პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა, როგორც სკოლის განვითარების კონცეფცია

მოგეხსენებათ, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. სასკოლო სასწავლო გეგმის ერთ-ერთი დანიშნულებაა  სასკოლო-სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა.

სასკოლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სკოლის სამოქმედო გეგმის შედგენისას აუცილებელი და მნიშვნელოვანია სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინება.

მსურს გაგიზიაროთ  მიმდინარე სასწავლო წელს  სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლაში, როგორ მიმდინარეობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა.  სკოლის წარმატებული მასწავლებლების   და სკოლის დირექციის თანამშრომლობით ჩატარდა სკოლის საჭიროებების, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესების კვლევა.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით და საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით გამოიკვეთა სკოლის მთავარი გამოწვევა, მთავარი სამოქმედო არეალი, გამოიკვეთა სფერო, რომელიც მოითხოვდა ორგანიზებულ მუშაობას არსებული სირთულეებისა და აქტუალური საკითხების გადასაწყვეტად. მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე გახდა სოციალური ფორმატით წარმოდგენილი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის გაჯანსაღება, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოზარდის ღირებულებითი სფეროს ჩამოყალიბება.

ასე შეიქმნა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროგრამა სახელწოდებით: „სოციალური ურთიერთობებისა და სამოქალაქო განათლების ფორუმი.“ ფორუმის მიზანი გახდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სოციალური ურთიერთობებისა და სამოქალაქო განათლების კუთხით, პრაქტიკულ აქტივობებში ცოდნის რეალიზება, თანამშრომლობითი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ფორუმის სიმბოლოდ შევარჩიეთ სკოლის ლოგო და ანტიკური ხელოვნებიდან რომის ფორუმის ვიზუალური გამოსახულება, როგორც კავშირი ცნობიერების განვითარების უწყვეტი პროცესისა, ანტიკური პერიოდიდან დაწყებული თანამედროვეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მომავალზე ორიენტირებული გეგმებით. სწორედ ამ  მიზნის გარშემო გაერთიანდა მთელი სკოლა, ყველა კათედრა. საგნობრივი პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით, მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ იტვირთა, ხოლო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, გამჭოლი კომპეტენციებისა დაუფლების გათვალისწინებით ყველა კათედრა აქტიურად ჩაერთო, რადგან საგანთშორის  კავშირების დამყარება, ცოდნისა და გამოცდილების სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება ყველა საგნის სტანდარტის სწავლა-სწავლების უმთავრესი მიზანია.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, სასწავლო პროექტი, ჩატარდა კონფერენციები და თემატური შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ფორუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეიძლება დავყოთ ორ მთავარ ჯგუფად:

  1. ტრენინგები და სემინარები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის;
  2. მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები;

 

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგები და სემინარები წარიმართა სამი  მიმართულებით:

 I  მიმართულება:  სემინარი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის

თემა:  „ბავშვის უფლება-მოვალეობები, პრობლემები და გადაჭრის გზები“.

პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი, ხელმძღვანელი:  მაია გედევანიშვილი.   ის  შეხვდა სკოლის თვითმმართველებს და ესაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების მონიტორინგი, დარღვევებზე რეაგირების საშუალებები და რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა სკოლას უსახსოვრა საინტერესო ლიტერატურა და კლასის თვითმმართველებმა აიღეს პასუხისმგებლობა, სემინარზე მიღებული ცოდნის, ინფორმაციისა და ლიტერატურის შესახებ მეგობრებისა და თანაკლასელების ინფორმირებისა. ეს პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება, რათა  ყოველი კონკრეტული შეხვედრის თემა ცნობილი გახდეს ყველა მოსწავლისთვის.

 

II  მიმართულება:

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

რაც შეეხება სკოლაში ინკლუზიური განათლების ეფექტურ დანერგვას, ამ მიმართულებით ჩვენ ვიღებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, დამხმარე მასალებსა და რეკომენდაციებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტიდან, ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან. რეკომენდაციები ეხება ისეთ სტრატეგიულ პრიორიტეტებს, როგორიცაა ინკლუზიური განათლების სისტემური გაძლიერება, ინკლუზიური  განათლების მიდგომების მეთოდოლოგიისა და მომსახურების განვითარება, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. სკოლაში გაიხსნა ახალი რესურს ოთახი, ახალი ინვენტარითა და სასწავლო რესურსით. აქვეა ჩვენი მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.

№51 სკოლა მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს ორგანიზაციასთან MAG GEORGIA. სკოლაში დავიწყეთ ტრენინგების საინტერესო კურსი  დიფერენცირებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ, რომელიც  განსაკუთრებულად მოეწონათ ჩვენს პედაგოგებს.

III      მიმართულება:

ტრენინგები მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. თემა: „სკოლებში მშობელთა ჩართულობის გაზრდა“.

პარტნიორი ორგანიზაცია: „მშობლები განათლებისთვის“

ტრენინგებზე ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა მსჯელობა, განხილვა ისეთი საკითხებისა, როგორებიცაა მშობელთა ჩართულობის მექანიზმები და საუკეთესო პრაქტიკა, მოხალისეობა შვილის სკოლაში, ეფექტური კომუნიკაცია ყველა ტიპის პერსონასთან და სხვა.

სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ურთიერთობების პრინციპების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჯგუფის საგნების მიხედვით. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იწყება მე-4 კლასიდან, საგნით „მე და საზოგადოება“ . საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ფორუმის ფარგლებში მე-4 კლასის მოსწავლეებმა  პედაგოგთან ერთად განახორციელეს პროექტი „ მინი მუზეუმი სკოლაში“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ სხვადასხვა მუზეუმს, თავად დაამზადეს ექსპონატებისა და ხელოვნების ნიმუშების ასლები, მოაწყვეს სასკოლო გამოფენა, მოირგეს გიდის როლი და უმასპინძლეს დამთვალიერებლებს.

მე-5 და მე-6 კლასებში ისწავლება საგანი – ჩემი საქართველო. ამ საგნის სახელმძღვანელოს, მასწავლებლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის ავტორია №51 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი. პედაგოგმა მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ჩაატარა კონკურსი „იცოდე კანონი და იყავი დაცული“. კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს კანონმდებლობის ზოგიერთ, მათი ასაკისთვის აქტუალურ საკითხს, მიესადაგებინათ კონკრეტული მუხლებისთვის რეალური, ცხოვრებისეული სიტუაციები, ემსჯელათ მათი გადაჭრის გზებზე და დაეწერათ შესაბამისი რეკომენდაციები. ინტელექტუალური კონკურსი დიდი ინტერესით და აქტიურობით ჩატარდა.

2019-2020 სასწავლო წელს, ეროვნული გეგმის მიხედვით, მე-7 კლასში დაემატა ახალი საგანი – მოქალაქეობა. ამ საგნის წარმატებით დანერგვის მიზნით, სკოლაში მოვიწვიეთ სახელმძღვანელოს ავტორი.  მან  ჩაატარა მასტერკლასები პედაგოგებისთვის და შეხვედრები მე-7 კლასის მოსწავლეებთან.  №51 სკოლაში არსებობს ტრადიცია – ბავშვები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოს ავტორებს.  ეს ფაქტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და სტიმულის მიმცემია.

ფორუმის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე: „მე ვარ აქტიური მოქალაქე“. კონკურსის მიზანი იყო, გაეცნობიერებინათ მოზარდებს, თუ რას გულისხმობს აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება, გაცნობოდნენ იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომელთა თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია ერთმანეთისა და კანონის წინაშე. კონკურსი გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით.

„სოციალური ურთიერთობებისა და სამოქალაქო განათლების ფორუმის“ ფარგლებში ჩატარდა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „მოქალაქეობა, არსებული რეალობა და ჩემი აქტიურობა პოზიტიური გარემოს დამკვიდრებისთვის“, ხოლო საშუალო საფეხურის მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „მე და კონსტიტუცია“.  მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ თემის ორიენტირს, შეფასების კრიტერიუმებს, ნაშრომის სტრუქტურას, პრეზენტაციის მოთხოვნებს და დამაჯერებლად წარსდგნენ სპეციალური ჟიურის წინაშე. მოსწავლეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად ისაუბრეს პრაქტიკულ აქტივობებზეც, რომლებიც განახორციელეს პოზიტიური გარემოს დამკვიდრებისთვის. კერძოდ, წარმოადგინეს ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია, თუ როგორი სიყვარულითა და თანაგრძნობით ეპყრობიან ბავშვები სკოლის თანამშრომლებს , დამლაგებლებს.  როგორ ულოცავენ ისინი უფროსებს დამდეგ შობა-ახალ წელს.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების ემოცია“.  პროექტს პარტნიორობა გაუწია სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“. პროექტის ფარგლებში, დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით გაიმართა კულინარიული დუელი და მოსწავლეთა მიერ დამზადებული ბროშურის –  „ჰიგიენის დაცვა“-  პრეზენტაცია. ჩვენი ფორუმის ფარგლებში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო და ინტელექტუალური თამაში „ისტორია სამსჯავროზე“. პროექტს პარტნიორობა გაუწია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი.

№51 საჯარო სკოლის  ენის კათედრამ,  ურთიერთობის უნივერსალურ საშუალებად სამაგიდო თამაშები შეარჩია და მე-9 კლასის გუნდებს შორის წარმატებით ჩაატარა პროექტი: „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშები. მოსწავლეები გაეცნენ სამაგიდო თამაშების შექმნის ისტორიას. თამაშების წესებს. შეჯიბრება აზარტული, საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. მოსწავლეებმა შეძლეს ლოგიკური აზროვნებისა და გამჭრიახობის გამოვლენა.

„სოციალური ურთიერთობებისა და სამოქალაქო განათლების ფორუმის“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობამ განახორციელა პროექტი: „ გაეროს კონფერენციის მოდელირება“. პროექტს მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა გაეროში თათია დოლიძემ. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა არაფორმალური განათლების მიმართულებით. №51 საჯარო სკოლამ ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად უმასპინძლა გაეროს მოდელირების კონფერენციას. მოსწავლეები განაწილებულნი იყვნენ ორ კომიტეტში, პირველი – ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც განიხილავდა ბავშვების  რეინტეგრაციას კონფლიქტურ ქვეყნებში, მეორე- ადამიანის უფლებების კომიტეტი, რომლის სამუშაო თემა იყო ჟურნალისტების უსაფრთხოება. საკომიტეტო მუშაობის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაწერეს რეზოლუციები, მიაღწიეს კონსენსუსს, მუშაობის შედეგები კი წარუდგინეს გენერალურ ასამბლეას.

ფორუმის ფარგლებში განხორციელდა სახელოვნებო ინსტალაცია „ფერწერული გალაკტიონი“. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ №51 სკოლის სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორი  და ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპეც პედაგოგები და სსსმ მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს გალაკტიონის ლექსების ფერწერული ილუსტრაციები. შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მხატვრული კითხვის ვირტუალურ შემსრულებელთან ელდინო საღარაძესთან ერთად წაიკითხეს პოეტის ლექსები. სახელოვნებო ინსტალაციის მონაწილეებმა განახორციელეს საქველმოქმედო აქცია „აჩუქე წიგნი-გააზიარე ემოცია“. ისინი დაეხმარნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თონეთის საჯარო სკოლას წიგნებით, საინტერესო ლიტერატურით. თონეთის  საჯარო სკოლაში შეხვედრა ემოციურ და საოცრად მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

№51  საჯარო სკოლის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის I სემესტრის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა სკოლის საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რადიო „საქართველოს ხმის“,  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრის წარმომადგენლები, სკოლის კურსდამთავრებულები, მომღერალი ნათია სვანაძე და  ჯგუფი „THE QVINTESSENCE”.

I  სემესტრის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს ფორუმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებზე. ღონისძიებაზე შედგა ევროკავშირის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია. ვიდეორგოლი დამზადდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ, ადამიანის უფლებების ერთკვირიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. წლევანდელი კვირეულის სლოგანი იყო „ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად“. ვიდეორგოლის სახელწოდებაა „იცოდე შენი უფლებები“ და მასში მონაწილეობენ №51საჯარო სკოლის მოსწავლეები. ვიდეორგოლი ემსახურება საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ცნობადობის ამაღლებას.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა: „სოციალური ურთიერთობებისა და სამოქალაქო განათლების ფორუმი“, როგორც სკოლის განვითარების კონცეფცია, გრძელდება!

სკოლა მადლობას უხდის ფორუმის ყველა მონაწილეს,  სტუმრებს, პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და მზად არის ახალი პროექტების განხორციელებისთვის, საქმიანი, კულტურული ურთიერთობებისთვის, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი