ელაიზა დულიტლის პოლიტიკა

სერ ბერნარდ შოუ მსოფლიო დრამატურგიის კლასიკოსად მიიჩნევა. ეს არის ავტორი, რომელმაც თეატრში სოციალური სამართლიანობის შესახებ მსჯელობა გაააქტიურა. შოუს „პიგმალიონი“ მსოფლიოს თითქმის ყველა სცენაზეა დადგმული. მისი შედევრი ჩვენი ქვეყნის თეატრებშიც არაერთხელ გათამაშებულა. საუბედუროდ, ბოლო ხანს საქართველოში იშვიათად თუ აქცევენ ყურადღებას თეატრალური ხელოვნების პოლიტიკურ შინაარს. არადა, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის დრამატურგია ბევრ მნიშვნელოვან და საკამათო ძალაუფლებრივ კონფლიქტს წარმოაჩენს.

„პიგმალიონის“ სიუჟეტის მთავარი მომენტები, ალბათ, ყველას გახსოვთ: ფონეტიკის პროფესორი ჰენრი ჰიგინსი სანაძლეოს დებს, რომ მოკლე ხანში ლონდონელ მეყვავილეს დიპლომატიურ მიღებაზე ჰერცოგინიას ამპლუაში წარადგენს. პროფესორი დიდ რისკზე მიდის, რადგან ელაიზა დულიტლი ქალაქის მიყრუებულ უბანში გაიზარდა, დაგლეჯილი სამოსით დადის და ღარიბთა ტლანქი ენით ლაპარაკობს. არც ქცევის მაღალი კულტურით გამოირჩევა. ელაიზა დულიტლის არისტოკრატული იმიჯის წარმოდგენა ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ოპტიმისტსაც კი გაუჭირდება.

მიუხედავად ამისა, ნახევარი წლის შემდეგ პროფესორი ჰიგინსი მიზანს აღწევს. მრავალთვიანი შრომის შემდეგ ელაიზა დულიტლი უპოვარი მეყვავილისგან ნამდვილ ლედიდ იქცევა. ელჩთან დანიშნულ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, რომ დახვეწილი ინგლისურით მოსაუბრე, ელეგანტურად გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი სახელგანთქმული ჰერცოგის ოჯახის წარმომადგენელია.

რისი თქმა სურდა ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ შეთხზვის დროს?

ლიტერატურისა და თეატრის მოყვარულთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ლონდონელი დრამატურგი ბრიტანულ იმპერიალიზმზე ცდილობს ჩვენი ყურადღების გამახვილებას. ჰენრი ჰიგინსი მსოფლიოს ყველა კონტინენტის მომცველი, ყველა ოკეანის გადამლახველი სისტემის სახეა. მეტროპოლია, იმპერიის ცენტრი და მამოძრავებელი ძალა. ის ყოვლისშემძლეა. მის ნებაზეა დამოკიდებული, რისთვის გამოიყენებს დაპყრობილ ხალხებსა თუ მიწებს. ბრიტანეთს შეუძლია, კოლონიებს საკუთარი კეთილდღეობისა და სიმდიდრისთვის, ძლევამოსილებისა და განვითარებისთვის უკანასკნელი სასიცოცხლო ენერგია გამოაცალოს. მაშასადამე, სამუდამოდ ქუჩაში ყვავილებით ვაჭრობისთვის, ძონძებისა და უსახლკარობისთვის გაწიროს. თუმცა მასვე შესწევს ძალა, რომელიმე ერთი კუთხე გამოარჩიოს და სამაგალითოდ აქციოს. ღატაკი კოლონიის სამოთხედ ქცევით იმპერია საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობაზე სვამს აქცენტს. პროფესორი ჰიგინსის მიღწევაც ხომ სასწაულად აღიქმება – მან ქუჩაში გაზრდილი ქალი ჰერცოგინიად აქცია.

სერ ბერნარდ შოუ მხოლოდ იმპერიებსა და კოლონიებს შორის არსებული უსამართლო ურთიერთმიმართების გადმოცემით არ ავიწროებს ჩვენს თვალსაწიერს – დიდ შემოქმედს კიდევ ერთი უსამართლობა უღრღნის გულს. ელაიზა დულიტლი კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენის სიმბოლოა. დრამატურგს სწამს, რომ სოციალურ გარემოს პიროვნების ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის გვეუბნება, რომ ღვთებრივი ნაპერწკალი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, გაღვივება სჭირდება. ლონდონის ქუჩებში მიმდინარე ბრძოლა გადარჩენისთვის, დედაქალაქის ჩამორჩენილ კვარტლებში დასადგურებული უიმედობა და ერთფეროვნება არავის უტოვებს შანსს, თავის თავში ღვთაებრივი ცეცხლი ააგიზგიზოს. თუმცა, თუ დამთრგუნველი გარემოდან ელაიზასნაირ გოგოს საშუალო ფენის ინგლისურ ოჯახში გადავიყვანთ, ის ადვილად მოახერხებს თავისი განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენას. ბერნარდ შოუს სწამდა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანს შეუძლია საზოგადოების სასარგებლოდ საკუთარი თავის რეალიზება, უბრალოდ, მას ხელშეწყობა და ნორმალური სოციალური გარემო სჭირდება.

მხოლოდ ბერნარდ შოუს შეეძლო პატარა კომედიაში დიდი პოლიტიკური შინაარსის ჩადება.

კომენტარები

comments