პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია

თამარ კაციტაძე

სპეციალისტთა განმარტებით, მოტივაცია ქცევის ფსიქოლოგიური საფუძველია. რაც მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მაღალია სწავლის ხარისხი, როდესაც მოტივაცია სუსტია, სწავლის ხარისხიც იკლებს.

არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. გარეგანია მოტივაცია, როდესაც მოსწავლე განხორციელებული სასწავლო აქტივობისთვის წახალისებას, ჯილდოს (მაღალ ქულას, ქებას, კლასში განსაზღვრული სტატუსის მოპოვებას) მოელის. ამ დროს თვით აქტივობა მისთვის შესაძლოა არ იყოს საინტერესო. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისთვის კი აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.

ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც წახალისების გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ გამუდმებით სჭირდებათ ქება, სტიმული და თანადგომა.

ამის კვალობაზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას პედაგოგმა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია – ეს ხელს შეუწყობს წარმატებას.

ბლოგი “ორიონი” მასწავლებლებს გირჩევთ:

1. გაამდიდროთ სასწავლო პროცესი. ამის გაკეთება შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავალფეროვანი სასწავლო მასალით, სწავლების ახალი მეთოდებითა და სტრატეგიებით. ამგვარად სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.

2. ეცადოთ მოსწავლეთა გააქტიურებას. საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობა მათთვის გაცილებით ბუნებრივია, ვიდრე წყნარად ჯდომა და მოსმენა. ამისთვის შეგიძლიათ მოაწყოთ დისკუსიები, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა, თუმცა ყოველივე ამას უნდა შეურჩიოთ სათანადო დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.

3. ჩართოთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების – სემესტრული ტესტების, ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების – მომზადებაში. ეს მხოლოდ მათ მოტივაციას კი არ აამაღლებს, არამედ მასალის ათვისებაშიც შეუწყობს ხელს.

4. გამოიყენოთ სხვადასხვა სირთულის დავალებები. კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის აქტივობას შესთავაზებთ. ეს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებასა და მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

5. გამოიყენოთ უნიშნო აქტივობები. ასეთ დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან თავად პროცესზე გადაერთვება.

6. შექმნათ კლასში ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასებისა, კრიტიკისა და შეცდომისა არ შეეშინდებათ. შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა. ისინი უკეთესი შედეგისკენ სწრაფვის იმპულსად უნდა ვაქციოთ.

7. მიაწოდოთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. “1+2” შეფასება. “1+2” ისეთი შეფასებაა, სადაც “1” შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო “2” – პოზიტიური კომენტარი. შეგიძლიათ, სქემა სურვილისამებრ ცვალოთ, მაგრამ სასურველია, დაიცვათ პოზიტიური და ნეგატიური შენიშვნების მოცემული თანაფარდობა.

8. თავი არიდოთ მხოლოდ ნიშნის დაწერას. ნიშანს დაურთეთ კომენტარი იმის თაობაზე, სახელდობრ, რატომ დააკლდა მოსწავლეს ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. კომენტარი უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.

9. არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ. საჯარო კრიტიკა ვნებს მოზარდის თვითშეფასებასა და მოტივაციას. გარდა ამისა, ამგვარი მიდგომა მოსწავლეს თქვენს ნდობასა და პატივისცემას დაუკარგავს.

10. იყოთ მიუკერძოებელი. მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპათიებითა და წარმოდგენებით, მაგრამ ეცადეთ, მაქსიმალურად არიდოთ თავი სუბიექტივიზმის გამოვლენას სწავლებისა თუ მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობის დროს.

11. ტესტირებისას გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები. ტესტში დაცული უნდა იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ კითხვებს შორის. ამგვარი ტესტი არც ერთ მოსწავლეს არ მიანიჭებს პრივილეგიას და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.

12. სათანადო ყურადღება დაუთმოთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს. ზერელე დამოკიდებულების შემთხვევაში მოსწავლეს მოტივაცია უქვეითდება.

13. ჩართეთ მოსწავლე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანამიმდევრობის დადგენაში მონაწილეობა საგრძნობლად აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს მათი მხრივ ამ შეთანხმების შესრულებას.

14. შემოიღოთ “პრობლემებისა და წინადადებების ყუთი” – ეს მეთოდი მოსწავლეებს საკუთარი აზრისა თუ შეფასების ანონიმურად გამოხატვის საშუალებას მისცემს. მთავარია, დეტალურად აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი, ასევე – შეიმუშაოთ წინადადებების წარმოდგენის ფორმატი. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს. სხვაგვარად მეთოდი ეფექტური ვერ იქნება. სისტემატურად განიხილეთ შემოსული წინადადებები.

15. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და მიაღწიოს წარმატებას – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლის სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა იკვეთებოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი