ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფორუმ-თეატრი გაკვეთილზე

სტატიაში მინდა გაგაცნოთ როლური თამაში – ფორუმ-თეატრი. ამ ტექნიკის შესახებ პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში,  უკრაინაში, ქალაქ ლვოვში Erasmus+ ის ეგიდით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შევიტყვე. იდეა ძალიან მომეწონა. დაბრუნების შემდეგ დავიწყე მისი საგაკვეთილო პროცესში დანერგვაზე მუშაობა.

ფორუმ-თეატრის იდეის ფუძემდებელია ავგუსტო ბოლი. ავგუსტო ბოლი იყო ბრაზილიელი თეატრის თეორეტიკოსი, მსახიობი და პოლიტიკური აქტივისტი. იგი აქტიურად ებრძოდა  საზოგადოების დაყოფას კლასებად, რის გამოც იდევნებოდა პოლიტიკური რეჟიმების მიერ. არგენტინაში გადასახლების პერიოდში მან დაიწყო ფორუმ-თეატრის იდეაზე მუშაობა. ეს მეთოდი მიმართულია სოციალური ტრანსფორმაციისაკენ, საზოგადოების სასიკეთო ცვლილებისაკენ, თემში არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ.

რაში მდეგომარეობს ამ ტექნიკის უპირატესობა?

ფორუმ-თეატრი ჩვეულებრივი სპექტაკლისგან განსხვავდება იმით, რომ სცენასა და მაყურებელს ერთმანეთთან აკავშირებს. წარმოდგენა იმართება ორჯერ. კონკრეტული სცენის გამეორებისას მაყურებელს ეძლევა საშუალება, გახდნენ მსახიობები და შეცვალონ პროცესის მიმდინარეობა სასურველი სცენარით.

განვიხილოთ ფორუმ-თეატრი  სამოქალაქო განათლების გაკვეთილის მაგალითზე. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. ჯგუფებს გაკვეთილის თემის მიხედვით ეძლევათ დავალება – დადგან მინი-სპექტაკლი, თეატრი შემოთავაზებულ პრობლემურ საკითხზე. ეს შეიძლება იყოს  ბულინგი სკოლაში, ოჯახური ძალადობა, დისკრიმინაცია, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. მოსწავლეები ფიქრობენ ჯგუფებში სავარაუდო სცენარზე, ინაწილებენ როლებს.

ფორუმ-თეატრში წარმოდგენები იწყება შემდეგი წესის მიხედვით: სცენაზე გადის ერთი ჯგუფი. სხვა ჯგუფის წევრები ითავსებენ მაყურებლის როლს. პირველი მოქმედების დასრულების შემდეგ ფასილიტატორი მიმართავს მაყურებელს კითხვებით: რა პრობლემა დაინახეთ? როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?  ხომ არ არის შესაძლებელი პრობლემის გადაჭრა რომელიმე მსახიობის ჩანაცვლებით?.. აუდიტორია იწყებს ფიქრს გამოსავალზე.

შემდეგ იგივე ჯგუფი განმეორებით წარმოადგენს იმავე დადგმას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტაშით გააჩეროს მოქმედება და ჩაანაცვლოს მსახიობი. ერთადერთი აკრძალვა მხოლოდ  მთავარი როლის შემსრულებლის, ე.წ. „პრობლემის წყაროს“ ჩანაცვლებაზე მოქმედებს. ბულინგის შემთხვევაში ბულერია მთავარ როლში. დარბაზში მსხდომებმა სხვა მსახიობის ჩანაცვლებით უნდა მოახერხონ ბულერის ქცევის შეცვლა. ამ შემთხვევაში შეიძლება ან მასწავლებელი იყოს ინერტული – ან კლასელები. ტაშის დაკვრისას წარმოდგენა ჩერდება და გრძელდება, როგორც კი ახალი მონაწილე გადის სცენაზე. მთავარი მიზანი არის ამ შემთხვევაში ბულერის ქცევის ცვლილება, მასზე ზეგავლენა. მაგალითად, თუ რომელიმე მაყურებელი ჩაანაცვლებს მასწავლებელს, რომელიც ინერტულია, არაფერს აკეთებს დაჩაგრული მოსწავლის დასაცავად, მისი აქტიური მასწავლებლით ჩანაცვლების შემთხვევაში დიდი შანსია ბულერის ქცევა შეიცვალოს. ასევე, საინტერესოა ბულერის მეგობრის ჩანაცვლება, რომელიც მისი პოტენციური მხარდამჭერია. შესაძლოა მსხვერპლი მოსწავლის  ჩანაცვლება, რომელიც თავდაპირველ წარმოდგენაში ვერ ახერხებდა თავის დაცვას. ახალმა მონაწილემ მკაფიოდ უნდა დაგვანახოს განსხვავებული ქცევა ბულერის, მისი მეგობრების, მხარდამჭერების მიმართ.

მნიშვნელოვანია ინსტრუქციები იყოს მკაფიო. ფორუმ თეატრის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ :

➡ აკრძალულია ყოველგვარი ძალადობა;

➡ წარდგენაში გამოკვეთილი უნდა იყოს უარყოფითი როლის შემსრულებელი;

➡ უარყოფითი როლის შემსრულებელმა ქცევა უნდა შეიცვალოს იმ დროს, როცა შინაგანად იგრძნობს სიტუაციის ცვლილებას, მის გარშემო არსებული რეალობის შეცვლას;

➡ სიჯიუტე დაუშვებელია;

➡ წარმოდგენა მთავრდება, როცა თავდაპირველი სურათი იცვლება.

➡ ჯგუფმა უნდა მოამზადოს მაქსიმუმ 4-5 წუთიანი წარმოდგენა.

თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ რწმენა იმისა, რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა. ფორუმ-თეატრი სწორედ ამ რწმენის გამტკიცებისკენ არის მიმართული, რადგან შესაძლებელია დავინახოთ ცვლილებები რეალურ დროში. მსგავსი მეთოდით, ბავშვები სწავლობენ, რომ არ უნდა იყვნენ ინერტულები გარშემო არსებული პრობლემების მიმართ და ითამაშონ აქტიური როლი მათ მოგვარებაში.

ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://dramaresource.com/forum-theatre/

https://www.involve.org.uk/resources/methods/forum-theatre

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი