შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლეთა მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორები

მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას” 

                                                                                                                                   არქიმედე

 

დღეს მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ისევ პრობლემად რჩება ფიზიკისადმი მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია.

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია ფიზიკის საგნისადმი? გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

ცნობილია, რომ ადამიანის მიერ მოვლენის აღქმის საფუძველია: დამოკიდებულებები, ინტერესი, საჭიროებები და კმაყოფილება. ყოველთვის ვცდილობ, სწორედ ამ ოთხი რამის  სწავლების პროცესში გათვალისწინებას.

მოტივაციაზე მოქმედებს გარე ფაქტორები, კოგნიტური ფაქტორები, განმტკიცებასთან დაკავშირებული ფაქტორები. კოგნიტიური ფაქტორები  განსაზღვრავენ შემეცნებით პროცესს. მათ მიეკუთვნება: მოსწავლეთა დამოკიდებულებები, მოსწავლეთა მოთხოვნები და ბუნებრივი მოტივები. ყველა მოსწავლეს არა აქვს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, ზოგიერთ მათგანს არ უნდა სწავლა…

მოსწავლის დამოკიდებულება რომ პოზიტიური გავხადოთ, მას უნდა დავინახოთ ფიზიკის მნიშვნელობა დღევანდელ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა ვაქციოთ ცოდნისმოყვარეობად.

დღესდღეობით, ვერცერთ სფეროში ვერ იქნები წარმატებული სპეციალისტი, თუ არ იცი თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მარტივად გამოყენებისათვის კი ფიზიკაა საჭირო. რადგან ეს საგანი ყველაზე მეტად ავითარებს მოსწავლეთა უნარებს.

დღეს ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება ციფრული და ელექტრული ტექნოლოგიები და ალბათ დამეთანხმებით, ეს პროცესი არც შენელდება, ამიტომ მალე ისეთ გარემოში ვიცხოვრებთ, სადაც ყოველ ნაბიჯზე ტექნიკის გამოყენება იქნება საჭირო.  ეს ყველაფერი კი ფიზიკასთანაა დაკავშირებული.

ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან. ამიტომ კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასწყისში მოსწავლეებს გავუღვივებთ ინტერესს – ეს შეიძლება გაკეთდეს – ანიმაციით, საგანმანათლებლო თამაშებით, შესაბამისი ვიდეოს ჩვენებით, ვირტუალური ლაბორატორიის ან დაგეგმილი ექსპერიმენტის საშუალებით. მე ხშირად ვიყენებ ჩამოთვლილ საშუალებებს, რაც, როგორც მოსწავლეთა გამოკითხვამ აჩვენა, მათზე დადებითად მოქმედებს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კომპიუტერით სარგებლობა და ცდების ჩატარება. ეს ყველაფერი ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტივობას.

 

მაგ. მე-9კლასის  პროგრამით გათვალისწინებულ თემაში:  წრფივი თანაბარი და თანაბარაჩქარებული მოძრაობების შედარებისას გამოვიყენე ვირტუალური ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს და შეადარეს ერთმანეთს წრფივი და აჩქარებული მოძრაობები და მათი გრაფიკები. დაინახეს, რომ წრფივი მოძრაობისას სიჩქარე არ იცვლება. განვლილი მანძილის დროზე დამოკიდებულება კი წრფეს წარმოადგენს, ხოლო აჩქარებული მოძრაობისას არ იცვლება აჩქარება, სიჩქარის დროზე დამოკიდებულება წრფივია. ამ დროს განვლილი მანძილი დროის კვადრატული ფუნქციაა, ე.ი. პარაბოლით გამოისახება. ამ შემთხვევაში ასევე შეიძლება პროგრამა „გეოგებრის“ გამოყენება.

ჩემ მიერ ბუნებრივი მოტივაციის გამოყენება ასევე ზრდის მოსწავლეთა ინტერესს. ისინი უკეთ იაზრებენ, როდესაც თვითონ აკეთებენ.

   მე-8კლასში ძალის მომენტის ახსნის დროს, მათ თვითონ ჩაატარეს ცდა კარზე. მოსწავლეებმა ძალა კარს სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა მიმართულებით მოსდეს და თვითონ დააკვირდნენ შედეგს. ამის შემდეგ იმუშავეს ჯგუფში და მივიდნენ დასკვნამდე: ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია მოდების წერტილზე, ძალის  სიდიდესა და მის მიმართულებაზე. ამ „აღმოჩენით“ დიდად კმაყოფილნი დარჩნენ. ძალის მომენტი კი ყველამ გაიგო.

ყველასათვის გასაგები და ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის იმის ცოდნას, რატომ უნდა იჯდეს გაკვეთილზე, რას წაიღებს ახალს.  მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით ხშირად ვიწყებ გაკვეთილს ანიმაციით, ეს ინტრიგასავითაა… აჩვენებ და წყვეტ, უხსნი. კვლავ აჩვენებ. მათ მეტი ინტერესი უჩნდებათ მასალის მიმართ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს შეუქმნით მოტივაციას, ვატარებ მრავალფეროვან გაკვეთილებს, ვიყენებ მოსწავლეზე ორიენტირებულ სხვადასხვა მეთოდს, რომლის დროსაც მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღები კი არა, აქტიური შემოქმედია. მაგალითად, როდესაც მე-9 კლასში ლინზები უნდა ამეხსნა, ჩავატარეთ ჯგუფური სამუშაო. მოსწავლეებს მივეცი საჭირო მასალა და მათ თვითონ გამოიკვლიეს ლინზები და დააკვირდნენ მიღებულ  გამოსახულებებს. წარმოადგინეს პრეზენტაცია და ახსნეს, როგორი ლინზები არსებობს და როგორი გამოსახულება მიიღება შემკრებ და გამბნევ ლინზებში და რატომ. შემდეგ ყოველთვის იხსენებდნენ, რომ ეს გაკვეთილი და ლინზები არასოდეს დაავიწყდებათ.

ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან:

მოსწავლეთა უკუკავშირის გასაგებად სკოლაში ჩავატარეთ გამოკითხვა. მოსწავლეთა უმრავლესობა  აღნიშნავს, რომ:

1) ვირტუალური ლაბორატორია ეხმარება მათ ახსნილი გაკვეთილის უკეთ გაგებაში; 2) გაკვეთილი უფრო თვალსაჩინოა, უკეთ აღიქვამენ მოვლენებს, ბევრ რამეს ხედავენ ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, არა მარტო რესურსის უქონლობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მისი კლასში ჩატარება არაა უსაფრთხო. ან არის ისეთი საკითხები, რომლებსაც ცდის დროს ვერ დაინახავ, ვირტუალურ ლაბორატორიაში კი ჩანს.

3) მათ ასევე მოსწონთ პრაქტიკული გაკვეთილები, სადაც თვითონ იკვლევენ, თვითონ ატარებენ ცდებს.

4) მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს მრავალფეროვანი გაკვეთილები, რომლებშიც ცოდნის ამგები თავად არიან, სადაც ეძებენ სიახლეებს, აანალიზებენ, მსჯელობენ და ა.შ.

მოსწონთ, როცა ვიყენებთ კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმას: წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა… ბევრი მეთოდი გამომიცდია, ხშირად გამოდის ისე, რომ ვაკეთებ მეთოდების მოდიფიცირებას. ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს უნდა მოარგოს მეთოდები. ასე რომ, ხშირად გამიკეთებია სწავლების სტრატეგიების მოდიფიცირებაც.

მოსწავლეები საუკეთესო შემფასებლები არიან და მიხარია, რომ ჩემი და მათი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.

მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს კლუბი „ტესლა“, რომლის მიზანია შეამზადოს მოსწავლე, მზარდ ტექნოლოგიურ პროცესებთან უპრობლემოდ შესახვედრად; ასევე დაანახოს და ასწავლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობა. კლუბში გაერთიანება შეუძლიათ  ბავშვებს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. კლუბში მუშაობამ გაზარდა მათი ინტერესი ფიზიკის მიმართ. აქ მათ შეხება აქვთ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიებთან. იძენენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. სწავლობენ და პრაქტიკულად აკავშირებენ მეცნიერებას საინჟინრო ტექნოლოგიებთან, ეს ყველაფერი კი მათ ეხმარება სამეცნიერო-ტექნიკური უნარის ჩამოყალიბებაში, მომავალი პროფესიის არჩევაში.

        რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლავს წინააღმდეგობები:

ა) ელექტროენერგიის უქონლობა;

ბ) მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

გ) უფრო რთულია კლასის მართვა

დ) დაბოლოს, გაცილებით მეტი დროა საჭირო, მოითხოვს რესურსებს.

წინააღმდეგობათა თავიდან აცილების ერთ-ერთ გზად იქცა მასწავლებლის პროფესიული ზრდა. მუდმივად ვიღებ მონაწილეობას არა მარტო სკოლის ბაზაზე, არამედ გარედან შემოთავაზებულ აქტივობებში, რაც მეხმარება, ვუპასუხო გამოწვევებს. ასევე სასურველია, საგნობრივმა კათედრამ მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვაში.

რომ შევაჯამოთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკა მოსწავლისათვის საინტერესოა, თუ:

ა) დავუკავშირებთ ყოველდღიურობას;

ბ) გამოვიყენებთ ანიმაციებს, კომპიუტერულ თამაშებს;

გ) ფიზიკურ მოვლენებს მათთვის ხილულს გავხდით;

დ) თუ მოსწავლეებს ზუსტად ეცოდინებათ, რას მიიღებენ გაკვეთილიდან. რა ეცოდინებათ იმაზე მეტი, რაც მანამდე იცოდნენ.

ე) შევთავაზებთ მრავალფეროვან აქტივობებსა და მეთოდებს;

ვ) ეტაპობრივად გადავცემთ პასუხისმგებლობას;

ზ) ჩვენში დაინახავენ უფროს მეგობარს, რომელიც მათზე ზრუნავს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ავტორი: ირინა აბულაძე

  თარიღი: 24 ივნისი, 2014  ,,მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში’’  ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

 

  1. ავტორი: ცვატა ბერძენიშვილი

  

    თარიღი: 9 ოქტომბერი, 2015 .,,მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები’’  ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

 

3.ავტორი: მანანა ბოჭორიშვილი.

თარიღი: ივლისი. 2013წ

აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია და პედაგოგიკა.   ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

4.ავტორი: გუგუშვილი ნ.(1982). მოტივაცია (25/06/2017)

  1. Gugushvili p=1982

https://mastsavlebeli.ge/?

 

5.ავტორი:ნათია იდაძე

თარიღი: 6-7 ივლისი, 2014.

 მასწავლებელი და სოციალური გარემო

The 2nd Teacher Conference “University and School” (Problems of Teaching and Education)

  1.     ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე

თარიღი:  3 მაისი,2012წ.

„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“

 ჟურნალი  ,,მასწავლებელი’’

 

7.ავტორი:მანანა მელიქიშვილი.  

თარიღი: 2013,,მოტივაცია’’

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

8.ავტორი: ნათია ნაცვლიშვილი. ნინო ლაბარტყავა.  

    თარიღი: 2013 წ.

,,მოტივაცია’’.

ჟურნალი  ,,მასწავლებელი“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი