ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ  განვავითაროთ  წიგნიერების კომპეტენცია  პრაქტიკული დავალებებით

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ თანამედროვე მოსწავლეები ცოტას კითხულობენ და წაკითხულს ძნელად იმახსოვრებენ. შედეგად ხდება ის, რომ მოსწავლე ვერ ახერხებს:

  • წაკითხულის გააზრებას, დამახსოვრებას, ინტერპრეტაციას;
  • შედარებას, ანალოგიების მოყვანას, კონკრეტიზებას, ჰიპოთეზების წამოყენებას, აღწერას, ინფორმაციის ტრანსფორმაციას (სქემების, ცხრილების, დიაგრამების აგებას);
  • არ შეუძლია ამოიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა ხასიათის ტექსტიდან (სამეცნიერო-პოპულარული, მხატვრული, პუბლიცისტური და ა.შ…);
  • ვერ ახერხებს, უჭირს ინფორმაციის ანალიზი;
  • და, შესაბამისად, საერთოდ გაურბის ტექსტთან მუშაობას.  ტექსტის გაგება-გააზრების გარეშე კი  შეუძლებელია  წიგნიერებასთან დაკავშირებული უნარების  განვითარება.

საბოლოო ჯამში  ჩვენ ვერ ვიღებთ წიგნიერ ადამიანს, რომელიც შეიძლებს  წერილობითი ტექსტის გაგებას და მასზე რეფლექსიას.

 

სწავლა-სწავლების რთული პროცესიდან ძნელია მასწავლებელმა გამოარჩიო, რომელია  ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი წარმატების მიღწევის გზაზე, თუმცა არსებობს ისეთი მიდგომებიც, რომელთა გამოყენებითაც მნიშვნელოვნად იზრდება სასწავლო პროცესის პროდუქტიულობა და წიგნიერების კომპეტენციის ხარისხი. რა გზები და საშუალებები არსებობს პრობლემის დასაძლევად?

 

წინააღმდეგობა თანამედროვე განათლების მოთხოვნებსა და არსებულ            პედაგოგიურ სიტუაციას შორის, სხვა მრავალ საშუალებებთან ერთად, შესაძლოა, გადაწყდეს ინოვაციური ინსტრუმენტებისა და მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით, რომელიც სასწავლო პროცესში წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული დავალებების სახით.  ისინი ხელს შეუწყობენ, დაეხმარებიან მოსწავლეებს შეიძინონ ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია ტექსტთან სამუშაოდ და წიგნიერების კომპეტენციის   დასაუფლებლად.  

 

ზოგადად, ტექსტთან მუშაობის ძირითადი ფორმები და მეთოდებია:

 

  • ტექსტიდან მთავარი  აზრის გამოყოფა;  ტექსტიდან გამომდინარე შეკითხვების დასმა და მასზე პასუხის გაცემა; ტექსტის წაკითხვა კომენტარებით; ტექსტის ანალიტიკური კითხვა; ტექსტის დაყოფა აზრობრივ ნაწილებად; სხვადასხვაგვარი გეგმის შედგენა; სქემების, დიაგრამებისა და ცხრილების შედგენა; ციფრული ინფორმაციის (დიაგრამები,  სტატისტიკური ცხრილები, გრაფიკები და სხვ.) გარდაქმნა ტექსტურ ინფორმაციად; სხვადასხვა წყაროს შეპირისპირება და თავდაპირველი ტექსტის დადგენა; ტექსტის რეფერირება.

 

როდის მიმართავს ასეთ აქტივობებს  მასწავლებელი?

 ა) ყველაზე ხშირად კომენტარებით კითხვას და ანალიტიკურ  კითხვას, გეგმის შედგენას, ლოგიკური სქემებისა და გრაფიკების შედგენას მასწავლებელი მიმართავს ახალი მასალის შესწავლის ეტაპზე;  ამ დროს აქტიურად ხდება მასალის გააზრება, რომელზე დაყრდნობითაც მოსწავლე აყალიბებს შეკითხვებს, სხვადასხვა ცხრილს, ტექსტის მიხედვით მოჰყავს მაგალითები,  წერს რეფერატს;

 

ბ) მიღებული ცოდნის გამტკიცებისთვის და ახალი ცოდნის კონსტრუირებისათვის (მოცემული ტექსტის მიხედვით ახალი ტექსტის აგება) გამოიყენება შემოქმედებითი ხასიათის დავალებებიც  (ქეისებით სწავლება  და სხვ.), რომლის დროსაც განიხილება დიდი რაოდენობის დავალებები, რითაც აქტიურდება  ტექსტის ძირითადი ნაწილის აღქმის, გაგების, სიტუაციის გაანალიზების, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისა  და მისი განხორციელების უნარები;

 

გ)   ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ალტერნატიული შეფასების გამოყენებაც,  რომელშიც კარგად ჩანს მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი პრაქტიკული დავალებების გადაწყვეტის უნარები.

 

დ) წიგნიერი მოსწავლის ფორმირებაში  მნიშვნელოვანია კრიტიკულ  აზროვნებასთან  დაკავშირებული დავალებების როლიც. ის საშუალებას გვაძლევს  ლოგიკურად გავაანალიზოთ ინფორმაცია და მიღებული შედეგები და გამოცდილება გამოვიყენოთ სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში  სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გადასაწყვეტად.

 

კრიტიკული აზროვნება საშუალებას გვაძლევს წინ წამოვწიოთ ახალი საკითხები,  მოვიყვანოთ სხვადასხვა არგუმენტი, მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.  შესაბამისად, მოსწავლეთა შორის წიგნიერების უნარების განვითარებისთვის  ეფექტურ შემდეგს გვაძლევს კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ  მიმართული  მიდგომებისა  და მეთოდების გამოყენება სწავლებაში. მაგალითად:

  • ნაცნობი ინფორმაციის შესახებ სიის შედგენა;
  • „გააგრძელე მოთხრობა“  – ძირითადი ცნებების გამოყენებით;
  • მასალის სისტემატიზაცია გრაფიკული მაორგანიზებლების მიხედვით;
  • არგუმენტირება და სხვ.;
  • ინტერპრეტაციაზე ორიენტირებული დავალებები (შეკითხვა „..რატომ…?), რომელიც ხაზს უსვამს მოქმედების მოტივებს, მიზეზებს, ინფორმაციის გადმოცემას ახალი ფორმით და მოვლენასა და ფაქტებს შორის კავშირების ხაზგასმას;
  • წინასწარ განჭვრეტაზე ორიენტირებული დავალებები („რა იყო მანამდე…სანამ..?“ „რა მოხდება, თუკი..?“ „როგორ მოიქცეოდა სხვა შემთხვევაში?..“) – ის დაკავშირებულია წარსულისა და მომავლის წარმოსახვასთან, განჭვრეტასთან, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებასთან;
  • პრაქტიკულ უნარებზე გათვლილი დავალებები („როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში..?“), რომელიც მიმართულია ინფორმაციის აღქმასთან, როგორც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებასთან და კონტექსტის გააზრებასთან;
  • დავალებები, რომლებიც შეიცავენ კითხვებს აზროვნების დონეების მიხედვით:
  • მარტივი დავალებები, რომლებიც შეიცავენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც პასუხობენ კითხვებზე „როდის?.. სად?.. რა ჰქვია?..“ ისინი ძირითადად ეყრდნობიან მახსოვრობას და მიღებული ინფორმაციის გაგებაზე არიან ორიენტირებული;
  • დავალებები, რომლებიც მიმართული არიან ინფორმაციის გააზრებაზე და ხელს უწყობენ ტექსტთან უკუკავშირს. მაგალითად, „შენ ამბობ, რომ…. ?“ „.. სწორად გავიგე შენი აზრი…?“ და სხვ;
  • შეფასებაზე ორიენტირებული დავალებები („კარგად მოიქცა, როდესაც…?“… „მიგაჩნიათ თუ არა, რომ….?“ ), რომლებიც გამოხატავენ ემოციას, გრძნობას, დამოკიდებულებას გარკვეულ მოვლენებთან, სუბიექტურ შეხედულებებს, საკუთარ აზრებს;
  • და ა.შ.

 

ისტორიის  სწავლებაში მრავალი ასეთი სახის დავალება გამოიყენება დასახული  მიზნების მისაღწევად.

 

ეფექტურია შედეგები, როდესაც ტექსტთან მუშაობის  ცოდნისა და უნარების დაუფლება მიმდინარეობს ეტაპობრივად. ასეთ დროს აუცილებელია:

 

  1. განვსაზღვროთ ის ძირითადი სასწავლო უნარები, რომლებიც სჭირდება მოსწავლეს  ტექსტთან მუშაობისას ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
  2. განვსაზღვროთ სასწავლო თემები, რომელიც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ უნარის განვითარებისთვის;
  3. შევარჩიოთ დამატებითი ინფორმცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვამტკიცოთ და განვავითაროთ საჭირო უნარები;
  4. შევქმნათ ალგორითმი და მოსწავლეებს გავუწიოთ რეკომენდაცია სხვადასხვა სახის სასწავლო დავალებების გადაწყვეტისას;
  5. შევიმუშაოთ  მეთოდური  მიდგომები  მოსწავლეთა უნარების ფორმირებისთვის;
  6. შევქმნათ ერთიანი შეფასების სქემა  გარკვეული სახის დავალებებისთვის;
  7. ორგანიზებას გავუწიოთ  სასწავლო უნარებისა და ცოდნის კონტროლს;
  8. გაკვეთილის დაგეგმვისას გამოვკვეთოთ მოსალოდნელი შედეგი და გამოვყოთ აქტივობები, თუ რას გააკეთებს კონკრეტული მოსწავლე მოცემული მიდგომის ფარგლებში.  მაგალითად, თემა „ფეოდალიზმი საქართველოში“ (IX კლ.)  სწავლებისას  მოსწავლეთა სავარაუდო აქტივობები იქნება:
  • შესადარებელი ობიექტების გამოყოფა და შედარება;
  • ინფორმაციის შეერთება, დაკავშირება სხვა წყაროებთან;
  • დამახასიათებელი თვისებების გამოყოფა და წინ წამოწევა;
  • შესადარებელ ობიექტებს შორის მსგავსება-განსხვავების გამოვლენა;
  • შედეგების შეჯამება და მტკიცებულებების ჩამოწერა;
  • მიღებული დასკვნების ტექსტურ ინფორმაციასთან შედარება.
  1. დავალებებში ჩავრთოთ სხვადასხვა კომპეტენციაზე გათვლილი დავალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებების აღიარებას; შინაგანი და გარეგანი მოტივების და მიღწეული შედეგების კორექციას და თავიდან აგვაცილებს არასასურველ შედეგებს; დაეხმარება სწავლებაში პრობლემის აღმოჩენაში; სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და სწავლის ეტაპების რეგულირებაში შეფასების სქემის გამოყენებით;
  2. საკონტროლო დავალებებში შევიტანოთ სავარჯიშოები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები:  შეადარებენ   ფაქტებსა  და მოვლენებს  გარკვეული ტიპის მიხედვით; გამოავლენენ  მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებს; ააგებენ პასუხს  მტკიცებულებების საფუძველზე; ამოიღებენ წყაროდან სათანადო ინფორმაციას; შეადგენენ საინფორმაციო ტექსტს. სავარაუდო შეფასების კრიტერიუმები კი იქნება:
  • ტექსტთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების ცოდნა;
  • დავალებების სრულად  წარმოდგენა;
  • შედარების უნარის ფლობა;
  • მიზეზ-შედეგობრივ კავშირების დამყარება;
  • ტექსტიდან ინფორმაციის ამოღების უნარი;
  • საინფორმაციო ტექსტის შედგენის უნარის ფლობა.

 

შედეგები:

  1. ფორმალური დონის მიღწევა: ა) მოსწავლის მიერ ტექსტის წაკითხვა-გაგება-გააზრება და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  ცოდნის კონსტურირება; ბ) ცხოვრებისეულ ფაქტებთან  საინფორმაციო ერთეულების დაკავშირება;
  2. რეფლექსიის დონე: ა) აღწერილი ინფორმაციის კონტექსტის წაკითხვა; ბ) ავტორის ტექსტის აზრობრივი რეკონსტრუქცია და საკუთარ ტექსტად გადაქცევა. ეს დონე მოითხოვს მოსწავლე/მკითხველისგან  ავტორის ლოგიკის გამოცნობა-გამოყოფას და  ავტორის პოზიციის კრიტიკულ  გააზრებას;
  3. რესურსის შექმნის დონე – ავტორის ლოგიკას და ფაქტობრივ მასალას  მოსწავლე გამოიყენებს საკუთარი ცოდნის აგებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ  პირდაპირ ამის შესახებ შეიძლება არც იყოს მითითებული ტექსტში. ცხადია,  ეს დონე ეყრდნობა პირველ და მეორე დონეებს და  ვერ მიიღწევა შედეგი, თუ ისინი ფორმალურადაა შესრულებული. მესამე დონე მოითხოვს ავტორის ლოგიკაზე დაფუძნებული საკუთარი, ახალი სქემის აგებასაც და  ავტორის ტექსტის ახლებურ  ინტერპრეტაციას ახალ კითხვებზე პასუხის გზით  (კონტექსტის შენარჩუნებით).

 

წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისკენ მიმართული მრავალფეროვანი მიდგომები ხელს შეუწყობს სხვადასხვა დონის მოსწავლეების გამოვლენასა და ჩართულობას; საგაკვეთილო პროცესის  სხვადასხვა ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას, რომლებიც, თავის მხრივ აქტიური ხელშემწყობი გარემოა წიგნიერი ახალგაზრდების მისაღებად, ამიტომ  მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და მისასალმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი