რატომ უნდა ვიცოდე ეს მე, როგორც მასწავლებელმა?

 კოგნიტური ცდომილებები და სწავლა

წარმოიდგინეთ, რომ ტექსტში შეგხვდათ მონაკვეთი, რომელიც ერთხელ წაკითხვით ვერ გაიგეთ. როგორი აზრები გებადებათ? ფიქრობთ, რომ „მაინც არაფერი გამოვა, მეორედაც რომ წავიკითხო,“ „მაინც ვერ გავიგებ, ეს ტექსტი მეტისმეტად რთულია,“ ან „უუნარო ვარ,“ თუ იმას, რომ „არა უშავს, ერთხელ წაკითხვით თუ ვერ გავიგე. მოგვიანებით, ხელახლა ვცდი, ბუდოვან ადგილს დავუბრუნდე.“

ადამიანები, რომელთაც ტექსტის რთული მონაკვეთის კითხვის დროს ისეთი აზრები ებადებათ, როგორიცაა: „უუნარო ვარ,“ „თუ ერთხელ წაკითხვით ვერ გაიგე, მაშინ უნიჭო ადამიანი ვარ,“ დიდწილად, შფოთვას, დათრგუნვილობას და, ზოგჯერ უიმედობას განიცდიან.

შემდეგი კომპონენტი ამ აზრებზე გამომუშავებული საპასუხო ქცევაა. როგორ მოიქცეოდით თქვენ, საკუთარ თავზე რომ გეფიქრათ, რომ უუნარო ხართ? დახურავდით წიგნს და არასდროს დაუბრუნდებოდით იმ მონაკვეთის კითხვას, რომლის კითხვის დროსაც დაასკვენით, რომ ტექსტი ვერ გაიგეთ, ხელახლა მიუბრუნდებოდით მონაკვეთის კითხვას დაძაბულობის და მოსალოდნელი სირთულეების აღძრული შფოთვის განცდით, თუ განსაზღვრული დროის შემდეგ, მშვიდად შეძლებდით ტექსტის ხელახლა, გულდასმით წაკითხვას?

ადამიანი მნიშვნელობის მაძიებელი არსებაა. ის ყოველთვის ცდილობს, შეაფასოს და განსაზღვრული მნიშვნელობა მიანიჭოს თავის ქცევას და მის შედეგებს. იქიდან გამომდინარე კი, რომ ადამიანის თავის ტვინი „მსუნაგი“ ორგანოა და მისი ცხოველქმედების შენარჩუნებისთვის უამრავი ნივთიერების მარაგი გვჭირდება, ჩვენი ფსიქიკა ცდილობს, შექმნას მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისთვის მნიშვნელობის მინიჭების „დამზოგავი“ გზები, რომელსაც დასკვნას ვუწოდებთ.

შესაძლოა, დასკვნა ხანგრძლივი კვლევის, განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობის გახსენების, აწონ – დაწონვის და საკუთარი თავისადმი მოვლენების მიმართების შეფასების საფუძველზე გამოვიტანო, მაგრამ მაინც შევცდე. მცდარ დასკვნებს კოგნიტური ფსიქოლოგია მიკერძოებულ დასკვნებს ან კოგნიტურ ცდომილებებს უწოდებს.

კოგნიტური ცდომილებები ანუ მიკერძოებული დასკვნები ისეთი განზოგადებული მნიშვნელობებია, რომელთა დახმარებითაც ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს სწრაფად ვაფასებთ და შეფასებების მიხედვით, ვსაზღვრავთ, როგორ მოვიქცეთ.

ეს თავისებურება სწავლის პროცესშიც ვლინდება.

მაგალითად, რა მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს დაშვებულ შეცდომას ამოცანის ამოხსნის დროს? რა მნიშვნელობას ვანიჭებ მასწავლებლის ქებას ან მისგან მიღებულ საყვედურს? რა მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს თანაკლასელებს შორის არსებულ კონფლიქტებს?

კოგნიტური ცდომილებები აისახავს მოუხელთებელ წარმოდგენებს საკუთარ თავსა და ირგვლივმყოფებზე.

მაგალითად, გამოცდაში დაბალი ქულის მიღების შემდეგ, დამებადა აზრი, რომ დაბალი ქულის მიღება ჩემს წარუმატებლობაზეა მინიშნება. რას განვიცდი და როგორ მოვიქცევი, ერთი მხრივ, იმაზეა დამოკიდებული, მაქვს თუ არა გამოცდაში მიღებული დაბალი ქულის, როგორც შედეგის, სხვაგვარი ახსნა ან ახსნები. ანუ, ვხსნი თუ არა გამოცდაში მიღებულ დაბალ ქულას მხოლოდ იმით, რომ მე ვარ წარუმატებელი, თუ, შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს შედეგი სხვა, ჩემგან დამოუკიდებელი გარემოებების ურთიერთქმედების შედეგადაც შეიძლებოდა მიმეღო? მაგალითად, ვვარაუდობ თუ არა, რომ მე აუცილებლად წარუმატებელი ადამიანი ვარ, რადგან ამ კონკრეტულ გამოცდაში სასურველი შეფასება ვერ მივიღე, თუ, მაგალითად, შეიძლებოდა, მიღებული ქულა საგამოცდო ტესტის სირთულის, ყურადღების კონცენტრაციის სირთულის, დროში შეზღუდულობის ან ცოდნის ნაკლებობის შედეგი ყოფილიყო და არა აუცილებლად იმისი დამადასტურებელი, რომ მე წარუმატებელი ვარ?

საინტერესოა, რას ველი იმ შემთხვევაში, თუ ეს წარმოდგენა ჩემს თავზე ჭეშმარიტია. თუ მე ვვარაუდობ, რომ კონკრეტული ფაქტი ნამდვილად ჩემი წარუმატებლობის დამადასტურებელია, რა შედეგის მეშინია ყველაზე მეტად? რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს მიღებულ დაბალ ქულას? ის, რომ კეთილგანწყობას დავკარგავ? ის, რომ სასჯელს დავიმსახურებ? იქნებ, ის, რომ შეიძლება, განუსაზღვრელობაში აღმოვჩნდე? რა მაშინებს იმ შედეგებს შორის ყველაზე მეტად, რაც ჩემმა წარმოსახვამ გამოცდაში მიღებულ დაბალ ქულას დაუკავშირა? შესაძლოა, დაბალ ქულას აღიარების დაკარგვას ვუკავშირებ ან, სულაც, მეშინია, ჩემი მშობელი არ გავანაწყენო.

არსებობს მიკერძოებული დასკვნების ჯგუფი, რომელიც ადამიანებში მტანჯველ ემოციებს აღძრავს და საკუთარი თავით კმაყოფილების განცდას ხელს უშლის. ეს მიკერძოებული დასკვნები სხვა მიკერძოებული დასკვნებისგან განსხვავებით, მჭიდროდ უკავშირდება თვითშეფასებას და გარესამყაროზე წარმოდგენებს, რაც სწავლისადმი განწყობებზეც აისახება.
სტატიის შემდეგი მონაკვეთი აღწერს, როგორ აისახება კოგნიტური ცდომილებები სწავლასთან დაკავშირებული საკითხების აღქმაზე. ეს კოგნიტური ცდომილებები საკუთარ თავზე გაშინაგნებულ ისეთ წარმოდგენებს უკავშირდება, როგორიცაა: „უუნარო ვარ,“ „წარუმატებელი ვარ“ და ა. შ.

  • ყველაფერი ან არაფერი – გამოცდილების მხოლოდ ორი კატეგორიით, უკიდურესობებით შეფასება.
    შესაძლოა, ეს კოგნიტური ცდომილება ვლინდებოდეს შემდეგი აზრების სახით: „ან ათოსანი ხარ, ან ხუთოსანი,“ „ან ყველა კითხვაზე იცი პასუხი, ან არცერთზე,“ „ან ყველა საგანში წარმატებული ხარ, ან არცერთში.“
  • განზოგადება – ამ შემთხვევაში, ადამიანს სწამს: თუ რაღაც ერთხელ მოხდა, ეს მოვლენა აუცილებლად განმეორდება.
    „ყოველთვის დაბალ ქულებს მივიღებ,“ „ყოველთვის ამ შეცდომას დავუშვებ,“ „ყოველთვის შენიშვნებს დავიმსახურებ“
  • დადებითის გაუფასურება – აკადემიურ სფეროში ეს მიკერძოებული დასკვნა წარმატების გაუფასურებით ვლინდება.
    „მერე რა, რომ ეს ამოცანა წარმატებით ამოხსენი? ალბათ, ამოცანა იყო მარტივი.“
  • დასკვნის სწრაფად გამოტანა – არსებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცოდნის გარეშე დასკვნის გამოტანა.
    „არა მგონია, გამოცდა ძალიან რთული იყოს, როდესაც არაფერი იცი”.
  • სხვისი აზრების კითხვა შეიძლება ასე ვლინდებოდეს: „ზუსტად ვიცი, მასწავლებელი ჩემზე ფიქრობს, რომ წარუმატებელი ვარ.“
  • წინასწარმეტყველება – ამ კოგნიტური ცდომილების არსი უარყოფითი მოვლენების მოლოდინი და მომავლის წინასწარმეტყველებაა. მაგალითად, შესაძლოა, მოსწავლეს სწამდეს: „გამოცდაში აუცილებლად ჩავიჭრები.“
  • კატასტროფის მოლოდინი ან საფრთხის გაუფასურება – ეს ცდომილება შემდეგი აზრების სახით ვლინდება: „თუ ეს პრეზენტაცია წარმატებით არ ჩაივლის, მშობლის ან მასწავლებლის კეთილგანწყობას დავკარგავ.“
  • განცდა, როგორც ფაქტი – „რადგან განცდა მაქვს, რომ ცუდი მოსწავლე ვარ, ე. ი., ეს ასეცაა,“ „ მგონია, რომ წარუმატებელი ვარ და ეს ნამდვილად ასეა.“
  • „უნდა“ – ეს კოგნიტური ცდომილება მოიცავს წესებს, რომელთა დარღვევას მოსწავლე მძაფრად განიცდის. მაგალითად, შესაძლოა, მას სწამს, რომ „შეცდომა არ უნდა დაუშვა,“ ან „ტექსტი სრულყოფილად უნდა გქონდეს გააზრებული, ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდე.“
  • იარლიყის მიკუთვნება„სულელი ვარ“ ნაცვლად უფრო გაწონასწორებული ახსნისა, როგორიცაა მაგალითად: „ამ ტესტისთვის შესაბამისად არ მოვემზადე და ამიტომ ვერ ჩავაბარე.“
  • გაპიროვნება – მოსწავლე არ ითვალისწინებს იმას, რომ სხვა ადამიანის მდგომარეობა(ჯანმრთელობის გაუარესება, უბედური შემთხვევა) სხვადასხვა ფაქტორს შეიძლებოდა გამოეწვია: „დედა იმის გამოა ცუდად, რომ მე დაბალი ქულა მივიღე.“

რატომ უნდა ვიცოდე ეს მე, როგორც მასწავლებელმა?

პირველ რიგში, ყველაფერი გვაფიქრებს, რომ სწავლა მოწყვეტილი არაა ჩვენ მიერ მისი შედეგებისთვის მინიჭებული მნიშვნელობებისგან. თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს იმისი ეშინოდა, რომ მშობლის რისხვას დაიმსახურებდა, ზოგიერთს კი იმისი, რომ მშობლის ჯანმრთელობა მის წარმატებასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ან, სულაც, ის გვახარებდა, რომ მასწავლებლები გვაღიარებდნენ და ჩვენს უნარიანობას ხშირად აღნიშნავდნენ. ზოგიერთი ჩვენგანისთვის შეიძლება  სწავლაში მიღწეული წარმატებები არა სიახლის გაგების სიხარულთან იყო მიჯაჭვული, არამედ უსიამოვნებისგან განრიდებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, მე ნამდვილად ყველა საგანში წარმატებული მოსწავლე ვარ და, რატომღაც, ეს სიხარულს არ მანიჭებს, მუდმივ დათრგუნვილობას განვიცდი და, შესაძლოა, ვერც კი ამიხსნია, რატომაა ასე. დაფიქრების შემდეგ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება მოსალოდნელი სასჯელისგან ან კეთილგანწყობის დაკარგვისგან თავდაცვის ერთ – ერთი გზა იყო ჩემთვის.

ქცევის შეფასება კი ჩემი ქცევის მიღმა მდგომი შეფასებების გარეშე, სრულყოფილი ვერ იქნება. მაგალითად, გყოლიათ მოსწავლე, რომლის სასურველი ქცევების სიხშირე, თქვენი გულწრფელი ქების მიუხედავად, არათუ იმატებს, არამედ – მცირდება? ან, მოსწავლე, რომელიც მუდმივად გთხოვთ მისთვის დამაბრკოლებელი ამოცანის ამოხსნის გადავადებას?

შესაძლოა, სწორედ თქვენი და საკუთარი ქცევისათვის მინიჭებული შეფასებები მართავს თქვენი მოსწავლის ქცევას. იქნებ, ასწავლეს, რომ დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ამოცანების ამოხსნა და, აქედან გამომდინარე, თქვენი მხარდაჭერის მიღება უჭირს? ან, იქნებ, სწავლა მისთვის სრულიადაც არ არის ისეთი შედეგის უზრუნველმყოფი, რაც მისთვის სასურველი იქნებოდა? ან, იქნებ, ჩათვალა, რომ „სწავლა მისი არაა?“

 

კომენტარები

comments