პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში

სოციალური უნარები თანდაყოლილი არ არის, მათ განვითარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სკოლამ, მასწავლებელმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ მათ განვითარებასა და ცხოვრებაში მათი გაცნობიერებულად გამოყენების უნარის გამომუშავებაში.

სოციალური უნარები მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლების საშუალებით შეიძლება განვუვითაროთ. თანამშრომლობით ჯგუფებში მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო პროგრამაში შემავალ სხვადასხვა დისციპლინას კი არ სწავლობენ, არამედ ინტერპერსონალური ურთიერთობის ჩვევებსაც ეუფლებიან. სოციალური ჩვევების სწავლება აკადემიური წარმატების აუცილებელი პირობაა: რაც უფრო უკეთ ფლობენ მოსწავლეები სწავლაში ერთმანეთის დახმარების ხელოვნებას, მით უკეთესია მათი მოსწრება. მაშასადამე, სოციალური ჩვევების ფორმირება ხდება თანამშრომლობით სიტუაციებში, სადაც დავალება ერთად არის შესასრულებელი.

თანამშრომლობითი სწავლებისთვის აუცილებელია ოთხი ტიპის ჩვევა, რომლებიც სხვადასხვა სირთულისაა:

1. ჩვევები, რომლებიც თავისი არსით წარმოადგენს ქცევის უმარტივეს წესებს. უამისოდ თანამშრომლობასა და ქმედით ჯგუფზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება;

2. ჩვევები, რომლებიც აუცილებელია მუშაობის პროცესში ჯგუფის ყველა წევრის აქტიურად ჩასართავად და მათ შორის ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობის შესანარჩუნებლად;

3. ცოდნის შეძენისადმი შეგნებული, მოტივირებული დამოკიდებულების ჩვევები;

4. ჩვევები, რომლებიც ცოდნისადმი შემოქმედებით და კრიტიკულ მიდგომას განაპირობებს. მათ მიეკუთვნება ლოგიკური აზროვნებისა და ინტელექტუალური კონფლიქტების მოგვარების, დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და სხვადასხვა თვალსაზრისში რაციონალური მარცვლის პოვნის უნარები.
1. ქცევის წესების სწავლება
ქცევის წესები, რომელთა გარეშე შეუძლებელია თანამშრომლობითი ჯგუფის შექმნა, სხვა არაფერია, თუ არა ზრდილობის ელემენტარული ნორმების დაცვის უნარი:

. უხმაუროდ შედი შენობაში, სადაც შეკრებილია კლასი, რათა არ ააფორიაქო, ხელი არ შეუშალო სხვებს;
. იყავი შენს ჯგუფთან ერთად, სანამ სამუშაო არ დასრულდება;
. ილაპარაკე ხმადაბლა, არ აუწიო ხმას;
. დაელოდე შენს ჯერს.
2. ჩვევები ჯგუფის ყველა წევრის აქტიური მუშაობისთვის
ეს ჩვევები უფრო რთულია. ისინი უზრუნველყოფს ჯგუფის შრომისუნარიანობას და მის წიაღში სამუშაო ურთიერთობას:

. საკუთარი იდეებისა და აზრების გაზიარების უნარი. ჯგუფის წევრებმა აუცილებლად უნდა გაუზიარონ ერთმანეთს ყველაფერი, რაც აუცილებელია სამუშაოს ეფექტიანად წარმართვისთვის;

. უნარი, სწორად დასვა კითხვები ფაქტების ირგვლივ და არგუმენტირებულად უპასუხო მათ. რათა დარწმუნდნენ, რომ ყველამ სწორად გაიგო შესასწავლი მასალა, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ, დაუსვან ერთმანეთს კითხვები, ახსნან საკუთარი პასუხები. ეს მათ შეცდომების გამოსწორებასა და მასალის სწორად აღქმაში დაეხმარება;

. კოლექტიური სამუშაოს შესრულების კონტროლირებისა და სამუშაოს სწორად წარმართვის უნარი. მაგალითად, მუდმივად შეახსენო მეგობრებს, რა არის გასაკეთებელი: “ჩვენგან მოელიან…”; ყურადღება გაამახვილო იმაზე, რომ დრო შეზღუდულია: “მოვასწრებთ ამას დარჩენილ დროში?”; უფრო რაციონალური წინადადების შეთავაზება: “ასე ხომ არ გვესინჯა?”;

. უნარი, გაამხნეო მეგობრები და მუშაობის პროცესში ჩართო. მნიშვნელოვანია, ჰკითხო მეგობარს, რას ფიქრობს ის ამის შესახებ. ამ დროს იგი დაინახავს საკუთარ მნიშვნელობას საერთო საქმისთვის, იგრძნობს, რომ მის ნააზრევს პატივს სცემენ;

. უნარი, სთხოვო სხვას დახმარება და განმარტება. ეს თანამშრომლობითი სწავლების მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც ჯგუფის ყველა წევრი უნდა ფლობდეს;

. უნარი, დაეხმარო და მხარში ამოუდგე მეგობარს. დახმარება შეიძლება როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური კომუნიკაციით;

. მეგობართა პასუხების პერიფრაზირების უნარი. ეს მოსწავლეებს იმის გარკვევაში დაეხმარება, რამდენად სწორად გაიგეს ერთმანეთის მოსაზრებები;

. უნარი, განაწყო ჯგუფი სამუშაოდ. მაშინაც კი, როცა ჯგუფის წევრებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების მოტივაცია, მოსწავლემ პირადი მაგალითით უნდა შეძლოს თანამშრომლობაში მათი ჩართვა.
3. ცოდნის შეძენისადმი შეგნებული, მოტივირებული დამოკიდებულების ჩვევები
საკუთარი აზრის ფორმულირების უნარი მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსწავლის აზროვნების განვითარებასთან. მის გარეშე არა მარტო შემეცნებითი უნარების, არამედ ლოგიკური აზროვნების განვითარებაც შეუძლებელია. ვინაიდან თანამშრომლობითი სწავლების მიზანია ყველა მოსწავლის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, ყურადღება უნდა გამახვილდეს სპეციალური ჩვევების განვითარებაზე, რომელთა გარეშე შეუძლებელია ახალი ინფორმაციის ათვისება. მათ მიეკუთვნება:

. გადმოცემისა და განზოგადების უნარი. მის გამომუშავებაში მოსწავლეებს დაეხმარება ზეპირი სავარჯიშოები, რომელთა მიზანია, რაც შეიძლება ზუსტად გადმოსცე წაკითხული ტექსტი. მონათხრობში უნდა გამოჩნდეს ყველა ძირითადი ფაქტი და იდეა, რომელსაც ტექსტი შეიცავს;

. საკუთარი აზრის ზუსტად ფორმულირების უნარი. მეტად მნიშვნელოვანია, ჯგუფის წევრებს შეეძლოთ მეგობრების მიერ გამოტანილი დასკვნების შევსება, კორექტირება და საკუთარი პოზიციის გარკვევით ჩამოყალიბება;

. ახალი ინფორმაციის უკვე ნასწავლთან დაკავშირების უნარი;
. უნარი, დაეხმარო მეგობრებს ფაქტებისა და თეორიების დამახსოვრების ყველაზე სწორი და საიმედო მეთოდების პოვნაში. საამისოდ გამოდგება თვალსაჩინოება – ნახაზები, ნახატები და სხვა რეალური საგნები, რომლებიც აადვილებს დამახსოვრებას (“ეს შეიძლება დაიმახსოვრო ასე…”);

. იმის შემოწმების უნარი, გაიგეს თუ არა ჯგუფის მეგობრებმა შესასწავლი მასალა. ამ ჩვევის დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯგუფის თითეული წევრი რეგულარულად ჰყვება იმას, რაც მოცემულ მომენტში ისწავლა, დანარჩენები კი ყურადღებით უსმენენ და ავსებენ მის მონაყოლს.
4. ჩვევები, რომლებიც ცოდნისადმი შემოქმედებით და კრიტიკულ მიდგომას განსაზღვრავს
იმისთვის, რომ მოსწავლემ ინიციატივის გამოჩენისა და კრიტიკული აზროვნების უნარი შეიძინოს, იგი უნდა დაეუფლოს ჩვევებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა თეორიისა და ჰიპოთეზის ანალიზში, ინტელექტუალური კონფლიქტების მოგვარებაში, დაეხმარება დამატებითი ინფორმაციის მოძიებასა და ოპონენტთა შეხედულებებში რაციონალური მარცვლის პოვნაში. ამ ჩვევების გამოსამუშავებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თანამშრომლობითი ჯგუფის წევრებმა ჩართონ ერთმანეთი დისკუსიაში, განსხვავებული შეხედულებების განხილვაში, ერთმანეთის არგუმენტების წვდომაში. ასეთი ინტელექტუალური კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, ღრმად ჩასწვდნენ პრობლემის არსს, მოიძიონ ახალი ინფორმაცია, აწარმოონ კონსტრუქციული კამათი განსხვავებული აზრის მქონე კოლეგებთან.

ჩვევები, რომელთა გარეშე შეუძლებელია ცოდნისადმი შემოქმედებითი და კრიტიკული მიდგომა, გულისხმობს:

. უნარს, გააკრიტიკო იდეები და არა ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანია, “ინტელექტუალურ ბრძოლაში” გამოიწვიო ჯგუფის მეგობარი, აიძულო, ეძებოს საკუთარი თვალთახედვის დამაჯერებელი არგუმენტები, მაგრამ ეს ისე გააკეთო, რომ არ დააკნინო მისი პიროვნება (“მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს გცემ, ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგეთანხმები…”);

. იმის განსაზღვრის უნარი, რით განსხვავდება მეგობრის შეხედულებები შენისგან (“კერძოდ, რაში არ ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს?”). სანამ დისკუსიაში ჩაერთვები, უნდა იცოდე, რაში მდგომარეობს განსხვავება;

. უნარი სხვადასხვა თვალთახედვის ინტეგრირებისა, მათ საფუძველზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისა. მას შემდეგ, რაც გაარკვევენ, რით განსხვავდება მათი ერთი ნაწილის შეხედულება მეორე ნაწილის შეხედულებისგან, მოსწავლეები შეძლებისდაგვარად აყალიბებენ კონცეფციას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება (“ყველა ეთანხმება ასეთ ფორმულირებას?”; “ამ ფორმულირებაში ყველას აზრია გათვალისწინებული?”).

. უნარი, არგუმენტირებულად წარმოაჩინო საკუთარი პოზიცია და იგივე მოსთხოვო მეგობრებს (“დაასაბუთე, რომ ეს პასუხი სწორია”);
. უნარი სრული (ვრცელი) პასუხების ფორმულირებისა. თანამშრომლობითი ჯგუფის წევრებს უნდა შეეძლოთ, შეავსონ ერთმანეთის პასუხები ახალი ინფორმაციით (“მოდი, გავიხსენოთ, რომ…”; “მე ისიც ვიცი, რომ…”);

. უნარი კითხვების დასმისა, რომელთა მიზანია შესასწავლი მასალის უფრო ღრმა წვდომა და ანალიზი (“ეს რამით არის დაკავშირებული ჩვენს თემასთან?”, “რა გაძლევს იმის საფუძველს, იფიქრო, რომ…”);

. რამდენიმე პასუხის ფორმულირების უნარი. თანამშრომლობითი ჯგუფის წევრები არ უნდა შეჩერდნენ პირველ, უმარტივეს პასუხზე, ან პირველ ზედაპირულ დასკვნაზე. მათ უნდა ისწავლონ რამდენიმე პასუხის (დასკვნის) ფორმულირება, რათა შემდგომ განიხილონ ისინი (“ეს პასუხი სწორია?”; “ეს ვარიანტი შესაძლებელია?”).
მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სოციალური უნარების გამომუშავება აუცილებელია, არ არის საკმარისი. ეს ცოდნა გამოუსადეგარია, თუ მასწავლებელი არ ფლობს საამისო მეთოდიკას, არ იცის, როგორ ჩაუნერგოს მოსწავლეებს აუცილებელი ჩვევები ნაყოფიერი კოლექტიური მუშაობისთვის. მომდევნო პუბლიკაციაში სწორედ იმ მეთოდიკას გაგაცნობთ, რომელიც მოსწავლეებს თანამშრომლობითი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი