შეეცადა. ეტყობა, გერმანელ ერს დღემდე აწუხებს უახლესი წარსულის ის ჯოჯოხეთი, რომელიც მათი ქვეყნის სახელით განხორციელდა, ამიტომაც თანამედროვე გერმანელ მწერალთა შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით II მსოფლიო ომის ამსახველ სურათებს. რომანში „წამკითხველი“ მწერალი მიჰყვება ფაშიზმის ნაკვალევს და ცდილობს, ჩასწვდეს დამნაშავეთა, კერძოდ, საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველთა, ჯალათებად ქცეული ჩვეულებრივი ადამიანების სულს.

რომანის, ერთი შეხედვით, სადა და მარტივი სიუჟეტი რთულ ფსიქოლოგიურ ნიუანსებზეა აგებული. თხუთმეტი წლის ყმაწვილს შეუყვარდება ოცდათექვსმეტი წლის ქალი, რომელსაც, ყოველი შეხვედრისას, ქალისავე თხოვნით, სხვადასხვა წიგნს უკითხავს. რომანტიკული და მგრძნობიარე ბიჭის ხანმოკლე ურთიერთობა საიდუმლოებით მოცულ ჰანასთან განშორებით მთავრდება, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ უკვე სტუდენტი მიხაელი ყოფილ საყვარელს სასამართლო დარბაზში ხვდება. ქალი დამნაშავეა, ფაშისტი, და მას სასტიკი დანაშაულისთვის ასამართლებენ. მან, როგორც ზედამხედველმა, გაზის კამერებში უამრავი ებრაელი გაისტუმრა, თანაც კარი არ გაუღო ცეცხლმოკიდებულ ტაძარში გამომწყვდეულ ტყვეებს. მიხაელისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა ეს შეხვედრა, მაგრამ გამაოგნებელი ის იყო, რომ ჰანა თურმე ბანაკებში საგანგებოდ არჩევდა სუსტ და სნეულ გოგონებს, წიგნებს აკითხებდა და მერე სასიკვდილოდ გზავნიდა.

ჩნდება უჩვეულო საიდუმლო, რომლის ამოხსნისა თუ გაგების სურვილი მკითხველს რომანს სულმოუთქმელად ჩააკითხებს. მწერალი მიჰყვება ადამიანის სულის ბნელ ბილიკებს და ცდილობს, მიაგნოს იმ ფესვებს, საიდანაც დანაშაულის მოტივები იბადება. რომანის გმირს, მიხაელს, აფიქრებს: დანაშაულია თუ არა, რომ მას დამნაშავე უყვარდა? რა ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც უსულგულოდ, გულგრილად აწამებდნენ, ხოცავდნენ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს?

მწერალი რომანში ხატავს ახალგაზრდა კაცის გულის ჭიდილს. მიხაელი ადანაშაულებს მამათა თაობას, რომელიც მომსწრე იყო ჯალათებისა და ხელი არ შეუშლია მათთვის ბინძური საქმეების კეთებაში, სულ მცირე, ზურგიც კი არ შეუქცევია მათთვის. ამიტომაც ახალი თაობა გადასინჯავს ამ საქმეებს და მამებისთვის გამოაქვს განაჩენი, თანაც აიძულებს, სირცხვილი განიცადოს. „ჩვენ ყველამ საკუთარ მშობლებს სირცხვილის განაჩენი გამოვუტანეთ, თუნდაც იმით, რომ დავადანაშაულეთ, ბრალი დავდეთ, თუ როგორ იტანდნენ 1945 წლის შემდეგ დამნაშავეებს თავიანთ გვერდით“. მაგრამ შეიძლება თუ არა გამიჯვნა წარსულისგან, რომელიც თითქოს სისხლით გადაეცემა ახალ თაობას? მიუხედავად ძალისხმევისა, მწერლის აზრით, ეს შეუძლებელია. ერთგვარი გამოსავალი გრძნობების გაყუჩებაა, რომელიც მთელ საზოგადოებას დაუფლებია. სხვაგვარად შეუძლებელია ჩადენილ სისასტიკეებთან შეხვედრა. მწერლის დაკვირვებით, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, რომელიც თავის გადასარჩენად დიდხანს იბრძოდა და ბოლოს ათასგვარ საშინელებას, საზარლობას შეეგუა და მკვლელობისა თუ სიკვდილის ყოველ ამბავს სრულიად გულგრილად ხვდებოდა, იგივე დაემართათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ყოველივე ამას აღწერდნენ: „ვინც იქაურ მდგომარეობაზე წერს, სადაც ქცევა გულგრილი და დაუნდობელია, გაზის კამერებსა და კრემატორიუმებში სიკვდილი კი – ყოველდღიური, ისინი სწორედ ანესთეზიის ქვეშ მყოფებს ჰგვანან, როცა სასიცოცხლო ნიშანწყალი მინიმუმამდეა შემცირებული“.

რომანის გმირიც ამგვარ ანესთეზირებულ ადამიანს ემსგავსება, რადგან ცდილობს, მომხდარს გულგრილად, შორიდან შეხედოს, მაგრამ მღვიძარე სინდისი ამის ნებას არ აძლევს. მწერალსაც აწვალებს მტანჯველი კითხვები: „რის გაკეთებას აპირებდა ჩემი თაობა განადგურებულ ებრაელებზე არსებული საშინელი მასალებით? განა შევძლებთ იმის გაგებას, ჩაწვდომას, რაც გაუგებარია?“ მართლაც. რა იყო ის ძალა, რომელიც ახალგაზრდა ქალს გულცივ ჯალათად აქცევდა? ჰანა, რომელიც ებრაელთა სელექციაში მონაწილეობდა და ადამიანებს სასიკვდილოდ გზავნიდა, მოსამართლეს კითხვას შეუბრუნებს, ჩემს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდითო? მოსამართლეს ამ კითხვაზე დამაჯერებელი და გარკვეული პასუხი არ აქვს, რადგან როდესაც სასწორზე საკუთარი სიცოცხლეა, სხვისი გადარჩენა მხოლოდ რჩეულებს ხელეწიფებათ. ჰანა კი ჩვეულებრივი ქალი იყო უჩვეულო საიდუმლოთი. მან წერა-კითხვა არ იცოდა. რომანის სიუჟეტური ინტრიგა სწორედ ამაზეა აგებული. ჰანას ეს საიდუმლო არც სასამართლოზე გაუმხელია, მხოლოდ მიხაელი მიხვდა და ჩასწვდა ქალის აუხსნელ მოქმედებათა მოტივაციას. სამუდამო პატიმრობამისჯილმა ჰანამ ციხეში მიხაელის მიერ წაკითხული და აუდიოკასეტაზე ჩაწერილი მხატვრული ტექსტებით ისწავლა კითხვა. მწერლის დასკვნით, ჰანა „მთელი სიცოცხლე იბრძოდა, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ ეჩვენებინა, რა შეეძლო, არამედ იმისთვის, რომ მიეჩქმალა, რა არ შეეძლო. მისი ცხოვრების წინსვლა ენერგიული უკუსვლით გამოიხატებოდა, გამარჯვება კი ფარული მარცხით. მწერალმა ჰანას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულებინა. თუმცა, მანამდე დამნაშავეს მისცა თავისი დანაშაულის გააზრების საშუალება. მაგრამ ამ თვითმკვლელობით წარსულს მაინც არაფერი ევნო.

მწერალს აიტერესებს, როგორ ერწყმის წარსული და აწმყო ერთმანეთს ცხოვრებისეულ რეალობაში, ამიტომაც აქცია ყმაწვილი ნაცისტი ქალის „წამკითხველად“ და ამ გზით სულის შემძვრელი ამბის ერთი საალბათო ისტორია დაგვიხატა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულის გახსენება მწერალს საკუთარი დანაშაულის შეგრძნებასაც უმძაფრებს, მას მაინც არ შეუძლია ცხოვრება იმ წარსულის გარეშე, რადგან ჩავლილი და გარდასული აწმყოში აგრძელებს სიცოცხლეს და მომავალსაც გადასწვდება.

თანამედროვე ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი, რომელიც თავის ფანტასმაგორიულ ჟურნალისტურ მოთხრობაში „ღმერთმა დაგლოცოთ, ექიმო კევორკიან“ (ქართულად თარგმნა ნინო თოხაძემ) აღწერს. როგორ ხვდება ცნობილ მიცვალებულებს საიქიოში და მათგან ინტერვიუებს იღებს, ჰიტლერთან შეხვედრას ასე ხატავს: „კმაყოფილი დავრჩი, როცა შევიტყვე, რომ ახლა იგი წუხს თავის ყველა ნამოქმედარზე, იმათზეც კი, რასაც საერთო ჰქონდა 35 მილიონი ადამიანის ძალადობრივ სიკვდილთან მეორე მსოფლიო ომის დროს. ჰიტლერი და მისი სატრფო ევა ბრაუნი, რასაკვირველია, 4 მილიონ გერმანელ, 6 მილიონ საბჭოთა და ასე შემდეგ, უდანაშაულო მსხვერპლთან ერთად იმყოფებოდნენ. „მე ვალი ყველას გადავუხადე“, – თქვა ჰიტლერმა. მას იმედი აქვს, რომ მოკრძალებული ძეგლი, თუნდაც, ქვის ჯვარი, რაკიღა ქრისტიანი იყო, აუცილებლად დაიდგმება სადმე მის უკვდავსაყოფად, ვთქვათ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების შტაბ-ბინის ტერიტორიაზე; „მასზე ამოტვიფრული იქნება ჩემი სახელი და წლები, ქვეშ კი გერმანულად უნდა ეწეროს ორსიტყვიანი წინადადება, უცბად თუ ვთარგმნით, გამოვა: „ბოდიშს გიხდით“, ანდა „პატიებას ვითხოვ“. კურტ ვონეგუტი ჩვეული სარკაზმითა და სატირული პათოსით წარმოაჩენს საფრთხეს, რომელიც ყოველ წამს ემუქრება კაცობრიობას. ეს სასტიკი, „შავი იუმორია“, რომელიც გაცინებს, მაგრამ თან გაძრწუნებს.

ნეონაცისტები დღესაც არიან სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ადამიანებს კვლავაც ხიბლავთ ისტორიისგან განსჯილი და დანაშაულებრივად აღიარებული იდეოლოგია. ბერნჰარდ შლინკი ამიტომაც წერს ჭრილობაზე, რომელიც დრომ ვერ მოაშუშა და მანამდე გამოიწვევს ტკივილს, სანამ კაცობრიობას მეხსიერება არ წაეშლება. ქართულ ენაზე კი ეს რომანი შესანიშნავად თარგმნა ჩვენში უკვე კარგად ცნობილმა ნიჭიერმა მთარგმნელმა მაია მირიანაშვილმა.

„წამკითხველი“ 39 ენაზეა თარგმნილი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიითაცაა დაჯილდოებული. 2008 წელს კი რეჟისორმა სტივენ დოლდრიმ ამ რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელიც ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე წარადგინეს. ქეით უინსლეტი კი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარით დაჯილდოვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი