ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ უნდა ,,გატკბილდეს“ სწავლის სიმწარე

მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობის გამო და სვამდა საკითხს,  როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს ის.  „ჩვენი ხალხი და განათლება, უმეცრება – აი, უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს… ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. თითონ ცხოვრება ხმამაღლა ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გადასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაგებინოთ“ – წერდა ილია და ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით დღესაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით საქართველოში საბაზისო განათლების საშუალოზე დაბალი დონეა. საერთაშორისო ორგანიზაციის – ,,მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების“ PISA – კვლევების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. მარტო კითხვის დონის მაჩვენებლები უტოლდება საუდის არაბეთის, ირანის და აფრიკის ქვეყნებსაც კი. საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე, ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა.  რა არის ამისი მიზეზები და რამდენად კომპლექსურია ისინი? ჩამოვთვალოთ ამის ყველაზე აქტუალური გამომწვევი ფაქტორები.

პირველი ისაა, რომ დღევანდელი ახალი თაობა დაშორდა წიგნს და მიეჯაჭვა კომპიუტერს. საინტერესოა, რა ხდებოდა კომპიუტერის გამოგონებამდე. 1455 წელს გუტენბერგმა საბეჭდი დაზგა შექმნა. მანამდე წიგნების ხელით წერა უწევდათ, რაც რთული იყო, თუმცა იმდროინდელი განათლებული საზოგადოება აქტიურად ეცნობოდა ლიტერატურას და ამ საქმეში წიგნის პრიორიტეტს აღიარებდა, რაც დღეს კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. არავინ უარყოფს, რომ კომპიუტერი საჭირო ნივთია, მაგრამ ის წიგნს ვერ შეცვლის. ამგვარად, თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევა – გაჯეტი შემეცნებითი ინტერესებისა და სწავლის უნარ-ჩვენების ჩამოყალიბებისათვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. სამწუხაროდ, ეს ეპოქის ენაა და ამას წინ ვერავინ აღუდგება. მაგრამ სკოლის თუ მშობლის ემოციური ჩართულობით მათი დიდი დოზით მოხმარება შეიძლება შევამციროთ. მაგალითად, კანადური კვლევების მიხედვით კანადელი ფსიქოლოგების მიერ პირდაპირ აიკრძალა გაჯეტების მოხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. ის მხოლოდ სკოლის პერიოდშია დაშვებული, როცა ამას გარკვეული საგანმანათლებლო ფუნქცია ენიჭება. მოზარდი თაობის წიგნითა თუ სწავლით დაინტერესებისთვის მისი მოტივაციის გაზრდაა საჭირო. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. ძიების პროცესი ამ მხრივ, ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება, განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს არა განათლების ,,სუბიექტი” თუ ,,ობიექტი“, არამედ პიროვნება, რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა – ბავშვი, მოსწავლე. ,,ახალ თაობას მოტივაცია აქვს დაკარგული და წერა-კითხვის უცოდინრობისკენ მივდივართ. ხდება შემეცნებითი უნარების დაქვეითება. პრობლემა მარტო ის კი არ არის, წერა-კითხვის უცოდინარ საზოგადოებას რომ ვიღებთ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ისიც, რომ აბსოლუტურად გაუცნობიერებელია მოტივაციები, რომლებიც უნდა აღიძრას ცხოვრებისეულად, პროგრესულად. შემოქმედებითი უნარები რამაც უნდა წარმოქმნას, ამ მოტივაციების საფუძველი, თანდათან იკარგება“, – ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

სასკოლო პროცესის აქილევსის ქუსლი სასკოლო სახელმძღვანელოებიცაა. ისევ ნანა ჩაჩუას აზრი მოვიშველიოთ: ,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ, მათი გონებრივი შესაძლებლობა გარკვეულ ინფორმაციას ვერ ჩასწვდება.სახელმძღვანელოებში ყველაფერი ისეა აგებული და აწყობილი, რომ ლოგიკურ კავშირს ვერ იპოვი. მე მინახავს მსგავსი სახელმძღვანელოები: ქიმიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკასა და სხვა საგნებშიც. ამ მხრივ დაწყებით და მაღალ კლასებშიც მძიმე მდგომარეობაა“. ფსიქოლოგი არსებული, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს უპირველესად სახელმძღვანელოების დახვეწასა და პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებაში ხედავს, რომლის საფუძველი მაღალი ანაზღაურებაცაა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებაც.

კიდევ ერთი მიზეზი და დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს: ჩვენი სასკოლო განათლება არაადეკვატურად რეაგირებს თანამედროვეობის გამოწვევებზე და კარგავს თავის პოტენციალს, როგორც სოციალიზაციის ერთ-ერთი ინსტიტუტი. სრულიად ნათელია, რომ საჭიროა სწავლების პროცესის სხვაგვარი ორგანიზება და სხვაგვარი მიდგომა მოსწავლეთა აღზრდისადმი. მთავარი, რაც ყველაზე მეტად უჭირს ავტორიტარულ რეჟიმში გაზრდილ უფროს თაობას, არის ბავშვების მიმართ პატივისცემა, განსხვავებულობისა და რეალური თავისუფალი არჩევნის უფლებების აღიარება. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, დ. კეროლმა და ბ. ბლუმმა, შეისწავლეს მოსწავლეთა უნარები ისეთ სიტუაციაში, როდესაც მასალის ათვისების დრო არ იზღუდებოდა და მათი კვლევების მონაცემების მიხედვით შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სწავლების სწორი ორგანიზებისას, განსაკუთრებით სწავლების ხანგძლივობის მკაცრი ჩარჩოს მოხსნის პირობებში, მოსწავლეთა 95%-ს შეუძლია სრულად აითვისოს სასწავლო კურსი. შეიძლება, ერთნაირად ვასწავლოთ განსხვავებულ ინდივიდებს, მაგრამ საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი იქნება დაბალი. ამ მხრივ გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ მხოლოდ პიროვნებაზე ორიენტირებულ პედაგოგიკაში, განახლებული ტექნოლოგიებითა და სწავლების შედეგების შეფასების მექანიზმებით. ეს უკანასკნელნი შემუშავებულია სასკოლო განათლების სისტემაში და საჭიროა ვისწავლოთ მათი გამოყენება. საინტერესოა დიფერენცირებული სწავლება, რომელიც სკოლის მოდერნიზაციის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს და დღესდღეობით განათლების დემოკრატიზაციისა და ჰუმანიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორია. „დიფერენციაცია“ ლათინურად ნიშნავს განსხვავებას, დაყოფას. მისი ერთ-ერთი განმარტება ასეთია – დიფერენციაცია არის სასწავლო პროცესის ორგანიზება მოსწავლეთა ჯგუფების დომინირებადი მახასიათებლების გათვალისწინებით, ხოლო ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ყოველი მოსწავლის განსაკუთრებულობის გათვალისწინებას. დიფერენცირებული სწავლება გამოდის, როგორც ინდივიდუალიზაციის პირობა და საშუალება, ხოლო მისი მიზანია ყოველი მოსწავლის მისი შესაძლებლობებისა და ნიჭიერების დონეზე სწავლება, სწავლების მისადაგება მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფის თავისებურებებზე. ასეთი სწავლების პრინციპებია: ა) საყოველთაო ტალანტურობა (ტალანტის გარეშე ადამიანი არ არსებობს, ის შეიძლება თავისი საქმით არ იყოს დაკავებული); ბ) ურთიერთუპირატესობა (თუ ვინმეს რაღაც გამოსდის ვინმეზე უარესად, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ის გააკეთებს უკეთესად და ეს რაღაც საპოვნია); გ) ცვლილებების გარდუვალობა (ადამიანზე არცერთი მსჯელობა, მისი არცერთი შეფასება არაა საბოლოო). არსებობს გარე (სკოლებს, კლასებს შორის) და შიდა (კლასის შიგნით ჯგუფებად დაყოფა) დიფერენციაცია. ტიპებს რაც შეეხება, დაყოფილია პროფილისა და დონეების მიხედვით. პროფილური დიფერენციაცია გულისხმობს მოსწავლეთა მიერ არჩეული სპეციალიზაციით განათლების გაგრძელებას  მომავალი პროფესიული საქმიანობისკენ (ე.წ. საგნობრივი მიდგომისას გამოიყოფა სამი ჯგუფი:  ფიზიკა-მათემატიკური, საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო, ჰუმანიტარული). დონეების მიხედვით დიფერენციაცია გულისხმობს მოსწავლეების მიერ დაგეგმილი შედეგებისა და ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით მოსწავლეთა მიერ განათლების სხვადასხვა დონის მიღწევას მეთოდების, ორგანიზაციული ფორმების, სწავლების საშუალებების გამოყენების გზით. თანამედროვე პედაგოგიკაში სწავლების დიფერენციაციის შეფასება არაა ცალსახა და მას უძებნიან როგორც დადებით (მასწავლებელს ეძლევა საშუალება, დაეხმაროს სუსტ ბავშვებს; ჩნდება ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა ძნელად აღასზრდელებთან, რომლებსაც უჭირთ შეგუება საზოგადოებრივ ნორმებთან; ძლიერი მოსწავლეები სურვილის რეალიზების შესაძლებლობით სწრაფად მიიწევენ წინ სწავლაში, ხოლო სუსტებს წაახალისებენ წარმატებებით; იზრდება მოტივაციის დონე, ერთნაირბავშვებიან ჯგუფებში სწავლა იოლია), ისე უარყოფით (ბავშვები იყოფიან განვითარების დონეების მიხედვით, რაც არაჰუმანურია; შეიძლება გამოვლინდეს სოციალური სეგრეგაზია; საშუალო და სუსტი მოსწავლეები რჩებიან ძლიერ მოსწავლეებთან გაჯიბრების შესაძლებლობის გარეშე, ხოლო სუსტ ჯგუფებში გადაყვანით ბავშვს შეიძლება თავმოყვარეობა შეალახოს; შეიძლება გაჩნდეს არასასურველი ემოციური გარემო: ძლიერი მოსწავლეების სნობიზმმა და სუსტების არასრულფასოვნების შეგრძნებამ შეიძლება დააქვეითოს მოტივაცია, კლასების ახლებური დაკომპლექტება არღვევს მოსწავლეთა კოლექტივს) მხარეებს, შედეგებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სწავლების ორგანიზაცია მთლიანად აგებულია დიფერენციაციაზე, ასევეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

დღეს საქართველოში ძალიან კარგად ესმით, რომ აუცილებელია სასკოლო ასაკში განათლების დონის ამაღლება (წინააღმდეგ შემთხვევაში, არც საუნივერსიტეტო განათლების დონის ამაღლება იქნება რეალურად შესაძლებელი), რაც, რაღა თქმა უნდა, პირდაპირაა დაკავშირებული მასწავლებელთა გადამზადებასთან, რაც ძალიან დიდ დროსა და რესურს მოითხოვს. პროგრამებიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო დონის. ამ მხრივ კარგი და ნოვატორული საშუალებაა დისტანციური სწავლების განვითარებაც, რომელიც სპეციალური სკოლების (კომაროვი, ვეკუა), ამ მიზნით შექმნილი საუნივერსიტეტო ჯგუფების ან განათლების სამინისტროში ჩამოყალიბებული სამსახურების ბაზაზე შეიძლება მოხდეს. მაგალითად, კომაროვის სკოლას აქვს საკუთარი რესურსი იმისთვის, რომ შეიმუშაოს სპეციალური მომზადების პროგრამა კლასების  მიხედვით, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ტექნიკური საგნებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული ბავშვებისთვის დამატებით თეორიულ მასალასა და ამოცანათა ნაკრებს. დარეგისტრირებული ბავშვი ყოველთვიურად იღებს ხსენებული მასალის პაკეტს, ხსნის ამოცანებს, უკან აგზავნის პასუხებს, ხოლო შემდეგ ისევ იღებს პასუხს და ახალ ამოცანას. პასუხების გაცვლა-გამოცვლა შეიძლება ხდებოდეს ინტერნეტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ბანკების ფილიალების ან პოლიციის განყოფილებების მეშვეობითაც კი. ასე გაიღრმავებენ ბავშვები ინტერესსა და ცოდნას ამა თუ იმ საგნის მიმართ და შეძლებენ ერთ დონეზე იყვნენ საკუთარ თანატოლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი კი მოსწავლეებში გარკვეული საგნის სიყვარულის გაღვივებაა. აღნიშნული პროექტი მცირე გადასახადითაცაა მომგებიანი (მაგ. 5 ლარი ერთი თვის მასალაზე) და მნიშვნელოვნად ამცირებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების მოცულობას.

ჩვენი წერილი რომ ცუდ ნოტზე არ დავამთავროთ, ვიტყვით, რომ ღირსეულნი ყველა დროსა და სივრცეში უმცირესობაში არიან. დღესაც ასეა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ახლანდელი თაობა შედარებით განათლებულია წინა თაობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის წინა თაობის არაპროფესიონალიზმის გავლენა. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მომავალი თაობის იმედი, რადგან ის (მისი საუკეთესო ნაწილი) არის ჭკვიანი, კარგად მოაზროვნე, ოპტიმისტი და სწორი აქცენტების მქონე. დაე, შექმნან მათ უკეთესი მომავალი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი