(არა)სწორი მოლოდინების შესახებ

2019 წლის სექტემბერში, არაერთი მცდელობისა და 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ სკოლას დავუბრუნდი. ამ შემთხვევაში, მასწავლებლის სტატუსით. სიმართლე უნდა ვთქვა, მიუხედავად დიდი მომზადებისა, მოლოდინები მაინც სულ სხვა მქონდა. თუმცა, შესვლის დღიდანვე გამახსენდა ყველა ის მიზეზი, თუ რატომაც არ მიყვარდა სკოლა (მიზეზებზე მოგვიანებით).

ისე მოხდა, რომ ჩემი პირველი გაკვეთილი სასწავლო წლის პირველ დღეს დაემთხვა. ამ დღეს კი, ყველაზე მეტად არა ბავშვები ან რაიმე კონკრეტული შემთხვევა, არამედ ყვავილები დამამახსოვრდა. რატომღაც, გასვენებისა და პანაშვიდების მსგავსად, ჩემთვის  საპირველსექტემბრო ყვავილები მხოლოდ ნეგატიურთან არის დაკავშირებული. რაღაცნაირად, ეს ამბავი საბჭოთა კავშირს მაგონებს, პატარა პიონერებს, ამხანაგ-პედაგოგებს, რომლებიც ერთმანეთს ულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და მგონია, რომ იმ სისტემიდან ვერ დაგვიღწევია თავი. რაღაც ძალიან უშნო და უსიამოვნოა ამ ამბავში ჩემთვის. რაღაცით ამოუცნობიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, დაიწყო პირველი გაკვეთილი. ბევრი ბავშვი და მე. და ალბათ, აი, მანდ დავუშვი პირველი შეცდომა. გაკვეთილის თემად, რა თუ არა, სასკოლო სისტემა ავირჩიე. გამხსნელად, ფინქ ფლოიდის კედელი ჩავურთე და ვუყვებოდი, თუ რატომ დაიწერა ეს სიმღერა. გარდა ამისა, ვსვამდი მათთვის უცნაურ კითხვებს, მაგალითად, რატომ არის, რომ მერხები ზუსტად ისე არის ჩამწკრივებული, როგორც მათთან, რატომ ასწავლიან იმ საგნებს, რაც ცხრილში უწერიათ, რატომ არის გაკვეთილები 40-45 წუთიანი, რატომ ირეკება ზარი და ბევრი სხვა… რაც მთავარია, საერთოდ, რისთვის არის და რა საჭიროა სკოლა?

ამის შემდეგ, ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა უნდა შეცვლილიყო სკოლებში. მიყვებოდნენ თავიანთ გამოცდილებებს (ძირითადად უარყოფითს) და მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო ეს ყველაფერი (თუმცა, ამ ნაწილში ცოტა გაუჭირდათ). ბოლოს, იმდენად შევედით „მუღამში“, რომ რამდენიმე ბავშვი მეუბნებოდა, აჯანყებისთვის/ბუნტისთვის გვამზადებთო? რაც, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მესიამოვნა, რადგან, რეალურად, ზუსტად ეგ იყო ჩემი მთავარი მიზანი. ნაკლებად მაინტერესებდა ეს ბავშვები „ადიქციას“ სწორად განმარტავდნენ თუ არა, მნიშვნელოვანი იყო უფრო ინიციატივიანი და მოაზროვნეები ყოფილიყვნენ. რაც მთავარია, დაესვათ დამაფიქრებელი შეკითხვები სხვებისთვის და, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. სხვა სიტყვებით, დაეწყოთ ან გაეგრძელებინათ კრიტიკულად აზროვნება.

შემდგომ გაკვეთილებზე მივაყოლე და მივაყოლე. ვსაუბრობდით ადამიანის უფლებებზე, ჩაგვრაზე (მათ შორის, კონკრეტულ შემთხვევებზე. ძალიან ემოციური იყო, როდესაც ერთ-ერთ უსაყვარლეს მოსწავლეს ცრემლები წამოუვიდა, ტირილი დაიწყო და მისი გამოცდილება გამიზიარა), საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე, ადამიანისთვის მნიშვნელოვან თვისებებზე და ა.შ. ვაღიარებ, იყო შემთხვევები, როდესაც დროის უქონლობის გამო, ფიზიკურად მოუმზადებელი მივდიოდი გაკვეთილზე. იშვიათად მიმართლებდა და მაინც საინტერესოდ მიდიოდა საგაკვეთილო პროცესი. ხანდახან – იყო პირდაპირი ჩავარდნები, როდესაც კლასში სრული ქაოსი ხდებოდა.

ბევრი მხარდამჭერის წყალობით, მოვახერხეთ და არაერთ გასვლით ღონისძიებაზე იყვნენ ბავშვები. მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე, ექსპერიმენტორიუმში, ილუზიების მუზეუმში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში – 112, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრში, სადაც ჩაუტარდათ გუნდურობის ტრენინგი. ამასთან, გვყავდა მოწვეული სტუმრებიც. მოკლედ რომ ვთქვა, არ მოიწყენდი. ამისათვის, უღრმესი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებების ორგანიზებაში დამეხმარა.

ალბათ ფიქრობთ, შეცდომა ამ ყველაფერში რა იყოო. იდეაში, შეცდომა არც გაკვეთილის თემებში, არც გასვლით ღონისძიებებში და, მით უმეტეს, არც ბავშვებში იყო. შეცდომა უფრო ჩემს აღქმებსა და მოლოდინშია. კონკრეტულად, შეცდომა იყო ის, რომ ვფიქრობდი ძალიან მოკლე დროში შევძლებდი და ამოვაყირავებდი  ყველა იმ უარყოფით გავლენას, რაც ამ ქვეყანამ ბავშვებს დაამჩნია (არავითარ შემთხვევაში მხოლოდ სკოლამ. მეტწილად – სხვა ფაქტორებმა): სიზარმაცე, უინტერესობა, აგრესიულობა და დესტრუქციულობა, საბოლოო ჯამში კი – უინიციატივობა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმდენად ღრმად არის ბავშვებში გამჯდარი და იმდენი ფაქტორი მოქმედებს მათზე, ჩემი და სხვა მასწავლებლების პერიოდული მცდელობები არასაკმარისია. სწორედ ამიტომაც არის სისტემის გამართულობა საჭირო. როგორც არ უნდა იყოს, ამ აბზაცის მთავარი სათქმელი ის არის, რომ გაცილებით მაღალი ამოცანები დავუსახე ჩემს თავს და იმაზე მეტი მოლოდინები მქონდა, ვიდრე  გაკეთება შემეძლო. ჰოდა, როდესაც სემესტრის ბოლოს ვიკითხე, რა ისწავლეთ თქო, ერთ-ერთი მოსწავლის ნათქვამი, რა უნდა გვესწავლა – არაფერიო, დიდი იმედგაცრუება იყო ჩემთვის.

აქედან გამომდინარე, დამწყებ მასწავლებელთათვის ჩემი მთავარი რეკომენდაციაა,   დაისახონ კონკრეტული მიზნები, რომელიც კონკრეტულად მათ საგანს ეხება და არა სკოლისა თუ სისტემის გადატრიალების გეგმები. სხვათა შორის, ნოემბერში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ახალი ინიციატივის – სკოლა ლაბი – ფარგლებში, ჩემს კოლეგებთან ერთად, სასწავლო ტურით ვიმყოფებოდი პოლონეთში. ტურის განმავლობაში, რამდენიმე სკოლისა და არა ერთი ორგანიზაციის საქმიანობას გავეცანით. ერთ-ერთი იყო განათლების სკოლის პროგრამა, რომელიც ხორციელდება პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ინსტიტუტის მიერ. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამის მეთოდოლოგია შემუშავდა კოლუმბიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. აღნიშნულის ფარგლებში, ეს ორგანიზაცია ამზადებს და უშვებს ძალიან მაღალი დონის მასწავლებლებს. ამ ამბავს აქ იმიტომ ვყვები, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ზუსტად ამ რეკომენდაციას აძლევენ თავიანთ მომავალ მასწავლებლებს. მათი გამოცდილება კი გაცილებით შთამბეჭდავი და გასათვალისწინებელია ვიდრე ჩემი.

 

P.S. ისე კი, საინტერესოა, რომ თავად სიტყვა სკოლა მოდის ბერძნულიდან (schole) და, დასვენებას, თავისუფალ დროს ნიშნავს. საინტერესოა, საქართველოში ვის როგორ ესმის, რას ნიშნავს სიტყვა სკოლა.

კომენტარები

comments