ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლ. ბონდარი – თამაში სწავლის პროცესში

ალბათ, არც ერთი კულტურული მოვლენა ისე არ უკავშირდება განათლებას, როგორც თამაში. ეს კავშირი ანტიკური ხანიდან არსებობს. სიტყვა ludus-ს, რომლითაც რომაელები “თამაშს” აღნიშნავდნენ, მეორე მნიშვნელობაც აქვს – „სწავლა”. იოჰან ჰეიზინგას ნაშრომის შემდეგ კულტურაში თამაშის როლის უზარმაზარი მნიშვნელობის დასაბუთების საჭიროება აღარ არსებობს. კერძოდ სწავლის პროცესში კი თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი უფიქრიათ ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, მეთოდისტებსა და ფიზიოლოგებსაც კი. ყველას მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თამაში, რომელიც ავითარებს მას. ასევე შეუძლებელია უარვყოთ თამაშებრივი საწყისის არსებობა მეცნიერებაში. ამ გარემოებას კი, თავის მხრივ, მივყავართ იდეამდე, რომ ნებისმიერი დისციპლინის შესწავლის პროცესი თამაშს ჰგავს. თამაშს კი თავისი წესები აქვს. ქვემოთ ჩვენ მხოლოდ თამაშის ძირითად წესებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ჰეიზინგას ხედვას ეფუძნება.

უპირველეს ყოვლისა, თამაშის კანონების დაცვა მასწავლებელს აიძულებს, შემოსაზღვროს სივრცე და იმ ინდივიდების წრე, რომლებიც პროცესის მონაწილენი იქნებიან. იმთავითვე გაცნობიერებულ უნდა იქნეს, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მხოლოდ ჩვენ მივიღებთ, სხვა არავინ. უცხოები თამაშის მიღმა რჩებიან. ბევრი გამოცდილი პედაგოგი ქვეცნობიერად იცავს ამ წესს, როდესაც არ აძლევს სხვა მსმენელებსა თუ პედაგოგებს ასეთ გაკვეთილებზე დასწრების უფლებას.

მოთამაშეთა წრის ასეთი შეზღუდვით ხსენებულ პროცესში შეძენილი ცოდნა დამატებით ღირებულებას იძენს. რჩეულთა შორის ყოფნის სურვილი და იმ ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა, რომელიც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ძლიერი სტიმულია სწავლის პროცესში. ცოდნა განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და ღირებულებას იძენს, როდესაც ძნელი მოსაპოვებელია.

მეორე: ეს პროცესი გულისხმობს უკან დახევებსა და განმეორებებს. თამაში ვერ იქნება თამაში, თუ ის მხოლოდ წინსვლითია. უკან დაბრუნება, განმეორება, გახსენება თამაშისა და შემეცნების განუყოფელი ნიშნებია. თამაშმა წრეზე უნდა იტრიალოს და მოთამაშე მოკლებული იყოს შემოსაზღვრული სივრცის დატოვების შესაძლებლობას, რითაც ხაზი ესმება თამაშის მთავარი წესების უნივერსალურ ხასიათს.

მესამე: საჭიროა წესრიგის ანუ წესების არსებობა, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ეს მთელ კურსს ავტომატურად აქცევს თამაშად. მეთოდი უამრავია: მისასალმებელი სიტყვების შემოღება (მაგალითად, ერთ-ერთი საშუალო სკოლის ყველა კლასში გერმანულის გაკვეთილები იწყება ერთი და იმავე სიტყვებით: Guten Tag! Es hat gelautet. Die deutsche Stunde beginnt); შეთანხმება ერთნაირი ნივთების გამოყენების თაობაზე (მაგალითად, შეიძლება მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, რომ მათი უნიფორმები და რვეულები ერთი და იმავე ფერისა იყოს); მეცადინეობებზე ერთმანეთისადმი მხოლოდ სახელებით (და არა გვარებით) მიმართვა და სხვ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ წესებს ვინ დაადგენს – მოსწავლეები თუ მასწავლებლები (რასაკვირველია,ურთიერთშეთანხმებით); მთავარია, ისინი განუხრელად იქნეს დაცული.

ერთი მხრივ, ყველაფერი ძალიან მარტივია. მეორე მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა, რათა ეს წესები არ გადავაქციოთ დამოკლეს მახვილად, არ მივცეთ ნება, ბორკილებად გვექცეს. ამას გვასწავლის თამაშის ფილოსოფიაც: დროულად უნდა შეგვეძლოს შეჩერება, იდეალური სამყაროდან რეალურში დაბრუნება, რათა თამაში უგუნურებად არ იქცეს. გამარჯვების სურვილმა ნებისმიერი საშუალების გამოყენებისკენ არ უნდა გვიბიძგოს და არც თამაშის წესები უნდა გახდეს მონოტონური.

მეოთხე: რიტმის ანუ დაძაბული მუშაობისა და დასვენების მონაცვლეობა. ეს სასწავლო პროცესის იმდენად ცხადი და გასაგები კომპონენტია, რომ მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.

არსებობს თამაშისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი: ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ თამაში, არამედ სათამაშოებიც – ნივთები. იშვიათია ადამიანი, რომელსაც აბსტრაქტული ცნებებით თამაში შეუძლია. ამ კუთხით ლინგვისტური თამაშები ყველაზე რთულია, მრავალი მათგანი მხოლოდ ინტელექტუალთათვის არის განკუთვნილი. საშუალოსტატისტიკურ ადამიანს კი სჭირდება სათამაშო, როგორც თამაშის მატერიალური განსხეულება. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვან და თვალსაჩინო მასალაზე, მაგრამ ასეთი სათამაშო შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რვეულიც. შემჩნეულია, რომ სკოლის მოსწავლეები ხშირად ცდილობენ რვეულით “თამაშს”, მისით მანიპულირებას: უყვართ მისი მორთვა, მოხატვა და სხვა.

მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს ეს გარემოება, მაგალითად, დაადგინოს რვეულში ჩაწერის წესები (ანუ გამოიგონოს თამაშის დამატებითი წესი), კერძოდ: უცხო ენის გაკვეთილზე თითოეულ საკითხზე შეიძლება როგორც უცხო, ისე მშობლიურ ენაზე წერა; ან: მეცადინეობის დასასრულს რვეულის მინდვრებზე ვაკეთებთ შენიშვნებს (“საინტერესო თემაა”, “უინტერესოა”, “გასაგებია”, “რთულია”, “მნიშვნელოვანია”, “მოითხოვს გააზრებას” და სხვ.). აქ მოსწავლე მხოლოდ თამაშის ფორმალურ წესებს კი არ ასრულებს, არამედ, თავის მხრივ, მოცემული მასალის შეფასებით თამაშობს მასწავლებელს (ან ასრულებს მის როლს).

მომდევნო ნაბიჯი – მასწავლებელი საგნის შესაბამისად იყენებს გამზადებულ “სამუშაო რვეულებს”, რომლებსაც მოსწავლეები გაკვეთილზე ავსებენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ასეთი რვეულების გამოყენებას რამდენიმე მიზანი აქვს:
. გვაზოგვინებს დროს, რომელიც კონსპექტის შესადგენად არის საჭირო;
. გამორიცხავს მრავალ შეცდომას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სმენითი აღქმის დროს;
. შემოაქვს თამაშის ელემენტი;
. მოსწავლეები ავსებენ ერთგვარ ბლანკს, მის ცარიელ ადგილებს – ეს ძალიან საინტერესო პროცესია (მაგალითად შეგვეძლო მოგვეყვანა ბევრისთვის საყვარელი საქმიანობა – კროსვორდების შევსება, როცა ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი სწორედ ცარიელი გრაფების შევსებაა).

საბოლოოდ სხვადასხვა მოსწავლის კონსპექტი ხდება ერთნაირი. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება უნიფიკაციად და ინდივიდუალიზმის დათრგუნვად მოგვეჩვენოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამაში არის თამაშის მნიშვნელოვანი ელემენტი. თამაშ-შეჯიბრებებისა და თამაშ-გამოცანების დროს ხომ სწორი პასუხი ერთადერთი; ასეთ თამაშში გამარჯვებული ის არის, ვინც სწორად შეასრულა ყველა პირობა და მივიდა ერთადერთ სწორ შედეგამდე ანუ გამარჯვებამდე.

გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ ანტიკურ სიბრძნეს: Aut disce, aut discede – “ან ისწავლე, ან დაგვტოვე”. ნებისმიერი სახის განსწავლა იწყება არა შემოქმედებით, არამედ ანბანური ჭეშმარიტების ათვისებით და აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. სწორედ ასეთი ჭეშმარიტებების ადგილია “სამუშაო რვეულები”. ერთიანი ცოდნა ხომ ამა თუ იმ სამეცნიერო სკოლის საფუძველია. შემოქმედება და ინდივიდუალიზმი – ეს მომდევნო ეტაპია.
კონსპექტები ყველას ერთნაირი აქვს, ყველამ იცის, რომ ავსებენ ერთსა და იმავე “ბლანკებს”, შესაბამისად, შედეგებსაც ერთნაირს ვიღებთ. თამაშის ეს “კოლექტიური ფაქტორი” ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მიგვითითებს კაცობრიობის კულტურის ისტორიაც, რომლის განმავლობაშიც კოლექტიური თამაშები ძალზე პოპულარული იყო – სახალხო ზეიმები, კარნავალები და დემონსტრაციები, გულშემატკივრებით სავსე სტადიონები და სხვ.
გარდა ამისა, ბევრ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლის ახსნა-განმარტების სახელმძღვანელოს ტექსტთან შედარება-გადამოწმება. ზოგ შემთხვევაში ეს მოუთმენლობის გამოვლინებაა, ზოგ შემთხვევაში – შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც აღქმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. ასეთი სტუდენტებისთვის შაბლონური კონსპექტი სწორედ რომ მისწრებაა.

რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს “სამუშაო რვეულის” სხვა ვარიანტებიც – ეს პედაგოგის შემოქმედებით ინიციატივაზეა დამოკიდებული.

“თამაშის” ცნება გულისხმობს როგორც “გართობას”, ისე “შეჯიბრებას”. შეჯიბრების შედეგი კი შეიძლება იყოს როგორც გამარჯვება, ისე მარცხი. პედაგოგებმა არ უნდა დაივიწყონ მედლის ეს მეორე მხარე. ფსიქოლოგებისა და პედაგოგების უმრავლესობის მითითებით, მოსწავლისთვის მთავარი სტიმული წახალისებაა. მაგრამ როდესაც ვივიწყებთ დამარცხებულთა დასჯას, ჩვენ თამაშის წესებს ვარღვევთ. ზოგჯერ ნეგატიური სტიმული უფრო ძლიერია, ვიდრე პოზიტიური.

ამ კუთხით ჭკუის სასწავლი უნდა იყოს თანამედროვე სატელევიზიო შოუ-თამაშები, სადაც თამაშის ერთადერთი მიზანია რაც შეიძლება მეტი ფულის მოგება, ანუ სადაც არ არსებობს სასჯელის გაგება: “თუ მოვიგე – დამაჯილდოებენ, თუ ვერ მოვიგე – არა”. ამგვარ თამაშებში ხშირად შეინიშნება მონაწილეთა აქტივობის ხარისხის დაცემა. მაგრამ თუ გაჩნდა სასჯელის – მაგალითად, სუსტი მოთამაშის ჯგუფიდან გარიცხვის, გაკიცხვის და ა.შ. – საფრთხე, ეს ზრდა-განვითარებისთვის ძლიერ სტიმულად იქცევა ხოლმე. მაგრამ უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრაც, რომელ მოთამაშეზე რომელი სტიმული (პოზიტიური თუ ნეგატიური) მოახდენს უფრო მეტ გავლენას.

ი. ჰეიზინგას მითითებით, თამაშში ასევე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რისკისა და არაპროგნოზირებადობის მომენტს. თამაშის შედეგი ადვილად გამოსაცნობი არ უნდა იყოს. ის დეტექტივს უნდა ჰგავდეს – წესების სიცხადისა და სიმარტივის მიუხედავად, ყოველთვის არსებობდეს ინტრიგა და იდუმალება. მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს ეს ცალკეული გაკვეთილისა თუ მთელი კურსის დაგეგმვისას.

ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან სწავლა არსობრივად წარმოადგენს თამაშს, სასურველია, ის შეიცავდეს თამაშის ყველა ფორმალურ ნიშანსაც: შეზღუდულ სივრცესა და მონაწილეთა რაოდენობას, განმეორების ელემენტებს, წესებსა და რიტმს; შეძლებისამებრ, უნდა არსებობდეს სათამაშოებიც, შეჯიბრებითობა კი გულისხმობდეს როგორც ჯილდოს, ისე სასჯელს; თამაში არ უნდა იყოს ადვილად პროგნოზირებადი. ასე რომ, წარმატებული სწავლისთვის საჭიროა თამაშის წესების შესწავლა და მათი დაცვა. თუ მოსწავლემ დაარღვია წესები, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. მასწავლებელსაც შეუძლია დაარღვიოს ან არ გაითვალისწინოს ეს წესები, – ამ შემთხვევაში თავად იგემებს მარცხს.
მცირეოდენი შემოკლებით
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი