ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კენ რობინსონი ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების შესახებ

ადამიანური რესურსები ბუნებრივი წიაღისეულივითაა – ღრმადაა ჩამარხული. უნდა ადგე და მათ საძებნელად წახვიდე, რადგან ზედაპირზე არ ყრია. უნდა შექმნა გარემო, სადაც ეს რესურსები თავს დაგვანახებენ.

კენ რობინსონი1

 

„ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ მომავლის რთულ სამყაროში ორიენტირებას, თუ მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში დავიწყებთ ყურებას. თუ ასე ვიზამთ, აღმოვაჩენთ, რომ მთლად სრულ ჭკუაზე არ ვართ“.

„შემოქმედების უნარი – ეს ადამიანისთვის ბოძებული მთავარი საჩუქარია. რაც უფრო რთული ხდება სამყარო, მით უფრო მეტი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა გვჭირდება, რათა შევძლოთ მის სირთულეებთან გამკლავება“. მაგრამ ბევრ ადამიანს ეჭვი ეპარება თავის შემოქმედებით შესაძლებლობებში.

თავის გახმაურებულ წიგნში „Out of Our Minds: Learning to be Creative“ („არცთუ მთლად სრულ ჭკუაზე: როგორ ვისწავლოთ კრეატიულობა“; რუს. თარგმ. – „Образование против таланта“) კენ რობინსონი განათლების საშუალებით ადამიანის ნიჭის განვითარების საკითხებს განიხილავს.

თავისი წიგნის დანიშნულების შესახებ რობინსონი გვეუბნება: „ვცდილობ, რამდენიმე კითხვას გავცე პასუხი: რა მნიშვნელობა აქვს შემოქმედებას? რატომ ეპარებათ ხანდახან ადამიანებს ეჭვი თავიანთ შემოქმედებით შესაძლებლობებში? რამ გამოიწვია ეს და რით შეგვიძლია შველა?“

წიგნში განხილულია რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობებს, მის პოტენციალსა და ამ ყველაფერთან განათლების მიმართებას შეეხება. „ადამიანის ინტელექტისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება და შემოქმედებისკენ, ახლის შექმნისკენ მიმართული უნიკალური შესაძლებლობა და უნარი. ასეთი შემოქმედებითი პოტენციალის შეცნობა და მისი ძიება გახლავთ გზა, რომელიც ადამიანს საკუთარ დანიშნულებასა და მოწოდებას აპოვნინებს.

სწორედ ამ გზაზე სიარულისას არის აუცილებელი განათლება როგორც დამხმარე და ხელშემწყობი საშუალება. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი განათლება ვერ უმკლავდება ამ ამოცანას. შედეგად ადამიანების უმრავლესობა მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, რომ ვერ პოულობს საკუთარ დანიშნულებას, ვერ აღმოაჩენს საკუთარ ნიჭს“.

კენ რობინსონი თავის ნაშრომში საინტერესო მასალას გვთავაზობს განსჯისათვის. იგი მოგვითხრობს ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ღუპავენ განათლების თანამედროვე სისტემები უამრავი ადამიანის ნიჭსა და შემოქმედებით უნარს და გვთავაზობს ამ სისტემების შეცვლის გზებს. სერ რობინსონი მოუწოდებს ყველა ადამიანს, შეიცნოს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის სიმდიდრე და გააცნობიეროს ის მიზეზები, რომელთა გამოც საკუთარ შესაძლებლობებში ხანდახან ეჭვი გვეპარება. ავტორი ყველას მოუწოდებს, ირწმუნონ საკუთარი ძალები და შექნან ისეთი პირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდის განათლებაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენას.

ეს წიგნი პირველად 2001 წელს გამოიცა. წიგნის ახლანდელი ვერსია თავიდან ბოლომდე გადამუშავებულია.

„რატომ დამჭირდა ამ წიგნის ხელახლა გამოცემა და რა არის მასში ახალი?

წიგნის პირველი ვერსია 2001 წელს დავწერე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და მსოფლიო როგორც ჩემ გარშემო, ისე ჩემში ძალიან შეიცვალა. თითქმის ყველგან ცვლილებების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და იდეები, რომლებიც ამ წიგნს დაედო საფუძვლად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მოდი, დავფიქრდეთ ტექნოლოგიების ცვლილების სიჩქარეზე. ათი წლის წინ ინტერნეტი ბევრისთვის სიახლეს წარმოადგენდა. სმარტფონები, აიპოდები, YouTube-ი და სოციალური ქსელები, Facebook-ი და Twitter-ი, ჯერ კიდევ არ იყო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, დღეს მთელ მსოფლიოში ახდენს გავლენას კულტურასა და ეკონომიკაზე“.

„მოხდა ბევრი ისეთი რამ, რისი წინასწარმეტყველებაც ათი წლის წინ შეუძლებელი იყო. მაგალითად გავიხსენებ 11 სექტემბრის შეტევას აშშ-ზე, რამაც გლობალური ცვლილებები გამოიწვია, და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ჩვენი პლანეტის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურასა და, საზოგადოდ, გარემოზე. ბიზნესში, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის მხარდამჭერი არგუმენტების საფუძველი სწორედ ჩვენი ცხოვრების არაპროგნოზირებადობაა – ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის განჭვრეტა“.

„წიგნის გადამუშავებისა და ხელახლა გამოცემისკენ იმანაც მიბიძგა, რომ დამიგროვდა ბევრი ახალი მოსაზრება მთავარი კონცეფციებისა და მათი რეალიზების საშუალებების შესახებ. ბოლო ათი წლის განმავლობაში მე აქტიურად ვეწეოდი წიგნში მოყვვანილი იდეების პროპაგანდასა და დასაბუთებას მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, პოლიტიკოსების, მხატრების, მეცნიერების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე. სწორედ ამ დროს დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ წიგნის პირველ რედაქციაში წარმოდგენილი კონცეფცია კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო და ის უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა წარმედგინა“.

„წიგნის განახლების მესამე მიზეზი ჩემს პირად ცხოვრებას უკავშირდება, რომელშიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, ისევე როგორც მსოფლიოში, უამრავი ცვლილება მოხდა, მათ შორის – ტერიტორიულიც. ამ წიგნის პირველ ვარიანტზე მუშაობისას ოჯახითურთ ეივონის სტრატფორდში ვცხოვრობდი – პატარა ინგლისურ ქალაქში, სადაც უილიამ შექსპირი დაიბადა. ახალი გამოცემის ტექსტს კი უკვე იქ ვწერდი, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ – ლოს-ანჯელესში, ქალაქში, რომელზეც არქიტექტორმა ფრენკ ლოიდ რაითმა თქვა, რომ „თუ მსოფლიოს კარგად შევანჯღრევთ, ყველაფერი, რაც არასაიმედოდ იყო დამაგრებული, ამ ქალაქში მოხვდება“. ჩვენც სწორედ ამ ქალაქში აღმოვჩნდით – ჩვენს ოჯახს სწორედ იქ მოუწია გადაბარგება ჩემი წიგნის პირველი რედაქციის გამოცემის შემდეგ (პირველი წიგნის წარმატების შემდეგ კენ რობინსონი ლოს-ანჯელესში მდებარე ჯ. პოლ გეტის ფონდმა მიიწვია და განათლების დარგში მთავარი მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, – ლ.ა.). ვერ წარმოიდგენთ, რა ადვილი იყო კალიფორნიაში გადასვლა“.

„მას შემდეგ მე მთელი ამერიკა მოვიარე და ყველგან, ყველა შტატში, ქალაქსა თუ დასახლებაში, საოცარ ადამიანებს შევხვდი, გავეცანი მათ არაჩვეულებრივ წამოწყებებს. ამ ახალმა გამოცდილებამ საშუალება მომცა, შემეკრიბა ახალი მონაცემები მომდევნო გამოცემისთვის, რომელშიც მეტი ყურადღება ეთმობა განათლების ტენდენციებს ევროპაში, აზიასა და ორივე ამერიკაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ვინაიდან განათლების საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს გლობალურ ხასიათი აქვს. წიგნში გამოთქმული მოსაზრებები 2006 წელს გავაცანი TED-ის საერთაშორისო კონფერენციის (TED – Technology, Entertainment, Design – ტექნოლოგია, სანახაობა, დიზაინი) დამსწრეებს მონტერეიში (კალიფორნია). ჩემი ეს მოხსენება 5 მილიონჯერ ჩატვირთეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში.

თუ შეიძლება, ამ სიტყვებს ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ – ჩემმა შვილებმა, ჯეიმსმა და ქეითმა, ამას წინათ 30-წამიანი ვიდეორგოლი მაჩვენეს, რომელშიც ორი კნუტი თითქოს ერთმანეთს ესაუბრება და ამ ვიდეოს YouTube-ზე 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ასე რომ, ყველაფერი ფარდობითია. მაგრამ ერთი რამ ვიცი: კნუტებიანი ვიდეორგოლისგან განსხვავებით, ჩემი გამოსვლა ბევრჯერ აჩვენეს მთელ მსოფლიოში მიმდინარე დიდ თუ მცირე კონფერენციებზე, შეკრებებსა და სასწავლო ღონისძიებებზე. შედეგად ჩემს მოსაზრებებს განათლებისა და ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ას მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო. ეს ამ საკითხებისადმი ინტერესის მაჩვენებელია“.

„მეორედ TED-ზე 2010 წელს გამოვედი და ამ გამოსვლასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემი მომდევნო წიგნის სათაური გახლდათ „სტიქია: როგორ ცვლის ყველაფერს საკუთარი მისწრაფების (ვნების) პოვნა“ (ინგლისურად: „The Element: How Finding Your Passion Changes Everything“) – როგორ ვიპოვოთ ის, რისთვისაც [კონკრეტული] ადამიანია დაბადებული, რა არის საჭირო, რომ მან თავის სტიქიაში იცხოვროს? ეს წიგნი 2008 წელს დავწერე და მასში განვიხილავ [ადამიანის] ნიჭის ბუნებას, ყოველ ადამიანში არსებულ შემოქმედებით საწყისს და იმ პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების შემოქმედებით განვითარებას“.

„სტიქია“ ჩემი პირველი წიგნის ლოგიკური გაგრძელებაა… თუმცა ბოლო წიგნში მე უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ ჩვენი ბუნებრივი მონაცემების – განსაკუთრებით კი ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების – განვითარების აუცილებლობას და იმის ანალიზს, რატომ არის, რომ, საზოგადოდ, მთელი სისტემა და, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ შესაძლებლობათა დათრგუნვას ცდილობენ და არა განვითარებას.

ასევე მსურს გითხრათ ორიოდე სიტყვა წიგნის სათაურის შესახებაც. „სტიქია: როგორ ცვლის ყველაფერს საკუთარი მისწრაფების (ვნების) პოვნა“ – ეს სათაური სამი მიზეზით შევარჩიე. პირველი: ადამიანის ინტელექტს ახასიათებს შემოქმედებისკენ მრავალფეროვანი და უნიკალური სწრაფვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც იდეების, ადამიანის წარმოსახვის, კულტურული ღირებულებებისა და რწმენების შედეგია.

ადამიანთა სამყარო იქმნება როგორც ადამიანისავე წარმოასახვაში, ისე იმ ფიზიკურ გარემოში, რომელსაც ბუნებას ვეძახით. აზროვნება და შეგრძნება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, მსოფლიო ისეთი დავინახოთ, როგორიც არის; მიმდინარე ცხოვრების აღსაქმელად არანაკლებ მნიშვნელოვანია გვქონდეს საკუთარი ხედვა და შევძლოთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ინტერპრეტაცია. ადამიანთა საზოგადოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან თავიანთ წარმოდგენათა და მსოფლმხედველობათა სისტემებში ცხოვრობენ. ის სამყაროები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ მიერვეა შექმნილი. ჩვენ ასევე ხელგვეწიფება არსებულის შეცვლა და ახალი სამყაროების შექმნა. მსოფლიოს ისტორიაში გლობალური მასშტაბის რევოლუციები ხშირად ახალი იდეების, სამყაროს ახლებური ხედვის შედეგად ხდებოდა და ანგრევდა ძველი, გაყინული, რევოლუციამდელი სამყაროს რეალობას. არსებითად, სწორედ ესაა კულტურული ცვლილების არსი.

მეორე: შემოქმედებითი პოტენციალის შეცნობა ნაწილობრივ საკუთარი გარემოს ძებნასა და საკუთარი მოწოდების პოვნას გულისხმობს. სწორედ ამ ძიებაში უნდა გვეხმარებოდეს განათლება, თუმცა ის თითქმის ვერასოდეს ასრულებს ამ ფუნქციას. შედეგად, ადამიანების უმეტესობა ისე გალევს სიცოცხლეს, რომ ვერ შეიმეცნებს საკუთარ შემოქმედებით ტალანტს, ვერ აგნებს საკუთარ მისწრაფებას და ამ კუთხით, ძნელია, მათ ცხოვრებას ცნობიერი უწოდო.

მესამე კი ის გახლავთ, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკას თავისებური მანია ახასიათებს: ნაცვლად სერიოზული დისკუსიისა იმაზე, თუ როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს მომავლის შეუცნობელი ცვლილებების ღირსეულად დასახვედრად, ჩვენ გვესმის მომაბეზრებელი მანტრები ტრადიციული აკადემიური განათლების სტანდარტების ამაღლებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სტანდარტები სხვა დროისა და სხვა მიზნებისთვის იყო შემუშავებული – ჩემს წიგნში საუბარი ამ თემებსაც ეხება.

ჩვენ ვერასდროს შევიცნობთ მომავლის რთულ სამყაროს, თუ მხოლოდ უკანა ხედვის სარკისკენ გვექნება მიმართული მზერა. თუ ასე გავაგრძელეთ, აღმოვაჩენთ, რომ „არც მთლად სრულ ჭკუაზე ვართ.“

 

1 კენ რობინსონი (Ken Robinson) – განათლების ინგლისელი მკვლევარი, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო საზოგადოების ნამდვილი წევრი, დიდი ბრიტანეთის რაინდის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო კონსულტანტი განათლების საკითხებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი