ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლების ინტერაქტიული მეთოდები – შემთხვევის ანალიზი

სოფიკო ლობჟანიძე

მეთოდის ისტორიული განვითარება 

შემთხვევის ანალიზი როლურ და სიმულაციურ თამაშებთან ერთად მიეკუთვნება სწავლების იმ ინტერაქტიულ მეთოდთა რიცხვს, რომლებიც მოსწავლეებს რეფლექსური და გადაწყვეტილების მიღებისკენ ორიენტირებული ქცევისთვის განაწყობს. მისი მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ეს მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდთა რიცხვს მიეკუთვნება. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი სიცოცხლე გამოადგება წარმატების მისაღწევად.

შემთხვევის ანალიზი როგორც სწავლების მეთოდი პირველად ჰარვარდის სამართლის სკოლაში გამოიყენეს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტრადიციული ლექციური მეთოდის გვერდით ალტერნატიულის დანერგვა დაიწყეს, რომელიც ორიენტირებული იყო პრაქტიკულ/რეალურ შემთხვევათა დისკუსიებზე, რეალური სიტუაციების ანალიზზე, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებაზე. მეთოდს უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებდნენ და დროთა განმავლობაში შემთხვევის ანალიზი სწავლების დამოუკიდებელ კონცეფციად ჩამოყალიბდა. სპეციალურ ლიტერატურაში შემთხვევის ანალიზს ხშირად ჰარვარდის მეთოდად იხსენიებენ.

ამჟამად აღნიშნულ მეთოდს ინტენსიურად იყენებენ სტუდენტთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში, თუმცა ბოლო ხანს დასავლეთში აქტიურად დაიწყო მისი დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიც.
მეთოდის ძირითადი სტრუქტურა 

შემთხვევის ანალიზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტები/მოსწავლეები მსჯელობენ პრაქტიკიდან მოპოვებულ/ცხოვრებისეულ შემთხვევებზე და ჯგუფური დისკუსიით იძენენ უნარს, ეძებონ ალტერნატიული გადაწყვეტილებები, დაასაბუთონ მათი მართებულობა და საჭიროება და შეაჯერონ რეალობასთან. წესისამებრ, შემთხვევების განხილვა ხდება პატარა ჯგუფებში (ოთხიდან ექვს კაცამდე), რომლებიც “საქმის მასალებს” ეცნობიან, შეიმუშავებენ წინადადებებს და მათ აუდიტორიას წარუდგენენ. ამ დროს მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის შეკრებას, კითხვების დასმას, მასალის შეფასებას, ალტერნატივების ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღებას და სხვ. დიდაქტიკურად სწორად წარმართული შემთხვევის ანალიზის დროს გამოყენებულია სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა – ტაბულები, დიაგრამები, ფოტოსურათები, ფილმები, კარიკატურები და სხვ. 
მეთოდის ეფექტიანობა 

პრაქტიკაში შემთხვევის ანალიზის სხვადასხვა ვარიანტი ჩამოყალიბდა, რომელთა ძირითადი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მათ აქვთ ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი – შემთხვევები რეალური, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან არის აღებული და მათზე მუშაობა სტუდენტს/მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მოახდინოს მიღებული თეორიული ცოდნის ინტეგრირება რეალურ ცხოვრებასთან. ამ დროს მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, რომელსაც თავად უხდება წამოჭრილ პრობლემასთან გამკლავება – იგი არკვევს, რა უნდა იცოდეს პრობლემის უკეთ გასაგებად, დამოუკიდებლად ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ იგი, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას, ეძებს და პოულობს გადაჭრის საუკეთესო გზას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ და ჯგუფის სხვა წევრთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ რეალურად მიღებულ გადაწყვეტილებას ადარებს. ყოველივე ეს მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება. შემთხვევის ანალიზით სწავლა მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და სახალისოა, რაც ზრდის მის შინაგან მოტივაციას და შესასწავლი საგნისადმი ინტერესს.
მეთოდის ვარიანტები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემთხვევის ანალიზის რამდენიმე ინტერპრეტირებული ვარიანტი არსებობს:

1. Case-Stady მეთოდი – მეთოდის ამ ვარიანტში შემთხვევები საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი, მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია საკითხის/პრობლემის ირგვლივ და რეალურად გამოყენებული გადაჭრის გზა, თუმცა რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, პირდაპირ არ ჩანს – ის შეფარვით არის ნაჩვენები სიტუაციაში. შემთხვევის დამუშავების დროს აქცენტი, პირველ რიგში, დაისმის პრობლემის იდენტიფიცირებაზე, ასევე – ანალიზზე, სინთეზზე, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნაზე და მისი მართებულობის დასაბუთებაზე.

2. Case-Problem მეთოდი – ამ ვარიანტში პრობლემა უკვე მკაფიოდ არის წარმოჩენილი, ასე რომ, სტუდენტების/მოსწავლეების მთელი ძალისხმევა მიმართულია პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივის შემუშავებისკენ, მართებულობის დასაბუთებისკენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისკენ.

 

 3. Case-Incident მეთოდი – ამ ვარიანტის შემთხვევაში მოსწავლეთა საქმიანობა უმთავრესად ინფორმაციის მოძიებისკენ არის მიმართული, რადგან წარმოდგენილი შემთხვევა არასრულია და არ შეიცავს პრობლემის ამოსაცნობად, საანალიზოდ და გადაჭრის გზების საძიებლად საჭირო ყველა ინფორმაციას. ამ ვარიანტზე მუშაობისას მოსწავლეები თავად უნდა მიხვდნენ, რა აკლია მოცემულობას და დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ. ამ ვარიანტზე მუშაობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, თუმცა იგი პრაქტიკასთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ყველაზე ახლოს მდგომად განიხილება, რადგან მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესში რეალურად უხდებათ შეხება აღნიშნულ შემთხვევასთან/პრობლემასთან.

4. Stated-Problem მეთოდი – ეს ვარიანტი იმით გამოირჩევა, რომ სიტუაციაშივეა მოცემული პრობლემის გადაჭრის გზები და მათი მართებულობის დასაბუთება. მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ პრობლემის გადაჭრის თითოეული გზა, გამოყონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, კრიტიკულად შეაფასონ არსებული ხედვები, ეძებონ, იპოვონ და დაასაბუთონ გადაჭრის საკუთარი გზა.

მეთოდის
ვარიანტები

პრობლემა

ინფორმაცია

პრობლემის
გადაჭრა/გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების
კრიტიკა

Case-Stady

ძირითადი
მიზანი:
ლატენტურად/შეფარულად მოცემული პრობლემების აღმოჩენა
და გაანალიზება

საჭირო

ინფორმაცია მოცემულია

მოცემული ინფორმაციის დახმარებით განისაზღვრება პრობლემის
გადაჭრის შესაძლო ვარიანტები და მიიღება გადაწყვეტილებები

მოსწავლეების მიერ შერჩეული პრობლემის გადაჭრის გზების
შედარება რეალობაში/სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან

Case-Problem

სიტუაციაში პრობლემები პირდაპირ არის დასახელებული

საჭირო

ინფორმაცია მოცემულია

ძირითადი
მიზანი:
სიტუაციაში აღწერილი პრობლემების დახმარებით გადაჭრის
ალტერნატიული გზების მოძიება, მართებულობის დასაბუთება და გადაწყვეტილების მიღება

მოსწავლეების მიერ შერჩეული პრობლემის გადაჭრის გზების
შედარება რეალობაში/სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან

Case-Incident

შემთხვევა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი

ძირითადი
მიზანი:
საჭირო დამატებითი ინფორმაციის ამოცნობა და მოძიება

 

 

Stated-Problem
მეთოდი

პრობლემები მოცემულია

საჭირო

ინფორმაცია მოცემულია

პრობლემის გადაჭრის გზები და მათი მართებულობის დასაბუთება
მოცემულია. ხდება დამატებითი ალტერნატივების ძიება.

ძირითადი
მიზანი:
წინასწარ მოცემული გადაჭრის გზების კრიტიკა

შემთხვევის ანალიზის ზემოთ მოყვანილი ვარიანტები ამოღებულია წიგნიდან: Kaiser, F. J. Entscheidungstraining. Die Methoden der Entscheidungsfindung. Bad Heilbrunn 1976) 
შემთხვევის ანალიზზე მუშაობის ფაზები

შემთხვევის ანალიზზე მუშაობის ექვსი ფაზა გამოიყოფა, რომელთა თანამიმდევრობა, თითოეული ფაზის დროს განსახორციელებული აქტივობა და მიზანი ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია წარმოდგენილი.
ცხრილი ადაპტირებულია წყაროებიდან: 
Kaiser (Hrsg.): Die Fallstudie. Theorie und Praxis der Fallstudiendidaktik (Forschen und Lernen, Bd. 6) Bad Heilbrunn 1983 
Hoffmann, B.; Langefeld, U.: Methoden-Mix, 1998

ფაზები

ქმედება/აქტივობა

მიზანი

კონფრონტაცია შემთხვევასთან

შემთხვევის გაცნობა

მოსწავლეები ჩასწვდნენ აღწერილ სიტუაციას და მასში
მიღებულ გადაწყვეტილებას

მუშაობა ინფორმაციაზე

სიტუაციის გაანალიზება და/ან დამატებითი ინფორმაციის
მოძიება

მოსწავლეები აანალიზებენ და აფასებენ მოცემულ ინფორმაციას
და მოიპოვებენ დამატებით ინფორმაციას პრობლემის უკეთ გადაჭრის მიზნით

დისკუსია ჯგუფის შიგნით

პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შემუშავება,
თავის მოყრა და თითოეული მათგანის ძლიერ, სუსტ მხარეებსა და შედეგებზე მსჯელობა

მოსწავლეებს უვითარდებათ დივერგენტული აზროვნება

შეთანხმება ჯგუფის შიგნით

ჯგუფში დისკუსიის შემდეგ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან
საუკეთესოს არჩევა

მოსწავლეებს უვითარდებათ კამათისა და შეფასების უნარი

დისპუტი მთელი კლასის მონაწილეობით

ჯგუფებში მიღებული გადაწყვეტილების კლასისთვის გაცნობა,
მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის დასაბუთება და ხელახალი დისკუსია მთელი კლასის
მონაწილეობით

მოსწავლეებს უვითარდებათ არგუმენტირებულად დასაბუთების
უნარი

შედარება

ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედარება
შემთხვევაში მოცემულ/რეალურად მიღებულ გადაწყვეტილებასთან და რეკომენდაციების შემუშავება

მოსწავლეებს უვითარდებათ რეფლექსიისა და ტრანსფერის
უნარი

შემთხვევის ანალიზის ზემოთ წარმოდგენილი სტრუქტურა გამოხატავს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ტიპურ მიმდინარეობას, თუმცა ამ პროცესის ცალკეული ფაზა შეიძლება როგორც გამორჩეულად სწრაფად, ასევე გამორჩეულად ნელა მიმდინარეობდეს ან საერთოდ გამოტოვებულ იქნეს მეთოდის ამა თუ იმ ვარიანტის შემთხვევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი